"ვიმედოვნებ, რომ საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აშშ-თან დარეგულირდება და უფრო მჭიდრო გახდება" - კვირის პალიტრა

"ვიმედოვნებ, რომ საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აშშ-თან დარეგულირდება და უფრო მჭიდრო გახდება"

"ომების დაწყებას არ ვაპირებ, მე მათ დასრულებას ვგეგმავ", - განაცხადა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე მეორედ გამარჯვებულმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც შტატების უმეტეს ნაწილში ხმათა უმრავლესობა მიიღო და დემოკრატების კანდიდატს კამალა ჰარისს სძლია... მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, სპორტსმენი­ ბექა სიხარულიძე წლებია ნიუ-იორკში ცხოვრობს და აშშ-ის არჩევნებში ხმის მიცემის უფლებითაც სარგებლობს. ბექას ევროპის ერთ-ერთ კინოფესტივალზე გამგზავრების წინ დავუკავშირდით და ამერიკული და ქართული არჩევნების შესახებ მისი მოქალაქეობრივი პოზიციისა და აზრის დაფიქსირება ვთხოვეთ.

273709636-4835967866488638-18583718775081663-n-1731264731.jpg

- ბექა, დიდი ხანია აშშ-ში ცხოვრობთ და შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობთ. როგორია­ თქვენი თვალით დანახული ამერიკული არჩევნები - როგორ ხდება ხმის მიცემა, ფარულობის დაცვა, იქ პარტიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ არიან, დამკვირვებლები და ა.შ.?

- 20 წელზე მეტია, რაც ამერიკის მოქალაქე ვარ, ჩემი ხმა ერთი კვირით ადრე დავაფიქსირე, ყოველთვის გვაქვს შესაძლებლობა, რომ ადრე მივიდეთ ხმის მისაცემად. სხვათა შორის, წელს, როგორც მოვისმინე, რეკორდულად მაღალი იყო წინასწარი ხმის მიცემა.

არჩევნები, როგორც წესი, მშვიდად მიმდინარეობს, განსაკუთრებით, პატარა ქალაქებში, გარემო მშვიდი და სასიამოვნოა, ექსცესების გარეშე­. ასე იყო ჩვენს ქალაქშიც. რაც შეეხება დამკვირვებლებს, როგორც ყველგან, აქაც არიან, თუმცა ყველაფერი ისე მშვიდად მიმდინარეობს, ყურადღებას არ იქცევს. მოსახლეობაც გაცილებით გულწრფელი და თავისუფალია ხმის დაფიქსირებისას, ყოველგვარი ზეწოლისა და ხრიკების გამოყენების გარეშე. ბუნებრივია, გარკვეული შემთხვევები აქაც ფიქსირდება, მაგრამ არა მასობრივად.

- როგორ მიმდინარეობს ამა თუ იმ კანდიდატის საარჩევნო კამპანია? მაგალითად, როგორ ხდება მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება, მათი შეკრება, აგიტაცია-პროპაგანდა? თუ გატყობინებენ რაიმე ფორმით?..

- საარჩევნო კამპანია ამერიკაში დაახლოებით ერთი წლით ადრე იწყება. როგორც იცით, დღეს უკვე აქტიურად გამოიყენება სოციალური ქსელები, თავისთავად მედია და სხვა მარკეტინგული საშუალებები. მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება ხდება საარჩევნო კამპანიის მენეჯერების საშუალებით, რომლებიც მართავენ შეხვედრებს საზოგადოებრივ სივრცეებში, სარეკრეაციო ცენტრებში და ასე შემდეგ.

- ტრამპისა და ჰარისის მხარდამჭერები­ რა კრიტერიუმებით აფასებენ და ემხრობიან მათ? ძირითადად, რის გამო მოსწონთ?

- ტრამპს ძირითადად, ეკონომიკური წარმატების, ძლიერი ეროვნული პოლიტიკისა და სოციალურად კონსერვატიული ღირებულებების დამცველად მიიჩნევენ, გამომდინარე მისი განცხადებებიდან. რაც შეეხება ჰარისს, მას მხარდამჭერები, ვისთანაც პირადადაც მისაუბრია, ხედავენ როგორც თანასწორობისა და გენდერული მრავალფეროვნების დამცველსა და ემიგრანტების მფარველს. ეს არის ის ფაქ­ტორები, რის გამოც ჰყავს თავისი ელექტორატი, მას მკვეთრი განცხადებები სხვა მნიშვნელოვან თემებზე არ გაუკეთებია.

რაც შეეხება საემიგრაციო პოლიტიკას, კერძოდ, მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობას, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, დემოკრატებისა და მოსახლეობის დიდი ნაწილის მწვავე კრიტიკა მოჰყვა, თუმცა ჰარისმა ამ იდეას მხარდაჭერა გამოუცხადა. ასე რომ, მის მხარდამჭერებს შორის ცოტა არ იყოს დაბნეულობაც და გაურკვევლობაც იყო.

- რამდენად მრავალრიცხოვანი მაყურებელი­ ჰყავდა სატელევიზიო დებატებს და თქვენზე რა ახდენს გავლენას არჩევანის გაკეთებისას? რა არის მთავარი იმ პოლიტიკოსში,­ რომელსაც ქვეყნის მმართველად ირჩევთ?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებს წელს 67-მა მილიონმა ამერიკელმა უყურა (მოსა­ხლეობის 20%). დებატების მაყურებლის რაოდენობა 60-80 მილიონის ფარგლებში მერყეობს ხოლმე. რაც შეეხება­ ჩემს პრიორიტეტებს, მნიშვნელოვანია,­ რომ პრეზიდენტობის კანდიდატი განიხილავდეს ქვეყნის პრობლემებს­ რეალისტურად და გონივრულად. რასაკვირველია, უნდა ჰქონდეს პოლიტიკური­ გამოცდილება და სამოქმედო უნარები, რათა წარმატებულად გაატაროს ყველა გაცხადებული რეფორმა, რასაც მხარს ვუჭერ და ვეთანხმები. ასევე, ჩემთვის მნიშვნელოვანია­ ქვეყნის ლიდერის პიროვნული თვისებები, მორალური და ეთიკური ფასეულობები, რომ იყოს პატიოსანი, ეროვნული ტრადიციების დამცველი, ლოიალური და პასუხისმგებლობიანი.

- საინტერესოა, პარტიის წარმომადგენლები ამომრჩეველს რა ფორმით მოუწოდებენ,­ რომ არჩევნებზე მივიდნენ და თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადონ? საერთოდ, რამდენად არის ეს კულტურა ამერიკის ელექტორატში?

- მობილიზაციის პროცესი ამერიკაში ბევრად ორგანიზებულია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე წასვლა თავისუფალი არჩევანია, ამომრჩეველთა აქტიური მობილიზაცია საკმაოდ მაღალია. მაგალითად, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის დაახლოებით 66% მონაწილეობდა, რაც ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. რაც შეეხება მოწოდებებს, განსაკუთრებული და ორიგინალური აქ არაფერი ხდება, ისევე როგორც საქართველოში, არის უხვად სარეკლამო კამპანია, როგორც ტელევიზიაში, ისე ბეჭდურ მედიაში, სარეკლამო რგოლები ცნობილი სახეების მონაწილეობით, ასევე საკმაოდ აგრესიული წერილობითი რეკლამები და მოწოდებები.

- საქართველოში პოლიტიკური შეხედულებების გამო შესაძლოა ახლობელმა ადამიანებმაც კი ისე იკამათონ, რომ ეს სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამერიკელი­ მოსახლეობა როგორია ამ მხრივ? სოციალურ ქსელში ასეთი დაპირისპირება მანდ თუ შეგიმჩნევიათ?

- ამერიკელი მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან აპოლიტიკურია. მსგავსი დაპირისპირებები საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერებს შორის, ან თუნდაც მოწოდებით დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის იშვიათად გამიგია, თუ, რა თქმა უნდა, ეს არ ხდება დემონსტრაციების და გამოსვლების ფონზე, რაც ასევე არცთუ ისე ხშირია ამერიკაში. თუმცა

პოლიტიკური პოლარიზაცია და კამათი ბოლო წლებში უფრო გახშირდა, რაც უკავშირდება ცხოვრებისეული სირთულეების მატებას და სხვა წინააღმდეგობებს. მაგალითად, იარაღის კონტროლის კანონის გამკაცრებისა და აბორტის საკითხების შესახებ კამათი შესაძლოა უფრო მწვავე კამათში გადავიდეს.

გარდა ამისა, ამერიკელები ცდილობენ განხილვების და კამათის დროს პოლიტკორექტულობა შეინარჩუნონ. ამერიკაში უფრო სოციალური მედია წარმოადგენს ადგილს, სადაც პოლიტიკურ კამათებს ყველაზე მეტად ვაწყდებით და ხშირად გვხვდება მწვავე ურთიერთკრიტიკა ორივე პარტიის მომხრეებს შორის.

- ქართულ არჩევნებზეც გკითხავთ. იყავით ემიგრანტებისთვის გახსნილ საარჩევნო უბანზე?

- არა, სამწუხაროდ, არ მიმიღია მონაწილეობა, მაგ დროს ევროპაში ვიყავი.

- რას ფიქრობთ ასეთ რადიკალურ დაპირისპირებაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის? იმის მაგივრად, ორივე მხარემ საქმე აკეთოს, ვხედავთ ერთმანეთის დაუსრულებელ ლანძღვას, შეურაცხყოფას, დამცირებას როგორც პოლიტიკოსებს, ისე მათ მხარდამჭერებს შორის - ზოგისთვის განსხვავებული აზრი იმდენად მიუღებელია, რომ საშინელ აგრესიაზე გადადის. თქვენ, როგორც ქართველს, რომელსაც სამშობლო ძალიან გიყვართ, როგორ გესახებათ, რა გზებით უნდა დასრულდეს ეს მტრობა?

- დაკისრებულ მოვალეობას ყველა მაღალ დონეზე რომ ასრულებდეს და აკეთებდეს იმას, რისი მანდატიც ქართველმა ხალხმა მისცა, დღეს გაცილებით კარგი სახელმწიფო გვექნებოდა. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სამშობლოს კეთილდღეობასა და ადამიანების უკეთეს ცხოვრებაზე დღემდე არც ერთ მთავრობას არ უფიქრია, მხოლოდ პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობს ადამიანი, როდესაც სახელმწიფოს მართვაში ერთვება. ამიტომ,

სანამ თითოეული ქართველის ცნობიერება არ შეიცვლება და საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე წინ სახელმწიფოს ინტერესების დაყენებას არ დავიწყებთ, დადებითი ცვლილებების მე პირადად არ მჯერა. მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ამას ახალი თაობა მოახერხებს. საზოგადოების ერთსულოვნებას ყველაზე დიდი ძალა აქვს და ჩვენ, ქართველები, არაერთხელ გავმხდარვართ ამ სასწაულის მომსწრენი.

- როგორ ფიქრობთ, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი როგორ პოზიციას დაიჭერს საქართველოსთან, აქაურ ხელისუფლებასთან? როგორია­ ამჟამად ემიგრანტების ცხოვრება აშშ-ში და თქვენი განწყობა ტრამპის მოსვლის შემდეგ?

- ამ ეტაპზე ძალიან ძნელია პროგნოზების გაკეთება, თუ როგორი ნაბიჯები გადაიდგმება საგარეო პოლიტიკაში. დაველოდოთ მოვლენებს და იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა დასავლეთთან, აშშ-თან მეტად აღარ გამწვავდება, პირიქით, დარეგულირდება და უფრო მჭიდრო გახდება. ვფიქრობ, უცვლელი უნდა დარჩეს ჩვენი ტრადიციული კურსი ევროპისკენ, დასავლეთის ცივილიზებული სამყაროსა და ნატოსკენ.

- და ბოლოს, შემოქმედებით სიახლეებზეც გკითხავთ, თქვენმა ფილმმა "სიცოცხლიდან სიცოცხლემდე" უამრავი ჯილდო მიიღო სხვადასხვა ქვეყანაში. ამჟამად სად მიემგზავრებით?

- დიახ, ფილმმა ნამდვილად გრძელი გზა განვლო 2023 წლის სექტემბრის შემდგომ და ბევრი ფესტივალი მოიარა. დღეისათვის 12 საფესტივალო ჯილდოს და 8 ნომინაციის მფლობელია, რაც ძალიან მახარებს. ამჯერად დანიის ფილმის ინსტიტუტის კინოფესტივალზე გავემგზავრებით, სადაც ჩვენი ფილმი საქართველოს საელჩოს წარდგენით შეირჩა. შემდგომ "სიცოცხლიდან სიცოცხლემდე" რომში იმოგზაურებს, სადაც საქართველოს საელჩოს სპეციალური მოთხოვნით ფილმის ჩვენება გაიმართება ვატიკანისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთათვის და ქართული დიასპორისათვის, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩემთვის.

- წარმატება და წინსვლა თქვენს გუნდს. რას უსურვებთ საქართველოს?

- გმადლობთ თქვენ! ჩემს სამშობლოს ყოველთვის ვუსურვებ ერთიანობას, მშვიდობას და აღორძინებას, რასაც სჭირდება ქვეყნის უზადო სიყვარული, დაუღალავი შრომა და პროფესიონალიზმი.