ამერიკული დილემა: პანიკა, სიხარული, შურისძიების მოლოდინი და გეოპოლიტიკური პროგნოზები - რას წერს ამერიკული პრესა არჩევნებში ტრამპის გამარჯვებაზე
ამერიკული მასმედიის მიმომხილველები, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან სხვადასხვანაირად აშუქებენ დონალდ ტრამპის გამარჯვებას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ზოგიერთები ამ მოვლენას ამერიკის ახალი და უკეთესი ეპოქის დადგომად თვლიან, სხვები კიდევ - პირიქით, თითქმის პანიკაში არიან ჩავარდნილები.
გთავაზობთ ამერიკული პრესის მიმოხილვას:
The New Yorker: „დონალდ ტრამპის შურისძიება: ექსპრეზიდენტი თეთრ სახლში დაბერებული დაბრუნდება, უფრო ნაკლებად მომთმენი და უფრო სახიფათო, ვიდრე - ოდესმე“ (ავტორი - სიუზან გლასერი).
„ოთხი წლის წინათ დონალდ ტრამპის მტრებს იმედი ჰქონდათ, რომ რადგანაც მან არჩევნები წააგო, სამუდამოდ პოლიტიკურად უიღბლო ადამიანად გადაიქცეოდა. დემოკრატები ცდილობდნენ, მასზე ჯავრი ეყარათ, მაგრამ ვერ გათვალეს და შეცდნენ.
მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი აიძულა, თეთრი სახლიდან წასულიყო, დემოკრატებმა და იმ რესპუბლიკელებმა, ვინც ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ფატალური შეცდომა დაუშვეს და ფიქრობდნენ, რომ ტრამპი „ჩაიძირა“. მათ მიაჩნდათ, რომ დონალდ ტრამპი პოლიტიკურად განადგურდა და ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდებოდა. სამწუხაროდ, მათ დაივიწყეს პოლიტიკის უპირველესი წესი - მეტოქე ობიექტურად და სათანადოდ უნდა შეაფასო. დონალდ ტრამპის მტრებს ანგარიშსწორება უნდოდათ, მათ სურდათ, რომ ტრამპს ყველაფრის ფასი გადაეხადა - იურიდიულადაც და პოლიტიკურადაც - იმ ზიანისათვის, რომელიც მან, დემოკრატების აზრით, ამერიკულ დემოკრატიას მიაყენა. ამის სანაცვლოდ დონალდ ტრამპმა შეუძლებელი შეძლო და წარმოუდგენელ აღდგომას მიაღწია“ .
The Washington Post: „ტრამპი - ჩემი და თქვენი პრეზიდენტი. იგი ამერიკელმა ხალხმა აირჩია და ჩვენ მას წარმატება უნდა ვუსურვოთ“ (ავტორი - მარკ ტისენი).
„დამარცხებულ დემოკრატთა განცხადებები, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა დემოკრატიის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმაა, სასაცილოა. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პრაიმერიზის დროს სერიოზული ოპოზიციის წინაშე დადგა და მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - მიაღწია იმას, რომ პარტიამ იგი პრეზიდენტობის კანდიდატად დაამტკიცა. შემდეგ იგი შეეჯახა თავის მეტოქეს - ქალს, კამალა ჰარისის სახით, რომელსაც, ფაქტობრივად, დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზი არ გაუვლია და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად სადღაც, უკანა ოთახებში, კულუარებში დაამტკიცეს. ამერიკელი ამომრჩევლები შიშით უყურებდნენ მის გამოსვლებს და ეპითეტებს, რომ „ტრამპი ფაშისტია“, „ტრამპი მომავალი დიქტატორია“, „ტრამპი ტირანია“, იგი „არასტაბილურია“, „გაუწონასწორებელია“, მას „შურისძიება ამოძრავებს“, რომ იგი „ყელამდე სავსეა წყენით“ და უამრავი ასეთი შეძახილი.
საბედნიეროდ, ამომრჩევლები გონიერები აღმოჩნდნენ და კამალა ჰარისის შეგონებები არ დაიჯერეს: მილიონობით ამერიკელმა ხმა მისცა მის დაბრუნებას ოვალურ კაბინეტში - ოთხი წლის შემდეგ, იმ დღიდან, როცა იგი დემოკრატებმა გააძევეს. ამერიკელების დღევანდელი არჩევანი დემოკრატიის მიმართ მუქარა კი არაა, არამედ სწორედ ესაა ნამდვილი დემოკრატია“.
Bloomberg: „აშშ იმსახურებს დონალდ ტრამპს, მსოფლიო კი - არა: არჩეულ პრეზიდენტს არც ფილოსოფია აქვს და არც პოლიტიკურად თანმიმდევრული არის, იგი შეიძლება, ვლადიმერ პუტინის გავლენის ქვეშ მოექცეს“ (ავტორი - ანდრეას კლუგი).
„დონალდ ტრამპი, როცა იგი წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა, აცხადებდა, რომ მშვიდობას „ძალის“ დახმარებით დაამყარებდა, მაგრამ არასოდეს განუმარტავს, თუ რაში და სად, რომელ წყაროში ხედავს „ძალას“. იგი ტრაბახობდა - „როცა მე პრეზიდენტი ვიყავი, მსოფლიოს ქვეყნები ერთმანეთთან ომს ვერ ბედავდნენ და ჩემს დაუკითხავად, ჩემი ნებართვის გარეშე არაფერს აკეთებდნენ“. აი, ასე „ხუმრობდა“ ხოლმე დონალდ ტრამპი.
მოიცათ, მალე დადგება იანვარი და ჩვენ დავინახავთ, ჰკითხავენ თუ არა მას უცხოელი კოლეგა-პრეზიდენტები - რა ვქნათ, მისტერ ტრამპ, გადავდგათ თუ არა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ინტერესებს შეესაბამებაო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელსაც „კაგებეში“ ჩამოყალიბებული გონება აქვს, ყოველთვის იცოდა, თუ როგორ მოეხდინა მასზე ზეგავლენა და მანიპულირება განეხორციელებინა. სწორედ ამიტომ არის შეშფოთებული უკრაინა დონალდ ტრამპის არჩევით“.
The Atlantic: „ტრამპმა გაიმარჯვა. იცით, რა მოხდება? - ამერიკა სხვა ტიპის სახელმწიფოდ გადაიქცევა“ (ავტორი - დევიდ ფრამი).
„არის ბევრი ისეთი რეალობა, რასაც ახლად არჩეული პრეზიდენტი ვერ შეცვლის, მაგრამ არის ზოგიერთი საქმე, რომლის გაკეთებასაც იგი შეძლებს. მათგან ერთ-ერთია უკრაინისათვის დახმარების შეწყვეტა. ამჟამად ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი სამი თვე, რომ უარი თქვას ნახევარ ზომებზე და კიევს სრული დახმარება გაუწიოს, ვიდრე დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინის წინაშე კაპიტულაციას აიძულებს. თუ ამერიკის სამხედრო არსენალში რაიმე კიდევ არის დარჩენილი, რომლის გამოყენებას უკრაინა წარმატებით შეძლებს (ბირთვული იარაღის გარდა), ყველაფერი უნდა მივცეთ. მისტერ ბაიდენ, გაუგზავნე უკრაინას მისთვის სასურველი რაკეტები, სანამ ჯერ კიდევ არ არის დაგვიანებული“.
Foreign Affairs: „როგორ შეცვლის დონალდ ტრამპი მსოფლიოს? - მეორე ვადის საგარეო პოლიტიკის კონტურები და სავარაუდო შედეგები“ (ავტორი - პიერ ფივერი).
„დონალდ ტრამპის მხარდამჭერები დარწმუნებულნი არიან „ძველი“ ახალი პრეზიდენტის ძალებში. საკითხი მხოლოდ ისაა, თუ რამდენად შეძლებს თეთრი სახლის მომავალი შემადგენლობა ჩაფიქრებული გეგმის რეალიზებას.
დონალდ ტრამპმს შანსი გაუჩნდა, განსაზღვროს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა. მას ექნება შთამბეჭდავი ძალა იმ გუნდის სახით, რომელიც ახლო მომავალში მასზე იმუშავებს. რა თქმა უნდა, გუნდის კარგად დაკომპლექტება შეიძლება, მის გვერდით ამჟამად მდგომი ადამიანებისაგან (საარჩევნო შტაბის წევრებისაგან), მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებები თვითონ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. მსოფლიო მალე გაიგებს, აქვს თუ არა პრეზიდენტს სიბრძნე.
დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეებს მისი დაბრუნებით ახალი შესაძლებლობები უჩნდებათ. მან წინასაარჩევნოდ რამდენჯერმე განაცხადა, რომ აიძულებს უკრაინას, რუსეთს ტერიტორიები დაუთმოს ანუ ვლადიმერ პუტინს მიღწეული ფაქტი - დაპყრობილი ტერიტორიები დაუკანონოს. ამბობენ, რომ განცხადებები ერთია, საქმე კი მეორეო, მაგრამ არჩეული პრეზიდენტი ამ განცხადების რეალიზებას ნამდვილად შეეცდება. მას ირგვლივ დღეს მხოლოდ ანტიუკრაინულად და პროპუტინურად განწყობილი მრჩევლები ჰყავს და, დიდი ალბათობით, მისი „სამშვიდობო გეგმა“ რეალიზებული იქნება. გაურკვეველი რჩება ერთადერთი საკითხი: დათანხმდება თუ არა ვლადიმერ პუტინი უკრაინის ნაწილობრივ კაპიტულაციას იმ პერსპექტივით, რომ მას აღარ ექნება აგრესიის განმეორების შესაძლებლობა?
The Wall Street Journal: ტრამპმა გაიმარჯვა და მეორე შანსი მიიღო. მან წარმატება ჯო ბაიდენის შეცდომებით და პირადი გამძლეობით მოიპოვა“ (სარედაქციო სტატია).
„დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან შური უნდა იძიოს თავის მეტოქეებზე. მან ყურადღება არ უნდა მიაქციოს კრიტიკოსებს, რომ სწრაფად არ დაკარგოს ამერიკელთა ნდობის კაპიტალი. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სწორი ტონი უნდა გამოიყენოს და მოსახლეობას დაჰპირდეს, რომ ჯო ბაიდენისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები არ იქნას აღძრული, თუმცა, იმავდროულად, კარგი იქნება, თუ ჯო ბაიდენის შვილს - ჰანტერ ბაიდენს შეიწყალებს, რომელმაც დანაშაული აღიარა - თავის არიდება გადასახადების გადახდისაგან. დონალდ ტრამპმა ყურადღება უმთავრესად უნდა დაუთმოს ეკონომიკის ზრდას, გააუქმოს ჯო ბაიდენის მიერ შემოღებული ეკოლოგიური ნორმა-რეგულაციები და კვლავ გაუგრძელოს მოქმედების ვადა იმ საგადასახადო კანონმდებლობას, რომელიც კონგრესმა მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს მიიღო“.
ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „მკვდრეთით აღმდგარი: დონალდ ტრამპი, როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).
არჩევნები მშვიდობიანად დასრულდა.
სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი - მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.
დონალდ ტრამპი არა მხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ - ზოგადად, პერსონა ნონგრატა, როგორც ვაშინგტონში, ასევე - მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.
აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული, ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრესკონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიხდა, 1968 წელს, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.
დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი, ფაქტობრივად, „დამარხული“ იყო საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ მასში 2020 წლის არჩევნების დროს გაჩენილი წყენა ღვიოდა. იგი მხოლოდ სამაგიეროს მიზღვას კი არ აპირებდა დემოკრატების მიმართ, არამედ - შურისძიებას... და ამის დროც დადგა.
შეიძლება დონალდ ტრამპის გამარჯვებას სხვადასხვანაირად შევხედოთ - როგორც ოთხი წლის წინ ამერიკელი ხალხის მიერ ჩადენილი შეცდომის გამოსწორების მცდელობას ან ახალი ეპოქის დადგომას! ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ არის ერთი ნიუანსი: მას ერთი ხმით კი არ გაუმარჯვია დემოკრატების კანდიდატზე, არამედ - მან ტოტალურ წარმატებას მიაღწია, ფართო მხარდაჭერა მიიღო. იგი დაეუფლა იმას, რაც პირველი პრეზიდენტობისას, 2016 წელს, არ ჰქონდა: ამერიკელი ხალხის მანდატს.
ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“.
რას იზამენ ახლა ტელეარხების - MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას, რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და სულელებად თვლიდნენ?
მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.
შესაძლოა ახლო მომავლის პრესკონფერენციებზე ვიღაც-ვიღაცები კიდევ რაღაც კრიტიკულს იტყვიან, მაგრამ მთავარია, რომ ჯანსაღი სული დაბრუნდება. სხვათა შორის, თვითონ პრესკონფერენციებიც ისევ რეგულარული გახდება და იშვიათობა აღარ იქნება.
დონალდ ტრამპს ბევრი მტერი ჰყავს, რომლებიც არ დაშოშმინდებიან და მას უფრო მეტად შეიძულებენ, მისი თაყვანისმცემლები კი მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში იამაყებენ. ისტორია დონალდ ტრამპს დაიმახსოვრებს არა „უმცროს ჰიტლერად“ (როგორც ამას ცდილობდა მიკერძოებული „დემოკრატიული პრესა“), არამედ - როგორც უდიდეს პოლიტიკურ აღდგომად, ლაზარეს შემდეგ [უფალმა იესომ რომ განახორციელა]. ისე, თუ დააკვირდით, როგორ მარჯვედ ცეკვავდა დონალდ ტრამპი გამარჯვების გამოცხადების დროს, YMCA-ს მუსიკაზე!