რუსული ოლიგარქიული ექსპანსია აფხაზეთში „ძალაში შედის“
კრემლი ჩქარობს, რომ აფხაზეთის სრული ეკონომიკური ექსპანსია წელს მოამთავროს, რის გამოც აფხაზეთში მღელვარება არ ცხრება. სოხუმში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ წითელი საღებავებით გაჩნდა წარწერები: "ხალხის მოღალატეები"... "თავისუფლება აფხაზეთს". პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის ხელისუფლებამ დე ფაქტო მთავრობასთან გააფორმა აფხაზებისთვის კაბალური ე.წ. საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც აფხაზეთში რუსი ოლიგარქებისთვის უპრეცედენტო შეღავათებს ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების გაფორმებაზე იძულება პირდაპირ კრემლიდან მოდის, აფხაზეთში მოსკოვის ღია კრიტიკას ვერავინ ბედავს. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი აცხადებენ, რომ ასლან ბჟანია რუს ოლიგარქებს გაურიგდა და სისხლით მოპოვებული აფხაზური მიწა გაყიდა, ამიტომ მოღალატე ბჟანიას და რუსულ ოლიგარქიულ ექსპანსიას ბრძოლა უნდა გამოუცხადონ.
რამდენიმე დღის წინ ოპოზიციამ შექმნა ერთიანი შტაბი, რომელმაც ამ შეთანხმების საბოლოო დამტკიცებას უნდა შეუშალოს ხელი და არ დაუშვას დე ფაქტო პარლამენტში დოკუმენტის რატიფიცირება. პარალელურად, დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერი ტელეგრამარხები ავრცელებენ ნარატივს, რომ ოპოზიცია ანტირუსულ განწყობებს ახალისებს და აფხაზი ხალხისა და რუსეთის ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის.
რუსული ილიგარქიული შეთანხმება
30 ოქტომბერს აფხაზეთს დე ფაქტო მთავრობამ მოსკოვში ხელი მოაწერა კრემლის მოთხოვნილ კიდევ ერთ შეთანხმებას "რუსი იურიდიული პირების მიერ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ", რომელსაც აფხაზი ოპოზიცია და ბიზნესმენები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. დოკუმენტს ხელი ე.წ. ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად, რუსი ბიზნესმენი, რომელიც აფხაზეთში 2 მილიარდი რუბლის ინვესტიციას ჩადებს, გადასახადებისგან გათავისუფლდება. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა იღებს ვალდებულებას, ინვესტორს მიაწოდოს საჭირო მიწის ნაკვეთები და მუშახელი სხვა ქვეყნებიდან; გარდა ამისა, ამ ბიზნესებს რუსული ბანკის ფილიალი მოემსახურება. აფხაზეთი ამ ბიზნესიდან არც ერთი რუბლის მოგებას არ ნახავს, თავად აფხაზ ბიზნესმენებს კი შეღავათები არ ექნებათ - ისინი ჩვეულებრივად გადაიხდიან გადასახადებსაც და ვერც რუსული ბანკებიდან დაბალპროცენტიანი სესხით ისარგებლებენ. გარდა ამისა, ინვესტიციები შეეხება, ძირითადად, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის დარგებს, იმ მიმართულებებს, სადაც ფული იშოვება.
ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოდიან აფხაზი ბიზნესმენებიც, რომლებიც, როგორც წესი, ამჯობინებენ პოლიტიკაში არ ჩაერთონ. მაგალითად, უმსხვილესი აფხაზური მობილური კომპანია "აკვაფონის" აღმასრულებელი დირექტორი ალხაზ არგუნი შეთანხმებას თაღლითურს უწოდებს: "თუ ინვესტორს პრობლემები შეექმნება, მაგალითად, სესხის დაფარვაში, რუსული ბანკი მიიღებს აფხაზურ მიწას და ყველაფერს, რაც მასზეა გაფორმებული. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მიზანმიმართულად გაკეთდეს, სწორედ ამ მიზნით. ინვესტორი მიიღებს უზარმაზარ სესხს, ბანკი სესხის საფასურად - მიწის ნაკვეთს ყველა ობიექტით, გადაწყვეტილებას რუსული სასამართლო მიიღებს, აფხაზური მხარე კი შეასრულებს და გადაიხდის. ამ სქემაში მე ვხედავ მხოლოდ ერთ დაზარალებულ მხარეს - აფხაზეთს".
ბიზნესისა და "ქვეყნის" გადასარჩენად ერთიან პროტესტს აანონსებენ ოპოზიციაშიც. სოხუმში ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს ერთიანი შტაბის შექმნა, რომლის მიზანი ამ შეთანხმების რატიფიცირების დაუშვებლობაა.
ოპოზიციონერი ნატალი სმირის თქმით, "მთავრობას" თავის ხალხთან ეკონომიკური ომი აქვს: "რამდენად აფასებენ სამშობლოს? მათთვის 30 ვერცხლი ღირს!"
ეკონომისტი ახრა არისტოვა: "საიდან მოდის ეს სურვილი, რომ მსხვილი უცხოელი ბიზნესმენებისთვის აბსოლუტური შეღავათები დავაწესოთ, როცა ამდენი გაჭირვებული მოქალაქე გვყავს? როგორ შეიძლება შეღავათები და პრივილეგიები მიანიჭოთ იმ დროს, როცა პენსიონერებს და ინვალიდებს მედიკამენტების შეძენის საშუალებაც კი არა აქვთ?"
კან კვარჩია, ოპოზიციონერი "დეპუტატი": "თუ მზად იყავით 30 ათასი აპარტამენტის მშენებლობას შესწინააღმდეგებოდით, ამ შეთანხმებასაც უნდა დაუპირისპირდეთ, რადგან აქ არის ერთი დაფარული ფრაზა - "მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობა" და ეს ნიშნავს, რომ არათუ 30 ათასს ააშენებენ, არამედ ნებადართული იქნება შეზღუდვების გარეშე აშენდეს იმდენი, რამდენიც სურთ".
ლევან მიქაა, ოპოზიციონერი: "ჩვენი მეწარმეები არახელსაყრელ პირობებში აღმოჩნდებიან, რადგან შეღავათები მიენიჭებათ ექსკლუზიურად მსხვილ უცხოელ ინვესტორებს, ხოლო ეროვნული ბიზნესის მხარდაჭერა, უკანა პლანზე იქნება. გარდა ამისა, რუსულ ბანკს ექნება უფლება, ბანკში დაგირავებული მიწა მესამე პირებს გადასცეს. ბჟანია ოლიგარქების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და საფრთხეს უქმნის ჩვენს მიწასა და სუვერენიტეტს".
"რუსები აფხაზებს თავგასულობისთვის სჯიან"
ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: - ბიჭვინთის აგარაკების გასხვისების შემდეგ დე ფაქტო კანონში შეიტანეს ცვლილება და ყველა ე.წ. საერთაშორისო ხელშეკრულებას "პარლამენტის" რატიფიცირება სჭირდება. თუმცა ამჯერად ინვესტიციების შესახებ ხელშეკრულებას ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრმა ისე მოაწერა ხელი, "პარლამენტს" თანხმობა არ მიუცია. ხელშეკრულება ითვალისწინებს უკიდეგანო უფლებების მიცემას რუსი ინვესტორებისთვის, ამ დროს კი არანაირი შეღავათები არა აქვთ აფხაზებს, რაც მათ ბიზნესს გააკოტრებს.
აფხაზები ამბობენ, რომ "ინვესტიციების შესახებ" კანონი წლებია არსებობს და ეს საკმარისია იმისთვის, რომ რუსებმა ინვესტიციები განახორციელონ, მაგრამ ამ წლების განმავლობაში აფხაზებმა არაერთ რუს ბიზნესმენს წაართვეს ქონება და გააძევეს აფხაზეთიდან. ამიტომ რუსი ინვესტორები ამბობენ, რომ დაცვა და დამატებითი შეთანხმება სჭირდებათ. რუსები ამ ხელშეკრულებით აფხაზებს თავგასულობისთვის სჯიან.
- თუკი ეს შეთანხმება აფხაზეთს მოგებას არ მოუტანს და პირიქით, ბევრს გააკოტრებს, რატომ ჩქარობს ბჟანია დოკუმენტის გატანას, მით უმეტეს, გაზაფხულზე დაგეგმილ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე ბჟანიას აფხაზების მხარდაჭერა სჭირდება?
- გავიხსენოთ, როგორ მოვიდა ბჟანია დე ფაქტო პრეზიდენტად - ე.წ. არჩევნების წინ ორჯერ მოწამლეს და ძლივს გადარჩა. როგორც ჩანს, ძალიან ეშინია, მსგავსი რამ კიდევ არ მოხდეს, ამიტომ ძალიან ცდილობს რუსეთს მოაწონოს თავი და აჩვენოს, რომ აფხაზეთში რუსეთის პოლიტიკის საუკეთესო გამტარებელია. ამით სურს კრემლის მხარდაჭერა მოიპოვოს მეორედ "გასაპრეზიდენტებლად". თუმცა ბჟანია ძალიან ცდება, აფხაზეთში "არჩევნები" ისე არ ტარდება, როგორც რუსეთში. მხოლოდ რუსეთის მხარდაჭერა არ კმარა, საზოგადოების განწყობაზე ბევრია დამოკიდებული. ეს კარგად იცის ოპოზიციამ, ამიტომ აქტიურობს. ისინი აკრიტიკებენ ბჟანიას, მაგრამ არსად ამბობენ, რომ რუსეთის წინააღმდეგნი არიან. პირიქით, ამბობენ, რომ ბჟანიამ თავისი პოლიტიკით გააფუჭა რუსულ-აფხაზური ურთიერთობები და როცა თავად მოვლენ "ხელისუფლებაში", ამას გამოასწორებენ.
აფხაზეთში სულ 6 ბანკია და დე ფაქტო პარლამენტს მიმართეს, რატომ არის დაუშვებელი ამ შეთანხმების ხელმოწერა. ასე რომ, აფხაზეთში საქმიანი წრეებიც ძალიან უკმაყოფილონი არიან. ამ ხელშეკრულებით რომ მთავრდებოდეს ეკონომიკური ექსპანსია, შეიძლება ამხელა პროტესტი არ ყოფილიყო, რადგან ახლახან მშვიდად ჩაიარა სასამართლოებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებამ. ასევე მოხდებოდა ამ შემთხვევაშიც, მაგრამ ხალხმა იცის, რომ ყველაფერი აპარტამენტების კანონის ისევ შემოღება-დამტკიცებამდე და შავი ზღვის სანაპიროს რუსეთის ხელში გადასვლამდე მივა და ეს მათთვის უკიდურესად მიუღებელია.
"აფხაზეთში რუსი ოლიგარქების სრული განუკითხაობა გავრცელდება"
პაატა ზაქარეიშვილი, ყოფილი რეინტეგრაციის საკითხების სახელმწიფო მინისტრი: - რუსეთი პრინციპულად მოითხოვს აფხაზებმა დათმონ უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობა რუსი ოლიგარქებისთვის. დე ფაქტო ხელისუფლებაც იღებს ვალდებულებას, რომ რუსი ინვესტორები, რომლებიც 2 მილიარდ რუბლს ჩადებენ მათ ეკონომიკაში, გათავისუფლდებიან გადასახადებისგან და ექნებათ განსაკუთრებულზე განსაკუთრებული უფლებები, რაც არა აქვთ აფხაზ ბიზნესმენებს. ყველანაირად ჩანს, რომ ამ ხელშეკრულებით მთლიანად განადგურება ისედაც ჩანასახურ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესი და აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება რუსი ოლიგარქების სრული განუკითხაობა.
- აფხაზეთში გაზაფხულზე დე ფაქტო არჩევნებია და რაში სჭირდება ბჟანიას მოსახლეობის რისხვა.
- ბჟანია არაფერს კარგავს. იქნება თუ არა "პრეზიდენტი" ამის გარანტია არა აქვს, სამაგიეროდ, შეკრულია რუს ოლიგარქებთან და სერიოზული მხარდაჭერა აქვს. ამ გარიგებით, სადაც ბჟანია ითვალისწინებს მხოლოდ რუსი ოლიგარქების ინტერესებს, ის კარგად დასაჩუქრდება, თუკი უკვე არ არის დასაჩუქრებული. ალბათ, ბინებს მიიღებს რუსეთის ტერიტორიაზე, მისმა გუნდმა უკვე მიიღო შეღავათიანი სესხები რუსული ბანკებისგან, მათ შორის ალექსანდრე ანქვაბმა, ქრისტინა ოზგანმა და რატომაც არა, ყოველთვის ხომ არ იქნებიან "ხელისუფლებაში"?! ბჟანია აფხაზეთში ძალზე არაპოპულარულია და, დიდი ალბათობით, წააგებს "არჩევნებს". რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს, რომ მოიგოს და გააგრძელოს თავისი ჯიბის პოლიტიკა, მაგრამ თუ წააგებს, დიდად არ იდარდებს. წაუგებელ თამაშს თამაშობს - თუ მოიგებს, გაგრძელდება ეს პოლიტიკა, თუ წააგებს - ფული შერჩება, წავა რუსეთში და იცხოვრებს.
ყველაფერი იქით მიდის, რომ ამ ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდება, ოპოზიცია ვერ შეძლებს ამის შეჩერებას და ამის შემდეგ უფრო შეუტევენ ბჟანიას გუნდს. აფხაზეთში ყველა ცდილობს კრემლს არ დაარტყას და ერთმანეთთან მოახერხონ ანგარიშსწორება. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ დე ფაქტო არჩევნებამდე ისევ შემოაბრუნონ აპარტამენტების კანონიც. რუსეთი სწორედ ამისთვის ემზადება, რადგან არ იცის, დე ფაქტო არჩევნების შემდეგი პერიოდი როგორი იქნება. რაკი ბჟანია სანდო პარტნიორი აღმოჩნდა რუსეთის ეკონომიკური ინტერესებისთვის, ეცდებიან მაქსიმალურად გამოიყენონ და მერე მაქსიმალურად დაიცვან - გადამალონ რუსეთში.
ისეთ დიდ წინააღმდეგობას, როგორიც ზაფხულში აპარტამენტების კანონზე იყო, ახლა არ ველოდები. ზამთარი მოდის, შუქის გამორთვა უკვე დაიწყო, ხალხი ამის გამო გამწარებულია, თან საშინელი სიღარიბეა და არ სცალიათ გარეთ გამოსასვლელად. სამწუხაროდ, არჩევანსაც ვერ ხედავენ. აფხაზეთში ორი მთავარი გუნდია - ხაჯიმბასა და ანქვაბის და "არჩევნებში" ერთმანეთს ენაცვლებიან. ორივეზე მოიკვეთეს აფხაზებმა კბილები, ორივე გუნდი კორუფციაშია ჩაფლული, სხვა კი არავინ ჩანს. საქართველოს ხელისუფლებაც ხმას არ იღებს. არც საერთაშორისო არენაზე მიდის ამ საკითხებზე რეაგირება.
აფხაზებს პატრონი არა ჰყავთ, არსად არაფერი თქმულა. რუსეთს ეს ხელს აძლევს და ასე, "პოდ შუმოკ" აკეთებს კრემლი თავის საქმეს. ასე რომ, რუსეთი აფხაზეთის სრულ ეკონომიკურ ექსპანსიას თავისუფლად მოახდენს.
ეკატერინე ბასილაია