"ხელისუფლებას იმედი აქვს, ვიღაცას შეიტყუებენ პარლამენტში" - რას აცხადებს გია ხუხაშვილი?
ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ვიღაც დაიღლება, ოპოზიციაში ვიღაცას ხელფასი უნდა, ვიღაცას შეიტყუებენ იმ პარლამენტში. ის ეცდება, რომ ჭაობის სიტუაციაში შეიყვანოს ეს ყველაფერი, ვიღაცებს ხელი ჩააქნევინოს და ამით ეცდება, მოიპოვოს ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ხუხაშვილის განცხადებით, ევროკავშირისგან ლეგიტიმაციის სანაცვლოდ, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონიც დათმოს.
„როდესაც პრეცედენტი შეიქმნა სასამართლოში ამ ფარულობასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას შეეშინდა, რომ სხვა სასამართლოებშიც იგივე არ მომხდარიყო, ადგა და გააერთიანა ეს საქმეები იმისთვის, რომ ქვედა დონის სასამართლოებში სადმე კიდევ ჯაჭვური სახე არ მისცემოდა ამას და ამიტომ, სააპელაციოში დასვა პოლიტიკურად ანგაჟირებული მოსამართლეები. ჩვენ გვრიტიშვილს საკუთარი პოლიტიკური განცხადებებით ძალიან კარგად ვიცნობთ და მას ძალიან კარგად შეუძლია, თეთრზე შავი იძახოს და პირიქით.
პროკურატურის ხელით დახურა „ქართულმა ოცნებამ” ეს საქმე, როდესაც პროკურატურას აღაძვრევინა საქმე და პროკურატურამ ცესკოს მოსთხოვა, რომ ეს ბაზები არავისთვის ეჩვენებინა იმიტომ, რომ “გამოძიების ინტერესებშია,” მარტო მას ჰქონდეს ეს ბაზები. ფაქტობრივად, დარტყმა ააცილა ცესკოს და 2030 წლამდე ეს ბაზები ჩაკეტა. როდესაც ხელისუფლება ასეთი ტიპის ქმედებებზე მიდის, ვის შეიძლება ამის შემდეგ ჰქონდეს ილუზია, რომ ეს ხელისუფლება ვიღაც მესამე მხარეს (საერთაშორისო გამოძიებას) გადასცემს ამ ყველაფერს იმისთვის, რომ დადასტურდეს მის მიერ ჩადენილი დანაშაული და დასაჭერად გაუხდეს საქმე.
ხელისუფლებას ამასობაში იმედი აქვს, რომ ვიღაც დაიღლება, ოპოზიციაში ვიღაცას ხელფასი უნდა, ვიღაცას შეიტყუებენ იმ პარლამენტში. სამწუხაროდ, ნეგატიური გამოცდილება გვაქვს ამ მხრივ. ყველაფერი ცალკეული დეპუტატებით დაიწყება. შეიძლება, ვიღაც მაგრად იდგეს ბოლომდე ლიდერებიდან, მაგრამ როდესაც დრო მიდის, სკეპტიციზმის იზრდება, გარკვეულწილად, ხალხშიც შეიძლება განელდეს ეს ყველაფერი და ნიჰილიზმი წამოვიდეს წინა პლანზე. ხელისუფლება ახლა ეცდება, რომ ჭაობის სიტუაციაში შეიყვანოს ეს ყველაფერი, ვიღაცებს ხელი ჩააქნევინოს და ამით ეცდება, რომ მოიპოვოს ლეგიტიმაცია.
ახლა ირაკლი კობახიძე რატომ იყო ჩასული ევროპაში? - იმიტომ, რომ ცუდი სურათი დაიდო მისთვის. ძალიან კარგად გამოჩნდა მისდამი დამოკიდებულება, ძალიან ოდიოზური ფიგურების გარდა, ფაქტობრივად, არავინ შეხვედრია. ის შეხვდა ისეთ ლიდერებს, რომლებიც, მინიმუმ, ლოიალურები არიან რუსეთის მიმართ, ისინი არ განსაზღვრავენ ევროპულ პოლიტიკას. ეს ადამიანები ევროპის მარგინალებად ითვლებიან, ერთგვარ „ტროას ცხენებად“. ერთი შარლ მიშელი შეხვდა და მისი მძიმე განცხადებები ვნახეთ.
ბიძინას მშვენივრად ესმოდა, რომ შეხვედრებით ვერაფერს დაალაგებდა, მაგრამ კობახიძე იქ გაუშვა ერთადერთი მისიით, რომ ევროპამდე ჩაეტანა ასეთი განწყობა - ოპოზიცია არის უვარგისი, ის მაინც ვერაფერს იზამს, ცოტა ხანში შეცუნცულდებიან პარლამენტში, ამათი იმედი თქვენ არ გქონდეთ, არაფერს იზამენ, პარლამენტშიც შემოვლენ და ლეგიტიმაციასაც მისცემენ ამ ყველაფერს და ვერც ხალხის მობილიზებას მოახერხებენ. კი ბატონო, შეიძლება მიგაჩნიათ, რომ ცუდი ბიჭი ვარ, მაგრამ სხვა არავინ არის, ვისაც უნდა ელაპარაკოთ, ამიტომ კეთილი ინებეთ და ისევ მე მელაპარაკეთო. რამე გინდათ, რომ გადმოგიგდოთ? კი ბატონო, გადმოგიგდებთ “რუსულ კანონსო”. საკონსტიტუციო სასამართლომ, მართალია, ეს დროებითი ღონისძიებები არ დააკმაყოფილა, მაგრამ საკითხი არსებით განხილვაში მიიღეს. ახლა ელოდებიან ბიძინას ზარს, რომ მან უთხრას, ან უარყოფითი დასკვნა გამოიტანონ ან დადებითი. ეს კანონი ბიძინას სავაჭრო თემაა”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ექსპერტის თქმით, ქვეყნის შიგნით არ უნდა შეწყდეს საპროტესტო ფონი, ამასობაში კი ევროკავშირმა სანქციებზე უნდა დაიწყოს მუშაობა. როგორც ხუხაშვილმა განმარტა, ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს სინქრონულად უნდა დაემთხვეს, რადგან, სხვა შემთხვევაში, ცალ-ცალკე მოქმედებებს აზრი არ ექნება.
„გარდამავალი ვითარებაა შეერთებულ შტატებშიც - ძველი პრეზიდენტი აღარ არის და ახალი პრეზიდენტი ჯერ არ შესულა უფლებამოსილებაში, შესაბამისად, ამ ე.წ. რუხ პერიოდში სერიოზული გადაწყვეტილებები რომ იქნას მიღებული, პრობლემურია საკმაოდ. ამერიკის გარეშე ევროპა რომ მოქმედებას არ დაიწყებს, ესეც ცხადია. ჩვენ გვაქვს ახლა საკმაოდ რთული ერთი თვე, განსაკუთრებით ოპოზიციისთვის. ერთია, რომ ისინი მტკიცებულებებს აგროვებენ და მეორეა ის, რომ არ უნდა დაანერგვინონ ხელისუფლებას ხალხში სკეპტიციზმი. ამისათვის მათ უნდა იმოქმედონ ქუჩაში. ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სინქრონიზაცია მოხდება დასავლეთის მოქმედებების, არა მხოლოდ განცხადებებისა და კრიტიკის, არამედ მოქმედებების დაწყება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, პიკებზე სერიოზული პრობლემების. რა არის პიკი - ერთია, როდესაც ყოველდღიურად მანიფესტაციები იმართება და ეს, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ ამ ყველაფერს პიკები ექნება. ყველაზე სერიოზული პიკი იქნება, როდესაც ესენი შეეცდებიან პარლამენტის შეკრებასა და სესიების ჩატარებას.
ქუჩა აუცილებელია, ის ევროპელებსაც ეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში. თუ ევროპა დარწმუნდება, რომ საარჩევნო დარღვევები ატარებდა სისტემურ ხასიათს და არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგი, ერთია ეს და მეორეა, ქვეყნის შიგნით რა მოცემულობაა. სინქრონიზაცია უნდა მოხდეს ერთის მხრივ, სერიოზული, მასშტაბური, წინააღმდეგობრივი მოძრაობის და ევროპის სასანქციო პოლიტიკის. არც მარტო აქციები მოგვცემს შედეგს და არც მარტო ევროპის მოქმედება”, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"