ტრამპის "ქამბექი": სკანდალებიდან ტრიუმფამდე - გზა სამხედრო აკადემიიდან თეთრ სახლამდე და მთავარი ქალი, რომელსაც მისთვის წარმატება მოაქვს - კვირის პალიტრა

ტრამპის "ქამბექი": სკანდალებიდან ტრიუმფამდე - გზა სამხედრო აკადემიიდან თეთრ სახლამდე და მთავარი ქალი, რომელსაც მისთვის წარმატება მოაქვს

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს მთელი მსოფლიო დიდი ინტერესით ელოდა. აშშ-ის პირველობისთვის ორი საპრეზიდენტო კანდიდატი იბრძოდა - დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი.

"წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა", - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

Fox News-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს - დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს - 226 ხმა.

screenshot-2024-11-06-115951-1730880195.png

პირველი ნაბიჯები კარიერაში

აშშ-ის ყველაზე ექსტრავაგანტური პრეზიდენტი 1946 წლის 14 ივნისს, ნიუ-იორკში, ქუინსში დაიბადა. როგორც ცნობილია, ამერიკელ ექსპრეზიდენტს გერმანული ფესვები აქვს. მომავალი პრეზიდენტის მშობლებს - ფრედსა და მერის 5 შვილი ჰყავდათ. დონალდ ტრამპი ცელქი ბავშვი იყო და წესრიგის მისაჩვევად მშობლებმა სამხედრო აკადემიაში გაგზავნეს. სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მას მსახიობობა სურდა, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ მსახიობობაზე მეტად კარგ შემოსავალს უძრავი ქონებითა და ბიზნესით მიიღებდა. 1968 წელს მან პენსილვანიის უნივერსიტეტი დაამთავრა და ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომიც მიიღო. დონალდმა მამის კომპანიაში დაიწყო მუშაობა და კარიერის დასაწყისშივე მიხვდა, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა ეკონომისტის კარიერა წარმატებული აღმოჩნდა.

პირველმა შეთანხმებამ, სადაც მას არც ერთი ცენტის ინვესტიცია არ განუხორციელებია, სამშენებლო ბიზნესში ჩართულ მომავალ წარმატებულ ბიზნესმენს 6 მლნ დოლარი მოუტანა. მისი პირველი გრანდიოზული პროექტი სასტუმრო Grand Hyatt და 58-სართულიანი ცათამბჯენი - Trump Tower-ია, რომელშიც 80-ფუტიანი ჩანჩქერია განთავსებული. მოგვიანებით დასრულდა Trump Plaza Hotel & Casino-ს მშენებლობა.

1990-იან წლებში, ფინანსური კრიზისის გადალახვის შემდეგ, ტრამპმა მანჰეტენზე, გაეროს შტაბ-ბინის წინ 262-მეტრიანი Trump World Tower ააგო. 2000-იან წლებში მან მეორედ ვერ შეძლო აღებული ვალდებულებების დაფარვა, ამიტომ განაცხადი შეიტანა გაკოტრებასთან დაკავშირებით და კომპანიის დირექტორთა საბჭო დატოვა, თუმცა 2009 წელს მილიარდერმა ჩიკაგოში ცათამბჯენი სასტუმრო ააშენა, რომელიც ამერიკაში სიმაღლით მესამე, ყველაზე მაღალი შენობაა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით ის ყველაზე მაღალ შენობათა ათეულში შედის.

ცათამბჯენების აშენებასთან ერთად, ტრამპმა რამდენიმე საავტორო წიგნიც გამოსცა, სადაც მკითხველს რჩევებსა და გამოცდილებას უზიარებდა. საავტორო წიგნში ის პოლიტიკურ საკითხებსაც შეეხო.

115140312-87afe410-32a9-4a84-bd99-e130adcf993f-1730880292.jpg

წარმატებული ბიზნესკარიერისა და ბესტსელერების შემდეგ ტრამპი რამდენიმე ფილმშიც გადაიღეს. ყველაზე წარმატებული კი ფილმ „მარტო სახლშის“ ეპიზოდურ როლში მოხვედრა აღმოჩნდა, სადაც პატარა კევინი ნიუ-იორკში დაიკარგება, სასტუმრო „პლაზაში“ ნომერს დაჯავშნის და სასტუმროში გაიცნობს დაწესებულების მეპატრონეს - დონალდ ტრამპს.

2004-2015 წლებში ტრამპი აქტიურად ჩაერთო სატელევიზიო შოუებში, გახდა პროდიუსერი და ერთ-ერთი ტელეშოუს წამყვანიც.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად 1988 წლიდან განიხილავდნენ, თუმცა წარმატებული ბიზნესმენი არჩევნებში მონაწილეობისგან თავს იკავებდა. 1999 წელს განაცხადა, რომ შეიძლებოდა, კანდიდატურა წარედგინა, თუმცა მალევე გადაიფიქრა.

მხოლოდ 2015 წელს განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. მან საარჩევნო კამპანია თავადვე დააფინანსა, რითაც სხვა კანდიდატებისგან გამოირჩეოდა, რომლებიც სპონსორთა ინტერესებზე იყვნენ დამოკიდებულნი.

ტრამპის გამოსვლები და განცხადებები საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა. მომავალი პრეზიდენტი ამერიკელებს ჰპირდებოდა, რომ ყველაზე კარგი პრეზიდენტი იქნებოდა.

ის ყველა საკითხზე ღიად აკეთებდა განცხადებას. როგორც თავად აღნიშნავდა, საგარეო პოლიტიკასაც გადახედავდა, მათ შორის კი - რუსეთთან ურთიერთობასაც.

ახლახან Fox news-სთვის მიცემულ ინტერვიუში კი ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე საუბრობს:

"ის ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია, პუ­ტი­ნი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია. მე და­ვი­ნა­ხე, რომ მას უყ­ვარს უკ­რა­ი­ნა და მას რუ­სე­თის ნა­წი­ლად თვლის. მე მას ვუ­თხა­რი: ეს არ მოხ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ პრე­ზი­დენ­ტი ვარ“, - დას­ძი­ნა მან.

trumpp.jpg

საპრეზიდენტო კარიერა

2017 წლის 6 იანვარს აშშ-ის კონგრესმა დაადასტურა არჩევნების შედეგები და დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო საქმიანობას 20 იანვრიდან შეუდგა. ბიზნესმენი ყველაზე მდიდარ პრეზიდენტად მიიჩნეოდა. იმ დროისათვის მისი ქონება 4,1 მილიარდ დოლარად შეფასდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წელს დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის თანხის გადარიცხვა შეაჩერა, ამის მიზეზად კი დაასახელა, რომ ევროპული ქვეყნები უკრაინისთვის უფრო ნაკლებ თანხებს რიცხავდნენ, ვიდრე - ამერიკა.

სწორედ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დაიწყეს საუბარი გახმაურებულ საქმეზე, რომელიც უკრაინაში ფულის გათეთრებას ეხებოდა. ამ საქმეს კი აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟს, ჰანტერ ბაიდენს უკავშირებდნენ.

ტრამპის იმდროინდელი განცხადებები არ მოეწონა აშშ-ის პოლიტიკოსთა ნაწილს, განსაკუთრებით კი - დემოკრატებს. ნენსი პელოსმა კონგრესს ტრამპის იმპიჩმენტისკენაც კი მოუწოდა.

ზოგიერთი გამოცემა წერდა, რომ იმპიჩმენტის საკითხი სპეციალურად წამოაყენეს, რადგან 2020 წლის არჩევნებში ტრამპი ისევ მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სენატმა იმპიჩმენტის საკითხს მხარი არ დაუჭირა.

2020 წლის 3 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ტრამპის კონკურენტი ჯო ბაიდენი გახლდათ.

არჩევნები საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა.

7 ნოემბერს ოფიციალურ შედეგებამდე ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა არჩევნები წააგო. არჩევნებში დამარცხების შემდეგ მან ისევ განაგრძო ბიზნესის მართვა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის არჩევნებში ტრამპი კვლავ მიიღებდა მონაწილეობას.

პირადი ცხოვრება

ახალგაზრდა წარმატებული ბიზნესმენი მოდელების მიმართ ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა. მილიარდერის პირველი ქორწილი 1977 წელს შედგა. ის მოდელ ივანა ზელნიჩკოვაზე დაქორწინდა, რომელთანაც სამშენებლო მაგნატს სამი შვილი: ივანკა, ერიკა და დონალდ უმცროსი შეეძინა.

nfnk9kpturbxy9ly2jmownhmjzhnznhmwrinmfizme3n2qznwy0odu1ms5qcgeslqpnauqgzqh3zqtdkwxnbldnaoxeaaghmae-1730880167.jpg

1992 წელს ბიზნესმენის ქორწინება დასრულდა. როგორც ამბობდნენ, წყვილის დაშორების მიზეზი მსახიობ მარლა ენ პეიფლზთან რომანი გახდა. 1992 წელს დონალდი და მარლა დაქორწინდნენ, ერთი წლის შემდეგ მათ გოგონა - ტიფანი ტრამპი შეეძინათ. 6-წლიანი ქორწინების შემდეგ ბიზნესმენი და მსახიობი დაშორდნენ.

2022 წელს ტრამპმა საზოგადოებას შეატყობინა, რომ პირველი მეუღლე, ივანა ზელნიჩკოვა, მოგვიანებით კი ივანა ტრამპი უბედური შემთხვევის შედეგად, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დონალდ ტრამპის მესამე მეუღლეს, მელანია ტრამპს ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

მელანია მომავალ ქმარს, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ერთ-ერთ წვულებაზე შეხვდა. იმ დროს დონალდი ახალი გაშორებული იყო მეორე ცოლს, თუმცა წვეულებას სხვა თანმხლებ ქალბატონთან ერთად ესწრებოდა. მაგრამ იმ დროს, როდესაც ქალების მუსუსად წოდებულმა დონალდმა თანმხლები საპირფარეშოში წასული დაიგულა, მელანიასათან მივიდა.

როდესაც ტრამპმა 28 წლის მელანიას ტელეფონის ნომერი სთხოვა, ბიზნესმენი ქალმა უარით გაისტუმრა. მელანიამ იცოდა მომავალი მეუღლის საქმიანობა და ტელეფონის ნომერი თავად სთხოვა. მელანია შემდეგ იხსენებდა, რომ აინტერესებდა, რა ნომერს მისცემდა ტრამპი - საქმიანს თუ პირადს.

მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში მელანიამ განაცხადა: "თუ დონალდს ნომერს მივცემდი, მეც მისი ერთი რიგითი ქალი გავხდებოდი".

24 წლით უმცროს ფოტომოდელ მელანია კრაუსზე სამშენებლო მაგნატმა 2005 წელს იქორწინა. მილიარდერი ახლაც აღნიშნავს, რომ მელანია მისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარულია. საქორწილო საჩუქრად, როგორც ცნობილია, მელანიამ რჩეულისგან 13-კარატიანი, 1,5 მილიონად შეფასებული ბეჭედი მიიღო.

ქორწინებიდან ერთ წელში წყვილს ვაჟი უილიამ ტრამპი შეეძინა, რომელიც ბიზნესმენის მეხუთე შვილი გახდა.

screenshot-2024-11-06-120026-1730880195.png
ოჯახთან ერთად

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მედიაში გავრცელდა მელანია ტრამპის ფოტოები, რომელიც მამაკაცთა ჟურნალ Max-ისთვის გადაიღეს. ამ პროვოკაციას მომავალმა პრეზიდენტმა მშვიდად უპასუხა და განაცხადა, რომ ეს ფოტოები მათი ურთიერთობის დაწყებამდეა გადაღებული.

ულამაზესი მელანია ტრამპი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პირველი ლედია აშშ-ის ისტორიაში. მეუღლესთან ერთად ვიზიტებზე ის მუდამ იქცევდა მედიის ყურადღებას და მისი ჩაცმულობა განხილვის საგანი იყო.

"ჩვენ განვიხილეთ მისი გადაწყვეტილება პრეზიდენტობის შესახებ, მე ვიცი, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ამერიკისა და ამერიკელებისთვის", - განაცხადა მელანიამ ABC News-თან ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ დაეჭვებულა იქამდე, ვიდრე ტრამპს გაჰყვებოდა, რადგან ის უკვე ორჯერ იყო შეუღლებული, მელანიამ განაცხადა:

"არავითარი ეჭვი არ გამჩენია, ჩვენ გაცნობის დღიდან საოცარი ქიმია გვაკავშირებს. ისეთ მამაკაცთან ერთად ყოფნისას, როგორიც ჩემი მეუღლეა, უნდა იცოდე ვინ ხარ, რას წარმოადგენ, უნდა იყო დამოუკიდებელი და მხარს უჭერდე მას, უნდა იყო ჭკვიანი და სწრაფად იღებდე გადაწყვეტილებას, უნდა იყო გამბედავი, როცა მას შენი მხარდაჭერა სჭირდება" - აღნიშნა მელანიამ ABC News-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ისტორიაში დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ტრამპის სახელს უკავშირდება ამერიკის ისტორიაში კიდევ ერთი სკანდალური მოვლენა - კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმა. 2021 წელს ტრამპის მხარდამჭერებმა კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრა სცადეს. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ჯო ბაიდენს პრეზიდენტის თანამდებობა არ უნდა დაეკავებია.