„ახალგაზრდობაში ძალიან მინდოდა ანტიგონე მეთამაშა, მერე კი ცხოვრებაში ვიანტიგონე“
ის არა მხოლოდ თუმანიშვილის თეატრის, არამედ ქართული თეატრის ფერია. დღეს რომ თეატრმცოდნეებმა და მკვლევრებმა შეადგინონ ნუსხა საუკეთესო მხატვრული სახე ქართული თეატრის ისტორიაში, მისი შექმნილი იანგაროზა სპექტაკლში "ჩვენი პატარა ქალაქი" ერთ-ერთი საზომი და ამ სიის ხარისხის განმსაზღვრელი იქნება. თუმანიშვილის თეატრის სცენაზე გატარებულ 45 წელს და დაბადებიდან 65-ე წლის იუბილეს მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე პრემიერით აღნიშნავს. "უცნაური ქალბატონი სევიჯი" - ასე ჰქვია ინკლუზიურ სპექტაკლს, რომელიც კინომსახიობთა თეატრის სცენაზე დაიდგა. არასოდეს დამავიწყდება იმ გასაოცარი ბავშვების თამაში და მათი თვალები, როდესაც ამ უდიდესი არტისტის გვერდზე იდგნენ. ჩვენ პრემიერის შემდეგ ვთხოვეთ ქალბატონ რუსუდანს გაგვსაუბრებოდა.
- ჩვენი გაზეთის სახელით გილოცავთ იუბილეს! ჯერ კიდევ ბავშვობიდან მახსოვს თქვენი ხმა, რომელიც ტელეეკრანიდან ჩამესმოდა. ყოველთვის დიდ პატივს გცემდით და მიხარია, რომ თქვენთან ურთიერთობის პატივი მხვდა წილად.
- დიდი მადლობა! ჩვენ ყველა ხომ ბავშვობიდან, დიდი ლამაზი ზღაპრიდან მოვდივართ და ბოლოს ისევ იქ ვბრუნდებით.
- ალბათ, შემთხვევითი არც არის თქვენ მიმართ ამ ბავშვების განსაკუთრებული დამოკიდებულება...
- მათ უკვე 6 წელია ვასწავლი. ძალიან გახარებული ვარ, რაც ჩავიფიქრე, ის გამოვიდა. ეს წარმოუდგენელი იყო. აქ ხომ განსაკუთრებული ტიპის მუშაობამ მოგვიწია დაახლოებით ორი თვის განმავლობაში. ეს არ გამოვიდოდა, ამ ბავშვების დიდი მონდომების, ჩემი კოლეგებისა და მეგობრების მხარდაჭერის გარეშე. ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. თეატრის ლოგიკით, ეს სპექტაკლი არ უნდა გამოსულიყო და გამოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ზემოდან კეთილი ძალები დაგვეხმარა. მართლა ღმერთის ხელი ურევია ამ ამბავში, თითქმის 2 საათი ბავშვები რომ იდგნენ და ჩემთან ერთად თამაშობდნენ სცენაზე. თითქოს ამ სპექტაკლში დაჯამდა ყველაფერი, რაც მიკეთებია ამ 45 წლის განმავლობაში ჩემს ახალ და ძველ მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად, ვისთანაც მთელი ცხოვრება გავატარე ამ სცენაზე და დღემდე ვთამაშობ.
- რა არის თქვენთვის მსახიობობა?
- პირველ რიგში ბავშვობასთან კავშირის შენარჩუნება, იმიტომ, რომ ეს თამაშია, თამაშს რომ ვერ ელევი ადამიანი და მერე ცდილობ პროფესიად გაიხადო - აი, ესაა ჩემთვის მსახიობობა. ალბათ, იმიტომ, რომ ბებია-ბაბუა მზრდიდა. სანამ ჩემი მშობლები სამსახურში იყვნენ, ისინი ზრუნავდნენ ჩემზე. მამა სულ ცდილობდა, შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გავსულიყავით და ის შაბათ-კვირები ლამაზი სიზმარივით მახსენდება. საერთოდ, ჩვენს ოჯახში დიდი სიყვარული ტრიალებდა და ბავშვებიც ამ დიდ სითბოსა და სიყვარულში ვიზრდებოდით. განსაკუთრებით ტკბილად მახსენდება ბებია და ბაბუა. ერთხელ გურამ დოჩანაშვილმა მითხრა, ბებიის გაზრდილი ბავშვი სულ სხვააო. მინდა გავიხსენო ბაბუაჩემი, რომელსაც რეპრესიები ჰქონდა გავლილი. ბაბუ ცნობილ მებაღე მიხეილ მამულაშვილთან მეგობრობდა. მოგეხსენებათ, რამხელა ბაღი ჰქონდა მას. ამ ყვავილებს ახმობდა და ღია ბარათებზე წერილებს გვწერდა. ფოსტით მოგვდიოდა მცხეთიდან, რომელიც დღემდე შენახული გვაქვს, ისე გვიხაროდა, ვამბობდით, "აბა, მიშა ბაბუს გავუგზავნოთ საპასუხო წერილი", და მე და ჩემი ძმა ვაწებებდით ზუსტად ისე და ვუგზავნიდით. ეს რიტუალი იყო. ბაბუაჩემი ახერხებდა, რომ უბრალო მოვლენაც კი თამაშად ექცია.
- დღემდე განსაკუთრებით ნიჭიერ მსახიობად მოგიხსენიებენ. რა განცდა გაქვთ, როცა ყველა გაქებთ?
- არასოდეს მიფიქრია, რომ ეს დამეჯერებინა. სიმართლე გითხრათ, სახლშიც ასე ვიზრდებოდი. ბატონი მიშა თუმანიშვილიც და ქალბატონი ლილი იოსელიანი ხომ ძუნწად გაიმეტებდნენ ქებას. არც არასოდეს მქონია ამის ნაკლულობის შეგრძნება. ეს მოუფერებელი ბავშვების პრობლემაა. როცა ბავშვს ეფერებიან და ის იღებს სიყვარულს, მერე ის აღარ ეძებს დამატებით ვიღაცებისგან, აბა, შემაქეთო. 20 წლის ასაკში ვითამაშე პირველი სპექტაკლი. ისეთი წარმატებული გამოვიდა, როცა გამოვდიოდით სცენაზე, ინგრეოდა დარბაზი. არც მაშინ მიფიქრია ამაზე. იცით, რატომ? ეს ხომ თამაში იყო. სცენაზე იმიტომ ხომ არ გამოდიხარ, რომ ამბიციები დაიკმაყოფილო? მე მთელი ჩემი არსებით ვთამაშობდი და სულ არ გჭირდება ვიღაცამ გითხრას, კარგი იყო თუ ცუდი.
- როგორი იყო ბატონ მიშა თუმანიშვილთან თქვენი ურთიერთობა?
- ეს იყო ჩემი ზღაპრის გაგრძელება, იმიტომ, რომ თვითონაც ეგეთი ტიპი იყო, თვითონაც თამაშობდა - გენიალური მოთამაშე იყო, დიდი ბავშვი. მახსოვს, ედინბურგში ვიყავით "ზაფხულის ღამის სიზმარი" გვქონდა ჩატანილი, მისი ერთ-ერთი ბოლო შედევრი, და იქ ადგილობრივი გაზეთისათვის ინტერვიუ მთხოვეს. როგორიაო, მკითხეს და მაშინ მივხვდი, რომ თვითონ ბატონი მიშა იყო პაკი, რომელიც ათასნაირ ფეიერვერკს გვიწყობდა. მაშინ 76 წლის გახლდათ ბატონი მიშა. რეპეტიციებზე თამაშში რომ ჩაერთვებოდა ხოლმე, მერე გაჩერდებოდა და იტყოდა, ახლა ჩემს ცოლს ჰგონია, მე სამსახურში ვარო.
- ყველა თქვენი შესრულებული გმირი დაუვიწყარია...
- გმირი მაშინ მოქმედებს შენზე, როცა ის შენგან გამომდინარეა, როცა მას შენ ბადებ. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კი აუცილებლად გიტოვებს ხასიათის რაღაც თვისებებს.
- გამორჩეული როლები თუ გაქვთ?
- ჩემთვის გამორჩეული სპექტაკლი იყო "ბნელ ოთახში", რომელიც სამი მოქმედებისგან შედგებოდა. პირველ ვოდევილში მოთხრობილი იყო ახალგაზრდა წყვილის ისტორია ბავშვობაში, მეორე მოქმედებაში უკვე ახალშეუღლებულებს ვთამაშობდით და ბოლოს, მესამე მოქმედებაში, მოხუცი ცოლ-ქმრის ცხოვრება იყო ნაჩვენები. ამ სპექტაკლში 23 წლის განმავლობაში ვთამაშობდი ნინო ბურდულსა და თაზო თოლორაიასთან ერთად და მასთან დაკავშირებული ისტორიები ყველაზე საუკეთესო მოგონებაა ჩემს ცხოვრებაში. ყველა ვოდევილს თაზოს დაუშრეტელი იუმორი და ფანტაზია ამშვენებდა. მერე ნინო გამოგვეთიშა და ლალი კეკელიძემ შეცვალა. ერთხელ თაზო ავარიაში მოყვა და მძიმედ დაშავდა, ამიტომ ორ ვოდევილში გია აბესალაშვილმა შეცვალა, მე კი ერთი სპექტაკლიც არ გამომიტოვებია, სულ ვთამაშობდი... სხვათა შორის, "ბნელ ოთახში" მაყურებელსაც ისე უყვარდა, როგორც ჩვენ - მსახიობებს. თაზო თოლორაია რომ გარდაიცვალა, მის გარეშე ეს სპექტაკლი ვეღარ წარმომედგინა და გააჩერეს. თაზო ცოცხალი რომ ყოფილიყო, ალბათ, ამ სპექტაკლს დღემდე ვითამაშებდით.
- რომელი გირჩევნიათ, კომედია თუ დრამა?
- ძნელი სათქმელია... მთავარია, საინტერესო იყოს. კომედიის თამაში ერთი შეხედვით ჩანს ადვილი, მაგრამ საკმაოდ რთული ჟანრია, ასევეა დრამაც. ჩემთვის მთავარია საინტერესო სამუშაო იყოს და ყველა ჟანრში დიდი ინტერესით ვიმუშავებ. კარგი მსახიობები და კარგი რეჟისურა კომედიასაც საინტერესოს ხდის და დრამასაც. მთავარია, უგემოვნოდ არ იყოს დადგმული. როცა მეკითხებიან, თეატრი უფრო თქვენია თუ კინოო, ჩემთვის თეატრი უპირველესია. რატომღაც მგონია, თეატრი ნებისმიერი მსახიობისთვის პირველ ადგილზე დგას. ცხადია, ეკრანებზეც უნდა გამოჩნდე, კინოშიც გადაგიღონ, კარგ სერიალშიც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაგრამ თუ ვინმე მკითხავს, თავს სად უფრო კარგად გრძნობო, ვუპასუხებ, სცენაზე-მეთქი.
- თუ გაქვთ საოცნებო როლი?
- ახლა არა, მაგრამ ახალგაზრდობაში ძალიან მინდოდა ანტიგონე მეთამაშა, მერე კი ცხოვრებაში ვიანტიგონე (იცინის). ამჟამად საოცნებო როლი ნამდვილად არა მაქვს, მაგრამ თუ საინტერესო შემოთავაზება მექნება, უარს არ ვიტყვი.
- რისი გეშინიათ?
- დღევანდელმა სიტუაციამ აქცენტები გადაანაცვლა, ბევრი რამ, რაც მნიშვნელოვანი გვეგონა, უმნიშვნელო აღმოჩნდა. მთავარი საკითხები წამოვიდა წინა პლანზე. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად უიმედობის მეშინია, ამ შიშს კი იმედითა და სიყვარულით უნდა ვებრძოლოთ. სწორედ უიმედობაა ცოდვა, რადგან იმედი არის ღმერთი. უიმედობა და ამპარტავნება ყველაზე დიდი ცოდვაა. ამპარტავნებისგან მოდის ყოველივე ცუდი, რაც ადამიანს შეიძლება დაემართოს.
- რამეს ნანობთ?
- მგონი, ბევრი დრო მაქვს დაკარგული. შემეძლო უფრო მეტი გამეკეთებინა, თუნდაც ჩემს პროფესიაში, გაცილებით მეტ ადამიანს მოვფერებოდი და სითბო გამომეხატა. ზოგჯერ ვამუხრუჭებ ხოლმე ჩემს თავს, ვიცი, რომ რაღაც უნდა გავაკეთო, მაგრამ ვერ ვაკეთებ, რატომ, არ ვიცი. ვერ დავარქვი სახელი, რატომ მაქვს ეს მუხრუჭები და ამიტომაც ვერ ვშველი.
- როგორ ფიქრობთ, რისთვის იბადება ადამიანი?
- სიყვარულისთვის, რომ მიიღოს ის სიყვარული, რასაც სამყარო აძლევს და გაამრავლოს, ბოლოს კი თავად სამყაროს დაუბრუნოს უკან. ბიბლიური იგავი მახსენდება ტალანტებზე. ტალანტი ფულის ერთეული იყო ანუ ნიჭი. სიცოცხლე ნიჭია, რომელიც თითოეულ ადამიანს აქვს მინიჭებული. ამ სიცოცხლეს როგორ გამოიყენებ, შენზეა დამოკიდებული და სწორედ ამის მიხედვით მოგეცემა ყველაფერი. იბადები იმისთვის, რომ ტალანტი ერთიათად აქციო, მერე ასად და საბოლოოდ, ისევ შეუერთდე იმ უზარმაზარ ენერგიას, რომელსაც გამოეყავი, როცა ადამიანად იქეცი.
უფალი ყველგან და ყველაფერშია, ის ძალიან დიდია და ამ დროს შეიძლება პატარა რამეშიც ჩაეტიოს. ნაპერწკალივით შეიძლება იყოს, უცებ რომ გაგიელვებს, დროისა და სივრცის მიღმაა. ძალიან ბევრჯერ ცხადად მიგრძნია მისი მხარდაჭერა. ადამიანში ღმერთი არის იმდენი, რამდენიც შეუძლია ატაროს. ადამიანი მაშინ მიდის ამ ქვეყნიდან, როცა იპოვის. ცხოვრება სულ ძებნაა...
- კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით?
- უფრო მადლობელი.
რუსუდან შაიშმელაშვილი