საქართველოში ამერიკულ-ჩინური ახალი დაპირისპირება დაიწყება?! - გია ხუხაშვილის ანალიზი: რას შეცვლის საქართველოსთვის ტრამპის გაპრეზიდენტება
„ქართულ ოცნებას“ ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადატვირთვის პოლიტიკის პოზიტიური მოლოდინი ტყუილად აქვს", - ამბობს ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი. „ქართველი კაცისთვის შეურაცხმყოფელია ის, რასაც მდინარაძე ამბობს, ტრამპმა უნდა გვასწავლოს, რომ დედა დედაა და მამა მამა?!“ - ამ რიტორიკული კითხვით გია ხუხაშვილი, მმართველი გუნდის ლიდერის, მამუკა მდინარაძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ ტრამპის კამპანია აგებული იყო მშვიდობის, ოჯახური ღირებულებების ნარატივზე და ღიად აცხადებდა, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია.
გია ხუხაშვილი:
- ვინც არ უნდა იყოს ამერიკის პრეზიდენტი, ჩვენ ისედაც გვეცოდინება, რომ დედა დედაა და მამა - მამა. ამ თემებით სპეკულირება უსინდისო და უტიფარი რიტორიკაა. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები პრეზიდენტებთან ერთად არ იცვლება. ვაშინგტონს ყველა ქვეყანასთან მიმართებით გრძელვადიანი და უცვლელი ინტერესები აქვს. საქართველოსთან მიმართებით ტრამპიც იმ სტრატეგიას გაჰყვება, რასაც ჰარისი გაჰყვებოდა, გაპრეზიდენტების შემთხვევაში. ერთადერთი სხვაობა თავად ამ ტაქტიკური ინტერესების გატარების მეთოდებშია. ეს სხვაობა იმაში გამოიხატება, რომ დემოკრატიული პარტია თავისი ინტერესების გატარებისას ინსტრუმენტად ტრადიციული ფასეულობების დანერგვას იყენებს. ტრამპმა შეიძლება ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს თვალი დაუხუჭოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ქვეყნის ინტერესებს გაატარებენ.
„ქართული ოცნების“ პრობლემა ზუსტად იმაშია, რომ რესპუბლიკელები, დემოკრატებისგან განსხვავებით, ძალიან ხისტად მოქმედებენ, როდესაც საქმე მათი ინტერესების შელახვას ეხება.
- თქვენი ვერსიით, რაზე შეიძლება თვალი დაუხუჭოს ტრამპმა „ქართულ ოცნებას“ და რა არის ის, რასაც აპატიებს, ან რაში შეიძლება გამოხატოს სიხისტე?
- მაგალითად, შეიძლება ტრამპმა თვალი დახუჭოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო მანიპულაციებზე, არადემოკრატიულ ნაბიჯებზე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქ ამერიკული ინტერესები იქნება დაცული. ამერიკის ინტერესები კი ვერანაირად ვერ იქნება დაცული იმ ქვეყანაში, სადაც სრული გადათამაშება ხდება რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებით. თქვენ იცით, რომ ტრამპი ამერიკის მთავარ საფრთხედ ჩინეთს მიიჩნევს. აი, ამით ყველაფერი ნათქვამია. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებაც ხომ ტრამპის გარემოცვამ მოითხოვა და ე.წ მეგობარი აქტის ავტორებიც ხომ ეგენი იყვნენ?! ასე რომ, „ქართული ოცნებას“ მალე მოენატრება ბაიდენი, თუ ჩინეთისთვის თვალის პაჭუნს და რუსეთისთვის კოჭის გაგორებას არ შეწყვეტს.
- „ქართულ ოცნებას“ და არა მარტო ამ პოლიტიკურ გუნდს, მსოფლიოში ძალიან ბევრს აქვს მოლოდინი, რომ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს...
- მერე რა? ომის დამთავრება მარტო ტრამპის კი არა, მთელი სამყაროს ზეამოცანაა. იცით, „ოცნებას" ომის დამთავრების სცენარი როგორ აქვს წარმოდგენილი? - უკრაინა უნდა დანებდეს რუსეთს. ასეც რომ იყოს, ამათ რა უხარიათ? საკმარისია, ტრამპმა დაინახოს, რომ საქართველოში ამერიკის ინტერესები შესაბამისად არ ტარდება, რომ მაშინვე ხისტ გადაწყვეტილებას მიიღებს. არაფერი არ შეუშლის ხელს, რომ ერთ დღეში ივანიშვილსა და კიდევ ნახევარ „ქართულ ოცნებას“ დაუწესოს სანქციები. სხვათა შორის, ამ ცოტა ხნის წინ ასეთი აბსურდული დიალოგი მოვისმინე - ტრამპი რუსეთის კაცია და მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ჩვენც გვეშველება, ქარხანა გაიხსნებაო.
- სხვათა შორის, ასეთივე იმედიანი განწყობაა რუსულ პოლიტიკურ ელიტაშიც. რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება: "ვიმუშავებთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, როდესაც რუსეთის ეროვნულ ინტერესებს მხარს დაუჭერს და ფოკუსირებული იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის მიღწევაზე - ჩვენი პირობები უცვლელია“.
- აბა, რუსები რას იტყვიან? მიამიტობაა იმის დაჯერება, რომ ტრამპი რუსეთს ან ვინმეს ამერიკის ინტერესების სანაცვლოდ რამეს დაუთმობს. ამერიკის ინტერესებში კი ახლა ნამდვილად არ შედის უკრაინის რუსეთისთვის ჩაბარება.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)