ომში კიმ ჩენ ინის ჯარისკაცებიც ჩაერთვნენ, პუტინის ჯარი უკრაინელებს 6 მიმართულებით უტევს - რა ხდება უკრაინის ფრონტზე
ამ დღეებში, რუსეთ-უკრაინის ომში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - კიმ ჩენ ინის მიერ პუტინის საოკუპაციო არმიის დასახმარებლად ჩრდილოეთ კორეადან რუსეთში გაგზავნილი ჩრდილოეთკორეელი სამხედროები პირველად ჩაებნენ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის არმიის წინააღმდეგ...
ეს პირველი საბრძოლო შეტაკებები მოხდა არა უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯასთან, რომელიც უკრაინულ საექსპედიციო კორპუსს მესამე თვეა დაპყრობილი აქვს.
კურსკის ოლქში რუსეთის არმიის 45 ათასიანი კონტინგენტის დასახმარებლად საერთო ჯამში 10-12 ათასი ჩრდილოეთკორეელი შეიძლება იყოს გადასროლილი, რომელთა მთავარ დავალებას წარმოადგენს 25-30 ათასიანი უკრაინული საექსპედიციო კორპუსის გაძევება კურსკის ოლქიდან.
რაც შეეხება უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს, მთელი 1 200 კმ სიგრძის ფრონტის აღმოსავლეთ მონაკვეთზე სრულ საბრძოლო ინიციატივას კვლავ რუსეთის საოკუპაციო ძალები ფლობენ, რომლებიც აგრძელებენ შეტევებს აღმოსავლეთიდან დასავლეთით არანაკლებ ექვს შემდეგ მიმართულებაზე: კუპიანსკთან, ჩასოვ იართან, ტორეცკთან, პოკროვსკთან, კურახოვოსთან და ნოვო დარივკასთან.
უკრაინის გენშტაბი ვერანირად ვერ ახერხებს რუსი ოკუპანტების ფართო ფრონტით წარმოებული მუდმივი შეტევების შეჩერებას ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე კონკრეტულ მიმართულებაზე მაინც, რადგან პირველ რიგში არ ყოფნის ცოცხალი ძალა აღმოსავლეთ ფრონტზე მისაშველებლად...
ამის მიზეზი კი ისიცაა, რომ ჩრდილოეთით, კურსკის ფრონტზე თითქმის სამ ათეულ ათასამდე უკრაინელი იბრძვის,რომლებიც უფრო გამოდგებოდნენ საკუთარი ტერიტორიის გასამაგრებლად აღმოსავლეთ ფრონტზე, მაგრამ ოფიციალურ კიევს ეტყობა უფრო პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს, ვიდრე წმინდა სამხედრო აუცილებლობა-ოკუპანტი რუსეთის მცირე ტერიტორიის თავის მხრივ ოკუპირებას პრეზიდენტ ზელენსკი ალბათ პოლიტიკურად უფრო მომგებიანად თვლის...
აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინის არმიის უკან დახევის ერთ-ერთი მიზეზად ისიც მიიჩნევა, რომ თავდაცვაში თვეობით მდგარი ბრიგადების როტაცია არ ხდება, ხოლო დამხმარე ძალად ისეთ სხვა ქვედანაყოფებს უგზავნიან, რომლებთან საბრძოლო ურთიერთშერწყმის აღარც საშუალებაა და აღარც ამის დრო რჩება, ამის პარალელურად კი ახალ-ახალი ბრიგადები ყალიბდება, რომელთა დასკომპლქტებლად და გასაწვრთნელად ბევრად მეტი რესურსის მოძიებაა საჭირო, რისი დროც უკრაინის არმიას აღარ აქვს...
პირდაპირ რომ ითქვას, უკრაინის დამცველებს ახლა სულზე მიუსწრებდა ფრონტის ხაზზე ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა, დასვენებისა და ძალების აღსადგენად, მაგრამ ეს ბუნებრივია რუსეთის გენშტაბშიც იციან და პუტინს არ სურს მისმა საოკუპაციო არმიამ დაკარგოს ასე რთულად მოპოვებული საბრძოლო ინიციატივა-ამიტომაც კრემლი ძნელად წავა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე, რადგან სურს ახალ წლამდე, სანამ ზამთარი დროებით ისედაც შეანელებს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს,დამატებით რაც შეიძლება მეტი უკრაინული სოფელი და ქალაქი დაიპყროს მისმა არმიამ...
სწორედ ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა,თუ რა საბედისწერო სტრატეგიული შეცდომა დაუშვა დასავლეთმა,რომელმაც მხარი არ აუბა და შეაჩერა უკრაინის არმიის 2022 წლის სექტემბერს წამოწყებული ყველაზე წარმატებული კონტრშეტევა ხარკოვიდან აღმოსავლეთი მიმართულებით,ასევე ხერსონიდან რუსი ოკუნტების გამოყრის სახით, როდესაც ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკურ ლიდერებს შეეშინდათ პუტინის „ბირთვული შანტაჟის“ და უკრაინას არმიას დროებით სპეციალურად შეუჩერეს სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდება,რომ უკრაინელები ლუგანსაკამდე არ ჩასულიყვნენ,ვაითუ პუტინმა მართლაც გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული ბომბებიო...
ამით კი კრემლმა დიდი დრო მოიგო, გადააჯგუფა და გადაიარაღა ჯარები, განახორციელა ფართომასშტაბიანი მობილიზაცია, მოელაპარაკა ირანსა და ჩრდილოეთ კორეას სამხედრო დახმარების მიღებაზე და მრეწველობა სამხედრო ლიანდაგებზე გადაიყვანა...
დასავლეთმა თავის ფრთხილი პოლიტიკით, ასევე სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური შეცდომებით, უკრაინა ურთულეს მდგომარეობამდე მიიყვანა, რადგან ამ ფართომსშტაბიანი ომის კიდევ დროში გახანგრძლივება სასიკვდილოდ მოჩანდა რუსეთზე ყველამხრივ სუსტი უკრინისთვის, ამას ბავშვიც კი მიხვდებოდა,მაგრამ ყველაფერი პირიქით გაკეთდა, იქნებ იმიტომ, რომ დასავლეთის რიგ გავლენიან პოლიტიკურ წრეებში სურდათ და სურთ, რომ რუსეთი რაც შეიძლება დიდხანს იყოს დიდ ომში ჩართული, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს პატარა საქართველოსთან მიმართებაში ეს ვერ გამოვიდა და ხუთი დღეც კი არ გაგრძელდა საბრძოლო მოქმედებები, სამაგიეროდ უკრაინასთან რუსეთის ომი მალე ათასს დღეს გადააბიჯებს...