გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომელიც შესაძლოა, ტრამპმა გამოიწვიოს - "ურჩიეთ დონალს, რომ პუტინის დაპირებებს არ ენდოს!" - კვირის პალიტრა

გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომელიც შესაძლოა, ტრამპმა გამოიწვიოს - "ურჩიეთ დონალს, რომ პუტინის დაპირებებს არ ენდოს!"

„უკრაინის დამარცხება რუსეთთან ომში დანარჩენი მსოფლიოსათვის ისე გამოჩნდება, რომ თითქოსდა, ომი ამერიკამ წააგო. დროა აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს თავისი გარემოცვიდან ვინმემ უთხრას, რომ მან დეტალურად განმარტოს ომის დასრულების გეგმა და ჩააგონოს - უკრაინის დამარცხება აშშ-ის დამარცხების ტოლფასია“, - ნათქვამია ამერიკულ ჟურნალ „ფორინ პოლისში“ (Foreign Policy) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „უკრაინის დამარცხება დონალდ ტრამპისთვისაც კი დაუშვებელი უნდა იყოს - პუტინის გამარჯვება აშშ-ის ძლიერებას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს“ (ავტორი - ლუკ მაგკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ ზეიმობს თავის ისტორიულ გამარჯვებას და, ბუნებრივია, პირველ რიგში, საშინაო საქმეებზე ფიქრობს, მაგრამ მან უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ რაც უფრო ყოყმანობს ან აჭიანურებს უკრაინის საკითხის გადაწყვეტას, მით უფრო მეტ სტრატეგიულ უპირატესობას აძლევს რუსეთს - აშშ-ის უკომპრომისო მოწინააღმდეგეს.

იდეალურ ვარიანტში დონალდ ტრამპის გეგმამ არ უნდა დაუშვას რუსეთისადმი იმ ტერიტორიების გადაცემა, რომელიც კრემლმა საომარი მოქმედებების დროს დაიპყრო. დონალდ ტრამპი არ უნდა დაეყრდნოს ვლადიმერ პუტინის ცარიელ დაპირებებს, რომელიც მას არა ერთხელ მიუცია და, ასევე, არა ერთხელ დაურღვევია.

უკრაინის საკითხში სიტუაციის გარკვევა აშკარად აუცილებელია. ნატოს წყაროები და უსაფრთხოების დასავლური სამსახურები ერთხმად ადასტურებენ, რომ უკრაინა ომს ნელა, მაგრამ განუხრელად აგებს და ამ მხრივ ეს ზამთარი გადამწყვეტი იქნება. დონალდ ტრამპის გამარჯვებამ სავარაუდო წაგების შეგრძნება კიდევ უფრო გააძლიერა - განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკელ ლიდერს ბევრჯერ გამოუხატავს თავისი საკმაოდ ცივი დამოკიდებულება უკრაინისა და მისი ხელისუფლების მიმართ, თუნდაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს.

გავიხსენოთ, რომ დონალდ ტრამპი იმასაც აცხადებდა, უკრაინამ რუსეთს ტერიტორია უნდა დაუთმოს და ახლანდელ მდგომარეობას ცუდი ხელშეკრულების არსებობაც კი ემჯობინებოდაო. მან ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე, დაადანაშაულა მის მიმართ გამოთქმულ არაკორექტულ განცხადებებში - „აი, ხედავთ, როგორ ცილისწამებლურ განცხადებებს აკეთებს უკრაინის პრეზიდენტი თქვენი საყვარელი პრეზიდენტის მიმართ ანუ ჩემს მიმართო“, - მიმართა დონალდ ტრამპმა თავის მხარდამჭერებს.

უკრაინაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სიტუაცია უსერიოზულესია: „რუსეთმა ქვეყნის ენერგოსისტემა მნიშვნელოვნად გაანადგურა, ამიტომ მილიონობით უკრაინელი ზამთარში სითბოს, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩება“, - განაცხადა ალექსანდრა მატვიჩუკმა, უკრაინელმა იურისტმა და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა, - "აუცილებელია, რომ აშშ-მა უკრაინას საკმარისი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სიტემები გადასცეს, რათა ცა უსაფრთხო გახდეს და მშვიდობიანი ქალაქები და მშვიდობიანი მცხოვრებლების სიცოცხლე გადარჩეს“.

„იქმნება ისეთი შეგრძნება, რომ რუსეთი სპეციალურად ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რომ უკრაინა დააჩოქოს“, - ამბობს Foreign Policy-სთან საუბარში მაიკლ ბოციურკივი, ალანტიკური საბჭოს მეცნიერი-თანამშრომელი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება. იგი თვლის, რომ რუსეთმა ისარგებლა იმ პოლიტიკური ვაკუუმითა და გაურკვევლობით, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამო წარმოიქმნა - შენარჩუნდება თუ არა ამერიკის დახმარება უკრაინის მიმართ, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ?! „ძალიან სამწუხაროა ვაშინგტონისა და სხვათა უნიათობის დანახვა. ავტოკრატები სიტუაციით სარგებლობენ. ვლადიმერ პუტინი ნიადაგს ამოწმებს და რბილ ადგილებს ეძებს. კრემლი დასავლეთის უმოქმედობით სარგებლობს მანამ, სანამ უკრაინას შორი რადიუსის რაკეტები არ ექნება“, - ხაზს უსვამს მაიკლ ბოციურკივი.

ბევრმა დასავლელმა მოკავშირემ, აშშ-ის ჩათვლით, უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე ფარული თუ ღია შეზღუდვა შემოიღო. ზოგიერთები ამას რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული საყოველთაო დაღლილობითა და აპათიით ხსნიან, ასევე - თავშეკავებითაც, რომ ომის ესკალაცია არ მოხდეს. ექსპერტთა შორის არის ისეთი მოსაზრებაც, რომლის თანახმად, ვლადიმერ პუტინისათვის გამარჯვება ახლოვდება და ამიტომ იგი სულ უფრო გათავხედდება. თუ კრემლი უკრაინის ტერიტორიებს მიიღებს, მოსკოვი კიდევ უფრო მიუახლოვდება ნატოს საზღვრებს და ამით მეტ უპირატესობას მიაღწევს, ამიტომ მსგავსი ხელშეკრულება არ უნდა გაფორმდეს.

„თუ ცეცხლი შეწყდება და რუსეთი დაპყრობილ ტერიტორიებს შეინარჩუნებს, ამით მოსკოვის პოზიციები განმტკიცდება“, - ამბობს რუთ დეიერმონდი, ლონდონის სამეფო კოლეჯის სამხედრო კვლევების კათედრის პროფესორი, - "თუ უკრაინაში საომარი მოქმედებები კრემლის სასარგებლოდ შეწყდება, მაშინ რუსეთს უჩნდება შესაძლებლობა, გააძლიეროს თავისი სამხედრო ყოფნა ბელარუსში და ნატოს ბალტიისპირელ წევრებს დაემუქროს. გარდა ამისა, გათამამებული რუსეთი შეიძლება ევროპის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას დაემუქროს და ნატოს წევრების საშინაო საქმეებში ჩაერიოს, თვით აშშ-ის საქმეებშიც კი“.

გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყოველი ტერიტორია, რომელსაც ვლადიმერ პუტინი „ისტორიულ რუსეთად“ თვლის, საფრთხის ქვეშ იმყოფება. „რუსეთის სავარაუდო აგრესიას მრავალი სამიზნე აქვს: ფინეთი, პოლონეთი, ბალტიისპირა ქვეყნები, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, შუა აზია და ალასკა, რომელიც 1867 წლამდე, ვიდრე აშშ იყიდდა, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა“, - წერს პიტერ დიკინსონი სტატიაში, რომელიც მან ჯერ რამდენიმე თვის წინათ ატლანტიკური საბჭოსთვის დაწერა.

ძნელი არ არის იმის გაგება, თუ რატომ აშფოთებს რუსეთის სავარაუდო გამარჯვება - სრული თუ ნაწილობრივი - ევროპას. დონალდ ტრამპს ვინმემ უნდა შეაგნებინოს, რომ ეს აშშ-ისთვისაც მნიშვნელოვანია. დიახ, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მთელი ოკეანეა გადაშლილი და ისინი ერთმანეთისაგან ათასობით კილომეტრით არიან დაშორებულნი, მაგრამ ბუნებრივი საზღვრები დიდი ხანია, უკვე თანამედროვე ომისათვის ბარიერებად აღარ ითვლებიან.

ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს, მეტი მხარდაჭერა და დახმარება მიიღოს რუსეთის გასანადგურებლად და ეს სრულიად გონივრული მცდელობაა. ასევე, სწორია ის ფაქტიც, რომ ვაშინგტონმა უკვე დიდი თანხა და პოლიტიკური კაპიტალი დახარჯა მის გამო „შორეული ომისათვის“. ამიტომაც ამერიკისათვის, თუ ომი უკრაინის თუნდაც ნაწილობრივი დამარცხებით დასრულდება, ეს იქნება მარცხი აშშ-ისთვისაც - რეპუტაციული და იმიჯური ზიანი“, - ამბობს რუთ დეიერმონდი, - „უკრაინის მარცხს დანარჩენი მსოფლიოსათვის ისეთი სახე ექნება, თითქოსდა, ეს ომი ამერიკამ წააგო რუსეთისა და მისი მოკავშირეების (ირანის, ჩრდილოეთ კორეის) სასარგებლოდ. დახმარების ნებისმიერი სახით შემცირებაც, ასევე, ისეთნაირად იქნება გაგებული, რომ, თითქოსდა, რუსეთმა აიძულა ამერიკა უკან დახევაზე. აშშ-ის ავტორიტეტი აშკარად შეირყევა. ვლადიმერ პუტინი დიდი ხანია, ლაპარაკობს დასავლეთის სისუსტეზე და ამაში, უპირველეს ყოვლისა, აშშ იგულისხმება“.

შესაძლოა, ასეთი მდგომარეობა ატლანტის ოკეანის ევროპულ ნაპირზე ზოგიერთებმა ვერ გააცნობიერონ, მაგრამ ამერიკის გლობალური ინტერესებისათვის მას რეალური შედეგები ექნება. „ეს იქნება სიგნალი სხვა მოწინააღმდეგეებისთვისაც - შეიძლება თავხედურად იმოქმედო და დაუსჯელი დარჩე“, - მსჯელობს მაიკლ ბოციურკივი, ატლანტიური საბჭოდან.

ზუსტად არავინ იცის, დონალდ ტრამპი ყურადღებას აქცევდა თუ არა ბოლო დროს უკრაინის მდგომარეობას თუ ის მხოლოდ რუსეთზე და ვლადიმერ პუტინზე ფიქრობს?! დასაფიქრებელია მისი შეფასებები რუსეთის პრეზიდენტის მიმართ, რომელსაც, ყველას გასაგონად, „გენიოსი“ უწოდა იმ დროს, როცა ომი დაწყებული იყო. გავიხსენოთ დონალდ ტრამპის სულ ახლახან ნათქვამი, როცა ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა ნიუ-იორკში, - ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობები მაქვსო, და დაამატა - „ვფიქრობ, თუ ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ, ამ კონფლიქტს ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ“.

გაურკვეველია, ითვალისწინებს თუ არა დონალ ტრამპი იმას, თუ რამდენად მძიმეა უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა და რამდენად სერიოზული იქნება მისი შედეგები აშშ-ისა და ნატოელი მოკავშირეებისათვის? გაუგებარია, იცლის თუ არა იგი ამაზე დასაფიქრებლად... მით უმეტეს, რომ დონალდ ტრამპი და მისი გარემოცვა ძალიან დიდ პატივს სცემს უნგრეთის პრემიერს ვიქტორ ორბანს, რომელიც მისაბაძად ითვლება ყოველი პატრიარქალური ეროვნული (ნაციონალისტური) სახელმწიფოსათვის.

და ბოლოს, თვითონ დონალდ ტრამპის პოზიციებიც საკმაოდ ცვალებადი და ბუნდოვანია. შესაძლოა, იგი ფლობს რაღაც ისეთ ინფორმაციას, რაც სხვებს არ აქვთ. თუ იმას დავუშვებთ, რომ ტრამპი ხმამაღლა მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობს, რომ რაღაც მოსაჩვენებელი და საცდელი ნაბიჯი გადადგას, მაშინ იგი თავისი გარემოცვიდან ვიღაცამ გვერდზე უნდა გაიყვანოს და უბრალო ჭეშმარიტება ჩააგონოს: ამერიკას უკრაინის გამარჯვება სჭირდება.

წყარო