რა მოხდება, თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში და როგორ შეირჩევა ახალი პრეზიდენტი
ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი არჩევნების შედეგს არ აღიარებს, საზოგადოების ნაწილი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. რამდენად რეალურია ამ მოთხოვნის შესრულება, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს.
- მე ნაკლებად მაქვს მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება ხელახალ არჩევნებს გამართვას...
ერთ რამეს გავიხსენებ - 1991 წელს პრეზიდენტის პირველ არჩევნებში მე ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი. მაშინ საჩივარი ძალიან ცოტა იყო, მაგრამ მახსოვს ორი მათგანი. საჩივარი ორ საარჩევნო უბანს შეეხებოდა, სადაც ეწერა, რომ არჩევნებში მონაწილეთა შორის იყო ერთი ისეთი პირის გასწვრივ ხელმოწერა, რომელიც საქართველოში იმ დროისთვის არ იმყოფებოდა ანუ ვიღაცამ მის ნაცვლად მისცა ხმა. ჩვენ მაშინ შევამოწმეთ ეს ფაქტი, იმის მიუხედავად, რომ სხვა დარღვევაზე მითითება არ ყოფილა, ჩვენმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორივე უბნის შედეგები გააბათილა. მხოლოდ ერთი ზედმეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, მხოლოდ ერთი. იცით დასაბუთება ამის რა იყო? - რადგან საარჩევნო კომისიამ შესაძლებელი გახადა, რომ ერთით ზედმეტი ბიულეტენი აღმოჩენილიყო ყუთში და საშუალება მისცა ვიღაცას მისი გაყალბების, არსებობს იმის ალბათობა, რომ იმ უბანზე მსგავსი რამ უფრო მეტი ყოფილიყო. ამ ორ უბანში შედეგების გაბათილებას მხარი დაუჭირეს ცესკოში როგორც ხელისუფლების დანიშნულმა კომისიის წევრებმა, ასევე ოპოზიციის დანიშნულმა წევრებმაც...
ამ არჩევნებში დარღვევათა ნაწილი შეიძლება შეფასდეს მინიმუმ გულგრილობად და საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებად. არაერთი მოქმედება, როგორიც იყო მოსყიდვა, განმეორებით ხმის მიცემა, სისხლის სამართლის დანაშაულია. ამიტომ აუცილებელია ამ საქმეების ობიექტურად გამოძიება, მაგრამ დღევანდელი მმართველი პარტიის ხელში ეს შეუძლებელია. ხელისუფლების ყველა განშტოება, მათ შორის სასამართლო, პროკურატურა, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს პოლიტიკური ხელისუფლებისგან, მოქმედებს ერთიანი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებით. ამიტომ მოთხოვნა, რომ შეიქმნას საერთაშორისო საგამოძიებო დროებითი ორგანო, სავსებით რეალურია.
ტოტალური დარღვევა, რაც პირდაპირ მტკიცდება, არის მოქალაქეთა ხმის მიცემის ანონიმურობის დაცვა. დანარჩენ დარღვევებზე რომ არ ვილაპარაკოთ, მხოლოდ ეს საკმარისია, რომ იმ უბნებში, სადაც ელექტრონული წესით გაიმართა არჩევნები, შედეგები ბათილად იქნეს ცნობილი.
- სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება წალკისა და თეთრიწყაროს უბნებზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. ამასთან, მეორე ინსტანციამ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნილი არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა...
- სააპელაციო სასამართლო იდგა დილემის წინაშე: პირველი - მას უნდა განეხილა ცესკოს საჩივარი თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და მეორე - არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი სხვა ოლქებში, სადაც ელექტრონული წესით გაიმართა არჩევნები, შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. თუ საკონსტიტუციო სასამართლო ძალაში დატოვებდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაშინ მას ერთადერთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნებოდა დანარჩენ საჩივრებზე - ის საჩივრებიც უნდა დაეკმაყოფილებინა და ბათილად ეცნო ყველა ელექტრონულ უბანზე არჩევნების შედეგები. რომ არ გაეუქმებინა სხვა ოლქებზე არჩევნების შედეგები, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო არათუ უსამართლო, არამედ არაკანონიერი გადაწყვეტილება.
რა შესაძლებლობა რჩება ამის მერე?! საქართველოში სასამართლო განხილვის პროცესი დასრულდა, ეს გადაწყვეტილება ვეღარ გასაჩივრდება. ერთადერთი, რისი შანსიც არის, სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვაა. ევროპულმა სასამართლომ შეიძლება თქვას, რომ ამ პირველი და მეორე სასამართლო ინსტანციების განხილვის დროს დარღვეული იყო საერთაშორისო კონვენციების კონკრეტული მუხლები, ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებები არ უნდა შესრულდეს. იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგი ამ ტიპის გადაწყვეტილებებს მიიღებს, ეს უკვე საქართველოს დაავალდებულებს, განახლდეს სასამართლო პროცესები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ამის შემდეგ სასამართლომ ხელახლა უნდა განიხილოს საქმე.
აქვე გავიხსენებ ერთ ამბავს - სანამ რუსეთი ევროსაბჭოს წევრი იყო და მისთვის სავალდებულო იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება, მან უარი თქვა სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციის აღიარებაზე და აღარ შეასრულა მისი გადაწყვეტილებები. ასე რომ, ჩვენს ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაც ექნება. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი დემოკრატიული სამყაროსგან იზოლირებულია. ასეთი მოქმედების შემთხვევაში საქართველოც აღმოჩნდება გარიყული, ამას კი ძალიან უარყოფითი შედეგი ექნება არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, თითოეული მოქალაქისა და ქვეყნისთვის.
წავა კი ასეთ სარისკო გადაწყვეტილებაზე ხელისუფლება? და შემდეგ ამ გადაწყვეტილებას უდრტვინველად მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები?! პირველ კითხვაზე პასუხი არა მაქვს, არ ვიცი, რას იზამს ხელისუფლება. თუმცა მეორე კითხვის პასუხად შემიძლია გითხრათ - არა მგონია, ჩვენმა მოქალაქეებმა ხელისუფლების ყოვლად ზღვარგადასული უკანონო ქმედება მიიღონ, გაჩუმდნენ და დაემორჩილონ. როცა ჩნდება ასეთი მკვეთრი დაპირისპირება ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის, ამბავი მშვიდობიანად არ მთავრდება ხოლმე. როგორც წესი, ასეთ დროს მარცხდება ხელისუფლება, მაგრამ მთელი ამ პროცესის შედეგად ქვეყანა ზარალდება.
- თქვენი აზრით, უნდა გაგრძელდეს თუ არა ქუჩის აქციები?
- როდესაც გეუბნებიან, რომ დედამიწა ბრტყელია და რამდენიც არ უნდა იყვირო, ასე არ არისო, და ვერ ამტკიცებ, ბუნებრივია, პესიმიზმი ჩნდება, მაგრამ აქციების შეწყვეტა ნიშნავს, რომ თავები ჩავღუნოთ, უარი ვთქვათ ჩვენს უფლებებზე და მივცეთ ხელისუფლებას თავის ჭკუაზე მოქმედების შესაძლებლობა. ასეთი რამ ხდება რუსეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ბელარუსში, ნიკარაგუაში, ვენესუელაში... თანდათანობით ჩვენი მდგომარეობა ისე გაუარესდება, რომ ამას იგრძნობს თითოეული ადამიანი, არა მხოლოდ ისინი, ვისაც ხელისუფლების შეცვლა სურთ, არამედ ისინიც, ვინც ალალად დაუჭირეს მხარი "ქართულ ოცნებას". ასევე ისინიც, ვინც ხელს უწყობდა მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბებაში და აი, როცა ისინიც იგრძნობენ ამას, მერე უკვე შეიძლება დაიწყოს სპონტანური პროტესტი და ეს ხელისუფლებისთვის ცუდად დასრულდეს.
ხელისუფლება იძულებული უნდა გავხადოთ, რომ სწორად მოიქცეს, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ შევწყვეტთ პროტესტს. ეს უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავკარგოთ თავისუფლება, შევინარჩუნოთ განვითარების შესაძლებლობა, ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი მომავალი თაობისთვის.
- სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა ეწურება. რა მოხდება, თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში და კანონით დადგენილ 150 ხმოსნისგან მხოლოდ "ქართული ოცნების" 89 დეპუტატი იქნება საარჩევნო კოლეგიაში?
- საარჩევნო კოლეგია უნდა შედგებოდეს 300 წევრისგან, რომელშიც შედის პარლამენტის ყველა წევრი, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების ყველა წევრი, ხოლო დანარჩენი ადგილები პროპორციულად ნაწილდება ადგილობრივი არჩევნების დროს მონაწილე იმ პარტიებს შორის, რომლებმაც ჯამურად პროპორციული წესით გამართულ არჩევნებში 1% მაინც მიიღეს. მიცემული მანდატების რაოდენობის შესაბამისად ყოველმა პარტიამ საკრებულოს წევრთაგან უნდა დანიშნოს საარჩევნო კოლეგიის წევრები.
თუ, ვთქვათ, პარლამენტში აღმოჩნდა 150-ზე ნაკლები წევრი, მაშინ რამდენიც დააკლდება 150-ს, იმდენი მიემატება საკრებულოებიდან არჩეულ კოლეგიის წევრთა რაოდენობას ანუ ჯამი 300 მაინც გამოვა. თუ პარლამენტში იქნება მხოლოდ "ოცნება", მას აქვს 89 მანდატი, მათთან ერთად იქნებიან აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი და დარჩენილი ადგილები გადანაწილდება მთელი საქართველოს მასშტაბით საკრებულოს წევრებზე. განისაზღვრება, რომელმა პარტიამ რამდენი პროცენტი მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს და შემდგომ პროპორციულად ამ პარტიებს შორის განაწილდება ყველა დარჩენილი მანდატი. ვისაც მეტი პროცენტი ექნება, რა თქმა უნდა, მათ შეხვდებათ მეტი მანდატი.
ის, რომ პარლამენტში შესაძლოა მხოლოდ მმართველი პარტია იყოს და მათ აირჩიონ პრეზიდენტი, ეს დარღვევა არ არის, უბრალოდ, არ არის კარგი ფაქტი. 61 მანდატი, რომლებიც პარლამენტში ცარიელი იქნება, გადანაწილდება საკრებულოებს შორის. წესით, ყველა ოპოზიციის მანდატია, მაგრამ საკრებულოებში გადანაწილების შედეგად ეს ხმები გადაუნაწილდება "ოცნებასაც". შორიდან თუ შევხედავთ სურათს, გაიზრდება მმართველი პარტიის წევრთა რაოდენობა საარჩევნო კოლეგიაში.
- თუ საკრებულოებში არსებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე?
- როდესაც ცესკო დაამტკიცებს საარჩევნო კოლეგიის 300 წევრს, ამის შემდეგ, იმისათვის, რომ საარჩევნო კოლეგიას ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების უფლება, სხდომას უნდა ესწრებოდეს ნახევარზე მეტი, ანუ საკმარისია 151 პირი. ყველა დელეგატს აქვს უფლება მივიდეს ან არ მივიდეს. თუ არმისვლით ან უარის თქმით საარჩევნო კოლეგიაში აღმოჩნდება 151-ზე ნაკლები პირი, კოლეგია გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ვერ გამართავს პრეზიდენტის არჩევნებს. იმ შემთხვევაში, თუ 150-ზე მეტი იქნებიან, მაშინ კოლეგია თავისუფლად ჩაატარებს არჩევნებს. სანამ ახალი პრეზიდენტი არ აირჩევა, ზურაბიშვილი დარჩება თანამდებობაზე, მისი უფლებამოსილება შეწყდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ახალარჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს.
- ამ რეალობაში იქნებ ოპოზიციის პარლამენტში შესვლა სჯობდეს, რათა ხელისუფლებამ ამ გზით ვერ მოაგროვოს 151 ხმოსანი პრეზიდენტის ასარჩევად?
- თეორიულად კი, თუმცა მე არ ვიცი, საკრებულოებში რა წილი მოდის "ქართულ ოცნებაზე" და რა - ოპოზიციაზე. ეს დასათვლელია. თუკი ასეთი არჩევანის წინაშე დადგა ოპოზიცია - პრეზიდენტის არჩევის გამო შევიდეს თუ არა პარლამენტში, ჯერ ის უნდა გაარკვიოს, შესვლა შესაძლებელს გახდის თუ არა, რომ მათთვის სასურველი კანდიდატი გავიდეს. თუ შესაძლებელი იქნება, მაშინ ოპოზიციას ექნება თავსატეხი, რა ჯობს მიზნის მისაღწევად. თუ ეს შეუძლებელი იქნება, მაშინ აზრი არა აქვს პარლამენტში შესვლას. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმაჩნდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო. ამჟამად ვითარება განსხვავებულია... ვეთანხმები მათ გადაწყვეტილებას უარი თქვან საპარლამენტო მანდატებზე, სიები გააუქმონ, რათა ვინმეს ხელი არ წაუცდეს და არ თქვას, მე შევალ უფლებამოსილებაშეწყვეტილთა ნაცვლადო. ყველა მექანიზმი უნდა იქნეს ამოქმედებული, რაც ხელს შეუწყობს ხელახალ არჩევნებამდე მისვლას და ერთ-ერთი მექანიზმი პარლამენტის ბოიკოტირებაა.
- ხელისუფლების თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ პარლამენტი შეიკრიბება.
- კონსტიტუციაში ეს ნორმა ჩამოყალიბებულია ამგვარად: ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის სხდომას - მეტი არაფერი წერია. აქ ჩნდება კითხვა - თუ პრეზიდენტმა არ დანიშნა სხდომის დღე, აქვს თუ არა პარლამენტს უფლება, რომ შეიკრიბოს. მე მიმაჩნია, აქვს. თუმცა სამართალმცოდნეთა ნაწილს მიაჩნია, რომ პარლამენტს შეკრების უფლება არა აქვს. ჩემი პასუხი არის ასეთი - პრეზიდენტის მიერ პირველი სხდომის დანიშვნა არის ერთ-ერთი მექანიზმი მთავარი მიზნის მისაღწევად - წარმომადგენლობითი ორგანოს პერიოდული არჩევნების საფუძველზე შემადგენლობის შესაცვლელად. ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ უნდა გაიმართოს, რათა ახალარჩეულმა პარლამენტმა შეცვალოს მოქმედი პარლამენტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა არ დანიშნა სხდომა 10 დღის ვადაში და დაარღვია კონსტიტუცია, ეს უნდა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც დაავალდებულებს პრეზიდენტს მოიწვიოს პარლამენტი. შესაძლოა პრეზიდენტმა მაინც არ დანიშნოს სხდომა ერთი ან ორი თვის ან თუნდაც წლის განმავლობაში და გამოდის, ვერც პარლამენტი ვერ შეიცვლება, რაც კონსტიტუციური ვალდებულებაა 4 წელიწადში ერთხელ. ყველაფერი კანონის შესაბამისად უნდა განისაზღვროს.
სოფო კაჭარავა