"საქართველო არის ესე"
1 ივნისი წმიდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეა
ქართლისაკენ რომ წამოემართა, ამ ქვეყნის შესახებ მხოლოდ ის იცოდა თავისი გამზრდელისაგან, რომ ეს იყო "ქვეყანა ჩრდილოისაი", რომელმაც საკუთარი მიწის წიაღში მიიღო კვართი უფლისა. ამიტომაც ამ მიწაზე ფეხის დადგმა და კვართის მოლოცვა მის უდიდეს სურვილად ქცეულიყო, რომლის ასრულებასაც დღენიადაგ შესთხოვდა ლოცვებში უფალს. როდესაც დედა ღვთისა გამოეცხადა და აუწყა, რომ მის გზა-სავალს ქართლისაკენ აკურთხებდა უფალი, ოღონდ ეს გზა უნდა გაევლო, როგორც მოციქულს ღვთისას, რათა უფლის სიტყვა კიდევ ერთხელ ექადაგა ყოვლადწმიდა მარიამის წილხვედრი ხალხისათვის, მისი გული შეშფოთებამ და ძრწოლამ აავსო - კი მაგრამ, განა ძალ-ედვა 16 წლის ქალწულს, მონასტერში განკრძალულად აღზრდილსა და მლოცველს, ეტვირთა მოციქულის ჯვარი და ქცეულიყო სულიწმიდის ქნარად?! მისი სულიერი შფოთი ღვთისმშობელმა გაფანტა - უბოძა ჯვარი ვაზისა და აღუთქვა, რომ ამ მძიმე გზას მასთან ერთად გაივლიდა და გაუიოლებდა სავალს.
წმინდა ნინომ კურთხევა აიღო იერუსალიმის პატრიარქისგან იობენალისგან, რომელიც მისი დედის ძმა იყო, და რიფსიმესთან, გაიანესა და მათ ორმოცდაათ თანამოღვაწესთან ერთად დაადგა გზას. ისინი სომხეთში მიდიოდნენ. ამიტომაც წმ. ნინოც ჯერ სომხეთში ჩავიდა, მაგრამ, რიფსიმესა და გაიანეს მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ, მარტომ განაგრძო გზა, ფარავნის ტბას მიუახლოვდა და ჯავახეთის მთებით შემოვიდა საქართველოში. ვარდობისთვე იდგა, "ვარდი და ნუში ყუაოდაო მას ჟამსა" - გვამცნობს მატიანე, მაგრამ ვარდის ყვავილობის ჟამს თოვლით დაფარული მთების ხილვამ გააოცა და შეაძრწუნა ქალწული.
ქართლში კი არმაზის დღესასწაულს ზეიმობდნენ- სადღესასწაულოდ მორთული მცხეთაც საზეიმო პროცესიითა და ზარ-ზეიმით შეეგება წმინდანს. ატირდა ამ უგუნურების შემყურე ნინო და ცრემლებით შესთხოვა უფალს, დაენახებინა მოზეიმეთათვის უძლურება და უსუსურება კერპთა. შეისმინა უფალმა და ქარმა და სეტყვამ შემუსრა კერპები, დაამხო და ნასმხვრევებად აქცია ისინი. "ქუხილსა და გრიგალში, თვალისმომჭრელ გაელვებებში გადაიშალა პირველი ფურცელი საქართველოს ქრისტიანული მატიანისა, ისეთივე დიდებულისა, როგორიც თავად კავკასიონის ბუნებაა" (არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი). წმინდა ნინო წმინდა გიორგის ნათესავი იყო და ორთაბრძოლაში "ისევე დაამარცხა არმაზის კერპი, როგორც წმინდა გიორგიმ - ურჩხული " (არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი).
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო - ჯერ აღსასრულებელი იყო ამაზე აღმატებული და უმთავრესი სასწაული და მისია აქ მოვლინებისა - მოქცევა ქართლისა. წმინდა ნინომ მირიან მეფის მებაღესთან შეჩერდა, სამეფო ბაღის კიდეში თიხით გაპოხილი ტოტებისგან კარავი აიშენა და იქ დამკვიდრდა: მიწაზე დაგდებული ნაბდის ნაგლეჯი უწევდა სარეცლის მაგივრობას, ლოცვად დამდგარს შემოათენდებოდა ხოლმე და მხოლოდ გამთენიისას თუ მიიძინებდა მცირე ხნით. ბერძნულ ქრონოლოგიაში წმინდა ნინო ნონად იწოდება, რაიც მონაზონსა და მეუდაბნოეს ნიშნავს, უდაბნო კი "მონაზვნის გულში ქრისტესთან შეხვედრის ადგილია" (არქმინადრიტი რაფაელი). მონაზვნური წესითა და მოციქულებრივი ღვაწლით მცხოვრებს უფლის ძალის გამოცხადება სდევდა მოწმედ და ნუგეშად: მასთან მისული სნეული კურნებას იღებდა, უშვილო-შვილს, ბრმა-თვალისჩინს... "წმინდა ნინოს გამორჩეულობა სასწაულებისა და კურნების ნიჭით დაიბეჭდა, მაგრამ ახალგაზრდა ქალწულის მიერ ქვეყნის მოქცევა ყველაზე დიდი სასწაული იყო" (არქიმანდრიტი რაფაელი).
ქვეყნის მოქცევას კი დედოფალ ნანას გაქრისტიანება და ამის გამო განრისხებული მირიან მეფის მუქარა უძღოდა წინ. სიკვდილს უქადდა ნადირობიდან დაბრუნების შემდეგ საკუთარ ცოლსა და მის მშველელ უცხო ქალს მეფე, მაგრამ მზე დაუბნელდა ნადირობისას მთაზე მირიანს და, ფიზიკური მზის დაბნელებამ, სულიერი მზე აპოვნინა-ერთადერთი ჭეშმარიტი მზე, ქრისტედ რომ უხმობდა იერუსალიმიდან მოსული ქალწული.
ბერძენი ქრონოგრაფების ცნობით, საქართველო 318 წელს გაქრისტიანდა. ქართლის ცხოვრება 326 წლით ათარიღებს ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას.
არაგვში მოინათლნენ ქართველები - არამარტო ქართლელები, სრულიად საქართველო. მეფე მირიანისა და დიდებულთა ნათლობის ადგილს "თავადთა ემბაზი" უწოდეს, უფრო ქვევით კი თავად ხალხი მოინათლა და მცხეთაც მეორე იერუსალიმად იქცა.
წმინდა ნინო ქართველთა სულიერ დედად იქცა, რომელმაც ქრისტეში შვა მთელი ჩვენი ერი თავის აწმყოთი და მომავლით- "ის საქართველოს გულშია და საქართველოა მის გულში" (არქიმანდრიტი რაფაელი).
მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისათვის)