ყველაზე მასიური საჰაერო თავდასხმა მოსკოვზე, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა, თუმცა... - კვირის პალიტრა

ყველაზე მასიური საჰაერო თავდასხმა მოსკოვზე, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა, თუმცა...

10 ნოემბრის დილას უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა, რუსეთ-უკრაინის ომის 991-ე დღეს განახორციელეს ყველაზე მასიური საჰაერო შეტევა აგრესორი ქვეყნის-რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის მისადგომებზე, რომელიც შეიძლება ასევე ჩაითვალოს ყველაზე მასიურ საჰაერო თავდასხმად რუსეთის დედაქალაქზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ...

რუსეთის თავდაცვის სამინისტოს ინფორმაციით, მისმა საჰაერო ძალებმა 10 ნოემბრის დილას რუსეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს უკრაინული შორი მოქმედების 87 კამიკაძე-დრონი, მათ შორის 34 კი უშუალოდ მოსკოვის მისადგომებთან...

რუს გენერლებს რა დაეჯერებათ, მაგრამ არც უკრაინული მხარე ავრცელებს ინფორმაციას მოსკოვში რაიმე სერიოზული სამხედრო ობიექტის დაზიანების შესახებ, რაც შეიძლება მართლაც იმაზე მიუთითებდეს, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვამ მხოლოდ უშუალოდ მოსკოვის სიახლოვესღა მოასწრო უკრაინული კამიკაძე-დრონების ჩამოგდება, რისი ამსახველი ვიდეოკადრებიც გაავრცელეს თვითმხილველებმა.

თუმცა, რუსული საზენიტო რაკეტებით ჩამოგდებული უკრაინული კამიკაძე-დრონების ფრაგმენტები დასახლებულ პუნქტებში დაეცა, რის შედეგადაც მოსკოვის გარეუბნებში ოთხი სახლი დაიწვა, ხუთი ადამიანი კი დაშავდა.

ვიდეოკადრებში გამოჩენილი საფრენი აპარატები, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით ორას მეტრზე დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდნენ, მიეკუთვნებიან АН-196 «Лютый»-„თებერვლის“ ტიპს, რომელიც 2022 წელს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ შეიქმნა კიევში, ანტონოვის ცნობილ საავიაციო საკონსტრუქტორო ბიუროში (იქ სადაც თავის დროზე კონსტრუირებული იქნა საბჭოთა მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები „რუსლანი“ და „მრია“), ხოლო საბრძოლო ნათლობა 2023 წლის 28 აგვისტოს, ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საოკუაპციო სამხედრო ნაწილზე თავდასხმით აღნიშნა...

2-liu-1731260060.png
ბრიანსკის ოლქში მდებარე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების 1060-ე ცენტრის (მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამართველოს ყოფილი 120-ე არსენალი) თანამგზავრული ფოტო მასზე თავდსხმამდე...

უკრაინული „თებერვალი“ კონსტრუქციულად წააგავს თურქულ „ბაირაქტარს“, თუმცა უფრო მომცროა, იწონის 300 კგ-მდე და 1 000 კმ სიშორემდე მიაქვს 75 კგ-იანი საბრძოლო ქობინი, რომლიდანაც 50 კგ-ს ასაფეთქებელი ნივთიერება შეადგენს. ამ კამიკაძე-დრონის სიგრძე 4,4 მ-ია, ფრთაგაშლილობა 6,7 მ და კუდის ნაწილში უყენია 50 ცხ.ძ.- ის სიმძლავრის ერთი ძრავა ხრახნით.

უკრაინული „ლიუტი“ რუსულ/ირანული „გერან-2/ შაჰიდ-136“-ის ერთგვარი პასუხია და მათ დღემდე არაერთი წარმატებული საჰაერო შეტევები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ძირითადად რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ასაფეთქებლად.

3-liu-1731260061.png
უკრაინული „თებერვლების“ „სტუმრობის“ შედეგი რუსულ სამხედრო საწყობზე ბრიანსკის ოლქში...

გასაგებია, რომ კრემლი რუსეთის დედაქალაქის ცას ბევრად უკეთესაც იცავს, ვიდრე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, შესაბამისად უკრაინულ კამიკაძე - დროებს ძალიან უჭირთ გაჭრა მოსკოვის ცენტრისკენ და იმის გამეორება, რაც 2023 წლის 3 მაისის ღამეს მოხდა, როდესაც მოსკოვში, კრემლის ტერიტორიაზე 16 წუთის ინტერვალით ორი კამიკაძე-დრონი აფეთქდა სენატის სასახლის თავზე-პუტინის კაბინეტის ფანჯრებთან...

თუმცა, 10 ნოემბრის საჰაერო ოპერაციას უკრაინული მხარისთვის მთლად უშედეგოდ არ ჩაუვლია - ბრიანსკის ოლქში მდებარე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების 1060-ე ცენტრში (მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამართველოს ყოფილი 120-ე არსენალი) რვა აფეთქება დაფიქსირდა და ორი ძლიერი ხანძრის კერა გაჩნდა, რომელშიც დრო და დრო მეორადი დეტონაციები ხდებოდა, რაც საბრძოლო მასალის აფეთქებებზე მიუთითებს...

რუსეთი ყოველღამე მასიურად და დაუნდობლად უტევს „გერან/შაჰიდების“ კამიკაძე-დრონებით ოდესას თუ თავად კიევს, უკრაინელი მეზენიტეებიც მეტ-ნაკლები წარმატებით იგერიებენ დაბალ სიმაღლეზე და პატარა სიჩქარით მფრენ ამ კამიკაძე-დრონებს და გასაგებია, რომ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოუნდა თავისი „თებერვლები“ შურისმაძიებელ „სტუმრებად“ გაეგზავნა კრემლში...