ტრამპის გეგმამ „გამოჟონა“ ანუ დასრულდება თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი?! - კვირის პალიტრა

ტრამპის გეგმამ „გამოჟონა“ ანუ დასრულდება თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი?!

უკრაინა ნატოში შესვლაზე 20 წლით უარს ამბობს, ფრონტის ხაზი კი გაიყინება ტერიტორიების დაბრუნების გარეშე - ამის შესახებ დონალდ ტრამპის მრჩევლებზე დაყრდნობით ავტორიტეტულმა The Wall Street Journal-მა გასულ კვირას გამოაქვეყნა სენსაციური მასალა და მსოფლიო პოლიტიკა ააფორიაქა. სიმართლე რომ ითქვას, ეს მხოლოდ ვარაუდია და ჯერ კიდევ არავინ იცის, შეიძლება თავად ტრამპმაც კი, თუ რას მოიმოქმედებს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი, როდესაც ორი თვის შემდეგ ის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დაბრუნდება. მაგრამ ფაქტია, ტრამპი ვერ შეძლებს რუსეთ-უკრაინის ომის არათუ 24 სთ-ში შეჩერებას (როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ამტკიცებდა), არამედ ვერც 24 დღეში და შეიძლება ვერც 24 კვირაში, რადგან ამ ფართომასშტაბიანი და გახანგრძლივებული საშინელი ომის მონაწილე ორივე მხარეს თავისი კატეგორიული მოთხოვნები აქვს, და დათმობა ამდენი სისხლის ღვრის შემდეგ არ სურთ. მათ შორის კი მთავარ საჭიდაო საკითხად კვლავ უკრაინის ნატოში გაწევრების სურვილია, რაც კატეგორიულად მიუღებელია კრემლისთვის.

სწორედ ეს მოთხოვნა, რომ უკრაინამ უარი თქვას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებაზე, გახდა მიზეზი, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, თორემ ფარულ სამხედრო აგრესიას კრემლი დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ 2014 წლის გაზაფხულიდან აწარმოებდა პრორუსი სეპარატისტების ხელით, რაც ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსიითა და დონბასში საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში გამოიხატა.

და დღეს, რუსეთ-უკრაინის ომის მეათასე დღის მოახლოებისას, კვლავ დგას უკრაინის ნატოში მიღება-არმიღების საკითხი, რომელიც გადაუწყვეტელია და ასევე დარჩება. ყოველივე ეს უკვე მწარედ იწვნია საქართველომაც. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დასავლეთის მაშინდელი პოლიტიკოსი ლიდერების დაპირება, რომ საქართველოსა და უკრაინას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგებში მიიღებდნენ, ოღონდ კონკრეტული თარიღები არ დაუსახელებიათ, ისტორიული ცბიერება იყო. მაშინ ბუშმაც, სარკოზიმაც, ბერლუსკონიმაც, მერკელმაც და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების მეთაურებმაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ასეთი პომპეზური დაპირების მიუხედავად, არც საქართველოს და არც უკრაინას ალიანსში არ მიიღებდნენ არათუ უახლოეს წლებში, არამედ შორეულ მომავალშიც. ამის მთავარი მიზეზი კი სწორედ "კრემლის ფაქტორი" გახლდათ - რუსეთი საჯაროდ აცხადებდა, რომ არ დაუშვებდა თავის უშუალო საზღვრებთან, სამხრეთით საქართველოს, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით კი უკრაინის ნატოში შესვლას.

სამწუხაროდ, ასეც მოხდა - ბუქარესტის სამიტიდან ოთხ თვეში რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და შედეგად ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონი ოკუპირებულია, რის გამოც უკვე წარმოუდგენელია საქართველოს ნატოში გაწევრება, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ნატოსა და მთლიანად დასავლეთის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, იქნებოდა კოსოვოში, ერაყში, ავღანეთსა თუ აფრიკაში, საქართველო რეგულარულად გზავნიდა თავის სამხედროებს. ქართველები იქ სისხლს ღვრიდნენ, რათა საქართველოს სხვადასხვა დროის ხელისუფლებას ნატოსთან დროდადრო "წამოეკნავლა", ალიანსში გაწევრებისთვის ჩვენი ქვეყანა თავის წილ კონტრიბუციას იხდისო. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებაში, როგორც 2012 წლამდე, ისე მას შემდეგაც, ძალიან კარგად მოეხსენებოდათ (მაღალი დონის კულუარული საუბრების შემდეგ), რომ სინამდვილეში ნატო არ აპირებდა საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღებას და საბაბად იშველიებდა საქართველოში დემოკრატიის დაბალ ხარისხსა და კორუფციასთან ბრძოლისთვის თუ ქართული არმიის ნატოს სტანდარტებზე გადაყვანისთვის მოუმზადებლობას. არადა, 2008 წლის შემდეგ განვლილ პერიოდში ნატოს სრულუფლებიანი წევრი კიდევ ექვსი სახელმწიფო გახდა, მათ შორის ალბანეთიც.

მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოსა და უკრაინას წლების განმავლობაში მხოლოდ დაპირებებით კვებავდა დასავლეთი, მხოლოდ ერთი რამ გახლდათ - რუსეთის რეაქციის შიში, თუკი ნატო გაბედავდა ამ ორი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის თავის რიგებში გაწევრებას!

და მიუხედავად იმისა, რომ ვერც საქართველო და ვერც უკრაინა ვერ მიუახლოვდა ნატოს სრულუფლებიან წევრობას, რუსეთმა ორივე მაინც დასაჯა.თუმცა ამის საჯაროდ აღიარება ნატოს არ სურდა და არც ახლა სურს. ამიტომაც შეიძლება მართლაც შესთავაზოს უკრაინას ნატოს წევრობის კიდევ 20 წლით გადადება, რაც უკვე მარაზმი იქნება, რადგან ორი ათეული წლის შემდეგ შეიძლება თავად ნატოც კი აღარ არსებობდეს.

დონალდ ტრამპი მართლაც გამოირჩევა იმპულსური გადაწყვეტილებებით, რაც მსოფლიოს ჯერ კიდევ წინ ელის, მაგრამ ტრამპი ერთ კონკრეტულ საკითხში მართალი იყო, როდესაც თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში კატეგორიულად მოითხოვდა ნატოს წევრი ევროპული ქვეყნებისგან, გაზულუქდით, ამერიკის ხარჯზე გსურთ თქვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საკუთარი არმიების შენახვაზე ფულის დახარჯვა გენანებათ, კეთილინებეთ და, თქვენივე თავდაცვისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2% გამოყავით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-მა შეიძლება სულაც დატოვოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსიო. მაშინ ტრამპს არ დასცალდა ამ მუქარის ასრულება, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ახლა "გაახსენდეს" და ამით ნატოს, როგორც სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის მომავალს წერტილი დაუსვას?

სწორედ ეს სურს პუტინსაც, რომელსაც დასავლეთის პოლიტიკოს ლიდერებთან შედარებით რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს: ჯერ ერთი, ის ბირთვული სახელმწიფოს სათავეშია უკვე მეოთხედი საუკუნეა. ამხელა "სტაჟი" არც ერთ დასავლელ პოლიტიკოსს არ გააჩნია და მეორე - პუტინი ასრულებს თავის დანაქადს.

ასე იყო 2008 წლის დამდეგსაც - პუტინი დაემუქრა დასავლეთს, არ აღიაროთ კოსოვოს დამოუკიდებლობა, თორემ რუსეთი იმავეს იზამსო და შეასრულა კიდეც საქართველოს ხარჯზე, - აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სეპარატისტული რეჟიმების "დამოუკიდებლობა" აღიარა. იგივე განმეორდა უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ჯერ ოკუპაციის, მერე კი ანექსიის შემდეგ, რამაც უფრო წარმოუდგენელი გახადა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრების პერსპექტივა. ამის დასტურად რამდენიმე დღის წინ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმაც განაცხადა, რომ ქვეყანა, რომელიც ომშია, ვერ გახდება ნატოს წევრი! ამით ყველაფერი ნათქვამია - საქართველო და უკრაინა ვერ გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები, რადგან მათი გულისთვის ნატო არ აამოქმედებს კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლს.

ისე, როდესაც თავად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 1955 წელს ნატოს წევრი გახდა, გერმანია ორად იყო გაყოფილი და მის საზღვარზე პირველი "ცივი ომის" ფრონტის ხაზი გადიოდა, რაც დღეს რატომღაც არ ახსენდებათ ბერლინში.

ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყნის ლიდერების ასეთი მიდგომა, რომ ომში მყოფი ქვეყანა არ უნდა მიიღონ თავიანთ რიგებში, ძველი ამბავია და ამას საქართველოსაც მიუთითებდნენ 2008 წლის რუსეთთან ომის შემდეგ, რითაც კრემლს კოჭს უგორებდნენ - თუკი რუსეთის მეზობელი რომელიმე ქვეყანა მოისურვებს ნატოს წევრობას, კრემლი მაშინვე გამოძებნის საბაბს მის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად, რაც ავტომატურად გამორიცხავს მათი ალიანსში გაწევრების შორეულ პერსპექტივასაც კი.

რუსეთს ეს მშვენივრად გამოუვიდა საქართველოსა და უკრაინაში, მაგრამ ვერც გაბედა ამაზე ფიქრიც კი, როდესაც მისი ორი მეზობელი - ფინეთი და შვედეთი ძალიან სწრაფად გახდნენ ნატოს წევრები.

გვინდა თუ არა დაჯერება, ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრების მრავალწლიანი დაპირება ცრუ აღმოჩნდა, რაშიც დიდი ბრალი მიუძღვით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვადასხვა დროის ხელმძღვანელობასა და ალიანსის წევრი რიგი ქვეყნების ლიდერებს, რომლებმაც თავიდანვე იცოდნენ, რომ კრემლის საპასუხო მოქმედების შიშით დაპირებას მაინც ვერ შეასრულებდნენ, მაგრამ მაინც აგრძელებდნენ საქართველოსა და უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილის მოტყუებას. ამაში დანაშაული მიუძღვით საქართველოსა და უკრაინის სხვადასხვა დროის ხელისუფლებებსაც, რომლებსაც, კულუარული ინფორმაციით, კარგად მოეხსენებოდათ ნატოში გაწევრების უპერსპექტივობა, მაგრამ მხარს უბამდნენ დასავლელი პოლიტიკოსების ცრუ დაპირებას და თავიანთ მოსახლეობას წლების განმავლობაში ასევე ტყუილებით ასაზრდოებდნენ.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის მომავალს - პუტინის აგრესორი არმია, სამწუხაროდ, მთელი ფრონტის ხაზზე ფლობს საბრძოლო ინიციატივას და ნელი ტემპით, მაგრამ მაინც აგრძელებს უკრაინის ახალ-ახალი ტერიტორიების ოკუპაციას.ასეთ დროს პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდეც რომ მიიღოს ტრამპის შემოთავაზება და დათანხმდეს უკრაინის ნატოში გაწევრების 20 წლით "გაყინვას", პუტინს ეს ვერ შეაჩერებს, რადგან ნატოში შესვლაზე უარის თქმის მოთხოვნა კრემლისთვის მხოლოდ ერთი მიზეზი გახლდათ, კრემლის რეალური ისტორიული მიზანი კი რუსეთის იმპერიის აღდგენაა, რისი მოსწრებაც პუტინს სიცოცხლეშივე სურს, რათა მხარში ამოუდგეს პეტრე დიდსა თუ თვით სტალინს. ამის შესაძლებლობას კი პუტინს აძლევენ ის დასავლელი ლიდერები, რომლებიც, "ნუ იქნება ოღონდ ომის" პანიკური შიშით თავად ივლებენ "წითელ ხაზებს" და კრემლს აქტიური მოქმედების საშუალებას აძლევენ.

დღეს უკრაინის არმიას ჰაერივით სჭირდება საბრძოლო მოქმედებების დროებით შეჩერება მთელი ფრონტის ხაზზე, რათა ამოისუნთქოს, როტაციები მოახდინოს და ჯარისკაცები ცოტა ხნით დაასვენოს.

თავის მხრივ, პრეზიდენტად დაბრუნებული ტრამპის სტრატეგიულ ინტერესებში შედის რუსეთ-უკრაინის ომის რამდენიმე წლით გაყინვა, არა იმიტომ, რომ ტრამპი ძალიან განიცდის უკრაინელთა ბედს. ტრამპის სტრატეგიაში თვით რუსეთსაც კი არ უკავია პირველი ადგილი, არათუ უკრაინას, რადგან მას აშშ-ის მთავარ მოწინააღმდეგედ ჩინეთი მიაჩნია, რის გამოც ტრამპის გუნდი შეეცდება რაც შეიძლება სწრაფად "ჩააჩუმოს" არა მარტო უკრაინის ომი, არამედ ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორსა და სამხრეთ ლიბანში.

ამისთვის კი ტრამპი, აღარ დაუწესებს შეზღუდვებს ნეთანიაჰუს და ისრაელს სრულ კარტ-ბლანშს მისცემს საქმის ბოლომდე სწრაფად მისაყვანად, "ჰამასისა" და "ჰეზბოლას" სრულ განადგურებამდე, თუნდაც ამას ღაზისა და სამხრეთ ლიბანის პირისგან მიწისა აღგვა მოჰყვეს. მოსალოდნელია ამერიკის სრული საბრძოლო მხარდაჭერაც კი, თუკი ისრაელი თვით ირანის წინააღმდეგ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებს და არა მარტო შეზღუდული სარაკეტო დარტყმებით.

თეთრი სახლისთვის უმთავრესი გახდება აშშ-ის სრული გაძლიერება ჩინეთთან დასაპირისპირებლად, რისთვისაც ტრამპმა შეიძლება ერთგვარი პარტნიორობაც კი შესთავაზოს პუტინს, მაგრამ გარისკავს კი ჩინეთსა და ირანთან ურთიერთობის გაფუჭებას კრემლი ამერიკის გამო? ძნელად წარმოსადგენია. სამაგიეროდ, ადვილად შეიძლება განისაზღვროს, რა მოხდება, თუკი რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა დაირაზმებიან აშშ-ის წინააღმდეგ.

ჩვენ კიდევ, იმაზე მოვთქვამთ, საქართველოს ნატოში რატომ არ იღებენო!