„სამხრეთი კავკასია დიდი პოლიტიკის ნაწილი ხდება და აქ გავლენების მოსაპოვებლად გააფთრებული ბრძოლაა დაწყებული დიდ მოთამაშეებს შორის“ - კვირის პალიტრა

„სამხრეთი კავკასია დიდი პოლიტიკის ნაწილი ხდება და აქ გავლენების მოსაპოვებლად გააფთრებული ბრძოლაა დაწყებული დიდ მოთამაშეებს შორის“

რას შეცვლის გლობალურად და საქართველოსთვის ამერიკაში ხელისუფლების შეცვლა, ამ საკი­თხებს უსაფრთხოების ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.

- არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ზედაპირზე არ დევს - ეს არის მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით დასავლურ სამყაროში, გამართული ტიტანური ბრძოლა ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის. ეს ბრძოლა მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში და ა.შ. ამ ბრძოლის გამოვლინებაა ის, რომ პატარა უნგრეთის ლიდერ ორბანს უამრავი მხარდამჭერი ჰყავს­ ევროპაში. ნუ გიკვირთ, ოფიციალურ წრეებსა და ევროსტრუქტურებს არ ვგულისხმობ, ცალკეული პირები, რიგი პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების გავლენიანი წარმომადგენლები მყავს მხედველობაში. იტალიაში გამართულმა კონსერვატორების ყრილობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამაში, იმიტომ, რომ იქ ძალიან სერიოზული ხალხი იყო წარმოდგენილი. გერმანიაში არ ჩანს, მაგრამ ძალიან სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს ლატიფუნდისტებსა (ძველი არისტოკრატული გვარის წარმომადგენელი მიწათმფლობელები) და ხელისუფლებას შორის. ამ ბრძოლაში ხან ერთი მხარე აღწევს წარმატებას, ხან მეორე და ე.წ. შუქნიშნის კოალიციის დაშლაც ამ დაპირისპირების გამოძახილია.

- რა ხდება ამ მიმართულებით აშშ-ში?

- რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე ამერიკელ კონსერვატორებს და მითხრეს, ჩვენ წავაგეთ ყველა ურბანულ დიდ ქალაქში, მაგრამ პატარა ქალაქებსა და სოფლებში ნელ-ნელა ძალას იკრებს კონსერვატორული­ მიმდინარეობაო. მოჰბეზრდა ხალხს ეს სიყალბე... სინამდვილეში ის არ არის დასავლური და მით უმეტეს, ამერიკული ღირებულება, რასაც მსოფლიო საზოგადოებას ახვევენ თავს. ადამიანის თავისუფლება და ზოგიერთი სხვა პოსტულატი, რომელიც თომას ჯეფერსონისა და მისი თანა­მოაზრეების შექმნილია, დღეს სრულად გაუფასურებულია. ის იდეოლოგია, რის საფუძველზეც­ აშშ შეიქმნა, უჯრაშია ჩაკეტილი.

კონსერვატორების დიდი ნაწილი სწორედ იმ ფასეულობების დაბრუნებას ცდილობს. ტრამპიც­ ამ ფასეულობების გამტა­რებელია. ის რიგ საკი­თხებში რომ შეუვალი იქნება, დარწმუნებული ვარ. მაგალითად, ლგბტ პროპაგანდასთან ბრძოლაში. ამერიკელ ამომრჩეველთა­ დიდ ნაწილს, მაგალითად, კათოლიკეებს ამის ძალიან დიდი იმედი აქვთ. კათოლიკეების კონსოლიდაცია ტრამპის მხარდასაჭერად უპრეცედენტო იყო. გარდა ამისა, ამერიკელი ბაიდენის ადმინისტრაცია ხელს უწყობდა მიგრაციის უკონტროლო ზრდას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 7 მილიონი მიგრანტი შევიდა ამერიკაში. შეიძლება ეს დიდი ციფრი არ იყოს, მაგრამ ტენდენციის ზრდის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ერთმა ამერიკელმა ფერმერმა მითხრა, სწორედ ეს მიგრანტები, რომლებიც დროთა განმავლობაში მოქალაქეობას იღებენ, ადვილად მართვადები ხდებიან, დემოკრატებისათვის და გარკვეულ ხიფათსაც შეიცავენ. ტრამპმა ამ გაუაზრებელ საემიგრაციო პოლიტიკას ბრძოლა გამოუცხადა და ამერიკელებსაც სჯერათ, რომ ის სიტყვას შეასრულებს. ამერიკელებს ასევე სჯერათ, რომ ის დაიცავს ოჯახურ სიწმინდეებს, ტრადიციებსა და ღირებულებებს. ტრამპმა მოახერხა დიდი ნავთობკომპანიების მფლობელთა­ გულის მოგებაც, რადგან თქვა, რომ ამერიკაში ნავთობმოპოვებაზე შეზღუდვებს მოხსნის. ამ განაცხადით სამხრეთი შტატები საკუთარ მომხრეებად აქცია. სხვათა შორის, ტეხასელებისთვის ნავთობმოპოვების საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია და ოჯახური ღირებულებებიც. მათ იმდენად არ მოსწონდათ ბაიდენის მმართველობის სტილი, რომ ერთხანს შტატებიდან ტეხასის გამოყოფის საკითხიც კი დააყენეს.

- ზოგიერთის აზრით, დემოკრატებისგან­ გამწარებული ტრამპი, რომელიც ლამის პოლიტიკურ გვამად აქციეს, შურისძიებას დაიწყებს.

- ამერიკის საკანონმდებლო სისტემა არც ტრამპს მისცემს შურისძიების საშუალებას და არც სხვას, მაგრამ არსებობს შურისძიების სხვა საშუალება, რომლის რეალიზება ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო. ეს არის კალიფორნიის ცნობილი სკანდალი, რომელიც ცნობილ რეპერ დიდდის უკავშირდება. ის, რაც ჰოლივუდის კულუარებში ხდებოდა, ამერიკის ხელისუფლებამ დიდი ხნის წინ იცოდა, მაგრამ ცდილობდა საზოგადოების სამსჯავროზე არ გამოტანილიყო. ვფიქრობ, ეს ამბავი ტრამპის იმ ხალხმა "გახეთქა", რომლებიც სისტემაში ჰყავდა დატოვებული.

- ალბათ, მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რუსეთ-უკრაინის ომის საკითხია.­ ყველა ელის, რომ ომის დასრულების კონტურები მალევე გამოიკვეთება, თუმცა ფინალის სცენარი ურთიერთგამომრიცხავია.

- მართლა ძალიან რთული მდგომარეობაა. ამას არც მოსკოვი აღიარებს და არც კიევი, მაგრამ ორივე მხარემ არნახული დანაკარგი ნახა. დღეს კიევის კონტროლირებად ტერიტორიაზე 25 მილიონი კაცია­ დარჩენილი, როცა ომის დაწყებამდე 41 მილიონი ცხოვრობდა - ძალიან ბევრი დაიღუპა, ბევრიც გაიქცა. ასევე ძალიან დიდია რუსეთის დემოგრაფიული დანაკარგი. მართალია, ომის დაწყებამდე მოსახლეობის რაოდენობა 140 მილიონს შეადგენდა, მაგრამ დღეს კატასტროფული მდგომარეობა აქვთ, განსაკუთრებით დიდი დანაკარგი ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშია. ამას გარდა, მოშლილია ეკონომიკა და საზოგადოებრივი მორალიც. ყოველდღიურად იზრდება ხალხის უკმაყოფილება. ყველა რუსი ექსპერტის პროგნოზით, მინიმუმ 2025 წლიდან რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლა გარდაუვალია. ზოგჯერ რუსეთის მომხრე ექსპერტები აპელირებენ იმ ციფრებით, რაც დღევანდელ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს, მაგრამ ეს განაპირობა ნედლეულის გაყიდვამ და სამხედრო-სამრეწველო ნედლეულის დამუშავებამ. ბანკის პროცენტი 21-დან 60%-მდეა გაზრდილი. შეიძლება ითქვას, ბიზნესი სულს ღაფავს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ანგარიშგასაწევია ის ფაქტი, პუტინმა ყაზანში გამართულ ბრიკსის სხდომაზე თქვა, რომ კონფლიქტის შეწყვეტა შესაძლებელია სტამბოლის მოლაპარაკების კონტექსტში.

- თუმცა იქ საუბარი იყო კიევისთვის მიუღებელ საიდუმლო წინადადებაზეც.

- დიახ, საუბარი იყო აღმოსავლეთ უკრაინის დაკარგვაზე. როგორც ვიცი, ტრამპის ადმინისტრაცია ამ წინადადებაზე­ თანახმაა. ალბათ, გახსოვთ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ინიციატივა ჯონსონის­ ხელით ჩაშალა. ახლა ეს მოცემულობა შეცვლილია. მე დამრჩა განცდა, რომ ეს საკითხი წინასწარ იყო შეთანხმებული მოსკოვსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის, მაგრამ არის ერთი პრობლემა - ყირიმი. ეს რეგიონი აშშ-ისა და ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, არც ვიცი, ამ საკითხზე რა უნდა მოილაპარაკონ.

- ჩვენ ისიც ვიცით, რომ ტრამპი ამერიკის ნომერ პირველ საფრთხედ ჩინეთს მიიჩნევს.

- ამიტომაც ის ბევრად ხისტი და მომთხოვნი იქნება ჩინეთთან, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია იყო. ტრამპისთვის მთავარი ის კი არ არის, ჩინეთმა მსოფლიოსთან არ ივაჭროს, ყველაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა სწორედ ამერიკასა და ჩინეთს შორის არის, უბრალოდ, მისთვის ჩინეთის სავაჭრო გზების გაკონტროლებაა უმნიშვნელოვანესი. სამხრეთ კავკასიისთვის ბრძოლაც ამ კონტექსტში მიმდინარეობს - ამერიკას სურს ტრასა, რომელსაც ჩვენ შუა დერეფანს ვეძახით, თავად გააკონტროლოს. ჩინური ტვირთის მოძრაობის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს მხოლოდ ვაშინგტონის კონტროლით.

- ამ ბრძოლაში საქართველოს როლი და მისია როგორ განისაზღვრება?

- სამხრეთ კავკასიას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, იმიტომ, რომ შუა დერეფნის მთავარი მონაწილეა, შუა დერეფანი კი ჩინეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე მარტივი და ხელსაყრელია სავაჭროდ. ჩინური პროდუქციის ხიბლი მხოლოდ მაღალი ტექნოლოგიები კი არა, დაბალი ფასებიც არის. თუ ჩინეთი იძულებული გახდება ტვირთის გადასატანად ზღვა გამოიყენოს, პროდუქციის ღირებულების გაზრდაც მოუწევს. ტვირთის გადატანა ზღვით უფრო იაფია, ვიდრე რკინიგზით, მაგრამ ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი იქნება შორი მანძილი. მოკლედ, მთავარი მაინც შუა დერეფნის გაკონტროლებაა და ამიტომ არის ასეთი ბრძოლა ანაკლიის პორტზეც.

- მას ახლა ჩინური კომპანია აშენებს.

- სინამდვილეში ხომ ასე არ არის? ტენდერში გამარჯვებული ორივე კორპორაციის უკან კარგად ჩანს როგორც ამერიკული, ასევე ბრიტანული ყურები. ამ კომპანიებიდან ერთ-ერთი "ბლეკ როკია". მოკლედ, სამხრეთი კავკასია დიდი პოლიტიკის ნაწილი ხდება და აქ გავლენების მოსაპოვებლად გააფთრებული ბრძოლაა დაწყებული დიდ მოთამაშეებს შორის.

- აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფი­ქროთ, რომ ტრამპი ჩვენს ხელისუფლებას ურთიერთობის გადატვირთვის საშუალებას მისცემს?

- ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რას შეთავაზებს და რითი ივაჭრებს ჩვენი პოლიტელიტა. ეს კონტროლის პარიტეტია და აქ ჩინეთის თემაა პრობლემა. ეს არის საკითხი, სადაც ამერიკის და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. არც ერთ მხარეს არ აწყობს ამ რეგიონში ჩინეთის ერთპიროვნული გავლენა, კონტროლის გარეშე. სხვათა შორის, ითქვა, რომ ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, კრემლში გაიმართა თათბირი, სადაც გამოითქვა აზრი, ვინაიდან კიევში შეჭრით რუსეთი მაინც დისკრედიტირებული იქნება, ბარემ ყაზახეთსა და საქართველოშიც მოვასუფთაოთ პოლიტიკური ველიო. მოსკოვში არც ყაზახეთის პოლიტიკა მოსწონდათ და არც თბილისის ზუსტად იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობის პერსპექტივას ხედავდა. რუსეთმა ყველაფერი დაუთმო ჩინეთს, რისი დათმობაც შეეძლო. პუტინის ოცნება იყო სამხრეთ კავკასიის ხელში ჩაგდება სწორედ იმ მოტივით, რომ შუა დერეფანი ჩაეკეტა და თავად ეკონტროლებინა. ურთიერთობის დივერსიფიკაცია აღმ­ოსავლური პოლიტიკის ერთ-ერთი თვისებაა. ვფიქრობ, ჩვენც ეს უნდა გავაკეთოთ. ტონალობა უნდა იყოს რბილი, ნაბიჯები - პრინციპული.

- როგორ გგონიათ, აღიარებს ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენს არჩევნებს?

- მოდი, გულწრფელი ვიყოთ - დასავლეთი არჩევნებს რომ არ აღიარებდეს, უფრო კონკრეტული განცხადებები გაკეთდებოდა. დასავლეთს დრო გაჰყავს, ელოდება, რას იზამს ამერიკის ადმინისტრაცია. ვაშინგტონში კი საქართველოში არსებულ ვითარებაზე მეტად მსოფლიოში, კონკრეტულად შავი და კასპიის ზღვის აუზში არსებული ვითარება აინტერესებთ. სრული ფორმალობაა აზერბაიჯანში არჩევნების ჩატარება, მაგრამ გადასარევად თანამშრომლობენ ალიევთან. ერთი სიტყვით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ იმუშავებს ქართული პოლიტელიტა და მისი მოკავშირეები შუა დერეფნის კონტექსტში, ვინ როგორ ივაჭრებს და ვინ როგორი კმაყოფილი დარჩება ვაჭრობით.

ხათუნა ბახტურიძე