პოლიტიკური კრიზისის ეკონომიკური "მეტასტაზები" - ლადო პაპავა ლარის კურსზე, არჩევნებზე, სალომე ზურაბიშვილზე, ოპოზიციაზე და "ოცნებაზე" - კვირის პალიტრა

პოლიტიკური კრიზისის ეკონომიკური "მეტასტაზები" - ლადო პაპავა ლარის კურსზე, არჩევნებზე, სალომე ზურაბიშვილზე, ოპოზიციაზე და "ოცნებაზე"

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ ლადო პაპავას ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 4 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა. ექსპერტი საუბრობს, თუ როგორ აისახება პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკაზე

- ნებისმიერ შემთხვევაში ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკა "ჰაერში გამოკიდებული", პოლიტიკისგან ცალკე ვერ იქნება.

წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ განსაკუთრებული მღელვარებაა და ეს ყოველთვის აისახება ეკონომიკაზე. ბიზნესს სჭირდება მშვიდი გარემო და, თუკი ქვეყანაში იქნება მშვიდი გარემო, მაშინ ბიზნესი ვითარდება; და თუ ბიზნესი ვითარდება, ეს მთელი ქვეყნისთვის არის კარგი. ამ აქსიომაში ვრწმუნდებით ყველა არჩევნების დროს და არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდიც, ასე თუ ისე, დაძაბული იყო, არჩევნების დღეც არ იყო მარტივი, თუმცა ამ დღეს ძალიან ბევრ საარჩევნო ოლქში იყო აბსოლუტური სიმშვიდე. ამას უცხოელი დამკვირვებლებიც აღიარებდნენ. მე შემიძლია ვთქვა, ჩემს უბანზე რა ხდებოდა - ჩემს უბანზე, სადაც მე ხმა მივეცი, სიმშვიდე იყო. ჩემი შეფასება ბევრი არაფრის მთქმელია. მთავარია, უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში ჩადიოდნენ, ამბობდნენ, რომ ძირითადად, სიმშვიდე იყო. იყო დარღვევები, ეს გახდა ცნობილი და უკვე დაკავებულიც არის ორი პირი, ვინც საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა. რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირებაც შესაბამისია.

არჩევნების დროს ეკონომიკა პოლიტიკის მძევალი ხდება. ამასთან, შევხედოთ ფაქტებს - ერთია, რას აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის სამსახური და მეორე, თუ როგორია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (უწინარეს ყოვლისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის) შეფასებები.

საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი მონაცემებია დაფიქსირებული. იმავდროულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად ეყრდნობა რა "საქსტატის" მონაცემებს, ბოლო პერიოდში თითქმის უწყვეტად ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით, თანაც მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმისტური პროგნოზი კეთდება იმის ფონზე, რაც არჩევნები ჩატარდა ქვეყანაში და როგორი პოლარიზებულიცაა საზოგადოება.

საზოგადოება რომ პოლარიზებულია, ეს ხომ კარგად იცის სავალუტო ფონდმა, მაგრამ ამის მიუხედავად, პროგნოზები მაინც ოპტიმისტურია. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ უშუალოდ საქართველოს ეკონომიკაში არ ხდება ისეთი რამ, რაც ეკონომიკური კრიზისის დაწყების მანიშნებელია. უშუალოდ ეკონომიკიდან ჩვენს ეკონომიკას არაფერი ემუქრება! თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა სრულად დაცულია ყველაფრისგან. პოლიტიკური არასტაბილურობა ყოველთვის აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. თუ რამე სირთულე შეიქმნება საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც შეიძლება გამოიხატოს ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებაში, ან ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნების გართულებაში, ეს ყველაფერი არ იქნება გამოწვეული ეკონომიკაში არსებული პრობლემებით, არამედ გამოწვეული იქნება ან საგარეო ფაქტორებით, ან/და იმით, რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, დღეს საქართველოს ეკონომიკაში ისეთი არაფერი ხდება, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყოს.

- ლარის გაუფასურება რამდენად დამაფიქრებელია და რა გავლენა ექნება როგორც ეკონომიკაზე, ასევე ზოგადად სოციალურ მდგომარეობაზე?

- ნებისმიერი ვალუტა ყოველთვის რეაგირებს პოლიტიკურ განცხადებებზე, პოლიტიკურ დაპირისპირებაზე, წინასაარჩევნო პერიოდზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახეზეა მძლავრი პოლიტიკური პოლარიზაცია, როდესაც არის დაპირისპირება, როდესაც არის მუქარა, არაკონსტრუქციული გარემო.

ეს, უწინარეს ყოვლისა, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე აისახება. ასეთი დაძაბული პოლიტიკური გარემო ქმნის საფრთხეს, რამე არ გართულდეს ეკონომიკაში და ყალიბდება ცრუ მოლოდინები, უარყოფითი განწყობა და ეს გაცვლით კურსზეც აისახება. ადამიანებიც და ბიზნესიც ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი უცხოური ვალუტა მოიმარაგონ იმ შემთხვევისთვის, თუ ეროვნული ვალუტა გაუფასურებას დაიწყებს, რათა ნაკლებად იზარალონ. ამით კი, ანუ რაც უფრო მეტ ვალუტას მოიმარაგებენ, მით მეტად ზრდიან მასზე მოთხოვნას და, შედეგად, კიდევ უფრო აუფასურებენ ეროვნულ ვალუტას. პრაქტიკულად, მათ მიერ შესაძლო რისკების დაზღვევა ეროვნულ ვალუტას კიდევ უფრო მეტად აუფასურებს.

- ეს გაუფასურება რა გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, გვაქვს იმ დონის ექსპორტი, რომ ეს გაუფასურება დააბალანსოს?

- სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა 1990-იანი წლების დასაწყისიდან, ქვეყანას არასოდეს ჰქონია დადებითი სავაჭრო ბალანსი. საქართველო ყოველთვის იყო იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, იყო პერიოდები, როდესაც იმპორტი 4-ჯერ აღემატებოდა ექსპორტს და დღეს სადღაც 2,6-2,7-ჯერ აღემატება. ტენდენცია უკეთესობისკენ გამოიკვეთა, მაგრამ მაინც იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად ვრჩებით და, რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ძალიან მძიმე იქნება ქვეყნისთვის, რადგან ის უშუალოდ აისახება ფასებზე. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების ტენდენცია სახეზეა, ხოლო ეროვნულ ეკონომიკაში ისეთი არაფერი ხდება, რომ რამე კრიზისული პერიოდის მასტიმულირებელი გახდეს. ამის მიუხედავად, პოლიტიკურ რყევებს შეუძლია ეკონომიკაშიც რყევები გამოიწვიოს. ეს პრაქტიკულად ყველგან ხდება და, რა თქმა უნდა, ამ პრობლემის წინაშე საქართველოც დგას.

- ისიც ითქვა, რომ არჩევნების წინ ეროვნული ბანკი ინტენსიურად ყიდდა რეზერვებს, რათა საზოგადოების უკმაყოფილება შეენელებინა და ახლა, ფაქტობრივად, რეზერვების გარეშე ვართ. ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს და, თუკი ასეა, რა რისკების წინაშე ვართ?

- რეზერვებიდან რამდენიმე ასეული მილიონია დახარჯული, რეზერვების მოცულობა კი რამდენიმე მილიარდია. ასე რომ, რა საფრთხე უნდა იყოს? ყოველ შემთხვევაში, ის, რაც ეროვნულმა ბანკმა ამ ეტაპზე გააკეთა, რომ ეროვნული ვალუტა ამ პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მეტ-ნაკლებად სტაბილურად ყოფილიყო, რეზერვების ნაწილი გაყიდა, აბსოლუტურად სწორია. რეზერვები სწორედ იმისთვის არის, რომ არასასურველი რყევები გამორიცხო და უარყოფითი მოლოდინები "მოაცილო" სავალუტო ბაზარს.

წაიკითხე ვრცლად: „არჩევნების დროს ეკონომიკა პოლიტიკის მძევალი ხდება“