ტრამპლინის ეფექტი ანუ საით „გადახტება“ მსოფლიო?!
დონალდ ტრამპი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია. მან დემოკრატიული პარტიის კანდიდატ კამალა ჰარისს დიდი უპირატესობით მოუგო, გაიმარჯვა ისეთ შტატებშიც კი, სადაც ტრადიციულად დემოკრატები იგებენ ხოლმე. ტრამპმა 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებამდე გაუძლო განხეთქილებას რესპუბლიკურ პარტიაში, მისი პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს წამოჭრილ სამართლებრივ პრობლემებსა და მკვლელობის მცდელობას. 78 წლის ასაკში ის ყველაზე ხანდაზმული კანდიდატია, ვისაც ოდესმე გაუმარჯვია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. წინა რეკორდი მის წინამორბედს, ჯო ბაიდენს ეკუთვნის, რომელმაც ოთხი წლის წინ, 77 წლის ასაკში დაამარცხა ტრამპი. 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ, ტრამპს ასევე შეეძლება თქვას, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე და 47-ე პრეზიდენტია. ამერიკის ისტორიაში აქამდე მხოლოდ ერთი პრეზიდენტი, გროვერ კლივლენდი აირჩიეს ორჯერ, არა ზედიზედ. ეს 130-ზე მეტი წლის წინ მოხდა. ტრამპი უკვე გახდა პირველი პრეზიდენტი, რომლის იმპიჩმენტიც ორჯერ განხორციელდა. ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ნასამართლევია სისხლის სამართლის დანაშაულისთვის. არაერთი ექსპერტის თქმით, დონალდ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში, სავარაუდოდ, აშშ-ის საგარეო პოლიტიკას შეცვლის და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ომისა და გაურკვევლობის ფონზე, პოტენციურად მრავალ ფრონტზე შეუწყობს ხელს რადიკალურ ცვლილებებს. კამპანიის დროს ტრამპმა ბევრი პოლიტიკური დაპირება გასცა, თუმცა დიდწილად დეტალების დაკონკრეტების გარეშე. რა ფაქტორებმა განაპირობა დონალდ ტრამპის ასეთი დიდი უპირატესობით გამარჯვება? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ საერთაშორისო საკითხთა ანალიტიკოს გიორგი გობრონიძესთან:
- ტრამპის გამარჯვებისთვის არაერთმა ფაქტორმა იმუშავა. დავიწყოთ იმით, რომ დემოკრატების წინასაარჩევნო კამპანია უკიდურესად ცუდად იყო დაგეგმილი, მეტად არასწორად ჰყავდათ შერჩეული სამიზნე აუდიტორიაც. მათი მთავარი ტაქტიკური და ნაწილობრივ სტრატეგიული შეცდომაც ის იყო, რომ თავდაპირველად მთავარ საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინეს ჯო ბაიდენი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა აშკარად ისე იყო გაუარესებული, ყველასთვის ცხადი იყო, რომ ის სათანადოდ ვეღარ მართავდა ქვეყანას. გვახსოვს, პირველ დებატში ტრამპმა როგორ გაანადგურა ბაიდენი. ამის შემდეგ ავანსცენაზე კამალა ჰარისი გამოვიდა, რაც უკვე ძალიან დაგვიანებული იყო. ბაიდენმა ძალიან დააგვიანა გადადგომა, თანაც ჰარისის შერჩევაც კანდიდატად ვერ იყო მთლად სწორი ნაბიჯი, რადგან ბაიდენის მართვით უკმაყოფილო არიან ამერიკელები და კამალა ჰარისიც არანაკლებ პასუხისმგებელი იყო ამაზე.
გარდა ამისა, დემოკრატების ჯგუფმა შეცდომა დაუშვა მთავარი წინასაარჩევნო გზავნილების არჩევისასაც. მათ, ასე ვთქვათ, "გამოფხიზლებულ ლიბერალიზმზე" გააკეთეს აქცენტი, რომელიც აშშ-ის ტრადიციულად განწყობილი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გამაღიზიანებელი და მიუღებელია. საქართველოსთვის ასეთი ტიპის დისკუსიები და დებატები არარელევანტურია, მაგრამ აქაც კი მოახდინა ზეგავლენა წინასაარჩევნო პროცესებზე ისეთმა გზავნილებმა, რომლებიც შეეხებოდა ერთსქესიანთა ქორწინებასა და მსგავს თემებს. ბერნი სანდერსმა ძალიან სწორად თქვა, ჩვენ მივატოვეთ ამერიკელების მშრომელი კლასი, მათაც მიგვატოვეს ჩვენ და მართლებიც არიანო. ამაზე უკეთესად ვერ ავხსნით იმას, რაც ამერიკელ დემოკრატებს დაემართათ.
რიგითი ამერიკელების ძირითადი საჭიროებები მათ რატომღაც დაივიწყეს. დემოკრატების საარჩევნო კამპანია თავისი უხარისხობის ნაზავით ძალიან წააგავდა ქართული პოლიტიკური ჯგუფებისთვის დამახასიათებელ საარჩევნო კამპანიებს.
ეს ყველა შეცდომა კარგად გამოიყენეს რესპუბლიკელებმა, მათ შორის განგრძობითი ომით დაღლა. მოდი, შევთანხმდეთ - ერთია უკრაინის ომი ჩვენი, საქართველოში მცხოვრები ადამიანების აღქმით და მეორე - ოკეანის გაღმიდან აღქმული ომი. იქ არ არის ეს კონფლიქტი ისეთი მტკივნეული, როგორიც ჩვენთვის. ამერიკის ტერიტორიები არა აქვთ ოკუპირებული რუსებს. ამიტომაც ამერიკელ პოლიტიკოსებს უწევთ აუხსნან რიგით ამერიკელებს, რატომ უნდა იხარჯებოდეს ამ ომში მათი ფული. როდესაც ტრამპი ამბობდა, მე შევაჩერებ გლობალურ ომებსო, ამით უგზავნიდა მესიჯს ამერიკელებს, მე თქვენი ფულის ხარჯვასაც შევაჩერებო. ამ გზავნილმაც იმუშავა.
მოკლედ, ბევრი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი და შედეგიც სავსებით მოსალოდნელი იყო. გარდა ამისა, ერთ ძველ, ბევრისთვის ნაკლებად საყვარელ მოსაზრებასაც ვიტყვი - აშშ-ისთვის ქალის პრეზიდენტად არჩევა ჯერ კიდევ რთული თემაა. მათ პრეზიდენტი ქალი ჯერ არ ჰყოლიათ და, როგორც წესი, ქალებს უჭირთ საზოგადოების ნდობის მოპოვება იმ ხარისხით, რაც საჭიროა მათი გაპრეზიდენტებისთვის.
აქვე აუცილებლად მიგრანტების თემასაც უნდა შევეხოთ, რაც ამერიკელების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანი იყო. ამაშიც ტრამპის პოზიცია საზოგადოების ინტერესების შესაბამისი იყო - მან თქვა, თუ მექსიკა არ შეცვლის საკუთარ მიდგომებს მიგრაციის საკითხში, ყველაფერზე, რაც შემოდის მექსიკიდან, ტარიფი 25%-ით გაიზრდებაო.
- თქვენ უკვე ახსენეთ გლობალური ომებისადმი ტრამპის დამოკიდებულება და ამ თვალსაზრისით მისი პოლიტიკა ყველაზე საინტერესო იქნება. დავიწყოთ უკრაინით, იმ განცხადებებითა და ნაბიჯებით, რაც უკვე ვნახეთ - ის არჩევნების მერე ერთ-ერთ პირველს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება?
- დღეს ამ საკითხზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, სულ ცოტა მანამ მაინც, ვიდრე საბოლოოდ არ გვეცოდინება, ვინ შევლენ ტრამპის ახალ კაბინეტში. სულ მცირე, უნდა ვიცოდეთ, ვინ იქნებიან უსაფრთხოების სფეროში ხელმძღვანელ პოსტებზე, ვინ იქნებიან თავდაცვისა და სახელმწიფო მდივნები. კანდიდატები, რომლებიც სახელდებიან ერთსა და იმავე პოსტზე, იმდენად განსხვავდებიან ხედვებით ერთმანეთისგან, რთულია რაიმეს თქმა. ითქვა, რომ მაიკ პომპეო, რომელიც ტრაპის წინა პრეზიდენტობისას სახელმწიფო მდივნის პოსტზე იყო, ახალ კაბინეტში შესაძლოა თავდაცვის მდივნად ვიხილოთ. მას ძალიან საინტერესო ხედვა აქვს რუსეთ-უკრაინის ომზე. დიდი ხანია ამბობს, რომ უკრაინას სჭირდება ლენდ-ლიზის მსგავსი პროგრამა, დაახლოებით 500 მილიარდის ღირებულებით. მისი თქმით, საჭიროა უკრაინას მიეცეს როგორც თავის დაცვის, ასევე საქმის გამარჯვებამდე მიყვანის საშუალებები. აქედან გამომდინარე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ტრამპის დაპირება ომის სწრაფად დასრულებაზე გულისხმობდეს, რუსეთთან პოლიტიკის ბევრად გამკაცრებას.
ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში რესპუბლიკელებს ექნებათ სრული კარტ-ბლანში - ისინი ასევე გააკონტროლებენ როგორც სენატს, ასევე კონგრესს და მათ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, თანაც ეს ძალაუფლება კიდევ უფრო მეტი სიფრთხილისკენაც უბიძგებთ, რადგან არასწორად გადადგმული ნაბიჯი ათმაგი კრიტიკის საბაბი იქნება. დემოკრატები შეეცდებიან რესპუბლიკელებს არაფერი "გაუტარონ".
- თუმცა აღსანიშნავია, რომ ტრამპს რესპუბლიკურ პარტიაშიც ძალიან ძლიერი ოპონენტები ჰყავს.
- დიახ, რესპუბლიკური პარტია არც "ნაციონალური მოძრაობაა" და არც "ქართული ოცნება", იქ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს და პარტიის ლიდერს სიტყვის შებრუნებასაც უბედავენ.
უკრაინაში მოვლენების განვითარების კიდევ ერთი ვარიანტი ის არის, რომ ტრამპი შეიძლება შეეცადოს კონფლიქტის გაყინვას და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე ამერიკული სამხედრო ყოფნის ან დაფიქსირებას, ან მთლიანად ევროპის კონტინენტზე ამერიკელთა ყოფნის გაძლიერებას. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა გადაწყვიტოს ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინასთან დაკავშირებული პრობლემები, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროპაში ამერიკელთა სამხედრო ყოფნა მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ამერიკას საკუთარი ინტერესების დაცვაში უკან არსად დაუხევია და არც დაიხევს. უბრალოდ, ლაპარაკია, ევროპაში ამერიკული სამხედრო ყოფნის გაძლიერების განსხვავებულ მეთოდებზე.
- კიდევ ერთი ცხელი წერტილი ახლო აღმოსავლეთია - ერთი მხრივ, ისრაელის კონფლიქტი "ჰამასთან", ღაზის სექტორში და მეორე მხრივ, ლიბანში, "ჰეზბოლასთან".
- ცოტა შორიდან დავიწყებ - ისრაელის კონტრტერორისტული ოპერაციას "ჰამასის" წინააღმდეგ შეუძლებელია საღად მოაზროვნე ადამიანმა მხარი არ დაუჭიროს, მაგრამ ისრაელს დაავიწყდა ერთი უმთავრესი მომენტი - "ჰამასი" ხელისუფლებაში მოვიდა 2005 წელს და ღაზის სექტორის მცხოვრებთა ნახევარზე მეტი დღეს არის 18 წელზე ნაკლების, ანუ, ფაქტობრივად, ღაზის სექტორში მცხოვრები ადამიანები ისეთივე მძევლები არიან "ჰამასის", როგორც ის გატაცებული ებრაელები. ისინი ცხოვრობენ საინფორმაციო ვაკუუმში, უკიდურეს სიღარიბეში და ხმის ამოღებას ვერ ბედავენ, რადგან ამისთვის პირდაპირ სიკვდილით დასჯიან. პალესტინელები "ჰამასისა" და ირანის ისლამური რეჟიმის მძევლები არიან, რაც ისრაელმა დაივიწყა და ისინი მტრებად გამოაცხადა. შესაბამისად, შტატებში ბევრმა სწორედ ეს დაინახა და პროტესტიც ამიტომ გაჩნდა. რაც შეეხება ტრამპის ქადილს, რომ შეუძლია გლობალური ომების დასრულება, მას ჯადოსნური ჯოხი არა აქვს ხელში, რომ აიქნიოს და ყველაფერი დასრულდეს. მეტიც, მე იმასაც ველოდები, რომ ტრამპმა შეიძლება ხელი შეუწყოს ისრაელის უფრო აგრესიულ მოქმედებებს ირანის წინააღმდეგ, თუ გავითვალისწინებთ მის პირვანდელ დამოკიდებულებას ირანისადმი და ასევე იმასაც, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება საჭიროებს რუსეთის პოზიციურ დასუსტებას, ეს კი ამ რუსულ-ჩინურ-ირანულ-ჩრდილოკორეული კოალიციიდან აქტორების გამოთიშვის გარეშე ვერ მიიღწევა. შესაბამისად, ვფიქრობ, ისრაელი უფრო დიდი საფრთხე გახდება ირანისთვის. ასევე უნდა ველოდოთ, რომ ირანის მიმართ შტატების დამოკიდებულება კიდევ უფრო გამკაცრდება. ასევე მოსალოდნელია, რომ თუ რუსეთის მხარდაჭერას ჩინეთი არ შეწყვეტს, ტრამპი, როგორც ამას აქამდეც აკეთებდა, კიდევ ერთხელ და უფრო მკაცრად გადახედავს ჩინეთთან სატარიფო პოლიტიკას. უნდა ველოდოთ იმასაც, რომ ტრამპი ბევრად გაამკაცრებს პოლიტიკას ჩრდილოეთ კორეასთანაც. ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ ტრამპი იზოლაციონისტი პრეზიდენტი უნდა იყოს, მაგრამ მისმა პირველმა საპრეზიდენტო ვადამაც გვაჩვენა, რომ ის იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს პირდაპირ მიაწოდა ლეტალური იარაღი - ჩვენს ქვეყანაში "ჯაველინების" პარტიის შემოსვლა სწორედ მისი ადმინისტრაციის დროს დაიწყო. ასევე ბევრს ავიწყდება, რომ ტრამპი არის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც სირიაში რუსეთის ბაზები დაბომბა და ა.შ.
- გადავიდეთ ჩვენთვის უფრო მეტად მნიშვნელოვან თემაზე, აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე, რომელიც ჩვენი ხელისუფლების გამო უკიდურესად გაუარესდა. "ქართულ ოცნებაში" ტრამპის გამარჯვება ძალიან გაუხარდათ, თუმცა რამდენად რელევანტურია ეს სიხარული?
- რაც შეეხება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას, საქართველოს ხელისუფლებამ დაიჭირა ერთი მომენტი, რომ ამერიკისთვის დღეს კავკასიაზე გაცილებით პრიორიტეტულია ევროპა და ახლო აღმოსავლეთი, სადაც ამჟამად ორი აქტიური კრიზისია. გარდა ამისა, ხელისუფლებამ დაინახა ისიც, რომ რუსეთზე ტრანზიტის შემცირების გამო საქართველოში ტვირთბრუნვა გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა მისი გეოპოლიტიკური წონაც და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ვაჭრობა და სცადა ძალაუფლების მაქსიმალური კონსოლიდაცია. აი, ეს მოხდა საქართველოში.
დარწმუნებით იმაზე ლაპარაკი, რომ არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა, რთულია, რადგან ოპოზიციის ძალიან ბევრ ხარვეზსაც ვხედავ საარჩევნო კამპანიაში. ოპოზიციამ იმის 30% გააკეთა რეალურად, რაც უნდა გაეკეთებინა.
მეორე საკითხია, რომ ხელისუფლებამ საარჩევნოდ ძალიან ბინძური თამაშის წესები შემოგვთავაზა, დაწყებული სრულიად არაადეკვატური პოზიციით ე.წ. აგენტების კანონის მიღებასთან დაკავშირებით, დასრულებული ხალხთან რეკვითა და გინებით, გარკვეული ლიდერების კი, 90-იანების ტერმინით რომ ვთქვათ, "დაპადიეზდებით". ეს ნორმალურ და თავმოყვარე ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. თუ გაქვს არგუმენტები, დაჯექი და ეკამათე ოპოზიციას, მაგრამ რომელიმე ეთერში ეს ორი ჯგუფი ერთად არ მინახავს, ერთსაც თავისი საინფორმაციო საშუალებები აქვს და იქიდან ქადაგებენ ცალმხრივ რეჟიმში, მეორეს - თავისი და ვცხოვრობთ ორ პარალელურ რეალობაში.
ხელისუფლების მესიჯბოქსმა, რომელიც, ჩემი აზრით, პარანოიდული იყო, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოში განათლების სფეროში სერიოზული რეფორმის აუცილებლობა. გლობალურ ომის პარტიაზე ლაპარაკს და მსგავს რიტორიკას ნამდვილად არ უნდა ჰქონოდა ის მხარდაჭერა საზოგადოებაში, რაც თბილისის გარეთ ჰქონდა. არაფერი ქმედითი და რეალური ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ არ უთქვამს, მხოლოდ ამ გიჟური რიტორიკით მოიგო.
ოპოზიციისგანაც ქმედითი და რეალური არაფერი მოგვისმენია. ისინი მხოლოდ იმას გაიძახოდნენ, ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს ევროპულ მომავალსო, და კატასტროფულ პიარნაბიჯებს დგამდნენ.
საბოლოოდ ამ ყველაფრით ისარგებლა "ქართულმა ოცნებამ", რომელმაც გაიფორმა გამარჯვება. მიუხედავად ოპოზიციის მცდელობებისა და აქციებისა, რაღა დაგიმალოთ და, პოლიტიკური კრიზისის ნიშნებსაც ვერ ვხედავ. სამაგიეროდ, ვხედავ ხელისუფლება როგორ ცდილობს დასავლელ პარტნიორებს შესთავაზოს საკუთარი თავი დაახლოებით ასეთი სოუსით - არ ვართ დემოკრატიული ხელისუფლება, საუდის არაბეთიც არ არის დემოკრატიული, მაგრამ ხომ არის თქვენი პარტნიორი და რა იქნება, ჩვენც ვიყოთ და აღიარეთ ჩემი ლეგიტიმურობაო. დარწმუნებული ვარ, ახლა ის მზად არის ე.წ. აგენტების კანონიც კი გააუქმოს. მოკლედ, აუცილებლად ივაჭრებენ ყველა საშუალებით და ამ ვითარებაში ტრამპის ადმინისტრაციისთვის შეიძლება ეს ყოფილიყო კიდეც მისაღები, რადგან იქ საკითხებს უფრო რეალისტურად უყურებენ, მაგრამ კიდევ სხვა პრობლემაა - ტრამპის წინა ადმინისტრაცია ამ ხელისუფლებამ იმდენჯერ გადააგდო, მეეჭვება, ეს ადვილად დაივიწყონ.
- ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერი ბახტაძე იმჟამინდელ სახელმწიფო მდივანს და ამჯერად, სავარაუდოდ, თავდაცვის მომავალ მდივან მაიკ პომპეოს პირდაპირ ტელეკამერების წინ დაჰპირდა, რომ ანაკლიის პორტში ჩაიდებოდა ამერიკული ინვესტიცია, ახლა კი რა ხდება?
- იქ წარმოდგენილია ჩინური ინვესტიცია და ინტერესები... ტრამპს ჩინეთისადმი რა მძიმე დამოკიდებულებაც აქვს, ყველასთვის ცნობილია. ჩვენ კი აი, ეს გავაკეთეთ და რეგიონში შემოვათრიეთ ჩინეთი, რისი გათვალისწინებითაც რთული იქნება ტრამპის ადმინისტრაციასთან ვითარების დალაგება. არ ვიცი, გეოგრაფია როგორ იციან ან გეოპოლიტიკაში როგორ ერკვევიან ჩვენი პოლიტიკის ტვინები, ვინც ხელისუფლებაში გვყვანან, მაგრამ კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა არის მნიშვნელოვანი ამერიკისთვის - კანონის გაწვევა-არგაწვევა თუ ჩინეთის ყოფნა რეგიონში. კამალა ჰარისის ადმინისტრაციის შემთხვევაში კანონის გაუქმება შეიძლება შედეგის მომტანიც ყოფილიყო, მაგრამ რესპუბლიკელების გულის მოსაგებად ანაკლიიდან ჩინეთი უნდა გააგდონ, რაც, თავის მხრივ, კიდევ არაერთ საფრთხეს წარმოშობს. რას ვაკეთებთ დიპლომატიაში, სად ჯანდაბაში მივდივართ?! ტრამპი ამათ ანაკლიის პორტის საკითხში "გადაგდებას" აუცილებლად გაუხსენებს და ძალიან მძიმე დიალოგი ექნებათ.