"ვთქვათ, ჩამოვიდა FBI საქართველოში და..." - თორნიკე შარაშენიძე: "თბილისსა და ვაშინგტონს შორის პოლიტიკური ვაჭრობა დაიწყება"
"ეს ამერიკის ოქროს ხანა იქნება", - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფლორიდაში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა. „ეს ყველა დროის დიდებული პოლიტიკური მოძრაობა იყო. ვაპირებთ, ჩვენს ქვეყანას განკურნებაში დავეხმაროთ, ჩვენს ქვეყანას, რომელსაც დახმარება სჭირდება... თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის ვიბრძოლებ. თქვენთვის ყოველდღე ვიბრძოლებ...“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
როგორი იქნება ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ჩვენი რეგიონის და საქართველოს მიმართ და გადაიტვირთება თუ არა საქართველო-ამერიკის ურთიერთობები? - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს - თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრებით.
თორნიკე შარაშენიძე:
- როგორც აღმოჩნდა, დონალდ ტრამპი კამალა ჰარისზე გაცილებით ქარიზმატული და კრეატიული ყოფილა. რჩებოდა განცდა, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ჰარისი დაზეპირებული ტექსტებით ლაპარაკობდა. როდესაც მისთვის მოულოდნელ კითხვას დაუსვამდნენ, იგი პასუხს ვერ სცემდა და ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს იმეორებდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი დემაგოგია, ამერიკელებისთვის ის უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა.
ჩემი აზრით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში არანაირი გადატვირთვა არ იქნება. დარჩება ის, რაც აქამდე იყო. ზოგს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის „რესპუბლიკელები“ მესიები იქნებიან, ზოგს ასეთი წარმოდგენა „დემოკრატებზე“ აქვს. ორივე წარმოდგენა მცდარია. საქართველო, რა თქმა უნდა, არის ამერიკის ინტერესების ჩამონათვალში, მაგრამ არ არის პირველ ხუთეულში. ამერიკის ახალი მთავრობა დაკავდება უმნიშვნელოვანესი საკითხებით - ეს არის ახლო აღმოსავლეთი, ჩინეთი, უკრაინა და, შესაბამისად, რუსეთი. ტრამპი ნაკლებად არის დაინტერესებული ადამიანების უფლებებით და დემოკრატიით. მის მიმართ სიმპატიებს ავლენს ორბანი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ უჩნდება განცდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგების მეტი შანსი აქვს.
- მმართველი გუნდის ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნებში არა თუ ტრამპის, კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ომის დასრულების პირობებში, ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკის პოზიტიური მოლოდინი ჰქონდათ. ამ შემთხვევაში მათი მოლოდინები კიდევ უფრო პოზიტიურია და იმედოვნებენ, რომ ურთიერთობების გადატვირთვას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამდეც მოახერხებენ.
- დიახ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ყველანაირად შეეცდება, საკუთარი თავი ტრამპის იდეოლოგიურ მოკავშირედ გამოაცხადოს, იმიტომ, რომ ტრამპი ლგბტ-პროპაგანდისა და სქესის შეცვლის ოპერაციების წინააღმდეგია. ეს როგორღაც ჯდება „ქართული ოცნების“ პროპაგანდაში.
- ფიქრობთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას მიულოცავს?
- თუ ამერიკის ადმინისტრაციას სურს, რომ საქართველოზე გავლენა ჰქონდეს, წესით, ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან კონტაქტში უნდა შევიდეს. მე მგონია, რომ ამის მოგვარება შესაძლებელია, ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციისგან წამოვიდა სიგნალი - ე.წ. აგენტების კანონის გაწვევაზე დაიწყეს საუბარი. ტრამპის ადმინისტრაციას კი, შეიძლება ეს კანონიც აღარ გაახსენდეს. სხვათა შორის, საგულისხმო ფაქტია, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს მნიშვნელოვნად შემცირდა „USAID“-ის დაფინანსება. ეს ამბავი იმიტომ შეგახსენეთ, რომ არ არის გამორიცხული, ტრამპის ადმინისტრაცია საერთოდ აღარ დაინტერესდეს არასამთავრობოების პოზიციით.
- კი, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ სწორედ რესპუბლიკელი კონგრესმენი გახლავთ ავტორი ე.წ. მეგობარი აქტისა, რომელიც საქართველოს მხარდაჭერას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, საპირისპირო შემთხვევაში კი - სანქციებს ითვალისწინებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.
- მერე რა? იყო რესპუბლიკელი, მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ტრამპი მის პოზიციას გაიზიარებს.
- ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
- კი ბატონო, ვთქვათ, ჩამოვიდა საქართველოში FBI. ამ ბიურომ ხომ უნდა ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან? მე თუ მკითხავთ, საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით ოპოზიციამ მითები გამოიგონა. ძალიან გაუაზრებლად ლაპარკობენ ხშირად. ხალხმა შეიძლება მართლა დაიჯეროს და გაუხარდეს. იფიქრებენ - აი, ვიღაც ჩამოვა და რაღაც შეიცვლება. გავა დრო და არავინ ჩამოვა, ეს კი უფრო მეტ ფლუსტრაციას გამოიწვევს. საერთოდ, არ მესმის, რატომ აკეთებენ ასეთ კონტრპროდუქტიულ განცხადებებს.
- როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება იყოს პირველი საკითხი, რომლითაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადატვირთა შეიძლება დაიწყოს?
- ჩემი აზრით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების მთავარი თემა იქნება ჩინეთი და ანაკლიის პორტი. ტრამპი, როგორც ბიზნესმენი, საქართველოში ჩინეთის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს. საქმე მივა ანაკლიის პორტამდე, რომელსაც ჩინელების გარდა, არავინ აშენებს. წესით, ქართველებმა უნდა დავსვათ საკითხი ასე - ჩვენ გვინდა პორტი - ააშენებს ამერიკა? - კი ბატონო, ააშენოს...
- ე.ი. თქვენი ვერსიით, მალე საქართველოსა და ამერიკას შორის პოლიტიკური ვაჭრობა დაიწყება?
- დიახ, ტრამპი მიიჩნევს, რომ ამერიკის მთავარი მოწინააღმდეგე ჩინეთია. ასეც არის, მხოლოდ ჩინეთს შეუძლია, გაუტოლდეს ამერიკას. შესაბამისად, ტრამპი ყველა მიმართულებით შეეცდება ჩინეთის შეკავებას. საქართველოში რა უნდა შეაკავოს?! - რა თქმა უნდა, ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია, დიდი პორტის მშენებლობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იქნება ტრამპის ადმინისტრაციის განხილვის მთავარი საკითხი საქართველოსთან. ვნახოთ, წინ საინტერესო პროცესები გველის.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)