„ყველაზე ბედნიერი საქართველოში ვარ“
კოლუმბიელი გრეგორიო პაზ ირიარტემ პირველად საქართველოზე პედაგოგისგან შეიტყო და ჩამოსვლა გადაწყვიტა. მას შემდეგ აქაურობას მეორე ოჯახად მიიჩნევს, მართლმადიდებლადაც მოინათლა. ზაფხულში თუშეთში რეინჯერად მუშაობს, წლის დანარჩენ დროს კი პარიზში ატარებს. ამჯერად გრეგორიო სადოქტორო თემას თუშეთს უძღვნის და შთაბეჭდილებებით სავსე თავის ცხოვრებაზე გვიამბობს.
- 29 წლის ვარ, დავიბადე და გავიზარდე კოლუმბიაში. საქართველოს შესახებ ექვსი წლის წინ დაღესტნელი პედაგოგისგან შევიტყვე, მითხრა, საქართველოში წადი, ძალიან მოგეწონებაო. გავიგე, რომ საქართველოში შემეძლო რეინჯერად მემუშავა, როგორც პრაქტიკანტს, ამიტომაც წამოსვლა გადავწყვიტე, მანამდე გავლილი მქონდა ორწლიანი პრაქტიკა სამხრეთ აფრიკაში. ბორჯომი-ხარაგაულის პარკში 2019 წელს ორ თვეს რეინჯერად ვიმუშავე. იმ დროს ქართულად ვერ ვსაუბრობდი, მაგრამ ჩემი თანამშრომლები მაგარი ადამიანები იყვნენ და ენის ბარიერს არ შევუშინებივარ. მერე რეინჯერად თუშეთში სამი თვით წავედი.
- ზაფხულში თუშეთში ხართ, წელიწადის დანარჩენ დროს სად იმყოფებით?
- პარიზში ვცხოვრობ, მხოლოდ ზაფხულში ვარ საქართველოში. პარიზში ასპირანტი ვარ უნივერსიტეტში, სადოქტოროზე ვმუშაობ, ჩემი თემა ფილოსოფიაა. როცა თუშეთში ვარ, ვმუშაობ, ვწერ, რა ვნახე, როგორ ხალხში ვცხოვრობ.
დედისერთა ვარ. დედა ორი წლის წინ გარდამეცვალა. კოლუმბიაში ახლა მამა, მამიდები, და დეიდები მყავს. ზამთარში სიცივე არ მიყვარს და ამიტომაც ერთი თვით კოლუმბიაში ვბრუნდები. გაზაფხულსა და შემოდგომაზე კი პარიზში ვარ. ახლა მთელ სეზონს თუშეთში გავატარებ. დისერტაციისთვის მაინტერესებს როგორია შემოდგომაზე ცხოვრება თუშეთში. ეს ჩემი პირველი შემოდგომაა საქართველოში. აქ უკვე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ მაინც სტუმარი ვარ...
- ქართული კერძების მომზადება თუ ისწავლეთ?
- სამწუხაროდ, "პოვრობა" არ გამომივიდა. თუშეთში ყველა დღეობაზე ამზადებენ ხინკალს, მაგრამ მე ვერა, ალბათ, იმიტომ, რომ ქართველი არა ვარ, არადა, ქართული საჭმელი ძალიან მომწონს.
- თბილისი მოგწონთ?
- თბილისი ძალიან მომწონს, მაგრამ "პრობკაში" ორი საათი ყოფნა არა! ძველი თბილისი ძალიან ლამაზია.
თუშეთში ძალიან მომწონს დოღი. უკვე სამჯერ მივიღე მონაწილეობა და ძალიან მაგარი იყო. თუშეთში კარგად იციან ცხენის ფსიქოლოგია. ყველა ჩემს თუშ მეგობარს ცხენი ჰყავს და ვხედავ, როგორ უყვარს და პატივს სცემს. ამიტომაც მომწონს თუშეთი, იქ ვხედავ, ადამიანები როგორ უყურებენ ბუნებას, როგორ ცხოვრობენ მთაში... მე დისერტაციას ვწერ თუშეთზე. ვფიქრობ, თუში ხალხი ადამიანობის მაგალითია მსოფლიოსთვის.
- ქართული ღვინო მოგწონთ?
- ძალიან მაგარია! ყველაზე მეტად ქისი. ქართული სუფრა, როგორც ტრადიცია, ძალიან მომწონს. ყველა ერთადაა სუფრაზე, სადღეგრძელოებს ამბობენ, თამადას უსმენენ. თუშეთის დღეობებზე ვყოფილვარ, სამი დღე გრძელდება სუფრა. არაფერი შეედრება, ამდენი ხნის ტრადიცია დღეს რომ ისევ ცოცხლობს. ერთხელ საქართველოში აღდგომასაც ვიყავი, წითელი კვერცხი ჩვენთან არ იციან...
თუშეთში იმდენად ბედნიერი ვარ, სხვაგან წასვლა აღარც მინდა. კახეთშიც ბევრგან ვარ ნამყოფი, პანკისშიც ვიყავი, ძალიან ლამაზი ბუნებაა, ქისტები კარგი ხალხია. წელს მეგობრებთან ერთად ვაშლოვანიც ვნახე. თუში მეცხვარეები მოდიოდნენ, ცხვრები მოჰყავდათ ომალოდან ვაშლოვანში. ცხენებით გამოვიარეთ თითქმის ორასი კილომეტრი, მეცხვარეები კი ფეხით მოდიოდნენ. თითქმის ერთი კვირა მოვდიოდით. ღამეს სოფელში ან კარავში ვათევდით. საშიში არაფერი იყო, ბევრნი ვიყავით და მგელი ვერ მოვიდოდა. დაღლით კი ძალიან დავიღალეთ, ყოველდღე თითქმის შვიდი საათი ცხენზე ვისხედით. ომალოდან რომ წამოვედით, უღელტეხილზე დიდი თოვლი იდო. ცხენით რომ მოდიხარ, საოცარ სილამაზეს უყურებ.
ახლახან ჩემი მეგობრის ქორწილში თელავში გახლდით. ჯერ თბილისში, სიონის ტაძარში დაიწერეს ჯვარი, შემდეგ თელავში წავედით რესტორანში... მეგობარი, რომლის ქორწილშიც ვიყავი, ჩემი ქართველი ნათლიაა, შარშან მართლმადიდებლად მოვინათლე. კოლუმბიელები კათოლიკეები ვართ, მაგრამ შარშან ჩემმა მეგობარმა მითხრა, მინდა ჩემი შვილის ნათლია იყოო. კახეთში გიორგობას მოვინათლე. ჩემი ნათლია ჩემი სამი მეგობარია... ასე რომ, კოლუმბიელი საქართველოში მართლმადიდებლად მოვინათლე, თუშეთში რეინჯერი ვარ, პარიზში კი - ასპირანტი და ლექტორი ძალიან მომწონს თქვენი, ახლა უკვე ჩემი რელიგია.
- თქვენს ახლობლებს არ ეწყინათ, მართლმადიდებლად რომ მოინათლეთ?
- არა, ძალიან ცივილიზებულად მიიღეს.
- ბევრ ქვეყანაში ყოფილხართ, ყველაზე მეტად რომელი მოგეწონათ?
- ამერიკაში, მექსიკაში, სამხრეთ აფრიკაში ორი თვე ვცხოვრობდი... ყველა ქვეყანა ლამაზია, ყველას აქვს თავისი უნიკალურობა, მაგრამ უნდა დამიჯეროთ, ყველაზე ბედნიერი საქართველოში ვარ.
- რამდენი ენა იცით?
- ექვსი ენა: ესპანური თავისთავად, კოლუმბიელი ვარ, ფრანგული, რადგან ფრანგული სკოლა დავამთავრე. უნივერსიტეტში შოტლანდიაში ვსწავლობდი და ვიცი შოტლანდიური, ასევე ინგლისური, იტალიური... ესპანური და იტალიური ძალიან ჰგავს ერთმანეთს. რუსულიც ვიცი, რადგან დიდხანს რუსულ უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი, და ქართული. ქართული ყველაზე რთული იყო, მაგრამ ქართულად ლაპარაკი ძალიან მომწონს. არასოდეს მიფიქრია, რთულია და არ ვისწავლი-მეთქი. მსურდა ჩემს ქართველ მეგობრებთან ქართულად მელაპარაკა.