ერთი რიგითი ოსის პოზიცია: "ჩემი სამშობლო უფრო დიდია, ვიდრე დანარჩენი ოსების"
"ოც წელზე მეტია, უცხოეთში ვცხოვრობ და იქიდან ვადევნებ თვალს ჩემს სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს. ჩემს წარმოსახვასა და შეგნებაში სამშობლო ე. წ. სამხრეთ ოსეთზე დიდია, მთელი საქართველოა, აფხაზეთიანად... ამ საკითხზე ოს ნათესავებს მუდმივად ვედავები. ჩემს პოზიციას ისინი იმით ხსნიან, რომ ქართველი ვარ, დედა მყავს ქართველი, აბაშიძე, და დედის გავლენა დიდია, რომ რადგან ემიგრაციაში ვცხოვრობ, არ ვიცი, რა ძნელია, კონფლიქტის ზონაში ცხოვრება, სადაც არც ომია და არც მშვიდობა. ამ მიწას ხან ქართველი ექაჩება თავისკენ და ხანაც რუსი. ძნელია ემიგრაციაში ყოფნა და თან ეროვნულობისა და ტრადიციების შენარჩუნება", - ამბობს 37 წლის ვერა ქარქუსოვა, რომელიც თითქმის ოცი წელია იტალიის ქალაქ მილანში ცხოვრობს. სოციალურ ქსელებსა და ბლოგებში საკუთარი პოზიციის გამოხატვას არ ერიდება, რის გამოც ხშირად აკრიტიკებენ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ოსების რისხვა რომ არ დაიმსახუროს, ფსევდონიმით წერს. მას ინტერნეტით ვესაუბრე, რათა ქართველი მკითხველისთვის ერთი რიგითი ოსის პოზიცია გადმომეცა.
- 90-იანი წლების ომამდე ოჯახთან ერთად ცხინვალში ვცხოვრობდი მამის მხრიდან ნათესავი ოსებით დასახლებულ სოფლებში, დედის მხრიდან კი - ორივეგან. ჩემს ოს ნათესავებთან უფრო ხშირად ვიყავი. სანამ ცხინვალის ომი დაიწყებოდა, სოფელ ფიჩხოვანში ვისვენებდი. ზაფხულის არდადეგებამდე მასწავლებელმა გაგვაფრთხილა, რომ სემესტრის დასაწყისში თავისუფალი თემის დაწერა მოგვიწევდა, "როგორ გავატარე ზაფხული", ამიტომაც დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი ყველაფერს. ბუნდოვნად მახსოვს ის მთაგორიანი სოფელი. იქ სულ რუსულად და ოსურად ლაპარაკობდნენ. დიასახლისს ვკითხე, ქართულად რატომ არავინ ლაპარაკობს-მეთქი? იმიტომ, რომ სულ ოსები ცხოვრობენო, მიპასუხა. 90-იანი წლები იყო. მუდმივად მესმოდა ქართველების კრიტიკა და საყვედური. ერთი სული მქონდა, ცხინვალში როდის დავბრუნდებოდი, რადგან ასე მეგონა, ამ სოფელში რაღაც საფრთხე მელოდა. ყველაფერს რვეულში ვინიშნავდი, მეგონა, თემისთვის გამომადგებოდა. დღემდე შენახული მაქვს ის ჩანაწერები, - როცა გაიგებდნენ, რომ დედა ქართველი მყავდა, თანაგრძნობით, სიბრალულით მიყურებდნენ... ეს ჩემთვის ძალიან უჩვეულო იყო, რადგან ჩემთვის ქართველი და ოსი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებოდნენ.
ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობდა. მუდმივად მესმოდა, რომ ოსებს სამსახურებიდან ათავისუფლებდნენ და კონტროლის ქვეშ ჰყავდათ. ბევრი ვლადიკავკაზში გადასახლდა. ჩრდილოეთ ოსეთში "დროებით" წასვლაზე ჩემი ნათესავი ოსებიც ალაპარაკდნენ, - ისეთ პირობებს გვიქმნიან, სხვა გზა არ გვაქვსო. სანამ ცხინვალში დავბრუნდებოდი, მართლაც წასულან. დაბრუნებულმა, ჩანაწერი დედას ვანახე, რომელსაც რატომღაც შეეშინდა და შენახვა მთხოვა. მამა ადგილობრივ მილიციაში მუშაობდა, მაგრამ სახლში იარაღზე არასდროს ლაპარაკობდა. ბოლო დროს კი მამა შეიცვალა, იარაღსაც ხშირად ახსენებდა, ვლადიკავკაზში წასვლასაც და "ვინმე" "ადამონ ნიხასსაც". წლების შემდეგ გავიგე, რომ ეს ადამიანი კი არა, ოსური ნაციონალისტური ორგანიზაცია იყო. ქვეყანაში დაწყებული ეთნიკური დაპირისპირება ჩემს ოჯახზეც აისახა. მშობლები იმაზე კამათობდნენ, სად წასულიყვნენ, ვლადიკავკაზში თუ თბილისში.
- საბოლოოდ სად გადაწყვიტეს წასვლა?
- მამა ცხინვალში დარჩა, ბიჭებს ვერ ვუღალატებო, დედას კი ვლადიკავკაზში წასვლა ურჩია, გამომშვიდობებისას მე და ჩემს დას გვითხრა, ნუ გეშინიათ, შინ მალე დაბრუნდებითო. მახსოვს, ჩემს წამოსვლამდე მამა რამდენიმე დღე შინ არც მოსულა, ოს ნათესავებთან ერთად სოფელ-სოფელ დადიოდა და დამოუკიდებელი ოსეთის პროპაგანდას ეწეოდა. "რუსეთი ჩვენთან არის", - ანთებული სახით ამბობდა. ჩვენი კორპუსი ოსებისგან თითქმის დაცლილი იყო. ზოგი ანტიქართულ მოძრაობაში მონაწილეობისთვის დაიჭირეს, ზოგმაც გაასწრო. მამაჩემმა შემოგვითვალა, თავად გიპოვითო.
მერე ეს ამბავი რომ გასკდა, უკვე ხალხშიც აგორდა ანტიოსური ტალღა. ჩვენ ჯერ ვლადიკავკაზში გადავედით, იქიდან კი, მოსკოვში, ცოტა ხანს ფინეთშიც ვიცხოვრეთ. რამდენიმე წელი მამაზე არაფერი ვიცოდით, მერე ის თავად დაგვიკავშირდა და ჩამოსვლა გვთხოვა, რაზეცDდედამ უარი უთხრა. სამაჩაბლოს ომში მან ორი ძმა და სიძე დაკარგა, თავად კი დაიჭრა. ახლა მამას სხვა ოჯახი ჰყავს, მაგრამ არც ჩვენთან გაუწყვეტია ურთიერთობა.
- მას შემდეგ ცხინვალში არ ყოფილხართ?
- 2008 წლის ომამდე ვიყავი, მე და ჩემი მეუღლე ერთი კვირით ჩავედით. მინდოდა მამაჩემისთვის სიძე გამეცნო. ნეტავ არ ჩავსულიყავი, - ყველა საცხოვრებელი კორპუსი ბოსელს ჰგავდა. ელემენტარული პირობები არ იყო მოგვარებული, წყალი არ მოდიოდა და თუ მოდიოდა, გადადუღება სჭირდებოდა. კიდევ კარგი, ჩემი მეუღლე სამხედრო ექიმია და საველე პირობებშიც კი შეუძლია ცხოვრება. სამაგიეროდ, ჩემი დედინაცვალი ყოველ დილას უხვ სუფრას გვიშლიდა და დამოუკიდებლობის სადღეგრძელოს მოწიწებით ამბობდნენ. იმ ერთი კვირის განმავლობაში ათზე მეტი სისხლის სამართლის დანაშაული მოხდა, მკვლელობა, ყაჩაღობა, ქურდობა... ჩემი ნახევარძმა ყოველ მეორეზე მეუბნებოდა, ნარკომანიაო. ჩემს კორპუსში ძალიან ბევრი უცხო ადამიანი ცხოვრობდა, ქართველების ბინებში იყვნენ შესახლებული. ძველი ნაცნობები დედაჩემის შესახებ ზოგი პირდაპირ, ზოგიც გადაკვრით მეკითხებოდა.Mმალე მივხვდი, რომ ოსებს რუსები სძულთ, მიუხედავად ამისა, "ელიტის წარმომადგენლები" რუსულად ლაპარაკობენ. მათ მეც რუსულად ველაპარაკებოდი და როცა იგებდნენ, რომ ოსური თითქმის არ ვიცოდი, მოურიდებლად მსაყვედურობდნენ. გაოცებული დავრჩი, რატომ ითხოვდნენ ჩემგან ოსობას, მაშინ როცა გარშემო რუსული გარემო იყო, - წარწერები, ქუჩათა დასახელებები, სკოლები, ბაღები და სხვადასხვა დანიშნულების სასწავლო ცენტრები რუსი საზოგადო მოღვაწეების გვარებს ატარებდა. როგორც გავიგე, ისინი, ვინც ვლადიკავკაზში "დროებით" გადასახლდა, არც დაბრუნებულა. იქაურობას მოერგნენ, ცხოვრება აიწყვეს. იქ რუსეთის სამხედრო სამსახურში არიან (მათ შორის - მამაჩემიც). ვლადიკავკაზში ცხოვრება არჩია ბევრმა ჩემმა ნათესავმაც, მაგრამ სხვადასხვა ინტერნეტსაიტსა და ტელეგადაცემაში აცხადებენ, რომ "ცხინვალიდან გაყარეს".
ცხინვალიდან დაბრუნების შემდეგ, საგანგებოდ იმისთვის, რომ ოსებთან სხვადასხვა მწვავე თემაზე კამათი შემძლებოდა, ოსური სრულყოფილად ვისწავლე. ისტორიკოსი ვარ და ვიცი, რომ მცირე ერებს კომპლექსი აქვთ. ურჩევნიათ, რუსეთისთანა დიდ სახელმწიფოში გათქვეფა, ვიდრე საქართველოსთანა პატარა ქვეყნის შემადგენლობაში ავტონომიის სახით არსებობა, მაგრამ მე სხვა პრობლემაზე ვაკეთებ აქცენტს, - ცხინვალში გარუსების გარდა, განარკომანებული, კლანურ ბიზნესში ჩართული ადამიანები დამხვდნენ და იმან გამაოცა, რომ ტრადიციული ოსები ამას არ აპროტესტებენ. კიდევ 10 წელი და სახელწოდება "სამხრეთი ოსეთი" აღარ იარსებებს.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)