"აფრიკიდან რომ დავბრუნდი, გავყევი ჯანრის. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული, მის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდა" - რას ჰყვებოდა სალომე ზურაბიშვილი ცხოვრების რთულ პერიოდზე?
ამონარიდი ჟურნალ "რეიტინგიდან":
სალომე ზურაბიშვილი:
- მე და ჩემი მეუღლე რომ დავშორდით, დიპლომატიური მისიით აფრიკაში, ჩადში წავედი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. მე და ჩემი შვილები იქ სამი წელი ვცხოვრობდით. მაშინ იქ ომიც იყო. ქუჩები, ფაქტობრივად, არ არსებობდა, ქვიშა იყო ყველგან. იქიდან რომ დავბრუნდი, მერე გავყევი ჯანრის. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული. დიდი ტკივილის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანის გვერდით ვცხოვრობდი. ის მხოლოდ მეუღლე კი არა, ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო... საერთო შვილი არ გვყავს, მაგრამ მის შვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, სულ ვამბობდით, რომ გაფართოებული ოჯახი გვქონდა... მის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. ასე მეგონა, ცხოვრების ძალა და მოტივაცია დავკარგე. ხშირად ვკამათობდით კიდეც, რადგან საჭიროა, ვიღაცამ წინააღმდეგობა გაგიწიოს და შენ დაუმტკიცო, რომ ასე არ არის, ან პირიქით, დაეთანხმო. მის თანადგომას და რაც მთავარია, სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი. ხანდახან ჯიუტად არ მინდა მასზე წარსულში ლაპარაკი, რადგან ვგრძნობ, ისევ ჩემ გვერდით არის.
ჩემს შვილებზეც მოგიყვებით: მყავს ვაჟი და გოგონა, - თემური და ქეთევანი. ბიჭი 32 წლის არის. მის ასაკს რომ ვამბობ, თავადაც არ მჯერა... გოგონა მასზე პატარაა. ოჯახი არც ერთს არ აქვს... თემურიც დიპლომატიურ გზას გაჰყვა. ნიუ-იორკში ცხოვრობს და გაეროს მისიაში მუშაობს. ქალიშვილმა კი ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი ოცნება აისრულა, - პარიზში, ფრანგულ საერთაშორისო ორენოვან ტელევიზიაში მუშაობს. საინფორმაციო გამოშვებისთვის სიუჟეტებს ამზადებს და სპორტული ნაწილის წამყვანია..." - ამბობდა სალომე ზურაბიშვილი 2013 წელს ჟურნალ "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში.