„დღეს რომელი ოპოზიციონერი გაბედავს იმის თქმას, მოდით, ბიჭებო, საქართველოსთვის ვიბრძვითო?!“
ჩვენს ქვეყანაში მორიგი არჩევნები დასრულდა, თუმცა მან, სამწუხაროდ, ვერ დაასრულა პოლიტიკური ვნებათაღელვა. ოპოზიციამ ბრძოლა ისევ ქუჩის მიტინგებითა და აქციებით გადაწყვიტა. პოლიტიკის ქუჩაში გამოტანის ეს მოჯადოებული წრე კი უკვე სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის. ეროვნული მოძრაობის დროს რა განაპირობებდა აქციების მასშტაბებს, ამ მოძრაობის ერთ-ერთ ცნობილ პირს, გურამ პეტრიაშვილს ვკითხეთ.
- ჩვენ არასოდეს მოგვიტყუებია ხალხი შეპირებებით, არც ძალაუფლებით დამტკბარები, სიცრუეს შეჩვეული ვყოფილვართ და ხალხს ჩვენი სჯეროდა. ამიტომაც ერთიანდებოდნენ ჩვენ გარშემო უთქმელად და დაუძახებლად, მით უმეტეს, მაშინ არ იყო ინტერნეტი, იყო მხოლოდ მიკროფონი მიტინგებზე და მოდიოდა უზღვავი ხალხი. მახსოვს, "დინამოს" სტადიონიდან დავიძარით რამდენიმე კაცი და ვიდრე რუსთაველზე მივიდოდით, 2000 კაცი შემოგიერთდა... 5 აპრილი იყო, 9 აპრილამდე ოთხი დღით ადრე, როდესაც ზვიად გამსახურდიამ მე და ავთო იმნაძე დიმიტროვის ქარხანაში გაგვგზავნა აქციის ჩასატარებლად. ეს ძალიან დიდი ქარხანა იყო, ბევრი მუშახელით და მათ გვერდით დგომა აუცილებელი იყო... მოკლედ, დილაუთენია წავედით მე და ავთო, რათა სამსახურში მიმსვლელ ხალხს შევხვედროდით და აგვეხსნა, რატომ უნდა ყოფილიყვნენ რუსთაველზე. აი, ამაზე ველაპარაკებოდით მათ, როდესაც ქარხნის ეზოში შემოდიოდნენ, მაგრამ ხალხი არ გვიჩერდებოდა. გაკვრით მოგვისმენდა და ისევ ქარხანაში შედიოდა სამუშაოდ. ამასობაში, კომკავშირის წარმომადგენლები გამოცვივდნენ ქარხნიდან და ხელის შეშლა დაიწყეს, ხელიც დაგვარტყეს. ჩვენ დავტოვეთ დაცარიელებული ეზო და წამოვედით გულდაწყვეტილები. ვიფიქრეთ, რომ ამ ხალხს სულ არ ადარდებდა არც ეროვნული მოძრაობა და არც საქართველოს დამოუკიდებლობა. მივედით რუსთაველზე, დავდექით და უცებ რამდენიმე ხანში მერაბ კოსტავას ხმა გავიგონეთ: აი, მოვიდა დიმიტროვის ქარხანა, შემოგვიერთდაო, და ამან ჩვენც კი გაგვაოგნა. წარმოგიდგენიათ, მთელი ქარხანა მოვიდა, მაგრამ გურამ პეტრიაშვილისთვის კი არა, საქართველოსთვის, რათა მის დამოუკიდებლობაში მიეღო მონაწილეობა. ახლა თქვენ მითხარით, დღეს რომელი ოპოზიციონერი გაბედავს იმის თქმას, მოდით, ბიჭებო, საქართველოსთვის ვიბრძვითო...
- მაშინ როგორ მისცა ხალხმა ამდენი ხმა ოპოზიციას?
- ხალხი არჩევნებზე მივიდა იმიტომ, რომ სახელმწიფო არ ჩამონგრეულიყო. ოპოზიცია არ უყვართ, მაგრამ ბევრმა ისევ ის არჩია ხელისუფლებას, რათა როგორმე ხელისუფლებისთვის შეეჭრათ ფრთები. ოპოზიციამ ცოტა ხმა როდი მიიღო, მაგრამ ივანიშვილი სულელი ნამდვილად არ არის, სულელი რომ იყოს, ფულსაც ვერ იშოვიდა. მან თქვა, თუ წავალ, ომი დაიწყებაო; როგორც უკრაინა, ისე ამოვწყდებითო და ამან ხალხზე ძალიან იმოქმედა. მე უკრაინელებმა 20 წელიწადი შემიფარეს სამშობლოდან განდევნილი და მათი უბედურება ჩემი უბედურებაც არის. მეც მეშინია ომის. ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან ომს რუსეთი არ დაიწყებდა, ივანიშვილი რომ დაჰპირისპირებოდა, იმიტომ, რომ ნაწვნევი მაქვს რუსეთის ომი.
- ხელისუფლებისგან ხშირად გვესმის, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაიბრუნებს.
- რომელი ჭკუათამყოფელი ქართველი დაიჯერებს, რომ რუსს სურვილი გაუჩნდება, ოდესმე რაიმე დააბრუნოს?! რუსისგან ნებით რაიმეს დაბრუნება შეუძლებელია, რადგან ეს არ არის ერი. ეს არის იმ ხალხისაგან შემდგარი ურდო, რომელიც ყოველთვის სხვისი მიწის მიტაცებაზე იყო და არის. ეს ურდო, რომელიც ქართველმა ხალხმა ძალიან ბევრი მოღალატის მიუხედავად გააგდო, კვლავ აპირებს შემოსვლას.
ოპოზიციას დიდი შეცდომა აქვს დაშვებული. ალბათ, ბევრს ახსოვს, მსახიობი გურამ ფირცხალავა, რომელიც ამავე დროს კარგი ქართველი იყო. ის იმ დროს გარდაიცვალა, როცა ქალის კაბაში ჩაცმული ვინმე წვერიანი კაცის, სახელად კონჩიტას სიმღერა ნახა "ევროვიზიაზე". ისიც ნახა, რომ გამარჯვება მაგ უნიჭო კაცს მისცეს და გაგიჟდა გურამი, ჯილდო მხოლოდ მაგიტომ მისცეს, რომ წვერიან კაცს ქალის კაბა ეცვა. ჰოდა, როცა ამას მიესალმება ოპოზიცია, მეუბნება, კაცმა კაცი რომ შეიყვაროს, ეგ უნდა მოგეწონოსო, ქართველი მაგას არ იზამს.
- არა მგონია, ასე ადვილად მოგვერიოს იმ კონჩიტას ხიბლი.
- ერთ რამეს გეტყვით - ჩვენ ვერა, მაგრამ ბავშვებს სულელ განათლების მინისტრებს რომ დაუნიშნავ და სახეიროს არაფერს ასწავლი, იმ ბავშვებს მოერევა. ასეთი უტვინო და ნაძირალა მინისტრები ჰყავდათ. კარგად მახსოვს, სააკაშვილის განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ სიტყვა "ბავშვი" სამი მცდელობითაც რომ ვერ დაწერა. ამ ხელისუფლებასაც სხვა უტვინო ჰყავდა, ჯეჯელავა. ამბობდა, "ნაცარქექია" მოაშორეთ და "ადამიანი-ობობა" ისწავლეთ, ეგ მაგარიაო. იმას კი არ ამბობდა, ევროპა "პეპი გრძელი წინდითა" და "კარლსონით"…არის კარგი, ის წაიკითხეთ, "ნაცარქექია" კი აუცილებლად უნდა იცოდეთ, რადგან ისწავლით, რომ პატარა შეიძლება დიდს მოერიოსო.
- აბა, რა ვქნათ, რას გვირჩევთ?
- უნდა დავრჩეთ იმად, ვინც ვართ. ერთხელ ნოდარ დუმბაძეს უთხრეს, ბატონო ნოდარ, გულის დონორი გამოჩნდება, უცხოეთში წაგიყვანთ, ახალ გულს გადაგინერგავთ და 30 წელიწადი იცოცხლებთო. ნოდარმა, მე ჩემი გულით მიყვარდა და მძულდა, ამ გულით უნდა მოვკვდეო. ასე უნდა დავრჩეთ იმად, ვინც ვართ. პატიოსნები უნდა დავრჩეთ პატიოსნებად და ცოტა დაველოდოთ როდის გამოგვიგზავნის განგება დიდ კაცს, ქვეყნის მოყვარულს. იცით, ამას რატომ ვამბობ, იმიტომ, რომ არაერთხელ გამოუგზავნია. იცით, თუნდაც ერთ პატიოსან კაცს რამხელა ძალა აქვს? ჯემალ ქარჩხაძეს აქვს მოთხრობა, სადაც წიგნის გმირი ფიქრობს, გარშემო ყველა უპატიოსნოა, რა იქნება ერთი უღირსი საქციელი მეც ჩავიდინო, რომ რაიმე სარგებელი მეც მივიღო და ფეხზე დავდგეო. ამ დროს გზაზე შეხვდება პატოსან კაცს, რომელიც ყველაფერს გადააფიქრებინებს და თავისთვის ჩაივლის. ამის მერე ის გაოცებული მგზავრი შეჰღაღადებს ღმერთს, ღმერთო, ერთი პატიოსანი კაცი იყო და რაღა მე შემახვედრე, მეგონა, ერთხელ მაინც დავდგებოდი ფეხზეო. ღმერთმა კი იმიტომ შეახვედრა, რომ ფეხზე დამდგარი უფრო მწარედ არ წაქცეულიყო და რაც მთავარია, მისი პატიოსნებაც სამაგალითოდ გაეხადა სხვას. ასე რომ, ვაკეთოთ ჩვენ-ჩვენი საქმე პატიოსნად. ეგ არის ამწუთას ჩვენი შვებაც, იმედიც და მომავალში რომ ის დალოცვილი პატიოსანი კაციც მოვა, იმის გარანტიაც.