დაიწყება თუ არა დიდი „სავაჭრო მსოფლიო ომი“?!
აშშ-ჩინეთის ურთიერთობა ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული საკითხი იყო მსოფლიო პოლიტიკაში. მოლოდინია, რომ ჩინეთის თემა კვლავ ცენტრალური საკითხი იქნება, სადაც ეკონომიკური, სამხედრო და ტექნოლოგიური კომპონენტები განსაზღვრავენ ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. თუმცა საერთაშორისო ანალიტიკოსთა წრეებში ამბობენ, რომ ეს საკითხი განყენებულად ვერ იქნება განხილული და მნიშვნელოვანია კომპლექსური ანალიზი. ასეთ საკითხებს შორის კი გამოყოფენ როგორც აშშ-ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობას, ტექნოლოგიურ კონკურენციასა და სავაჭრო ომს, ასევე სამხედრო-სტრატეგიულ ურთიერთობებს, სადაც უმთავრესად სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხი და ტაივანის კონფლიქტი განიხილება. ტრამპის პირველ პრეზიდენტობისას აშშ და ჩინეთი ჩაებნენ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სავაჭრო ომში, რომელიც დღემდე მსოფლიოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ტრამპი კვლავ განიხილავს იმპორტის ტარიფების გაზრდასა და ჩინური კომპანიების შეზღუდვას აშშ-ის ბაზარზე, რითაც ჩინეთის ეკონომიკური გავლენის შემცირებას ისახავს მიზნად. მისი წინასაარჩევნო განცხადებები ცხადყოფს, რომ გააგრძელებს "ამერიკა პირველ რიგში" პოლიტიკას. ამავე დროს, ბიზნესმენებისა და ეკონომიკის ანალიტიკოსების შეფასებით, ტარიფების ზრდამ შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ აშშ-ის ეკონომიკაზე. ვაშინგტონელი ეკონომიკის საკითხების ექსპერტი ჯეფრი სტაფორდი აღნიშნავს, რომ "ჩვენ ტარიფებით ჩინეთს ვუზღუდავთ რესურსებს, მაგრამ ეს ამერიკელ მომხმარებლებზეც აისახება". სავარაუდოდ, ურთიერთობები არ გაუმჯობესდება და კვლავ განახლებული ტარიფების დაწესება უარყოფითად იმოქმედებს ამერიკის შიდა ბაზარზე და გაზრდის მომხმარებლების ხარჯებს. გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაციის მძლავრი ნაბიჯი იყო ჩინური კომპანიების, განსაკუთრებით ტექნოლოგიური გიგანტების "ჰუავეისა" და "ტიკ-ტოკის" შეზღუდვა. სავარაუდოდ, შეზღუდვები ისევ გააქტიურდება, მით უმეტეს, ამჟამად აშშ ცდილობს საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გააძლიეროს ჩინური აპლიკაციების კონტროლი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური მედიისა და მომხმარებლის მონაცემების დაცვისთვის. ამან კი, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, შესაძლოა გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრიის პოლარიზაცია გაზარდოს და შეიძლება გამოიწვიოს დასავლეთ-აღმოსავლეთ ტექნოლოგიური ბლოკების ჩამოყალიბება. სამხედრო-სტრატეგიულ კონტექსტში კი უკვე იმაზე საუბრობენ, რომ ტრამპის დაბრუნება ჩინეთთან უფრო გაამწვავებს დაპირისპირებას. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის პრეტენზიებს ტრამპის ადმინისტრაცია მკვეთრად დაუპირისპირდა და ამ რეგიონში აშშ-ის სამხედრო პოზიციების გაძლიერება კვლავ ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდება. ტრამპი მოითხოვს, რომ ამერიკამ გაზარდოს სამხედრო პოზიციები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთის მზარდ გავლენას... ტაივანის საკითხიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. როგორც ტრამპის პოზიციები ცხადყოფს, მას სურს აშშ ტაივანის დამოუკიდებლობის მხარდამჭერ როლს ასრულებდეს, რაც ჩინეთისთვის "წითელი ხაზია"... გასათვალისწინებელია, რომ ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას აშშ-ის ჩინეთთან მკვეთრად დაძაბულმა ურთიერთობამ დიდი გავლენა იქონია აზიაში ამერიკულ ალიანსებზე და ახლა ამ საკითხის უფრო გააქტიურებას ელოდებიან. სავარაუდოდ, ამერიკის გეოპოლიტიკური პოლიტიკა, ძირითადად, ჩინეთის გავლენის შეკავებასა და რეგიონული უსაფრთხოების ალიანსების მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული. მისი პოლიტიკა საერთაშორისო ალიანსების მხარდაჭერას გააძლიერებს და აიძულებს სხვა ქვეყნებს, აირჩიონ მხარე ორ სუპერსახელმწიფოს შორის... სად არის საქართველოს ადგილი, ამ და სხვა საკითხებზე იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარ ბიძინა ლებანიძეს ვესაუბრეთ.
- რა თქმა უნდა, ჩინეთს არ აწყობდა ტრამპის არჩევა და დემოკრატების ხელისუფლების გაგრძელება ერჩივნა, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაც პრინციპში კარგ ურთიერთობაში არ იყო მათთან, მაგალითად, მათაც აუწიეს ჩინეთს ტარიფები და ა.შ., მაგრამ ტრამპს რაც წინასაარჩევნოდ ჰქონდა გაცხადებული, მოუწევს ხისტი პოლიტიკის გატარება, განსაკუთრებით ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროში ჩინეთთან, იმ ჩინური პროდუქციისთვის, რაც ამერიკის ბაზარზე შედის. ტარიფების აწევა 60%-მდე სურს, რაც, რა თქმა უნდა, მძიმედ დაარტყამს ჩინეთს, ჩინეთი დღეს ისედაც კრიზისშია, ბევრი ეკონომიკური პრობლემა აქვს, მაგალითად, ეკონომიკური განვითარების ტემპმაც მოიკლო და სავალუტო ფონდის პროგნოზი 4.5-5%-ია წელს და გაისად - ანუ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჩინეთს აღარ აქვს. მისი ეკონომიკა დამოკიდებულია ექსპორტზე, რადგან შიდა მოხმარება მაინცდამაინც არ არის განვითარებული. შესაბამისად, ამერიკის ბაზარზე ჩინური პროდუქციისთვის ტარიფების მომატება ძლიერად დაარტყამს მის ეკონომიკას. ამასთან, ამერიკის ბაზარი ჩინეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია... მეორე ტაივანის საკითხია. კი აქვს ნათქვამი ტრამპს, რომ უკრაინის ომის მსგავსად, ტაივანის საკითხსაც ინაუგურაციამდე მოაგვარებს, მაგრამ ესეც საარჩევნოდ ნათქვამია... ტაივანზე თქვა, მიკროჩიპების ინდუსტრია მოგვპარაო. გარდა ამისა, გაჩნდა ეჭვი, რომ ჩინეთთან რაღაც გარიგების საფუძველზე ხომ არ გადააბარებს ტაივანს, მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც აქვს ნათქვამი, თუ ჩინეთი შეიჭრება ტაივანში, 200%-მდე გავზრდი ტარიფებს ჩინურ პროდუქციაზეო...
თავის მხრივ, სი ძინპინი ძალიან ხისტი ლიდერია, მაო ძედუნის შემდეგ ჩინეთს ასეთი ლიდერი არც ჰყოლია. მასავით მოახდინა ძალაუფლების ცენტრალიზაცია და დაიწყო ხისტი პოლიტიკის გატარება, მათ შორის, სამხედრო სფეროში. ასე რომ, მისი ტაივანში შეჭრა არ არის გამორიცხული.
- ახლა ტრამპისთვის მთავარი ჩინეთის პრობლემის მოგვარება თუ უკრაინის ომის დასრულებაა?
- ტრამპი თავის საგარეო პოლიტიკაში მაინც ყოველთვის ჩინეთზე იყო ფოკუსირებული. ის მაინც ბიზნესმენია. მისი საარჩევნო ლოზუნგები ასეთი იყო: "დავაბრუნოთ სამუშაო ადგილები", "შევცვალოთ ჩინეთთან უსამართლო ურთიერთობების დინამიკა" და ა.შ. - ანუ მთლიანად ჩინეთზე იყო ფოკუსირებული. ის ნათქვამიც, უკრაინაში ომს ერთ დღეში დავასრულებო, ნიშნავს, რომ ამ ომის გაგრძელების და მისთვის ამერიკული რესურსების დახარჯვის სურვილი არა აქვს. რამდენად შეძლებს ამ ომის ერთ დღეში დასრულებას, მეორე საკითხია. არის შიში, რომ აიძულებს უკრაინას დაუთმოს რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიები, რაც, ცხადია, უფრო შეამცირებს ამერიკის მხარდაჭერას. თუმცა ისე ვერ მოხდება, რომ რუსეთმა ყველაფერი წაიღოს და ამერიკა გამოჩნდეს დამარცხებული. ასეთ გარიგებაზე ტრამპი ვერ წავა, რადგან მასაც აქვს თავისი პრესტიჟი. ამიტომ სცენარს, რომ რუსეთს ყველაფერი დაუთმოს, ცხადია, არ უნდა ველოდოთ. თუმცა იქნება უკრაინაზე ზეწოლა, რომ კიევმა რაღაცები დათმოს...
- საქართველოს ხელისუფლების ჩინეთთან დაახლოებას რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამერიკასთან ურთიერთობის კონტექსტში?
- საქართველოს საკითხი ამ გლობალურ კონტექსტში არ არის ისეთივე მნიშვნელობის ამერიკისთვის, როგორც უკრაინისა და ტაივანის. ამერიკის პოლიტიკას მხოლოდ პრეზიდენტი არ განსაზღვრავს, დიდი მნიშვნელობა აქვთ სენატს, კონგრესს, საერთოდ, პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. ის სანქციები თუ კრიტიკა, რაც ამერიკისგან მოდიოდა, არ იყო მხოლოდ დემოკრატების ადმინისტრაციისგან, რესპუბლიკელებიც მონაწილეობდნენ. ამიტომ საქართველოს ხელისუფლების გაკრიტიკება დემოკრატიის ხარისხის გამო არ შენელდება. რაც შეეხება ტრამპს, ის უფრო ფოკუსირებულია ეკონომიკურ საკითხებზე, მათ შორის, ჩინეთთან ეკონომიკურ დაპირისპირებაზე და შესაძლოა თვალში გაეჩხიროს ის, რომ საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს ჩინეთთან, რომ ჩინური ინვესტიციებით შენდება ანაკლიის პორტი. მაგრამ მთლიანობაში ეს არ არის ამერიკისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ძალიან დიდი რესურსები დაუთმონ, განსხვავებით ტაივან-ჩინეთთან ურთიერთობისა და უკრაინის ომის საკითხის მოგვარებისა.
- ახლა რიტორიკა რომც შეცვალოს "ოცნებამ" ამერიკასთან, სიტუაციას გამოასწორებს?
- რიტორიკის შეცვლა სიტუაციას ნაწილობრივ გამოასწორებს... ზოგადად, რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, დემოკრატები უფრო მეტ რამეზე ხუჭავენ თვალებს. ტრამპის ახალი გუნდი პირველი ვადის დროს უფრო პროგნოზირებადი იყო, რადგან მაინც შეიყვანა ისტებლიშმენტის პოლიტიკოსები, თუნდაც პომპეო და უფრო მარტივი საპროგნოზო იყო ყველაფერი. დღეს კი მოლოდინია, რომ უფრო ნაკლებად მოხვდებიან ტრამპის ადმინისტრაციაში ძველი, გამოცდილი და პროფესიული კადრები და უფრო მეტად იქნებიან მის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები.
სავარაუდოდ, შესუსტდება ამერიკის ზეწოლა სხვადასხვა ქვეყანაზე დემოკრატიის ფასეულობების მხარდასაჭერად, თუმცა საგარეო პოლიტიკა გახდება უფრო ხისტი და მომთხოვნი მოკავშირეებთან. მაგალითად, ევროპელებს ძალიან ეშინიათ, თუ რას იზამს ამერიკა და რას მოსთხოვს. ტრამპი ევროპის მიმართ უფრო მომთხოვნია და მეტი რესურსის გაღებას სთხოვს ამერიკასა და ნატოსთან ურთიერთობაში. ამიტომ შეიძლება საქართველოსთან მეტი გეოპოლიტიკური მოთხოვნა გაჩნდეს, თუმცა საქართველო მაინც მცირე ქვეყანაა და დიდ ფოკუსს ჩვენზე მაინც არ უნდა ველოდოთ.
რუსა მაჩაიძე