რა გზას უნდა მიმართოთ, როდესაც ყოფილი მეუღლე ბავშვს არ გაჩვენებთ - კვირის პალიტრა

რა გზას უნდა მიმართოთ, როდესაც ყოფილი მეუღლე ბავშვს არ გაჩვენებთ

გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები

ამჯერად სამართლებრივ რჩევებს მოგცემთ იურისტი, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი.

ვარ მარტოხელა დედა. რამდენიმე წელია მეუღლესთან ოფიციალურად გაყრილი ვარ. ალიმენტსაც არ იხდის. მაღაზიაში კონსულტანტად ვმუშაობ და ხელფასით ძალიან მიჭირს თავის რჩენა, რადგან ნაქირავებში ვცხოვრობ. ჩემს დასთან მინდა საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდე და ბავშვიც წავიყვანო. ყოფილი ქმარი კი არ მაძლევს ბავშვის გაყვანის ნებართვას. რა შეიძლება გავაკეთო?

- უნდა მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა ბავშვის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში.

ჩემს საცხობთან მოხდა საღამოს საათებში ინციდენტი, მიყენია კამერები. მოვიდა მამაკაცი და მომთხოვა ჩანაწერი. მე ვუთხარი, რომ კამერები არ მუშაობდა, რადგან იმ მამაკაცს არ ვიცნობდი და არც ის ვიცოდი ჩანაწერი რისთვის სჭირდებოდა. მაქვს თუ არა უფლება, უარი ვუთხრა, როცა ვიცი, ის არ არის ძალოვანი.

- ნებისმიერი ვიდეომონიტორინგი, რომელიც კონკრეტულ ობიექტზე ხორციელდება, მიმართულია ობიექტის დაცვისკენ, ანუ დაცვის ერთგვარი პრევენციული ღონისძიებაა. შესაბამისად, ჩანაწერი ეკუთვნის ობიექტისა და ჩანაწერების ჩამწერს. ჩანაწერები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და ნებისმიერი პირისათვის ხელმისაწვდომი არაა და არც უნდა იყოს. თუ პირი არის მონაცემთა სუბიექტი, მას უფლება აქვს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ანუ თქვენ მოგთხოვოთ დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს მის შესახებ ინფორმაცია, ისე, რომ სხვა მონაწილე პირების ვინაობა არ იყოს იდენტიფიცირებადი, ხოლო თუ პირი არ იყო ინციდენტის მონაწილე და იყო სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი, მან უნდა დაიცვას კანონით დადგენილი წესი.

5 წელია მეუღლესთან გაშორებული ვარ, შემიძლია თუ არა ვუჩივლო და მოვითხოვო ბავშვისთვის წილი მისი ქონებიდან. ორი ბინა, რომელიც მის სახელზეა და ქორწინებამდე ჰქონდა შეძენილი.

- ქორწინებამდე შეძენილი ქონება წარმოადგენს პირის საკუთრებას და ვერ ჩაითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებაში, ბავშვს მშობლის ქონებაზე უფლება წარმოეშვება მშობლის გარდაცვალების შემდეგ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს. შესაბამისად, ვერც ბავშვის წილს ვერ მოითხოვთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ ალიმენტი ნებისმიერ დროს ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე.

მეზობელთან წლებია დავა მაქვს მიწაზე, მაგრამ არც მას და არც მე ოფიციალურად გაფორმებული არა გვაქვს. ახლა გავიგე, რომ მიწის უფასო რეგისტრაციის ფარგლებში მან გადაიფორმა ჩემი კუთვნილი მიწის ნაწილიც. არადა, იმ ტერიტორიაზე მაქვს ხეხილი. როგორ დავიბრუნო მიწის წართმეული ნაწილი.

- მსგავს შემთხვევაში, როდესაც რამდენიმე პირი აცხადებს პრეტენზიას მიწის ნაკვეთის საკუთრებაზე, საუკეთესო გამოსავალი მედიაცია და მხარეთა შორის მორიგებაა, თუმცა, როგორც ჩანს, მორიგება უკვე შეუძლებელია. ამიტომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამო შეიძლება სასამართლოს მეშვეობით დავა, თუმცა სასარჩელო წარმოებისას საჭიროა აღნიშნული მიწის ნაკვეთით 2007 წლის სექტემბრამდე ფლობისა და სარგებლობის მყარი მტკიცებულებები. მართალია, კანონი მოწმეთა ოქმის საფუძველზე იძლევა მიწის რეგისტრაციის საშუალებას, თუმცა, როგორც სიტუაციიდან ჩანს, მსგავსი მტკიცებულებით უკვე ერთმა მეზობელმა დაირეგისტრირა. ამიტომ, თუ ეს რეგისტრაცია უნდა გასაჩივრდეს, მოსარჩელეს უფრო მყარი მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს.

მეპატრონისგან ვყიდულობ მანქანას, რომელიც ლომბარდშია ჩადებული. მანქანის მფლობელმა შემომთავაზა მანქანისა და ლომბარდის გადაფორმება. ასეთი გარიგების დროს რას უნდა მივაქციო ყურადღება?

- ნებისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობის გადამოწმება ხდება სახელშეკრულებო პირობების შეფასებით, ანუ შეფასების მიზნებისთვის აუცილებელია სახელშეკრულებო პირობების გაცნობა. მოცემულ შემთხვევაში საკითხი ეხება მანქანის ნასყიდობასა და კრედიტს. მინიმუმ ლომბარდში გადასამოწმებელია ზუსტი საკრედიტო დავალიანება, რომელიც მყიდველს აქვს.

ვის მივმართო ყადაღის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის მომზადებისთვის? როდის დგება ყადაღის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის მომზადების საჭიროება?

- იმისათვის, რომ პასუხი იყოს სრული, აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა სახის ნივთზეა საუბარი, უძრავი ქონების თუ მოძრავი ქონების ყადაღაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რა გაინტერესებთ, უკვე არსებულ და დადებულ ყადაღაზე ინფორმაცია, თუ თქვენ თავად გსურთ დაადოთ ვინმეს ქონებას ან ანგარიშებს ყადაღა. ყადაღის შესახებ ინფორმაციის მიღებას შეძლებთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით მამას განსაზღვრული აქვს შვილთან ურთიერთობისთვის დღეები, მაგრამ ყოფილი მეუღლე ბავშვს არ ატანს. როგორ უნდა მოიქცეს?

- როცა ყოფილ მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაძაბულია, სამწუხაროდ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხერხდება. ბავშვზე ხდება ზეგავლენა, რომ არ გაჰყვეს მეორე მშობელს სახლში, ან მასთან ერთად სასეირნოდ არ წავიდეს. როდესაც მსგავსი შემთხვევებია, აუცილებელია სოციალური სამსახურის ჩართვა და ის დაარეგულიერებს ამ საკითხს. მსგავი ტიპის შემთხვევები ახლა შედარებით ნაკლებად გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო განხილვის ეტაპზეც კი ვითხოვთ დროებითი განკარულების გამოცემას, რათა ბავშვთან ურთიერთობა დასტაბილურდეს. მშობლები, ასე თუ ისე, ამას ეგუებიან და თუკი ძალიან განსაკუთრებული შემთხვევა და დაძაბული გარემო არ არის, მშობლებს შორის ეს მაინც მიღწევადია. ვფიქრობ, მხარეებმა უნდა გაიაზრონ ის ვალდებულებები, რაც ბავშვების მიმართ აქვთ, და ორივე უნდა რიგდებოდეს ერთმანეთში და არა იძულებითი აღსრულება ხდებოდეს. ადრე 10 წლიდან ეკითხებოდნენ ბავშვს აზრს, ახლა ბავშვთა კოდექსი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი ასაკის ბავშვს მოუსმინონ და გაითვალისწინონ მისი აზრი, თუნდაც 2 წლის იყოს. თუ ბავშვი ვერ საუბრობს გამართულად, შეიძლება მან დამოკიდებულებით მიანიშნოს და სასამართლო ამასაც ითვალისწინებს. საცხოვრებლის ადგილის საკითხის განსაზღვრის დროს მნიშვნელობა აქვს ბავშვის აზრს და ადვილად დასადგენია, თუ რა ჩართულობა აქვს მშობელს და ვის მიმართ აქვს ბავშვს მიჯაჭვულობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადაწყდება, თუ რომელ მშობელთან დარჩება ბავშვი. გადაწყვეტილება მიიღება ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. თუ უკვე გაქვთ სასამართლოს გადაწყვეტილება, გირჩევთ ჩართოთ სოციალური სამსახური.