უკრაინულმა „მფრინავმა მელამ“ რუსულ ხომალდებს კასპიის ზღვაშიც „წაკრა“ კბილი - კვირის პალიტრა

უკრაინულმა „მფრინავმა მელამ“ რუსულ ხომალდებს კასპიის ზღვაშიც „წაკრა“ კბილი

შავ ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდებზე უკრაინული კამიკაძე-დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების შეტევა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომელსაც დასაბამი ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში „სამ ასოზე წასული“ რუსული სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვამ დაუდო...

მაგრამ, ერთია რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე საჰაერო და საზღვაო შეტევების განხორციელება უშუალოდ შავ ზღვაში, გინდ სევასტოპოლთან და გინდაც ნოვოროსიისკთან და სულ სხვა, როდესაც საჰაერო დარტყმა...კასპიის ზღვაშიც ხორციელდება...

დაღესტნის სანაპიროზე მდებარე ქალაქ კასპიისკის პორტი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების კასპიის ფლოტილიის მთავარი ბაზირების ადგილია.

სულ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში ოთხი-ბალტიის, ჩრდილოეთის, შავი ზღვის და წყნარი ოკეანის ფლოტი და მხოლოდ ერთი, კასპიის ფლოტილია, შედის.

თვითონ სიტყვა-ფლოტილია მიუთითებს მის უფრო დაბალ რანგს და რაში დასჭირდათ უკრაინელებს ისედაც მწირი სახსრების დახარჯვა, რომ კასპიისკის საზღვაო ბაზაზე განეხორციელებინათ საჰაერო შეტევა?

1-dag1-1730966241.png

თანამგზავრულ ფოტოზეც კარგად მოჩანს, თუ რა „მსუყე ლუკმას“ წარმოადგენენ უკრაინელებისთვის რუსეთის კასპიის ფლოტილიის სამხედრო ხომალდები კასპიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის ნავსაყუდელებთან...

ამის არანაკლებ სამი მიზეზი არსებობს:

პირველი-პოლიტიკური, რადგან უკრაინამ პირველად განახორციელა საჰაერო შეტევა რუსეთის ფედერაციაში შემავალ იმ დაღესტნის რესპუბლიკაზე, რომლის წარმომადგენლებიც მრავლად იბრძვიან უკრაინის მიწაზე ოკუპანტების სახით.

მეორე-უკრაინულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია ფრონტის ხაზიდან 1 200-1 500 კმ-ით დაშორებულ რუსულ სტრატეგიულ ობიექტებზე საჰაერო შეტევების მიტანა და თანაც უკრაინული წარმოების და არა დასავლეთის მიერ გადაცემული ტექნიკით.

მესამე-სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთის კასპიისკის საზღვაო ბაზაზე საჰაერო დარტყმა იმითაც არის გამართლებული, რომ იქ ბაზირებენ ის სამხედრო ხომალდები, რომლებიდანაც გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები ზიანს აყენებენ უკრაინის ქალაქებს.

რაც შეეხება თავად ოპერაციის დეტალებს...

რუსეთი ამ ფაქტს მიჩქმალავდა, რომ არა თავად თვითმხილველების მიერ გადაღებული არაერთი ვიდეოკადრი, რომლებზეც თვალნათლივ მოჩანს, რომ კასპიისკის თავზე დაბალ სიმაღლეზე ორი А-22 ტიპის მსუბუქი თვითმფრინავი მიფრინავს, რომლებსაც ავტომატებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ინტენსიურად ესვრიან...

ერთი ასეთი თვითმფრინავი ჰაერშივე ფეთქდება, მეორე კი სწორედ კასპიისკის სამხედო-საზღვაო ბაზის ნავმისადგომთან პიკირებს და პირსთან მდგარი სარაკეტო კატარღის მარცხენა ბორტთან ფეთქდება...

იმ დროს ნავმისადგომებთან ღუზები ჩაშვებული ჰქონდათ რამდენიმე რუსულ სამხედრო ხომალდს, რომლებიც სავარაუდოდ დაზიანდნენ უკრაინული-კამიკაძე დრონში მოთავსებული საბრძოლო ქობინის დეტონაციისას გატყორცნილი ნამსხვრევებით, მაგრამ ამას არ გამოუწვევია მათი ჩაძირვა.

2-dag1-1730966222.png
კასპიისკის პორტში უკრაინული კამიკაძე-დრონის, „მფრინავი მელას“ რუსულ სარაკეტო კატარღის მარცხენა ბორტიდან ოციოდე მეტრში აფეთქების მომენტი...

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამხედრო ხომალდების კორპუსები შეუჯავშნავია, მათი ფატალურად, ისე დაზიანებისთვის, რომ ჩაიძირონ, ბევრად უფრო ძლიერი აფეთქებაა საჭირო. მაგალითად ისეთი,როდესაც 2023 წლის 26 დეკემბერს ანექსირებული ყირიმის ფეოდოსიის პორტში მდგარი რუსული დიდი სადესანტო ხომალდი „ნოვოჩერკასკი“ „მარტივ მამრავლებად დაიშალა“ და ადგილზევე ჩაიძირა უკრაინული ფრთოსანი რაკეტის პირდაპირი მოხვედრის შედეგად.

კასპიისკის პორტზე თავდასხმისას გამოყენებულ А-22 ტიპის მსუბუქი თვითმფრინავს, რომელსაც Foxbat-ს ანუ „მფრინავ მელასაც“ უწოდებენ, კამიკაძე-დრონზე გადაკეთების შემდეგ, მხოლოდ ასიოდე კგ მასის საბრძოლო ნაწილის წაღება თუ შეუძლია, მაშინ როდესაც ფრთოსანი რაკეტის საბრძოლო ქობინის მასა ოთხჯერ მეტი მაინცაა.

მახსენდება, როდესაც ქართული სამხედრო კატარღების კორპუსებზე იმ დაზიანებებს ვათვალიერებდი, რომლებიც მათ აგვისტოს ომის დროს ფოთის სამხედრო პორტის თავზე ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონიდან გამოშვებული სამი ოპერატიულ-ტაქტიკური „ტოჩკა-უ“-ს კასეტური ქობინების აფეთქებების შედეგად მიიღეს, თუმცა ამას მათი ეკიპაჟებისთვის ხელი არ შეუშლია საზღვაო გადასვლა განეხორციელებინათ ფოთიდან ბათუმში და ხელში არ ჩავარდნოდნენ ფოთის დროებითი ოკუპაციის დროს რუს სამხედროებს...

ისე, სხვათა შორის,თუკი ვინმეს სურს თავად იხილოს თუ როგორ დაფრინავს უკრაინული „მფრინავი მელა“, სულაც არ არის საჭირო უკრაინის ფრონტზე ჩასვლა, უბრალოდ...კახეთის ცაში აიხედოს, სადაც თელავის აეროპორტიდან აფრენილი ანალოგიური უკრაინული წარმოების А-22LS-ები დაფრინავენ, რომლებზეც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი კურსანტებს მომავალ პილოტებად ამზადებს.

სულ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო საჰაერო ხომალდების რეესტრში 5 ერთეული А-22LS-ი, „მფრინავი მელა“ ირიცხება.

3-dage-1730965887.png
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი კახეთის ცაში უკრაინული წარმოების ასეთი А-22LS-ებით მომავალ პილოტებს ფრენას ასწავლის, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სტრატეგიულ ობიექტების თავზე ასეთივე თვითმფრინავის სილუეტის გამოჩენა კი რუსეთის ასე ნაქები საჰაერო თავდაცვის სისტემის მორიგ წარუმატებლობაზე მიუთითებს...

რუსეთის კასპიის ფლოტილიის მთავარ ნავსაყუდელზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ თავად რუს სამხედრო ბლოგერებს და ექსპერტებს უჩნდებათ კრიტიკული კითხვები საკუთარი თავდაცვის სამინისტროს მიმართ-როგორ მოახერხეს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა უშუალოდ რუსეთის ცაში დაუბრკოლებლად 1 300-ზე მეტი კმ-ის გაფრენა, რომ ისინი ვერ ჩამოაგდეს, სანამ კასპიის ზღვის სანაპიროს მიაღწევდნენ და მეორეც-რატომ იყო, რომ ქალაქ კასპიისკის თავზე უკრაინულ კამიკაძე-დრონებს მხოლოდ ჯარისკაცები ავტომატებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ჰაერში სროლით ისე იგერიებდნენ, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, მაშინ, როდესაც საზღვაო ბაზის ნავმისადგომებთან ღუზაჩაშვებული სამხედრო ხომალდები თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემებიდან არიან აღჭურვილნი, რომლებიც ზებგერითი და მაღალ სიმაღლეებზე მფრენი საჰაერო სამიზნეების ჩამოსაგდებად არიან განკუთვნილნი...

ადვილი მისახვედრია, რომ თუკი უკრაინული კამიკაძე-დრონები კასპიის ზღვაშიც მისწვდნენ რუსულ ხომალდებს, მათ ეს არც ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში გაუჭირდებათ, თუკი იქ ოკუპანტმა რუსეთმა მართლაც აამოქმედა შავი ზღვის ფლოტის ახალი სამხედრო-საზღავო ბაზა...