კრიზისი ფარულ ფრონტზე - შეძლებენ თუ არა ამერიკული სპეცსამსახურები პუტინის "ჩეკისტების" გეგმების აღკვეთას?!
დასრულდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ძალზე დაძაბული ეპოპეა, თუმცა არანაკლებად რთული პერიოდი წინ გვაქვს. ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ როგორი იქნება არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკური კურსი. ეს მაშინვე გაირკვევა, როდესაც ის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის წამყვან პოსტებზე საკუთარ კანდიდატურებს წარადგენს. არსებობს ერთი სფერო, სადაც გატარებული საკადრო ცვლილებები ნათლად მიანიშნებს ნებისმიერი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტირებს: ესაა სახელმწიფო და თავდაცვის სამინისტროების, ასევე, სპეცსამსახურების ახალი კადრებით დაკომპლექტება.
ნებისმიერი სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს უცბად მიხვდებით, თუ მისი უშიშროების, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ბიოგრაფიებს გაეცნობით. თუმცა ერთი კი თავიდანვე ცნობილია: აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ნამდვილად არ სურს პროფესიონალების ხილვა ეროვნული უსაფრთხოების გუნდში და ის უპირატესობას უფრო ლოიალურ და “დამჯერ“ ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს მიანიჭებს. მოკლედ, „მხიარული“ დღეები გველის!
ამ დროს კი აშშ-ის სპეცსამსახურები ძალზე ღრმა კრიზისში იმყოფებიან და ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ახალი გამოწვევების წინაშეა. ვხედავთ, რომ რუსეთის ნეოიმპერიალისტური მოქმედებების წინააღმდეგ “ბებერი ევროპა” უძლურია, რაიმე მოიმოქმედოს. აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ურთულესი გეოპოლიტიკური არჩევნის წინაშეა: თვალი დახუჭოს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევებზე და კიდევ ერთხელ “გადატვირთოს” ურთიერთობა მოსკოვთან თუ მტკიცე პოლიტიკის გატარებით აღიდგინოს დაკარგული სახე. თუ დონალდ ტრამპი სპეცამსახურების ხელმძღვანელებად პროფესიონალებს კი არა, არამედ - “თეთრხელთათმანიან” დილეტანტებს: ტოპმენეჯერებს, ბიზნესმენებსა და პოლიტიკურ ინტრიგებში გამოწრთობილ არაპროფესიონალებს წარადგენს, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ამერიკის საგარეო საფრთხეებს.
ამერიკის სპეცსამსახურები რომ სერიოზულ გარდაქმნას საჭიროებენ, ეს საკამათო არაა, თუმცა მსოფლიოში ახალი “ცივი ომის” რეალური დაწყების პირობებში, რუსეთის ნეოიმპერიალისტური ამბიციების რეალიზაციის ეტაპზე, “თეთრხელთათმანიანი დილეტანტების” ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე საკვანძო პოსტებზე დანიშვნა გამართლებული ნამდვილად არ იქნება.
გავიხსენოთ, რომ პირველი პრეზიდენტობის პერიოდში დონალდ ტრამპმა ძალზე ბევრი შეცდომა დაუშვა კადრების შერჩევის საკითხში.
2017 წლის 13 თებერვალი საკმაოდ მძიმე დღე აღმოჩნდა აშშ-ის მაშინ პირველად არჩეული პრეზიდენტისთვის. იმ დღეს დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - მაიკლ ფლინი, რომელიც სერიოზულ ტყუილში ამხილეს, იძულებული იყო, თანამდებობა დაეტოვებინა. მკითხველისთვის უფრო კარგად გასაგები რომ გახდეს გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტ ფლინის მიერ დაკავებული თანამდებობა, ვიტყვი, რომ აშშ-ის პოლიტიკურ ძალთა ორბიტაზე პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამდებობაა. მრჩეველი აშშ-ის უსაფრთხოების საბჭოს წევრია და მას, სხვა ფუნქციებთან ერთად, ევალება აშშ-ის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებსა და პრეზიდენტს შორის ოპერატიული და შეუფერხებელი კონტაქტის შენარჩუნება. ის მათ შორის „ხიდის“ ფუნქციას ასრულებს.
მაშინ მაიკლ ფლინმა აღიარა, რომ თეთრ სახლს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ში მაშინდელ რუსეთის ელჩთან - სერგეი კისლიაკთან კონტაქტების შესახებ. გაირკვა, რომ 2016 წლის 29 დეკემბერს, ბარაქ ობამას მიერ რუსეთისთვის მორიგი სანქციების შემოღებისას, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ჩაიწერეს სატელეფონო საუბარი აშშ-ში რუსეთის ელჩსა და მაიკლ ფლინს შორის, რომელმაც ერთი თვის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა დაიკავა. სატელეფონო საუბრის დროს ფლინმა დააიმედა რუსეთის ელჩი, რომ მომავალი პრეზიდენტი ტრამპი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მნიშვნელოვნად შეარბილებდა.
გარდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობისა, ძალზე მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ანუ ყველა ამერიკული სპეცსამსახურის “შეფის” პოსტი. სწორედ მას ექვემდებარება აშშ-ის მთელი სადაზვერვო სისტემა. ამჟამად აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორატი აერთიანებს 16 დამოუკიდებელ დანაყოფს:
I. სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მოქმედ “ინფორმაციისა და კვლევების სამმართველოს”, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებული აშშ-ის საელჩოების მეშვეობით უზრუნველყოფს საგარეო-პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და სხვ. ინფორმაციის მოპოვებას, ანალიზს და ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირთათვის წარდგენას;
II. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საფინანსო დაზვერვისა და ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს, რომლის ძირითადი ფუნქციებია ეროვნული საფინანსო სისტემის დაცვა (ყალბი ფულის, საკრედიტო ბარათების და ფასიანი ქაღალდების დაბეჭდვის და გავრცელების), ასევე, “ფულის გათეთრებისა” და ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების არხების გამოვლენა და მათი აღკვეთა;
III. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედ “ბირთვული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამმართველოს”. იქ შეისწავლიან რუსეთის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების ბირთვულ პროგრამებს, მონაწილეობენ ბირთვული იარაღის გამოცდის, აღმოჩენის საჰაერო-კოსმოსური დაზვერვის სისტემების დამუშავებაში და სხვ.
IV. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურაში მოქმედ:
1. “ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს”;
2. გამოძიების ფედერალურ ბიუროს.
V. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ:
1. სამხედრო-საჰაერო ძალების დაზვერვის სამმართველოს;
2. სამხედრო-საზღვაო ძალების დაზვერვის სამმართველოს;
3. კოსმოსური დაზვერვისა და კარტოგრაფიის სამმართველოს;
4. თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის საამმართველოს;
5. თანამგზავრული რადიოელექტრონული დაზვერვის სამმართველოს;
6. ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს;
7. სახმელეთო ძალების დაზვერვის სამმართველოს;
8. საზღვაო ქვეითთა კორპუსის სადაზვერვო სამმართველოს.
VI. ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ:
1. “აშშ-ის საიდუმლო სამსახურს”, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრების, უცხოეთის ოფიციალური დელეგაციების, აშშ-ის ტერიტორიაზე განლაგებული სხვა ქვეყნების საელჩოების და საკონსულოების დაცვას;
2. სანაპირო დაცვის სადაზვერვო სამსახურს.
VII. ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს.
ერთი გარემოებაც უნდა გავითვალისწინოთ: „ეროვნული დაზვერვის დირექტორატი“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ და არა - სადაზვერვო დანაყოფს. რომელმაც კოორდინაცია უნდა გაუწიოს სხვადასხვა უწყების სადაზვერვო დანაყოფებს.
მაიკლ პომპეო
არსებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე (სავარაუდოდ, თავდაცვის მდივნად) შესაძლოა, ვიხილოთ ჩვენთვის კარგად ნაცნობი მაიკლ პომპეო.
ის დაიბადა 1963 წლის 30 დეკემბერს ქალაქ ორეინჯში, კალიფორნიაში. 1982 წლიდან სწავლობდა ლოს ამიგოს უმაღლეს სკოლაში, შემდეგ ჩაირიცხა აშშ-ის ვესტ ფოინთის სამხედრო აკადემიაში, სადაც იყო მექანიკოსი-ინჟინერი. 1986-1991 წლებში მსახურობდა აშშ-ის სახმელეთო ჯარებში და მონაწილეობდა “სპარსეთის ყურის” სამხედრო ოპერაციაში, თადარიგში კაპიტნის სამხედრო წოდებით გავიდა. 1994 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი და მიიღო სამართლის დოქტორის ხარისხი. 1994-2010 წლებში მაიკ პომპეო კერძო ბიზნესით იყო დაკავებული, ხოლო 2011-2017 წლებში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში იქნა არჩეული. შემდეგ დონალდ ტრამპმა მაიკლ პომპეო აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დანიშნა. 2019 წლის 11 ივნისს მაიკლ პომპეომ ვაშინგტონში, საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე, ძალზე საყურადღებო განცხადება გააკეთა: " მე იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო დაასრულებს პორტის (იგულისხმებოდა ანაკლიის პორტი – ბ.ა.) პროექტს. პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას. მათ არ აქვთ კეთილი სურვილები თქვენთვის“. საინტერესოა, როგორი იქნება დონალდ ტრამპის პოლიტიკა რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ახლა, როდესაც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა.