ვინ ვის რას დაუმტკიცებს ანუ ჩანს თუ არა პოლიტიკური კრიზისის დასრულების კონტურები?! - კვირის პალიტრა

ვინ ვის რას დაუმტკიცებს ანუ ჩანს თუ არა პოლიტიკური კრიზისის დასრულების კონტურები?!

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, საერთაშორისო საზოგადოება კი საარჩევნო დარღვევების გამოძიებას ითხოვს. ზოგიერთ ექსპერტს თუ მომხრეს შეცდომაში შეჰყავს მოქალაქეები, როდესაც­ აცხადებს, რომ თითქოს დასავლეთმა არჩევნების შედეგები არ აღიარა. ასე არ არის - ევროპის დედაქალაქებში ელოდებიან, როგორ განვითარდება მოვლენები.

თუ ოპოზიცია დაამტკიცებს, რომ დარღვევები აისახა საარჩევნო შედეგზე, სავარაუდოდ, დასავლეთის რეაქცია მკაცრი იქნება. მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში კი არჩევნებს არავინ გამოაცხადებს არალეგიტიმურად, როგორც არ უნდა გულშემატკივრობდნენ გარკვეული პოლიტიკური წრეები ამა თუ იმ ძალას.

როგორ დასრულდება გამოძიება?!

ოპოზიციის ლიდერებმა პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს და მაგისტრ-მოსამართლის თანდასწრებით­ იკითხებიან. კი ბატონო, ეს მათი ნებაა. პროკურორი ამბობს, რომ ოპოზიციონერებმა ფაქტები ვერ დადეს, პოლიტიკოსები­ აცხადებენ, რომ რკინის არგუმენტებით არიან შეიარაღებული. ჩვენ ვერც პროკურატურის ადვოკატებად გამოვდგებით და ვერც პოლიტიკოსების. თუმცა ერთია გაგონილი ეჭვები, ვერსიები და ირიბი მტკიცებულებები და მეორე - მყარი ფაქტები. მაგალითად, თუ ვინმე მოისყიდეს ან დააშინეს და ასე მიაცემინეს ხმა, ეს იურიდიულ არგუმენტს მხოლოდ მას შემდეგ შეიძენს, თუ მოსყიდულ-დაშინებული ოფიციალურად­ იტყვის ამას ან მომსყიდველ-დამშინებელი; ან იქნება პირდაპირი ვიდეო-აუდიომტკიცებულება (რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელი იქნება), როდესაც, მაგალითად­, პეტრე ეუბნება პავლეს - აჰა, შენ ასი ლარი და ესა და ეს ნომერი შემოხაზეო, ასეთი პეტრე-პავლეს მტკიცებულებები ბევრი უნდა იყოს, რათა საბოლოოდ გამოვლინდეს (როგორც ოპოზიცია ამტკიცებს), რომ მოსყიდვების ან დაშინების მასშტაბმა გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე.

ასევე უნდა იყოს დადასტურებული ის, რომ საჯარო მოხელეებისა თუ მათი ახლობლების პირადი ნომრები გამოყენებული­ იყო საარჩევნო მიზნებისთვის. ეს ასევე პირობითმა "პეტრემ ან პავლემ" უნდა თქვას. რაც შეეხება ფარულობის დარღვევას (მარკერის სითხე რომ ჟონავდა), კი ბატონო, ეს არის არგუმენტი, თუმცა აქაც დასადასტურებელია: მოახდინა თუ არა ამან ისეთი გადამწყვეტი გავლენა ცესკოს გამოცხადებულ საბოლოო შედეგზე, რომ ახალი არჩევნებია ჩასატარებელი.

მყარი მტკიცებულებების გარეშე, სხვა ყველაფერი ლირიკა, ეჭვები და ვერსიებია,­ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს ოპოზიციისა და მათი მომხრეებისთვის. გარდა ამისა, ჩვენს ბევრ მოქალაქეს, ამხელა­ ინფორმაციის მორევში (ზოგიერთი ინტერპრეტირებული), ვერ გაურკვევია, ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა 26 ოქტომბერს?! პოლიტიკოსებმა (ხელისუფლება იქნება თუ ოპოზიცია) პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეები უნდა დაარწმუნონ თავიანთ სიმართლეში. შესაბამისად, ადრეც ვწერდით­ და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - თუ ოპოზიცია თავის სიმართლეში დარწმუნებულია, შექმნას ერთიანი სივრცე (მაგალითად, საიტი), სადაც ატვირთავენ დარღვევის ყველა ფაქტს და საზოგადოება თავად შეაფასებს, ეს რკინის არგუმენტია თუ ეჭვებზე დაფუძნებული ვერსიები. ეპიზოდური კომენტარებითა და თავისივე კოტროლირებად ტელევიზიებში გულზე მუშტების ბრახუნით პოლიტიკოსები ფონს ვერ გავლენ.

ასევე, ხელისუფლებამ, თუ ის თავის სიმართლეშია დარწმუნებული, ყველანაირად ხელი უნდა შეუწყოს გამოძიებას და რაც მთავარია, გამჭვირვალე გახადოს. შესაძლოა მმართველ გუნდს ოპოზიციის ზოგიერთი მოთხოვნა აბსურდად და პროვოკაციად ეჩვენება, მაგრამ... მათთვის ყველა კარის გახსნითა და ინფორმაციის ყველა დონეზე დაშვებით, დაადასტურებს, რომ დასამალი არაფერი აქვს. გარდა ამისა, რა იმიჯურ დარტყმას მიაყენებენ ოპოზიციას, ამას, ალბათ, ახსნა არ სჭირდება.

რაც შეეხება გამოძიებაში უცხოელი ექსპერტების ჩართვას, რასაც ოპოზიცია ითხოვს და "ოცნება" არ ეთანხმება - დღეს ხელისუფლებასა და დასავლურ პოლიტიკურ წრეებს შორის ისეთი ხიდჩატეხილობაა, ძნელია დაარწმუნო "ოცნების" რომელიმე წარმომადგენელი, რომ უცხოელები­ ობიექტურები იქნებიან. ამის მაგალითი ჰქონდათ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით (შეიძლება არასწორი შედარებაა, მაგრამ მაინც...), როდესაც უცხოელმა ექსპერტებმა ისეთი "დიაგნოზები" დასვეს, რომ მიშა უკვე ბევრს გადადებული ეგონა. ეს იყო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგო­მარეობასთან დაკავშირებული ევროკავშირის ქვეყნების დემარში. თუმცა დღეს პატური სიტუაციაა - ხელისუფლება არ ცნობს ოპოზიციის არგუმენტებს, ოპოზიცია კი არ ცნობს პროკურატურის გამოძიებას. ასეთ შემთხვევაში,­ უცხოელი ექსპერტები გამოსავალი იქნებოდა (ევროკავშირიდან და ამერიკიდან). ოღონდ თუ "ოცნება" და ოპოზიცია მათ ერთობლივად შეარჩევენ ან ასეთი პრინციპით - 5 "შენი", 5 "ჩემი".

თუმცა დღევანდელ რეალობაში ეს ფანტასტიკის ისეთი სფეროა, რომ თქვენს მონა-მორჩილსაც კი გაეცინა.

რატომ უბრაზდებიან ოპოზიციას?!

ამ სტატიის ავტორი აღქმებით ნამდვილად არ საუბრობს, არამედ ეყრდნობა­ თავის მეგობარ-ახლობლების განცდებს, რომლებიც ოპოზიციის ორ დიდ აქციაზე იყვნენ. ბევრი მათგანი აქციაზე წასვლას მეტად არ აპირებს.

პირველ რიგში, უბრაზდებიან იმიტომ, რომ არჩევნების წინ არწმუნებდნენ, არიქა, მობილიზაცია გვაქვს, ერთმანეთთან კოორდინაცია, ყველაფერი წინასწარ გვაქვს გათვლილი და თქვენს ხმებს დავიცავთო. შემდეგ კი თქვეს, ბოდიში, გაგვიყალბეს, ჩვენ კი გავიმარჯვეთ, მაგრამ ახლა თქვენ (ანუ ამომრჩეველმა) უნდა დაიცვათ ჩვენი გამარჯვებაო. არადა, პირიქით უნდა იყოს - პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დაიცვას ამომრჩევლის ხმები.

პარლამენტის წინ გამართულ ბოლო აქციაზე ოპოზიციის მომხრეებმა მოისმინეს 90-იანი წლებიდან გადმოყოლილი ლექსიკა ანუ ტრაფარეტული სადღეგრძელოები, რამაც მოქალაქეები გააღიზიანა. გარდა ამისა­, ზოგიერთი მათგანი ითხოვს აქტიურ ქმედებებს, გეგმას და არ აკმაყოფილებთ მსვლელობები.

თუმცა, მოდი, ამ ყველაფერს შევხედოთ ოპოზიციის ლიდერების თვალით. რა გეგმა უნდა დაედოთ მათ არჩევნების შემდეგ - ვგულისხმობთ ქუჩის აქციებს და არა, მაგალითად, ელჩებთან შეხვედრას ან მტკიცებულებების შეგროვებას. არის რადიკალური­ გზა, რაზეც ახლა არ დავკონკრეტდებით, რაც ქვეყანას მიიყვანს ძალიან სახიფათო ზღვრამდე და ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ამას მხარს არ დაუჭერს. ამან ნებისმიერ დროს შეიძლება მიიღოს ისეთი ფორმები, რომ უკან დაგვრჩეს არჩევნებიც, უმრავლესობაც და ოპოზიციაც. არის მშვიდობიანი პროტესტის გზა. აბა, სხვა რა ახალი გეგმა უნდა მოეფიქრებინა ოპოზიციას?!

მათი მთავარი გეგმა, როგორც ჩანს, იმ დღეს მობილიზაციის გამოცხადებაა, როდესაც პარლამენტმა საკუთარ თავს ლეგი­ტიმაცია უნდა მისცეს და მცდელობა, არ შეუშვან "ოცნების" წევრები საკანონმდებლო­ ორგანოში. თუმცა ამას სჭირდება მხარდამჭერების დიდი რაოდენობა და ასევე სახიფათო ზღვრამდე მიახლოებული პროცესია. გარდა ამისა, ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში უნდა დარჩნენ ანუ არ შევიდნენ პარლამენტში.

თუმცა ჟონავს ამბები, რომ ყველას არა აქვს ერთიანი აზრი და არცთუ ისე ცოტას თვალი პარლამენტის სხდომათა დარბაზისკენ უჭირავს. მოკლედ, ამ დღეებში ბევრ საინტერესო ამბავს ვნახავთ.

ბოიკოტების ისტორია - ვინ მოიგო და ვინ წააგო?

პირველად ოპოზიციამ ფართომასშტაბიანი ბოიკოტი გამოაცხადა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა (ის არჩევნები მართლაც იყო ერთ-ერთი სკანდალური საქართველოს უახლოეს ისტორიაში) და პარლამენტში არ შევიდოდნენ. ოპოზიციის მთავარი გეგმა იყო, არ დაეშვათ პარლამე­ნტის პირველი სხდომის ჩატარება, რომელიც, მათი ინფორმაციით, 10 ივნისს იყო დანიშნული. თუმცა პარლამენტი 7 ივნისს დილით შეიკრიბა და უპრობლემოდ ცნო თავისი ლეგიტიმაცია. ოპოზიციის ლიდერებმა ვერც რეაგირება მოასწრეს და ვერც ხალხის მობილიზება. "გაერთიანებული ოპოზიციის", რომელიც მაშინ სააკაშვილის პარტიის მთავარი­ კონკურენტი იყო, ლიდერებმა პარლამენტის წინ დაჭრეს საკუთარი მანდატები. თუმცა პარლამენტი ოპოზიციის გარეშე არ დარჩენილა. ჯერ ქრისტიან-დემოკრატები შევიდნენ, შემდეგ კი ამ მანდატდაჭრილი ლიდერებიდან ოთხი კაცი. და მორჩა კინო!

ბოიკოტის მეორე მცდელობა 2020 წელს იყო. მაშინაც ამ სცენარით წარიმართა მოვლენები - არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი, აქციები და ბოიკოტი. თუმცა­ ერთიანობა მაშინაც ვერ შეინარჩუნეს. "გირჩები" და "მოქალაქეები" აღარც მალავდნენ, რომ პარლამენტში შესვლა უნდოდათ. ბევრ თქვენგანს ემახსოვრება მაშინდელი პერიპეტიები - შარლ მიშელის ჩამოსვლა, გაუთავებელი შეხვედრები­ ელჩებთან, რაც საბოლოოდ ოპოზიციის პარლამენტში შესვლით დასრულდა.

ვნახოთ, განმეორდება თუ არა ისტორია 2024 წელს. ყოველ შემთხვევაში, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ძალიან­ ძნელია­ თქმა, რომ ოპოზიცია ბოიკოტის საკითხში სრულ ერთიანობას შეინარჩუნებს. ასევე, ძნელია იმის მტკიცება, რომ ოპოზიცია იმდენი მხარდამჭრის მობილიზებას მოახდენს, რომ ხელისუფლებას შეეშინდება­ და ახალ არჩევნებს დანიშნავს.

უფრო რეალისტური სხვა სცენარი ჩანს. ბოლო პერიოდში დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერები აქცენტებს აკეთებენ არა იმდენად საარჩევნო დარღვევების შესწავლაზე, რამდენადაც ისევ და ისევ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებული კანონების გაუქმებაზე (ეს აქცენტები იყო შოლცის, მაკრონისა და ტუსკის ერთობლივ განცხადებაში). შესაბამისად, რჩება შთაბეჭდილება - თუ "ოცნებამ" ეს კანონები გაიწვია, დასავლეთი ურთიერთობების შედარებით ნორმალიზებას მოახდენს და ოპოზიციასაც "დაჟინებით" ურჩევს, რომ პარლამენტში შევიდნენ. ოპოზიციაც "გაითვალისწინებს" რჩევას, როგორც 2020 წელს.

თქვენი მონა-მორჩილის აზრით, დღეს ევროკავშირს არ აწყობს დამატებითი კონფრონტაციები და დაძაბულობის კერები თუნდაც პატარა საქართველოსთან. თავად­ უსერიოზულესი და გეოპოლიტიკური მასშტაბის გამოწვევების წინაშე დგას, რომლის სახელია დონალდ ტრამპი.

გიორგი კვიტაშვილი