ოპოზიციის საბედისწერო შეცდომა?! - "გახარია და ხაზარაძე რომ არ გაერთიანდნენ, ამან გამოიწვია ის, რომ შუაშისტური ნაწილი არ წავიდა არჩევნებზე, ან "ოცნებისკენ" წავიდა"
გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 4 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა. ექსპერტი არჩევნების შემდეგ შექმნილ სიტუაციაზე და ოპოზიციის ბრძოლის მეთოდებზე საუბრობს.
- ზოგი ამ ბრძოლაში ხედავს ლიდერის გამოკვეთის აუცილებლობას, რომელიც დაამტკიცებს, რომ ძალუძს ცვლილებების მოტანა.
- ლიდერს რა სჯობია, მაგრამ აბა, სად არის? თავის დროზე განსაკუთრებით შუაშისტურმა ოპოზიციამ დაუშვა შეცდომები. გახარია და "ლელო" რომ არ გაერთიანდნენ, ამან გამოიწვია ის, რომ შუაშისტური ნაწილი ან არ წავიდა არჩევნებზე, ან "ოცნებისკენ" წავიდა. ძალიან მარტივია მიღებული ხმების რაოდენობის განსაზღვრა - "ნაცმოძრაობის" ხმები, ფაქტობრივად, არ დაკარგულა, მიუხედავად იმისა, რომ ორად გაიყო. შუაშისტური ხმები პრეტენზიული ამომრჩევლის იყო და რომ არ გაერთიანდნენ, შეცდომაა. არც სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო სწორი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, პრემიერობის კანდიდატს დავასახელებო. შეთანხმებული თუ არ იყო, მაშინ არ უნდა შეხებოდა ამ თემას, და თუ შეეხო, მაშინ უნდა დაესახელებინა... აქციებზე შუაშისტური ამომრჩეველი თუ არ მივიდა, ჩათვალეთ, რომ აქციები იქნება მილევადი. "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი, ერთიანი თუ გაყოფილი, აქტიური ამომრჩეველია და მივა. მთავარი პრობლემა ის არის, ოპოზიციამ როგორ მოიყვანოს შუაშისტური ამომრჩეველი აქციებზე. მან უნდა დაუმტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბდა.
- საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნაც დგას ოპოზიციის დღის წესრიგში. თუ ოპოზიციამ ამას მიაღწია და საერთაშორისო გამოძიება დაადგენს, რომ არჩევნები გაყალბდა, ავტომატურად ინიშნება ხელახალი არჩევნები, არა?
- ხელახალი არჩევნების მხოლოდ დანიშვნა საკმარისი არ არის. როცა დოკუმენტი მომზადდება, თუ რა ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა ის ხვრელი უნდა იყოს ამოვსებული, საიდანაც მოხდა გაყალბება - ცესკოს შემადგენლობის გადახედვით დაწყებული, იმით დამთავრებული, ვისით და როგორ კომპლექტდება კომისიები. ახლახან ითქვა, რომ საუბნო კომისიებში ძირითადად "ქართული ოცნების" ოჯახებისა და პარტიის წევრები იყვნენ. ამაზე უნდა იყოს აქცენტი, რათა მომავალში ეს აღარ დაუშვან. პირდაპირ კანონით უნდა იკრძალებოდეს, რომ პარტიის აქტივისტი არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი.
საერთაშორისო გამოძიებას ოპოზიცია კი ითხოვს, მაგრამ ხელისუფლება არ დათანხმდება. ოპოზიციამ შეიძლება სარჩელი მოამზადოს და იმ შექმნილი დოკუმენტის საფუძველზე გაასაჩივროს საერთაშორისო სასამართლოებში. როცა საქართველოში ამოიწურება სარჩელები, შემდეგ საერთაშორისო სასამართლოს უნდა მიმართოს.
პრეცედენტი იმისა, რომ არჩევნები საქართველოში ბათილად იქნა ცნობილი, 2003 წელს იყო და მართალია, ნაწილობრივ (მაშინ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ - პროპორციული ნაწილი გააუქმა და მაჟორიტარები დატოვა, თითქოს სხვადასხვა არჩევნები ყოფილიყოს), მაგრამ შედეგები გაუქმდა. აი, ამით უნდა იმუშაონ.
ხელისუფლებისთვის წნეხია საპროტესტო აქციები, საგარეო არაღიარება, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა, სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელება. ყოველივე ეს პარალელურ რეჟიმში უნდა კეთდებოდეს.
- ხელისუფლება არც ამომრჩეველთა სიების გასაჯაროებას თანხმდება. ეს რაზე მიანიშნებს?
- ყველაფერი ის თუ მომზადდა, რაზეც ოპოზიცია მუშაობს, დიდია ალბათობა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია არ მისცენ, მაგრამ ამის შემდეგ რა მოხდება? ბელარუსსა და საქართველოს შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ მინდა, მაგრამ ბელარუსში ძალიან დიდი პროტესტიც იყო, მიტინგებიც, მაგრამ ლუკაშენკომ არაფერი აღიარა და ვნახეთ, რითაც დასრულდა. კი ბატონო, იქნება ზეწოლა, მაგრამ ხელისუფლება დათმობაზე თუ არ წავა, იქნება სანქციები. უბრალოდ, პროტესტი არ უნდა შეწყდეს და როცა ჩვენი საზოგადოება და შუაშისტური ნაწილი დაინახავენ, რა შედეგები მოჰყვება ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებას, ალბათ, შედეგის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას. თუ ხელისუფლებამ შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება და პოლიტიკა დატოვა ისეთივე, როგორიც ბოლო პერიოდში იყო, მაშინ ამას მოჰყვება სანქციები და ბევრი ცუდი რამ, მაგრამ ჩვენ არა ვართ ბელარუსი...