დიდი მატჩების თვე! - კვირის პალიტრა

დიდი მატჩების თვე!

კარს მართლაც რომ გადამწყვეტი მატჩები მოგვადგა: ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი - ნოემბრის ბოლომდე არაერთი მნიშვნელოვანი თამაში გველის, სპორტის გულშემატკივარს მოსაწყენად არ ეცლება და იმედია, ცნობილი ფილმის სათაურისა არ იყოს, ჩვენი ნოემბერიც "ტკბილი" იქნება! უფრო კონკრეტულად? შემოდგომის ბოლო თვის სპორტული აფიშა ბორჯღალოსნებმა გახსნეს და გასულ კვირას შემოდგომის ტესტების პირველი მატჩი Aლლ Bლაცკს XV-ის წინააღმდეგ ითამაშეს, 17 და 24 ნოემბერს კი რიჩარდ ქოქრილის გაწვრთნილი გუნდი იტალიას(!) და ტონგას უნდა შეხვდეს. აუცილებლად მოსაგები შეხვედრები ელის საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებსაც და თუ უეფას ერთა ლიგის ქვეჯგუფის პირველ ადგილზე დასრულება სურს, უკრაინასა და ჩეხეთს უნდა აჯობოს. 15 ნოემბერს, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიას უმასპინძლებს, ოთხ დღეში კი განმეორებითი მატჩია. თვის ბოლო კვირიდან საქმეში კალათბურთის ეროვნული ნაკრებიც ჩაერთვება და "ევრობასკეტ-2025"-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინეთს 21 და 24 ნოემბერს ეთამაშება. თუმცა ჯერ მხოლოდ კარს მომდგარ მატჩებზე ვთქვათ:

ნოემბრის ტესტებში ახალი კაპიტნით

რაგბის მატჩების საშემოდგომო სერია ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო, გასული კვირის ბოლო დღეს კი ნოემბრის ტესტ-მატჩების პირველი შეხვედრა, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმაც გამართა: რიჩარდ ქოქრილის გაწვრთნილი გუნდი მონპელიეში დაეტოლა ახალი ზელანდიის მეორე გუნდს - "ოლ ბლეკს XV"-ს, რომელიც ახალი ზელანდიის "მეორე ნაკრებად" კი მიიჩნევა, მაგრამ პირველზე არანაკლებ ძლიერი გუნდია.

მსოფლიო თასს მიღმა ზელანდიელებს პირველად ვეთამაშეთ, თუმცა "კვირის პალიტრის" ფორმატიდან გამომდინარე, კვირა საღამოს გამართული მატჩის შედეგი გაზეთის ამ ნომერში ვერ მოხვდა. იმის თქმა კი ნამდვილად შეგვიძლია, რომ ვიცით, შემოდგომის ტესტების პირველ შეხვედრაში ბორჯღალოსნებს ახალი კაპიტანი გაუძღვა - 28 წლის ვასილ ლობჟანიძემ ზელანდიელებთან შეხვედრაში 88-ედ მოირგო ეროვნული ნაკრების მაისური, პირველად - ნაკრების კაპიტნის სტატუსით! ამგვარად, "ვასკა" გახდა 35-ე ქართველი მორაგბე, რომელსაც ეროვნული ნაკრების კაპიტნობის პატივი ხვდა წილად: "ბექა გორგაძე და ბექა საღინაძე ტრავმების გამო ვერ გვეხმარებიან და მე მომიწია კაპიტნობამ. კარგად მესმის ეს რამხელა პასუხისმგებლობაა, ბევრი რამის სხვა თვალით დანახვა მომიხდა. ძალიან მეიმედება ბიჭების, რომლებიც გვერდში მიდგანან და დარწმუნებული ვარ, მათი დახმარებით ყველაფერი კარგად იქნება", - გვითხრა ბორჯღალოსნების გამოცდილმა უკანახაზელმა. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2015 წელს შედგა - გერმანიის ნაკრებთან და იმავე წელს, 17 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, ვისაც მსოფლიო თასზე უთამაშია! მას შემდეგ კიდევ ორი მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე ვნახეთ, მთლიანობაში კი 87 სანაკრებო კეპს მოუყარა თავი (ასევე, გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც 50 სანაკრებო კეპი მოაგროვა) და ბორჯღალოსნებს 78 ქულაც (15 ლელო, 1 არეკნი) შესძინა.

"ოლ ბლეკსის" ნებისმიერი ფორმაციის ნაკრებისა და ტონგელებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად (კუნძულელებს 24 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა ვუმასპინძლოთ), ყველამ იცის, რომ შემოდგომის ტესტების მთავარი მატჩი იტალია-საქართველოა. აპენინელებს ვერაფრით მოუნელებიათ ორი წლის წინ ბათუმში წაგებული შეხვედრა და იქადნებიან - ბათუმური მარცხისთვის რევანშს გენუაში ავიღებთო! იმედია, ქადილი ქადილად დარჩება და 18 ნოემბრის დილას ქართველები უკეთეს ხასიათზე შევხვდებით, თუმცა იტალიის საპორტო ქალაქში ურთულესი გამოცდა გველის. იტალიის ნაკრები უძლიერესი შემადგენლობითა და განსაკუთრებული მოტივაციით ემზადება ბორჯღალოსნების დასახვედრად, რაც მასპინძელთა არგენტინელი მწვრთნელის, გონსალო კესადასა და მისი შეგირდების განცხადებებშიც იგრძნობა: "ნოემბრის ტესტებიდან საქართველოსთან მატჩი ჩვენთვის ყველაზე დელიკატურია", "ჯერ არგენტინისთვის ვემზადებით, ახალ ზელანდიასთანაც მძიმე მატჩი გვექნება, საქართველოსთან თამაშს კი ყველაზე მეტად ველოდებით - ეს უნდა იყოს რევანში ბათუმში განცდილი მარცხისთვის", "ბათუმში წაგებამ დიდი წყენა დაგვიტოვა", "ვიღაცები უნდა დავადუმოთ!" და სხვ.

წაგება წაგებად, მაგრამ იტალიელებს ყველაზე მეტად ის არ მოსწონთ, რომ საქართველოსთან მარცხის შემდეგ კიდევ უფრო ხშირად ისმის მოსაზრებები "ექვსი ერის" ტურნირში ბორჯღალოსნების დამატებასა თუ აპენინელების ჩვენით ჩანაცვლებაზე. ამიტომაც "ლურჯებმა" ყველა უძლიერეს მორაგბეს უხმეს და ყველაფერს გააკეთებენ, რათა ბათუმში წაგებული შეხვედრა "შემთხვევითობას" მიაწერონ. თავის მხრივ, განსაკუთრებული მოტივაცია აქვს საქართველოს ნაკრებსაც. ასე რომ, 17 ნოემბერს საქართველოს დროით 17:40 საათზე გენუაში დიდი ჯახი იქნება!

mudriks-poznanshi-ver-daveciet-batumshi-caporxilebis-upleba-ar-gvekneba-1731274278.jpg

გადამწყვეტი სამი დღე

იტალიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, 16 ნოემბერს, არანაკლები ნერვიულობა გველის - ვილი სანიოლის გუნდი ბათუმის სტადიონზე უმასპინძლებს უკრაინის ნაკრებს და ურთიერთშეხვედრების საშინელი სტატისტიკის გამოსწორებას შეეცდება (აქამდე გამართული შვიდი მატჩიდან, უკრაინელებმა 5 მოიგეს, ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა). უფრო სწორად, სტატისტიკა მეორეხარისხოვანია - გამარჯვება ქვეჯგუფის მოსაგებად არის აუცილებელი და თუ მოვიგებთ, ეს თავისთავად იქნება "რევანში" ერთი თვის წინ პოზნანში წაგებული მატჩისა თუ სხვა უსიამოვნო შედეგით დასრულებული შეხვედრებისთვის.

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაც კარგად დაიწყო და ზედიზედ ორი გამარჯვებით იმედი გაგვიჩინა, რომ ქვეჯგუფის მოგებასთან ერთად, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის საგზურსაც დაიმსახურებდა. სამწუხაროდ, ოქტომბერში ორივე მატჩი წავაგეთ და პირველი ადგილი ჩეხეთის ნაკრებს გადავულოცეთ, რაც ნიშნავს, რომ ლიდერობის დასაბრუნებლად ურთულესი მატჩ(ებ)ის მოგება მოგვიწევს. საქმეს ისიც ართულებს, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენს მთავარ კონკურენტს - ჩეხეთის ნაკრებს ბოლო ტურში სტუმრად ვეთამაშებით (მატჩი 19 ნოემბერს, ოლომოუცის სტადიონ "ანდრუვზე" გაიმართება) და, დიდი ალბათობით, პირველი ადგილის დასაკავებლად მხოლოდ გამარჯვება დაგვჭირდება.

თუმცა მანამდე უკრაინასთან მატჩია. საქართველოს ნაკრებმა საგურამოს ბაზაზე დაიწყო მზადება 16 ნოემბრის შეხვედრისთვის, ვილი სანიოლმა კი ხუთშაბათს გამოაცხადა იმ მოთამაშეების გვარები, უკრაინასა და ჩეხეთთან მატჩებისთვის რომ უხმო. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის მატჩების განაცხადს მიღმა დარჩა სამი ფეხბურთელი (სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი გულიაშვილი და შოთა ნონიკაშვილი), რომლებიც ნაკრების თავკაცმა ოქტომბრის მატჩებისთვის გამოიძახა.

ოქტომბრის თამაშებისგან განსხვავებით, სანიოლმა ისევ უხმო "ატლანტა იუნაიტედის" შემტევ ნახევარმცველ საბა ლობჟანიძეს. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად დაუბრუნდნენ ნაკრების განაცხადს ნიკა კვეკვესკირი და ანზორ მექვაბიშვილი. დაბრუნდა გიორგი ქოჩორაშვილიც, რომლის არყოფნა ძალიან დაგვეტყო ალბანეთთან წაგებულ შეხვედრაში. სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო უკრაინასთან მატჩს ლაშა დვალი გამოტოვებს. გამოძახებულთა შორის არის "ემპოლის" მცველი საბა გოგლიჩიძეც, რომელიც სტაბილურად საიმედოდ კი თამაშობს იტალიის ჩემპიონატში, მაგრამ მისი გამოძახება 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელსაც შეეძლო (და ცხადია, სჭირდებოდა კიდეც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებისთვის) და საკითხავი ის გახლდათ, რომელ ნაკრებში უხმობდნენ სერია "ა"-ს მცველს. პასუხი სანიოლმა გაგვცა: "სულ ვამბობ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ყველასთან ერთად ვმუშაობ, მაგრამ ყოველთვის გამოვდივარ ჩემი გუნდის ინტერესებიდან და მიმაჩნია, რომ როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი იტალიაში თამაშობს, ის ეროვნულ გუნდში უნდა იყოს. ახალგაზრდულ ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ", - თქვა ფრანგმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების სხვა კითხვებსაც უპასუხა:

...უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში ერთი ტაქტიკური სქემით ვთამაშობთ. ალბანეთთან მისი შეცვლა სიტუაციამ მოითხოვა, ისე კი ხშირი ცვლილებების მომხრე არა ვარ. როცა ფეხბურთელები შეკრებაზე ჩამოდიან, მათ უნდა ჰქონდეთ კონკრეტული მონახაზი, თუ როგორ ვითამაშებთ.

... ცხადია, ვაცნობიერებთ, რომ დაცვაში ვეტერანი მცველები გვყავს. წარსულშიც არაერთი უკანახაზელი გამოვცადეთ - კალანდაძე, ხვადაგიანი. შესაძლებელია გოგლიჩიძის მსგავსად სხვაც გამოჩნდეს. საბას აუცილებლად მიეცემა შანსი. ნოემბერში ის, მინიმუმ, ერთ მატჩში მაინც იქნება სასტარტო შემადგენლობაში.

...საფრანგეთის ჩემპიონატში მიქაუტაძისა და დავითაშვილის დაპირისპირება საინტერესო და ისტორიულია. ჩემი სიმპათიები "სენტ ეტიენისკენ" არის, მაგრამ მთავარი ჩვენი ფეხბურთელების ფორმაა. დავითაშვილმა ბოლო პერიოდში სერიოზულად მოუმატა. ბოლო მატჩებიდან გამომდინარე, თავდაჯერება მოემატა გიორგი მიქაუტაძესაც, თავდაჯერებული გიორგი კი ძალიან გვჭირდება!

...მექვაბიშვილი და კვეკვესკირი ყოველთვის იყვნენ ჩვენი გუნდის ნაწილი. ტრავმებისა და უთამაშებლობის გამო წინა მატჩებში არ იყვნენ, ახლა კი ყველაფერი მოგვარდა და აქ არიან. მაშინაც კი, როცა მექვაბიშვილი არ თამაშობდა, ვცდილობდი, ის გუნდის ნაწილი ყოფილიყო, კვეკვესკირის როლი კი დიდია როგორც მოედანზე, ისე გასახდელში. ამ ჯერზე ალთუნაშვილი და ნონიკაშვილი რომ არ არიან გამოძახებული, ეს კონკურენციას უსვამს ხაზს.

...ნამატჩევს ვთქვი, რომ ალბანეთთან შეხვედრაში, ჩვენს სათადარიგოთა სკამზე შემტევების ნაკლებობა იყო. ტაქტიკურმა ცვლილებებმა არ გაამართლა, თუმცა შეხვედრას რამდენჯერმე ვუყურე და ქულას მაინც ვიმსახურებდით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრები ძალიან სწრაფად განვითარდა და მოსალოდნელი იყო, რომ ამის მუდმივად შენარჩუნება რთული იქნებოდა. სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ და დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი აქ არის, ამ დონის გუნდებთან. მომდევნო ორი მატჩი სწორედ ამის დამტკიცების შესაძლებლობას მოგვცემს.

...გასაგებია, რომ გულშემატკივრებს პირველი ადგილი სურთ, მაგრამ ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის ამოცანაა, ამ დონეზე სტაბილურობას მივაღწიო, რომ პორტუგალიასა და სხვა ძლიერ ნაკრებებთან დაპირისპირება იშვიათი გამონათება, გამონაკლისი არ იყოს. ნოემბერში მეტი კონცენტრაცია, გუნდურობა და უკეთესი მენტალიტეტი დაგვჭირდება.

...ბოლო ერთ წელიწადში ბევრი რამ მოხდა და ფეხბურთელებისთვის იოლი არ არის ამ ყველაფრის გადახარშვა. ხშირად მიწევს ახსნა, რომ უწყვეტი შრომის გარეშე განვითარება არ არსებობს. ხვიჩა კვარაცხელია კარგი მაგალითია. მას პირველი სეზონის შემდეგ გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ გაიაზრა, რომ ძველებურად უნდა ემუშავა.

ნოემბრის მატჩებში საქართველოს ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია", ესპანეთი), გიორგი ლორია ("ომონია" არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი ("პანსერაიკოსი", საბერძნეთი);

მცველები: გურამ კაშია ("სლოვანი", სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე ("კრაკოვია", პოლონეთი), გიორგი გველესიანი ("პერსეპოლისი", ირანი), სოლომონ კვერკველია ("დინამო" თბილისი), ლაშა დვალი ("აპოელი", კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი ("კრემონეზე", იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი ("კოპენჰაგენი", დანია), საბა გოგლიჩიძე ("ემპოლი", იტალია);

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ნირეჰაზა", უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი ("კრაიოვა", რუმინეთი), ლევან შენგელია ("ოფი" კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი ("გრანადა", ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე ("უოტფორდი", ინგლისი), საბა ლობჟანიძე ("ატლანტა იუნაიტედი", აშშ), ზურიკო დავითაშვილი ("სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი", იტალია), ბუდუ ზივზივაძე ("კარლსრუე", გერმანია), გიორგი მიქაუტაძე ("ლიონის ოლიმპიკი", საფრანგეთი);