ხმის ინჟინერიის შესასწავლად საჭირო მუსიკალური ინსტრუმენტები
საქართველოში ელექტრონული მუსიკის ისტორია ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან იწყება. თავდაპირველად, მხოლოდ რამდენიმე მუსიკოსი თუ მოიძებნებოდა, რომელიც ამ მიმდინარეობით იყო გატაცებული, თუმცა დროთა განმავლობაში ეს დარგი სულ უფრო განვითარდა და მსმენელების რაოდენობამაც საგრძნობლად იმატა. თბილისში ბოლო ხანებში ბევრი ახალი კლუბი გაიხსნა, მათ შორის - Bassiani, Mtkvarze, Khidi. საკლუბო სცენის ფეხდაფეხ ელექტრონულმა მუსიკამაც მეტი და მეტი მსმენელი შეიძინა.
თუკი შენც ერთ-ერთი დამწყები მუსიკოსი ხარ და ხმის ინჟინერიის საფუძვლების შესწავლით ხარ დაკავებული, მაშინ აუცილებლად დაგაინტერესებს ჩვენი რჩევები. დღეს მიმოვიხილავთ, რა ტიპის ინსტრუმენტები დაგჭირდება იმისთვის, რომ შენი გატაცება რეალობად აქციო.
MIDI კლავიშები და კონტროლერები
როცა ხმის ინჟინერი მუსიკალური სტუდიის მოწყობას გეგმავს, ერთ-ერთი პირველი ინსტრუმენტი, რომელსაც აუცილებლად შეიძენს, MIDI კლავიშია. MIDI კლავიშები და კონტროლერები საშუალებას გაძლევს შექმნა საინტერესო კომპოზიციები. გაითვალისწინე, რომ არასწორი ზომის, ფუნქციების ან დაბალი ხარისხის პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, სამუშაო პროცესში ბევრ სირთულეს წააწყდები. ამიტომ, მსგავსი შეცდომების თავიდან ასარიდებლად კარგად უნდა დაფიქრდე და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც დარწმუნდები, რომ შერჩეული ინსტრუმენტი შენს საჭიროებებსა და პრეფერენციებს ზუსტად ერგება. MIDI კონტროლერები გამოგადგება, როცა გინდა სხვადასხვა ინსტრუმენტისა და ეფექტების მართვა კომპიუტერიდან. არის როგორც კომპაქტური, მცირე ზომის ხელსაწყოები, ასევე დიდი მოცულობის ტექნიკა. მათი ზომა სეტაპს შეგიძლია შეუსაბამო.
ელექტრო დრამები
ელექტრო დრამი ხმის ინჟინრისთვის ღირებული ინსტრუმენტია, რადგან საკუთარი რიტმების შექმნა უფრო შემოქმედებით და ორიგინალურ შედეგს იძლევა, ვიდრე მზა ჩანაწერის გამოყენება. ასე მუსიკა ბევრად გამორჩეული და დასამახსოვრებელია. გარდა ამისა, ელექტრო დრამები საშუალებას გაძლევს სცადო ახალი კომპოზიციები. ექსპერიმენტები და სიახლეები კი განვითარებისთვის არის აუცილებელი. დრამებზე დაკვრის შესწავლის პირველ ეტაპზე გამოცდილი მუსიკოსები განსაკუთრებით რეკომენდაციას უწევენ Nitro Kit-ს.
სინთეზატორები
სინთეზატორი ელექტრონული მუსიკის შექმნის პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. სინთეზატორების დახმარებით შესაძლებელია მუსიკალური ინსტრუმენტების ეფექტების იმიტაცია და სრულებით ახალი ჟღერადობის წარმოქმნაც. მრავალმხრივი დანიშნულების გამო, ამ ტიპის ტექნიკას ხშირად იყენებენ ელექტრონულ და პოპ-მუსიკაში და ფილმების საუნდტრეკების შექმნისას.
კიდევ რა შეიძლება დაგჭირდეს
ზემოთ ჩამოთვლილი ინსტრუმენტების გარდა, ხმის ინჟინერს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოწყობილობა დასჭირდება, როგორიცაა პროფესიონალური მიკროფონები, ყურსასმენები და სტუდიური მონიტორები. მიკროფონები და ყურსასმენები აუცილებელია ხმის ჩასაწერად, იქნება ეს ვოკალი თუ ინსტრუმენტული მუსიკა. შესაბამისი აპარატურის დახმარებით გარედან შემოსულ არასასურველ ბგერებს გაფილტრავ და ტონალობას დაარეგულირებ. რაც შეეხება მონიტორებს, ისინი სიხშირისა და ხარისხის დაბალანსებაში დაგეხმარება.
შეჯამება
როდესაც ხმის რეჟისურის შესწავლას იწყებ, ბგერის ფიზიკიდან დაწყებული, უშუალოდ ხმის ინჟინერიის საფუძვლებით დამთავრებული, ყველა მნიშვნელოვან დეტალში გარკვევა გიწევს. ინსტრუმენტების სწორად შერჩევით და გამოყენებით, როგორც დამწყები მუსიკოსი უფრო თავდაჯერებული იქნები და პროფესიონალური ნამუშევრების შექმნას შეძლებ, რაც შენს მუსიკალურ კარიერას ძალიან დაეხმარება.
(R)