„მივიღებთ კოჭლ პარლამენტს და წვალებით მივალთ მომავალ არჩევნებამდე“
"არჩევნები დამთავრდა. ძალიან მალე გაიმართება პარლამენტის პირველი შეკრება", - ასეთია მმართველი გუნდის საბოლოო პასუხი ოპოზიციის მოთხოვნაზე, გაუქმდეს 26 ოქტომბრის არჩევნები და ჩატარდეს ახალი საერთაშორისო იურისდიქციით. შეგახსენებთ, რომ ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება: "კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", "ძლიერი საქართველო" და "გახარია საქართველოსთვის" პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ. ოპოზიციური პარტიის ლიდერები ირწმუნებიან, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს შეკრების უფლებას არ მისცემენ და სამართლებრივი გზებითაც გააგრძელებენ ბრძოლას.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოში უმაღლესი ხარისხის არჩევნები ჩატარდა. "თვის ბოლოსთვის გაიმართება პარლამენტის პირველი შეკრება. ამის შემდეგ რამდენიმე დღეში მთავრობის შემადგენლობა ჩამოყალიბდება. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყანა იცხოვრებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ცდილობენ პარალელური დღის წესრიგი შექმნან, თუმცა ამას ვერ მოახერხებენ", - აცხადებს ქვეყნის პრემიერი.
რას მოახერხებს ოპოზიცია, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ქუჩაში წამოწყებულმა ბრძოლამ, როგორ შეიძლება გააგრძელოს პოზიციონირება "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში და გამოაკეთებს თუ არა ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან, კერძოდ, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებს ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძესთან ერთად განვიხილავთ.
- "ქართული ოცნება" 2020 წლიდან მოყოლებული ირწმუნება, რომ ქვეყანაში დემოკრატია უმაღლეს დონეზეა, ეკონომიკა ყვავის და ევროინტეგრაციისთვის ყველაფერს აკეთებს, ოღონდ ამ პროპაგანდის არც ოპოზიციას სჯერა, არც დასავლელ პარტნიორებს და არც მეტ-ნაკლებად ობიექტურ ამომრჩეველს. არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე იმის თქმა, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს ბრწყინვალედ აკეთებს, სრული აბსურდია. მედიის საშუალებით გავრცელდა უამრავი ფაქტი, სადაც აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები სხვადასხვა მეთოდით გააყალბა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვნახეთ ადამიანები ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან, რომლებიც ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" გაფერადების სანაცვლოდ კონკრეტული გასამრჯელო აიღეს, თანხების ოდენობასაც კი ასახელებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ორი რაიონი გამონაკლისი ვერ იქნებოდა. დიდი ალბათობით, მსგავსი მოსყიდვის ფაქტები შეიძლება სხვაგანაც ყოფილიყო; უბრალოდ, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენამდე ვერ მოსულა.
პროკურატურამ, ნაცვლად იმისა, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობა გამოეკითხა, პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერები დაიბარა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ცესკოს მოთხოვნა და გააუქმა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება ხმის ფარულობის დარღვევის გამო წალკისა და თეთრიწყაროს ელექტრონულ უბნებზე ბიულეტენების ბათილად ცნობისა და არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ. რაც არ უნდა გააბათილოს სააპელაციო სასამართლომ, ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ არჩევნების ფარულობის პრინციპი დაირღვა?
პირადად ჩემთვის ნამდვილად სულერთია, დაინახავდა თუ არა ვინმე, რა არჩევანი გავაკეთე, მაგრამ ძალიან ბევრისთვის ეს ნამდვილად არ იყოს სულერთი.
რაც უნდა დამაჯერებელი გამომეტყველებით თქვას პრემიერმა კობახიძემ, იდეალურად ჩავატარეთ არჩევნებიო, ამას არც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია დაიჯერებს და არც ევროკავშირი. ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ "ქართული ოცნების" ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას, რბილად რომ ვთქვათ, შორს დგანან დემოკრატიული პრინციპებისგან.
- ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ არსებობს ეჭვი საქართველოში ჩატარებული არჩევნების გაყალბებაზე, რაც გამოძიებას მოითხოვს. ამიტომ ევროკავშირის ლიდერები საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ და მკაფიო მესიჯს გამოგზავნიან. როგორ გგონიათ, რას უნდა ველოდოთ ევროპელი პარტნიორებისგან ან რამდენად შესაძლებელია ოპოზიციის მოთხოვნის გათვალისწინება და საერთაშორისო გამოძიების ჩატარება?
- საერთაშორისო გამოძიების ჩატარება გამორიცხულია, ეს პირდაპირი განაჩენი იქნება "ქართული ოცნებისთვის". რაც შეეხება ოპოზიციის კიდევ ერთ მოთხოვნას, საერთაშორისო იურისდიქციით არჩევნების ჩატარების შესახებ, პირდაპირ გეტყვით, რომ ლოგიკას მოკლებულია. ოპოზიცია უნდა დაჯდეს და სწორად ჩამოაყალიბოს მოქმედების სტრატეგია.
- რას გულისხმობთ?
- ოპოზიციამ უნდა ჩამოწეროს ყველა ის შესაძლებლობა, რითაც ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება შეუძლია. "ქართული ოცნება" ერთადერთი ხომ არ არის, ვინც არჩევნებს აყალბებს? ყველაფერი უნდა ჩამოიწეროს და განისაზღვროს, როგორ ამოიქოლოს, გნებავთ, საკანონმდებლო ხვრელი და გნებავთ, სხვა შესაძლებლობა, რითაც არჩევნების გაყალბებაა შესაძლებელი. ამის საშუალებები ნამდვილად არსებობს და თუ ოპოზიციას მართლა სურს სამართლიანი არჩევნები, ჩატარდება კიდეც.
აზრი არა აქვს უცხოელების ჩამოყვანას, იმიტომ, რომ არჩევნები ყველაზე დაბალ დონეზე, უბანზე ყალბდება, ცესკო, უბრალოდ, თვალს ხუჭავს. კი ბატონო, უცხოელი თვალს არ დახუჭავს, მაგრამ სანამ ის სიტუაციაში გაერკვევა, რა როგორ ხდება, არჩევნები ჩაივლის.
ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევძლოთ სისტემის გამართვა. რამდენჯერ უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელები არჩევნების ჩასატარებლად?
- ოპოზიციის დაგეგმილ ბრძოლის სტრატეგიაზე რას იტყვით? რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს საპროტესტო აქციების დროდადრო სხვადასხვა ადგილას ჩატარება?
- რა გითხრათ, ცოტა გაუგებარია. კარგი, არ შევიდნენ პარლამენტში, ხვალ-ზეგ რას აპირებენ? მომავალ წელს ადგილობრივი არჩევნებია, არ აპირებენ მონაწილეობას? ფაქტია, ოპოზიციას რევოლუციური სცენარი არ გამოსდის, "ქართული ოცნება" კი უკან არ იხევს. რა მოხდება? არაფერი განსაკუთრებული,
"ქართული ოცნება" საკუთარ თავს მისცემს ლეგიტიმაციას და მივიღებთ კოჭლ პარლამენტს. ამის შემდეგ წვალებით და ჯახირით მივა მომავალ არჩევნებამდე.
გავიგე, რომ ვაშაძემ დაასახელა 4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციამ უნდა იმოქმედოს, გავიგეთ, რომ ამ არჩევნებს არ აღიარებენ და ახალს ითხოვენ, მაგრამ არ ვიცით, ბოლოს და ბოლოს, ჩახსნიან თუ არა სიებს. ასევე არ ვიცით, მუშაობენ თუ არა დასავლელ პარტნიორებთან.
ქუჩაში 4 წელი რომ იყო, რესურსია საჭირო. აქვს ოპოზიციას საამისო რესურსი? თუ აქვს და დასავლელი პარტნიორებიც მხარს უჭერენ, კი ბატონო. ჩემი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აქციებზე ვერ დავდივარ, ტელევიზიებიდან კი ვერაფერს ვიგებ - ერთი ტელევიზიით რომ გადაჭედილი რუსთაველი ჩანს, მეორე ტელევიზია აჩვენებს, ხომ ხალხი კანტიკუნტად დადის.
ოპოზიციას რესურსი აქვსო, ამის თქმა თუნდაც იმ შედეგებიდან გამომდინარე შემიძლია, რაც არჩევნებზე დაიდო - ხელისუფლებამ თბილისი წააგო, ოპოზიციამ ჯამში 800 000 ხმა აიღო. ეს ძალიან დიდი რესურსია, თუ ამ ხალხის დიდი ნაწილი აქტიურია.
მუშაობაა საჭირო, მხოლოდ მოწოდებები არ კმარა. დღევანდელი ოპოზიცია ძალიან ჰგავს სააკაშვილისას. ოპოზიციონერი ლიდერები მაშინაც მხოლოდ ლოზუნგებს გაიძახოდნენ და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ივანიშვილი არ გამოჩნდა.
ამ ოპოზიციას თუ 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა აქვს და სტრატეგიაც გათვლილი, შტაბი ხომ უნდა ჰქონდეს, რომელიც ქუჩის აქციებს გაუწევს კოორდინირებას? 2008 წელს, როდესაც პარლამენტის წინ აქცია დაარბიეს, ძალიან მალე შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე გაჩეჩილაძის კანდიდატურა წამოაყენეს. კინაღამ მოიგო მაშინ ის არჩევნები გაჩეჩილაძემ, იმიტომ, რომ ორგანიზებული იყო პროცესი. დღეს ხან ერთ ადგილზე შეიკრიბებიან, ხან მეორეზე და დადიან წინ და უკან, იაგო ხვიჩია ცალკე აანონსებს აქციებს.... საოცარი ქაოსია.
- ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ მათ სამოქმედო გეგმაც აქვთ და სტრატეგიაც, მაგრამ არ ახმოვანებენ, რადგან არ სურთ ხელისუფლებას საქმე გაუმარტივონ.
- ნეტავ ასე იყოს, მაგრამ მე მრჩება განცდა, რომ სინამდვილეში არ იციან, რას აკეთებენ, ან ხვალ რა უნდა გააკეთონ. ცოცხალ პროცესში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ნებისმიერი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ გეგმა მაინც წინასწარ უნდა იყოს გაწერილი.
ხათუნა ბახტურიძე