„რუსთაველზე აქციებით ოპოზიცია ხელისუფლების შემცვლელი არ არის“
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებაზე საუბრობენ და წინა არჩევნებისგან განსხვავებით, სასამართლოს ცალკეულ ინსტანციაშიც კი შეძლეს ამის დამტკიცება, "ოცნება" ხელისუფლების დათმობას არ აპირებს. რა გზა რჩება ოპოზიციას და რა შეიძლება მოხდეს. ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრეთ.
- ჩემთვის ახლა ყველზე მთავარი ის არის, რომ ოპოზიციამ სამართლებრივად სრულად გაიაროს ის ეტაპები, რაც საჭიროა დავის საერთაშორისო დონეზე გადასატანად. დამთავრდა საარჩევნო საოლქო კომისიების მიერ ოქმებზე მუშაობა და იმედია, ოპოზიცია გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ ვერ გაასაჩივრებენ ცესკოს გადაწყვეტილებას, ეს კი ნიშნავს, რომ თუკი ოპოზიციამ დაიწყო საერთაშორისო დონეზე დავა, ხელისუფლება ამას გამოიყენებს და იტყვის, ეგენი მხოლოდ ყვირიან და სამართლებრივად არაფერი აქვთო. ამიტომ აუცილებელია, ოპოზიციამ ეს სამართლებრივი საფეხურები ბოლომდე გაიაროს. თუ არადა, ეს ბრძოლას მნიშვნელოვნად გაართულებს საერთაშორისო არენაზეც.
რაც შეეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს, თუ არ გვინდა ხალხი ფრუსტრაციაში ჩავარდეს, წინასწარ უნდა ვუთხრათ, სამართლებრივად რაც მოხდება. პარლამენტის ის ნაწილი, რომელსაც წარმოადგენს "ქართული ოცნება" - ეს არის 89 მანდატი - ცნობს პარლამენტის უფლებამოსილებას და ამისთვის 76 ხმაც საკმარისია. ეს 76 ცნობს 150-ვეს უფლებამოსილებას. მანამდე ოპოზიცია სიას ვერ ჩახსნის. მერე შეუძლიათ ჩახსნან ის კანდიდატები, რომლებიც ახლა ვერ შედიან, რადგან სიაში უკან არიან. ამის შემდეგ ყველა მათგანმა ინდივიდუალურად უნდა დაწეროს პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება. საბოლოოდ კი მაინც პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დააკმაყოფილებს თუ არა მათ განცხადებებს.
"ქართულ ოცნებას" შეუძლია არ დააკმაყოფილოს და ფორმალურად ოთხივე ოპოზიციური პარტიის წევრები დარჩებიან პარლამენტის წევრებად. შეუძლია დააკმაყოფილოს და ფორმალურადაც ერთპარტიული პარლამენტი იყოს, რაც, ცხადია, ქვეყნისთვის უმძიმესი იქნება. ამიტომ პირველივე დღეს გამოცხადება, არ შევდივარ პარლამენტშიო, არასწორი მგონია. მე ყოველთვის მირჩევნია იყოს გეგმა, თუ როგორ გავიმარჯვოთ, და მერე ამ გეგმის ნაწილი იყოს პარლამენტში შესვლა ან არშესვლა. გამარჯვებას შეიძლება მიაღწიო შესვლითაც და არშესვლითაც - ორივე ინსტრუმენტია. ახლა, რადგან ნათქვამი აქვთ, არ შევდივართო, ბუნებრივია, არ შევლენ, მაგრამ მერე რა მოხდება? სამართლებრივად პარლამენტი შემდგარი იქნება და ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკური აქტი. მთავარ საკითხად კი ის რჩება, თუ პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია რამდენად იქნება მზად იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე განაგრძოს ბრძოლა. რუსთაველზე აქციებით ოპოზიცია ხელისუფლების შემცვლელი არ არის. მეტის გაკეთების არც რესურსი და არც შესაძლებლობა ოპოზიციას არა აქვს. ამიტომ მთავარი საკითხია, თუ საერთაშორისო დონეზე წარმატებას რამდენად მიაღწევენ, ან საერთაშორისო დონეზე საბრძოლველად რა სჯობდა - პარლამენტში ყოფილიყვნენ თუ მის გარეთ. ეს თავიდანვე უნდა გაეთვალათ, ვიდრე განცხადებებს გააკეთებდნენ. ბუნებრივია, ოპოზიციისთვის სრული კატასტროფა იქნება, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება და შევიდეს პარლამენტში. ამიტომაც ახლა მთავარი სამართლებრივი საფეხურების გავლაა, რათა წელგამართული წახვიდე საბრძოლველად, ევროსასამართლო იქნება, ევროპარლამენტი თუ ევროკომისია.
- სასამართლო პროცესები მიდის და ფიქრობთ, რომ ოპოზიცია რამეს აკლებს?
- ჯერჯერობით სარჩელები შეტანილი აქვს სამოქალაქო სექტორს და არა ოპოზიციას. შეიძლება ერთი-ორი სარჩელი კი შეიტანეს, მაგრამ ოპოზიცია, ძირითადად, ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების იმედზეა, რაც მიუთითებს, რომ ოპოზიციამ არჩევნების დღეს შესაბამისად არ იმუშავა, რათა იურიდიული ბაზა შეექმნა დარღვევების დასაფიქსირებლად.
- რატომ ვერ შექმნეს ეს ბაზა?
- მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი იმდენად თავდაჯერებული იყო გამარჯვებაში, დილიდანვე დაიწყეს ზემოდან ყურებით ლაპარაკი, გადმოგვაბარეთ ხელისუფლებაო, და არ დაიწყეს დარღვევების დაფიქსირება.
ალბათ, იფიქრეს, ახლა რომ დარღვევების დაფიქსირება დავიწყოთ, არჩევნებს თუ მოვიგებთ, ეს "ოცნებამ" არ გამოიყენოს და უბნების გაუქმება არ დაიწყოსო. ამ განცხადებებით ოპოზიციის ლიდერებმა თითქოს დემოტივაციაც მოახდინეს, რადგან ერთ უბანზე კომისიის წევრი რომ ისმენს განცხადებას, მთელ საქართველოში ვიგებთო, ფიქრობს, მაინც ვიგებთ და ამ ჩემს ერთ უბანს ხომ არ შევაკვდებიო, და შესაძლოა რაღაცებზეც თვალი დახუჭა. საბოლოოდ შედეგად მივიღეთ ის, რომ ცალკე ოპოზიციამ და ცალკე "ოცნებამ" გამოაცხადა, რომ ორივე გამარჯვებულია, მაგრამ როდესაც გაიხსნა ყუთები, ოპოზიციას არ აღმოაჩნდა ის დარღვევები, რომლებიც, წესით, უნდა ჰქონოდათ. გარდა ამისა, ოპოზიციაში ყოველთვის იყო პრობლემა, რომ მათi კომისიის წევრებს უჭირდათ დარღვევების დაფიქსირება, არ ჰქონდათ შესაბამისი ცოდნა, რითიც სადამკვირვებლო მისიები არიან აღჭურვილი. როცა მე ვიყავი ოპოზიციაში, ასე იყო. კი ვასწავლიდით, მაგრამ მაინც უჭირდათ და სამოქალაქო სექტორის იმედზე იყვნენ. ყველა არჩევნებზე ასე ხდებოდა, მაგრამ ასე, საერთოდ არაფერი რომ არ დაწერილიყოს, ჩემი აზრით, ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ
კომისიის წევრებმა დაუჯერეს თავიანთ ლიდერებს, ჩათვალეს, რომ იგებდნენ და შეეშინდათ, საჩივრები რომ დაეწერათ, ამით "ოცნების" საქმე არ გაეკეთებინათ.
- დღეს ოპოზიცია პრობლემას რეალურად აფასებს?
- ოპოზიცია აფასებს იმ პრობლემას, რომ არჩევნები გაყალბებულია, ხვდება, რომ ამასთან შეგუება არ შეიძლება, მაგრამ რა გზები აქვთ დასახული, ეს არ ჩანს და ეს არის პრობლემა. ჯერ მიჰყვებიან დინებას და, ჩემი აზრით, სწორად იქცევიან, როცა მოკლევადიან მოლოდინს არ ქმნიან, რომ არ ამბობენ, ახლა გამოდით და ყველაფერს დავამთავრებთო. რასაც ადრე ოპოზიციაში ვუშვებდით ხოლმე, ისეთ შეცდომას არ უშვებენ, მაგრამ არ ვიცით, რას როგორ აპირებენ, გარდა იმისა, რომ პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
მე ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ რუსთაველის გადაკეტვით ან ქუჩებში სიარულით ხელისუფლებას დაარწმუნებენ, რაღაც უნდა მოხდეს გლობალურ დონეზე. ახლა გადასული არიან იმაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწოდონ მასალა, თუმცა რამდენად დამაჯერებელი იქნება, არ ვიცი. არასამთავრობო სექტორმა დაასახელა არჩევნების ფარულობის საკითხი და ეს ყველაზე სწორი მიდგომაა.
საია-მ აქცენტი სწორედ ამაზე გადაიტანა. როგორც ჩანს, სხვა საკითხებზე ვერ ხერხდება მტკიცებულებების შეგროვება, მათ შორის იმაზეც, რომ სხვისი პირადობის მოწმობებით აძლევდნენ ხმას. იმედია, ოპოზიციას მტკიცებულებები აქვს. როგორც ჩანს, მაინც იმას ელოდებიან, როგორი იქნება საერთაშორისო რეაქცია ანუ მიიღებენ თუ არა ევროპული ორგანიზაციები გადაწყვეტილებას "ქართული ოცნებისთვის" გარკვეული სანქციების დაწესების შესახებ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მალე იწყება წინასაახალწლო პერიოდი, საზოგადოებას პოლიტიკა დიდად აღარ აინტერესებს, სხვა საკითხზეა გადართული და ამიტომ სწორია, რომ ოპოზიცია ყველაფერს მოკლევადიან პერიოდზე არ თვლის. თუმცა, ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სასამართლოში შესატანი სარჩელის კარგად მომზადება.
- მართალია, კობახიძემ რამდენჯერმე ახსენა, რომ 2020 წლის ამბები აღარ განმეორდება, როდესაც ოპოზიცია ევროკავშირის შუამდგომლობით შევიდა პარლამენტში, მაგრამ რა შანსია იმისა, რომ დასავლეთმა დაიწყოს "ოცნებასთან", ასე ვთქვათ, დალაგება და მაშინ ოპოზიციას რა ელოდება?
- ამის ძალიან მცირე შანსს ვხედავ, რადგან ხელისუფლებამ დასავლეთთან ძალიან მოიჭრა თავი. ჩემი აზრით, ურთიერთობა გაცივდება და არავინ მოინდომებს აქ ჩამოსვლას და ჩვენი შიდა ვითარების დალაგებას. ერთხელ გააკეთეს, 2020-ის ამბებს ვგულისხმობ, და ნახეს, რომ ამან შედეგი არ მოიტანა. დასავლეთისთვის შედეგი არის პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, ნორმალური დიალოგის ფორმატის შექმნა. "ოცნებამ" კი რაც გააკეთა, დასავლური პოლიტიკისთვის ხელის კვრა იყო. ამიტომაც მგონია, რომ ამას აღარ გაიმეორებენ, მით უმეტეს, 2020-ისა და ეს არჩევნები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და დასავლეთსაც ძალიან მკაფიო დამოკიდებულება აქვს. რა თქმა უნდა, თუ არ იქნება მტკიცებულებები, სამართლებრივად იმოქმედებს პრინციპი, თუ არ დაიჭირე, ქურდი არ არის, მაგრამ პოლიტიკურ დამოკიდებულებაში ეს არ მოქმედებს. როდესაც ყველამ იცის, რომ შენ ხარ გამყალბებელი და პლუს ქვეყანა რუსეთისკენ მიგყავს, ასეთ ვითარებაში დასავლეთს რა არგუმენტი უნდა ჰქონდეს, რომ შენი ინტეგრირების პროცესი განაგრძოს? პასუხი ცალსახაა - არანაირი და ამიტომ ურთიერთობა იქნება ცივი. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ამ წელს უკვე ერთი მილიარდი დავხარჯეთ ლარის გასამყარებლად და კიდევ ერთი ასეთი ზალპის გასროლამ თუ მოუწია "ოცნებას", არის საფრთხე, რომ ქართული ეკონომიკა, რომელიც დღეს დიდწილად არის დასავლეთზე დამოკიდებული, ძალიან მძიმედ შეირყეს.
- პოლიტიკური კრიზისის პიკი რა შეიძლება გახდეს?
- პოლიტიკური კრიზისი უკვე არის. თუ პარლამენტი შეიკრიბება, ის იქნება ერთპარტიული, ქვეყანაში იქნება პროტესტი, დასავლეთთან ურთიერთობა ვერაფრით ვერ ლაგდება და ამას კობახიძის ეს ვიზიტიც ადასტურებს. რაც დრო გავა, ეს ვითარება, უფრო დამძიმდება. ხელისუფლებას, როგორც ჩანს, იმედი აქვს, რომ "ბარტყები" ჰყავს გადასაგდები. მაგალითად, იტყვის, რომ აგენტების კანონს გაიწვევს, კიდევ რაღაც სავაჭრო თემები ექნება დატოვებული, რითაც ცოტა ხნით შეიძლება სცადოს რაღაცების მოგვარება, მაგრამ რეალურად "ქართული ოცნება" სტრატეგიულად დასავლეთისგან განწირულია. ისინი "ოცნებას" სანდო პარტნიორად აღარასოდეს მიიღებენ.
რუსა მაჩაიძე