„მე არა მაქვს შეგრძნება, რომ საქართველოდან წასული ვარ“ - კვირის პალიტრა

„მე არა მაქვს შეგრძნება, რომ საქართველოდან წასული ვარ“

მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ალექსანდრე კორსანტია ბოლო დროს საქართველოს ხშირად სტუმრობს. ის 1991 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, თუმცა ამბობს, რომ ემიგრანტი არ არის, ყოველ წელს ჩამოდის და ორმაგი მოქალაქეობაც აქვს. მთელი ცხოვრება მსოფლიოს ცნობილ მუსიკალურ დარბაზებში უკრავს და მაინც, მისთვის მთავარი საკონცერტო დარბაზებიცა და ყველაზე ამბიციური მსმენელიც საქართველოშია.

- ქართველი მსმენელი ძალიან ამბიციური მსმენელია. არ ერიდება აზრის მკვეთრად გამოთქმას და უნდა ის ყველას გააგებინოს. ეს ძალიან მაგარი თვისებაა. მე ყოველთვის ვგრძნობ, ქართველი მსმენელის რეაქციასა და სიყვარულს და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ქართველები ყველაფერში მომთხოვნები ვართ, მით უმეტეს, ქართველი მსმენელი მუსიკაში ძალიან კარგად ერკვევა. ყველა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით მიდის საქართველოდან, რადგან ისეთ სითბოს იღებს მსმენელისგან, რთულია არ შეუყვარდეთ ჩვენი ქვეყანა. ყველა ამბობს, რომ ქართველი შემსრულებლები უაღრესად ნიჭიერები და ემოციურები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში შევდივართ, ვერაფერი შეცვლის იმ ცოცხალ შესრულებას, როდესაც მსმენელის აურას გრძნობ. როცა სცენაზე ვარ, იმდენად დიდი ენერგეტიკული გაცვლა ხდება დარბაზთან, რომ ამას ვერც "იუთუბი" და ვერც ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს. ამ გლობალიზაციის დიდი და დადებითი მონაპოვარი ის არის, რომ საქართველოც ამ დიდი ოჯახის, მსოფლიო მუსიკის ნაწილი ხდება.

დრო მიდის, პოლიტიკა იცვლება, ერთი პრეზიდენტი მეორეს ცვლის, ხან პრემიერ-მინისტრებს ცვლიან, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა თანდათან ვითარდება. ბევრი ნაბიჯი გვაქვს წინ გადადგმული და ეს ძალიან მახარებს, მიუხედავად იმისა, რომ ამწუთას საკმაოდ რთული პერიოდი აქვს. მე მჯერა, რომ მალე ამასაც გადალახავს და განვითარების გზას ისევ ფეხზე მყარად დამდგარი გააგრძელებს.

ჩვენ უდიდესი კულტურის ქვეყანა ვართ, უდიდესი ისტორიით, და ამიტომ გაჩერების უფლება არა გვაქვს. ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანა ვართ და ამის თანამდევია ის ყველაფერი, რაც ხდება. თავისუფლებას, რომელიც მოვიპოვეთ, უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ ხომ დიდი ევროპული¬ოჯახის ნაწილი ვართ.

- არაერთი ფესტივალის მონაწილე ბრძანდებით, თუმცა თქვენთვის მაინც გამორჩეული "აღდგომიდან ამაღლებამდეა".

- 2011 წლიდან ფესტივალის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ და სულ ვცდილობ მნიშვნელოვნად გავამდიდრო ფესტივალის პროგრამა. ჩვენ მიზნად დავისახეთ ახალგაზრდების დაინტერესება ტრადიციული და აკადემიური ხელოვნებით, ხელი შევუწყოთ უცხოეთში მოღვაწე ქართველ ხელოვანთა შემოქმედების პოპულარიზაციას სამშობლოში და ცნობილი უცხოელი შემსრულებლების შემოქმედების წარმოჩენას საქართველოში. ფესტივალი იწყება თბილისში, აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში და გრძელდება ამაღლების დღესასწაულამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ეს პროექტი საქართველოს კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

- სულ ახლახან ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" თქვენ გახსენით.

- მრავალი წელია ამ სცენაზე არ ვყოფილვარ და რა ჯობია აქ დაბრუნებას? საბედნიეროდ, ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პიროვნებები იყვნენ. ასეთი გახლდათ ბატონი ჯანსუღ კახიძე, ისეთი ადამიანი, გამორიცხულია ახალგაზრდა მუსიკოსი მის გავლენაში არ მოქცეულიყო. ყველა შეხვედრა მასთან, როგორც მუსიკოსისთვის, უდიდესი დღესასწაული იყო. ბევრი რამ ვისწავლე მისგან.

- ცნობილია, ასევე თქვენი სიყვარული და დამოკიდებულება კომპოზიტორ გია ყანჩელის მიმართ.

- გია ყანჩელი ჩემთვის ფსიქოლოგიური კომპოზიტორია. მისი მუსიკა უნიკალურია, მხოლოდ მასზე ვფიქრობ, როცა სხვა კომპოზიტორების მუსიკაზე ვმუშაობ. მუსიკოსები მუდმივად სტუდენტებად ვრჩებით, მთელი ცხოვრება, უბრალოდ, როცა ასაკი გვემატება, უფრო და უფრო უკეთესი სტუდენტები ვხვდებით. ეს არის ჩვენი ერთადერთი პროგრესი. ჰოდა, ასე ვსწავლობთ გიას მუსიკის სიდიდეზე, მისი მუსიკის შინაარსზე და უფრო და უფრო ვხვდებით, რა სიღრმეებზეა იქ ლაპარაკი.

- წეღან ახსენეთ, მუდმივად სტუდენტებად ვრჩებითო, მაგრამ თქვენი პროფესიონალიზმის, შესრულების ხარისხი არ აღიქმება როგორც სტუდენტის დაკრული, ყოველთვის ახალი რამ მოდის თქვენგან. რაიმე საიდუმლო რეცეპტი გაქვთ?

- არა მგონია, მომზადებული რეცეპტი მქონდეს ამისი, მაგრამ შეიძლება­ ნაწილობრივ გაგცეთ ამაზე პასუხი - არასდროს გაჩერება, რადგან მხოლოდ მოძრაობაშია ჩვენი სიბრძნე და ცოდნა. არ უნდა იფიქრო, რომ რაღაცას მიაღწიე. როგორც კი ამას იფიქრებ, იქ გაჩერდები. არ უნდა შეგეშინდეს შეცდომის, მხოლოდ შეცდომა გასწავლის სიმართლეს. რომ შევადარო ახლა ჩემი თავი, როცა 25 წლის გახლდით, და ამჟამად, როცა 59 წლის ვარ, გაცილებით უკეთესი სტუდენტი ვარ, ვიდრე მაშინ ვიყავი.

- ყველაზე დიდი სირთულე რა გქონიათ?

- ყველაზე ძნელი როიალზე დაკვრაა, ამაზე რთული არაფერია. ამერიკაში გადასვლასაც ახლდა გარკვეული სირთულეები, მაგრამ ამაზე ფოკუსირება აუცილებელია? არ ღირს, წინ უნდა იყურო, უკეთესის მოლოდინში. მსოფლიო დიდია. ვუკრავ ბევრ კონცერტს აზიაშიც, ევროპასა და ამერიკაში, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ მეტი დრო დავუთმო ახალი ნაწარმოების ათვისებასა და შესწავლას. მუსიკა ისეთი რაღაცაა, რომ არ გაძლევს დაბერების საშუალებას, სანამ ცოცხალი ხარ, იძულებული ხარ, ახალგაზრდა იყო. სულ უნდა ისწავლო, მთელი ცხოვრება. მუსიკის ენა ძალიან უნიკალურია, პირდაპირ ადამიანის გულს ესაუბრება.

- მუსიკოსი რომ არ ყოფილიყავით...

- შეიძლება გავმხდარიყავი კონსტრუქტორი. ეს ყოველთვის მომწონდა, ხელით გაკეთება სხვადასხვა ნივთის. დღემდე მიყვარს ეს საქმიანობა, მიუხედავად ამისა, სულ ვიცოდი, რომ მუსიკოსი ვიქნებოდი.

- სად ხართ ყველაზე კომფორტულად?

- გამორჩეულად მიყვარდა და მიყვარს საქართველო. არ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ მე შორს ვარ. ერთადერთი, რამაც შეიძლება ნაკლებად კომფორტულად მაგრძნობინოს თავი სხვა ქვეყანაში, არის იქაური ენის ნაკლები ცოდნა. მე არა მაქვს შეგრძნება, რომ საქართველოდან წასული ვარ, ასე არაა. აქ ცხოვრობენ ჩემი მშობლები, ჩემი უახლოესი მეგობრები. ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მაინც საქართველოსთანაა დაკავშირებული.

- ევროპის არაერთ ქვეყანაში დაგიკრავთ, ცხოვრობთ ბოსტონში. როგორია თქვენი­ თვალით დანახული ევროპა?

- ევროპა დღევანდელი ახალგაზრდისთვის უკვე ისე რთული აღარ არის აღსაქმელად და შესაგუებლად, როგორც ჩემი თაობისთვის იყო, თან ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ საზღვრები გახსნილია, სადაც გსურს, იქ დასახლდები. ჩემი თაობისთვის უფრო რთული მისაღები იყო სხვისი ცხოვრების წესი, სხვა მენტალიტეტი. თუმცა ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ.

ერი, რომელიც ყოველთვის ცხოვრობდა ევროპული ფასეულობებით, ისტორიული ვალდებულება და მოვალეობაა დაიცვას თავისი არჩევანი! ეს არჩევანი გადის ღირსებაზე და ადამიანის, როგორც მთავარი ფასეულობის, უპირობო არსებობაზე. საქართველო ევროპული ღირებულებების ქვეყანაა და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. ჩვენ, ქართველები, ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ და ასე იქნება სულ.

რუსუდან შაიშმელაშვილი