სკანდალი შუა ომისას - რატომ მოუხსნეს "ცახალს" თავდაცვის მინისტრი მაშინ, როდესაც ისრაელი ირანისგან მესამე დიდ დარტყმას ელოდება?!
თავდაცვის მინისტრების მოხსნა-დანიშვნის რაოდენობით საქართველო მსოფლიოში ეტყობა პირველ ადგილზეა -დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 33 წლის განმავლობაში არანაკლებ 19 თავდაცვის მინისტრი გამოიცვალა, ხოლო 2004 წელს საერთოდ მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ერთ წელში ოთხი თავდაცვის მინისტრი შეიცვალა - წელი დაიწყო დავით თევზაძემ, გააგრძელა გელა ბეჟუაშვილმა, ის გია ბარამიძემ ჩაანაცვლა, ხოლო წლის ბოლოს, 17 დეკემბერს, უკვე ირაკლი ოქრუაშვილი დაინიშნა...
მაგრამ ამჯერად საქართველოს თავდაცვის მინისტრებზე არ გვექნება ყურადღება გამახვილებული -გუშინ საღამოს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი გადააყენა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან...
“სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ომის პირველ თვეებში არსებობდა ნდობა და იყო ნაყოფიერი მუშაობა, ბოლო თვეებში ჩემსა და თავდაცვის მინისტრს შორის ეს ნდობა გაიბზარა. ბევრი მცდელობა მქონდა ამ სხვაობების შესამცირებლად, მაგრამ ისინი მხოლოდ იზრდებოდნენ. მათ შესახებ ასევე საზოგადოებამაც გაიგო, მიუღებელი ფორმით, და ამაზე უარესი, მათ შესახებ მტერმაც გაიგო - ჩვენმა მტრებმა ამით ისიამოვნეს და ამისგან ბევრი სარგებელი მიიღეს”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ეს ინფორმაცია ნაკლებად საინტერესო იქნებოდა, რომ არა ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ისრაელი წუთიწუთზე ელოდება ირანის მესამე საპასუხო სარაკეტო დარტყმას და აშშ-მა კი ეს-ესაა თავის 47-ე პრეზიდენტი აირჩია...
ასეთ დროს თავდაცვის მინისტრის გადაყენება ისეთი ქვეყნის არმიისთვის, რომელიც, ფაქტობრივად, ორ ფრონტზე იბრძვის - ღაზას სექტორში - „ჰამასის“, ხოლო სამხრეთ ლიბანში - „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ და ელოდება საჰაერო დარტყმებს ირანისგან და მისი მოკავშირე იემენელი ჰუსიტებისგან, ცოტა უცნაურად და გაუმართლებლად მოჩანს, თუმცა...
თუმცა ის, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი გალანტი ისედაც დიდი ხანია, ერთად ვერ „ძოვდნენ“ და ნეთანიაჰუმ გალანტი ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში მოხსნა კიდეც, მაგრამ ამან იმხელა უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია ისრაელის საზოგადოების დიდ ნაწილში, რომ მაშინ ნეთანიაჰუ იძულებული გახდა, გაეუქმებინა თავისივე ბრძანება...
ექვს თვეში, 2023 წლის 7 ოქტომბერს მომხდარმა ტრაგედიამ, როდესაც ღაზას სექტორიდან ისრაელის კიბუცებში შეჭრილმა „ჰამასელებმა“ საშინელებები ჩაიდინეს, გააძლიერა თავდაცვის მინისტრის - იოაბ გალანტის პოზიციები -„ცახალმა“ შურისძიების საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია წამოიწყო ღაზას სექტორში, რაც შემდეგ სამხრეთ ლიბანის საჰაერო-სახმელეთო ოპერაციით გაგრძელდა და, საერთო ჯამში, „ჰამასმაც“ და „ჰეზბოლამაც“ ძალიან მტკივნეული დარტყმები განიცადეს -განადგურებულია მათი მებრძოლების დიდი ნაწილი და, რაც მთავარია, თითქმის ყველა ცნობილი ლიდერი. თუმცა ეს ყველაფერი ღაზას სექტორსა და სამხრეთ ლიბანს მთელი სოფლებისა და ქალაქების მიწასთან გასწორებად და ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა-დასახიჩრებად დაუჯდა, თავად ისრაელს კი 800-მდე სამხედრო დაეღუპა, ბევრად მეტი კი - დაეჭრა...
თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დიდი იმედი ჰქონდათ ისრაელის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ერთი წლის „ჰამასის“ მიერ აყვანილი 251 მძევლის (მათი ნაწილი, სამწუხაროდ, დაიღუპა) ახლობლები არიან და რომელთა დიდი ნაწილი თვლის, რომ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ყველა ზომას არ ღებულობს მათი გამოხსნისთვის, ერთწლიანი ტყვეობის შემდეგაც კი...
ამას დაემატა, რამდენიმე დღის წინანდელი დიდი სკანდალი, რომელიც ისრაელის დაზვერვის საიდუმლო ინფორმაციის ევროპულ მასმედიაში გაჟონვას ეხება, რის გამოც ისრაელში ოთხი ადამიანია დაკავებული, მათ შორის - თავად პრემიერ-მინისტრის თანაშემწეც კი...
ისე, პრემიერმა ნეთანიაჰუმ გუშინ საღამოს თავად გადასცა ბრძანების ფურცელი თავდაცვის მინისტრ გალანტს, მისი მოხსნის შესახებ, რაც ცივილური ფორმაა, თუნდაც იმასთან შედარებით, თუ როგორ მოხსნეს საქართველოს ერთ-ერთი თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე - 1998 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სამგზავრო ლაინერის თბილისის აეროპორტში დაფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ასაფრენი ქართული „სუ-25“ მოიერიშე თვითმფრინავების რეაქტიული ძრავების ჰაერმიმღებებში სპეციალურად დააწყვეს კენჭები, მათი აფრენა აიკრძალა და შევარდნაძესაც მიეცა საბაბი, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ნადიბაიძის გადაყენების, რაც წმინდა პოლიტიკური მოსაზრებით იყო ნაკარნახები, თუმცა ისტორიაში „კენჭების საქმედ“ შემორჩა...
საქართველოს 19 თავდაცვის მინისტრის მოხსნა-დანიშვნას ქართველ საზოგადოებაში არასდროს გამოუწვევია დიდი რეზონანსი (პირიქით, ზოგიერთი თავდაცვის მინისტრის მოხსნას არა ერთი გემრიელი პურ-მარილიც კი მოჰყვება ხოლმე ჯარში), სამაგიეროდ, ისრაელში დიდად მტკივნეულად განიცადეს თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის მოხსნა და მის ადგილზე საგარეოს საქმეთა მინისტრის ისრაელ კაცის დანიშვნა, განსაკუთრებით კი, „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების ახლობლებმა და მათ ქალაქების ქუჩებში საპროტესტო გამოსვლები მოაწყვეს...