„მეცხვარე ვის უნდა, აგე, სამივე დასანიშნი ვართ“ - კვირის პალიტრა

„მეცხვარე ვის უნდა, აგე, სამივე დასანიშნი ვართ“

არაგვი შემოდგომის ზღაპარს ჰყვება. მის მოსასმენად მაღალ-დაბალი მთები თავმოყრილან და გარინდული უსმენენ. მოულოდნელად ქარვისფერ იდილიას ცხვრების ბღავილი არღვევს და ნელ-ნელა შემოდგომის პეიზაჟი მატყლისფრად იფერება - არაგვისპირში ცხვრის ფარამ ჩამოიარა... ფარას რამდენიმე მეცხვარე მოჰყვება პირველად ნისლისფერცხენიანი გავიცანი.

- გურული ვარ, სოფელ ნატანებიდან, მამუკა გოგოტიშვილი, ეს კიდევ ჩემი ცხენია, ლურჯა.

- გურული კაცის მეცხვარეობა ცოტა უცნაურია.

- ჰო, გურიაში არ არის ცხვარი, მაგრამ მე მაინტერესებდა და... 24 წელი შემისრულდა და 3 წელია, ცხვარში დავდივარ. ამასობაში 50 ცხვარი მყავს უკვე.

- მე დათო ჩუბინიძე ვარ, 18 წლის, საგარეჯოელი. დაქირავებული მწყემსები­ ვართ, თვეში 1.500 ლარს გვიხდიან, თან ცხვარიც გვყავს, მე, მაგალითად, 100 სული მყავს.

- სულ რამდენი ცხვარია ამ ფარაში?

- 2500, ეს ვასკა და მარაა, ვაცები, ამათ მისდევს მთელი ფარა. ყაზბეგიდან მოვდივართ, თრუსოს ხეობიდან, რუსთავში მიგვყავს ცხვარი, იაღლუჯაზე გამოსაზამთრებლად. მაისამდე იქ ვიქნებით და მერე უკან წამოვალთ.

47658c95-90cf-41cd-9544-f2623a06dfd4-1731269128.jpeg

- მტაცებლებს გადაჰყრიხართ?

- მთაში დათვი იცის. ბევრჯერ ცხვარი შეუჭამია, ბევრჯერ კინაღამ ჩვენც შეგვჭამა.

მამუკა: - აი, გიორგის აქვს დათვებთან ისტორიები, - გვანიშნა ჩვენკენ მომავალ კომბლიან მეცხვარეზე.

- მე გიორგი შიოშვილი ვარ, პატარა კი არა ვარ, 30 წლის გავხდი... 16 წელია, რაც ცხვარში დავდივარ. ეჰ, ვიღას უნდა მეცხვარეობა.

- ღამით სად იძინებთ?

- სადაც გვიღამდება, იქ, მინდორში,­ ტყეში. მთელი ღამე ნაბადზე გვძინავს. ნახე, ნაბდები ვირებზე გვიკიდია. ფერდაზე ვწვებით, იმიტომ, რომ თუ საწრეტი არა აქვს წყალს, შეიძლება ნაბადშიც დასველდე. სეფაც გვაქვს, პატარა... ამ სეზონზე უკვე ორჯერ მოგვივიდა თოვლი, ცივა. მანქანაც მოგვყვება, შორიახლოს დადის ჩვენთან. ახლა, კოჭლი ცხვრები დაგვრჩა და მოიყვანს.

- დაოჯახებული ხართ?

- აგე, სამივე დასანიშნი ვართ, მეცხვარე ვის უნდა?

- იარაღი რომ არა გაქვთ, ღამით თავდასხმის არ გეშინიათ?

გიორგი: - დავეხმაურებით ხოლმე, ჰაი-ჰაიო, მერე ძაღლებიც კარგი გვყავს, ქოფაკები, და მიდიან...

69ea6e8a-1918-4703-91d1-80d2bd994fe5-1731269129.jpeg

- დათვებთან შეხვედრის მდიდარი ისტორიები გქონიათ...

- ღორღიანას ვეძახით იმ ადგილს, კობის­ აქეთ, მაღლა, ფერდაზე. ვწევარ, მძინავს. აზერბაიჯანელი ელიმხანა მახლდა, მაღვიძებს, ადე, დათვიო. ავდექი, ელიმხანა წინ გარბის. დაიცა კაცო, სად გარბიხარ, ის მაინც დავინახოთ, საით არის, ახლოს არ მივიდეთ, თოფი არა გვაქვს-მეთქი. ეს კიდევ მიდის, თან სანათს ანათებს.

ვხედავთ, დათვს ბატკანი ჰყავს ამოჩრილი და მიდის მაღლა-მაღლა. გამოუდგნენ ძაღლები. გზადაგზა მოუტრიალდება ძაღლებს დათვი, დადგება ორ ფეხზე და ცდილობს ღრიალით დააფრთხოს. რვა ქოფაკი გვყავს, ბატკანი გააშვებინეს და დათვი გაბრაზდა! ეს ელიმხანა კიდევ სანათს ანათებს. ვეუბნები, ჩააქრე, თუ გინდა, გადაურჩე-მეთქი. ვაიმე, რომ წამოვიდა ჩვენს მხარეს, ერთმანეთს ვასწრებდით... ტორი დამისვა ზურგზე, დამჩხაპნა, ვერ დამიჭირა, ძაღლებმა მიშველეს, თორემ იქვე გამაქრობდა. ავყვირდი შიშით, ძაღლები აყეფდნენ, მე თავი დამანება და ელიმხანასკენ აიღო გეზი. პატარა ქოხი იყო, და ის შიშით იქ შევარდა... მოხევეებმა გვნახეს დილას. გვითხრეს, კარგია იარაღი რომ არ გქონდათ, თორემ ესროდით, ვერ მოკლავდით, შეიძლება დაგეჭრათ და დაჭრილი უფრო გაცეტდებოდა, ადგილზე დაგხოცავდათო.

- სულ ყაზბეგის მიმართულებით დადიხართ?

- 6 წელია აქ დავდივარ, მანამდე 4 ზაფხული ბაკურიანში ვიყავი, იმის წინ კიდევ ახალქალაქში, თურქეთის საზღვართან. თიანეთშიც ნამყოფი ვარ. ყველაზე კარგი საძოვრები ჯავახეთშია. ჩვენი საქმე რთულია. ძროხა დადგება და ძოვს ბალახს, ცხვარს კი მოტრიალება უნდა, აბაზანა, პარსვა, წველა... ცხვარი ცოტას იწველება, სამაგიეროდ, თუ ძროხის 10 ლიტრი რძე უნდა ერთ კილო ყველს, ცხვრისა 4 ლიტრა ჰყოფნის, თან ცხვრის რძე უფრო ცხიმიანია.

დათო: - ყველაზე ძნელი საქმე დოლია. დოლის დროს 2-2 საათი გვძინავს ხოლმე, რიგრიგობით.

- დღეში რამდენ კილომეტრს გადიხართ?

გიორგი: - 20-30-ს. მარტო ძოვა ხომ არ არის, ან არ ჩამორჩეს, ან სადმე არ ჩავარდეს, თან ყველაფერი ცხვრის მტერია, ჯაგი გინდა თუ ადამიანი. იმ დღეს სოფელს ჩამოვუარეთ, ვხედავ, ბავშვი ვერ ერევა და მაინც მიათრევს ერთ ცხვარს.

- იპარავდა?

- კი. გაუშვი-მეთქი, ვუთხარი. მაჩუქეო.

- რა საჭმელი გენატრებათ ცხვარში?

დათო: - უფრო ტკბილეული. ხინკალს ჩვენით ვიკეთებთ ხოლმე. ხორცი კი გვაქვს, კუნძზე ვკეპავთ, მოხვევაც ვიცით.

- კიდევ წამოხვალთ ცხვარში?

გიორგი: - მე კი და ესენი არ ვიცი. ვცდილობ ეს ხელობა როგორც მე გადმომცეს უფროსებმა, მეც გადავცე უმცროსებს, მაგრამ ვიღას უნდა?! დისშვილი მყავს, ცხენზე არ ჯდება, მარტო ტელეფონი უნდა. მე კიდევ ლეკვებს დედაჩემი სახლში რომ არ მიმაყვანინებდა, საბძელში ვიძინებდი იმათთან ერთად.

- რაზე ოცნებობთ?

- დასვენებაზე. მშვიდობა იყოს, ხვავი და ბარაქა, ადამიანმა კი არ უნდა ითაკილოს შრომა.