„თუ აპირებთ ვაქცინაციის ჩატარებას, არ გადადოთ!“
ნოემბრიდან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა უფასოა. რა ვიცით ამ ვაქცინის შესახებ, რამდენკომპონენტიანია, ვისთვის შეიძლება და არ შეიძლება აცრა. ჩვენს კითხვებს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე უპასუხებს.
- ვაქცინაციის პროცესი ამჯერად ორად გავყავით. ჯერ რისკის ჯგუფში მყოფებს შევთავაზეთ, 4 ნოემბრიდან კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიმართოს ვაქცინაციის კაბინეტებს. ვაქცინაცია უპირველესად ჩატარდა იმ პირებში, რომლებსაც გრიპით ინფიცირების შემთხვევაში გართულებების და გარდაცვალების რისკი მაღალი აქვთ. ეს არის ორსულები, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ასევე ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან სკოლების პედაგოგები, ჯანდაცვის სფეროს მუშაკები. 37-მა ათასმა კაცმა მიმართა რისკის ჯგუფებიდან ვაქცინაციის კაბინეტებს. ძნელი სათქმელია, ეს რიცხვი რამდენად დიდია. რა თქმა უნდა, სასურველია მეტი ყოფილიყო, რადგან მხოლოდ ორსული უფრო მეტია საქართველოში.
ვაქცინაცია უფასოა. წელს გრიპის სეზონისთვის შემოსულია 200 ათასი დოზა ვაქცინა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ არის უნივერსალური, ის არ უნდა შეეხოს მოსახლეობის ყველა ფენას. ამიტომ თუ 200 ათასი ვაქცინა იქნება ათვისებული, მას დაემატება ის კატეგორიაც, რომელმაც პირველივე ეტაპზე გაიკეთა კომერციული ვაქცინა. რა თქმა უნდა, ეს რიცხვი შესაძლოა მეტ-ნაკლებად მისაღები იყოს. არ ითვლება, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მოცვის მაჩვენებელი 60-70% უნდა იყოს, ისე როგორც სხვა ტიპის ვაქცინებზე, 30-50%-იც საკმარისია.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ პანდემიის შემდეგ გრიპის აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო. თუმცა, თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ნოემბრის პირველ ნახევარში გრიპი და გრიპისმაგვარი დაავადებების გავრცელება 100 ათას მოსახლეზე 2-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს, პანდემიის შემდეგ ფინალურ წელს იყო. ასე რომ, შესაძლებელია, წელს სტატისტიკა დაუბრუნდეს პრეპანდემიურ პერიოდს. როცა სტატისტიკაზე ვსაუბრობთ მხედველობაში გვაქვს პირველ რიგში გრიპის სეზონის ხანგრძლივობა. პრეპანდემიურ პერიოდში გრიპის სეზონი იწყებოდა ნოემბრიდან და მთავრდებოდა, როგორც წესი, მარტის ბოლოს, აპრილის დამდეგს. თუმცა, თუ მაგალითად ავიღებთ 20-23 წელს, შარშან გრიპის სეზონი დაიწყო ნოემბრის პირველი კვირიდან და გრიპის ბოლო შემთხვევა ივლისის დამდეგს დაფიქსირდა. ეს განსაკუთრებული მოვლენაა, პანდემიის ზეგავლენა. ვფიქრობ, წელს არ იქნება ასეთი ხანგრძლივობა და დაუბრუნდება იმ დინამიკას, რაც გრიპს ახასიათებს ჩვენი გეოგრაფიული ლოკაციის მქონე ქვეყნებში.
- წელს დაიყო უკვე გრიპის სეზონი?
- დიახ. ნოემბრის დამდეგს, 44-ე კალენდარულ კვირას, უკვე დაფიქსირდა გრიპის შემთხვევები 1%-იანი ანუ მინიმალური რაოდენობით, მაგრამ ასეც უნდა იყოს. ერთეული შემთხვევებით იწყება და მერე აცივების კვალდაკვალ მატულობს. მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი დეკემბერ-იანვარი იქნება.
- ვაქცინის აქტიურობა აცრიდან რამდენ ხანში იწყება?
- ვაქცინაციიდან ორი კვირის შემდეგ თქვენი ორგანიზმი უკვე არის მზად შეერკინოს გრიპის ვირუსს.
ხშირად ამბობენ, რატომ უნდა გავიკეთო ყოველ წელს ვაქცინაო, ან წელს არ გავიკეთებ, რადგან შარშან უკვე გავიკეთეო. ვაქცინა ყოველ წელს იმიტომ უნდა გაიკეთოთ, რომ ყოველ წელს განსხვავებულია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ვაქცინას სთავაზობს მოსახლეობას, მორგებულს იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაციაცაა მოსალოდნელი გრიპის სეზონზე კონკრეტულ წელს. წელს უფრო მეტი იქნება H1N1 ტიპის ვირუსი, ცნობილი ღორის გრიპის სახელით, იმ ტიპის ვირუსს მიეკუთვნება, და მეორე - H3N2 ტიპის ვირუსი, რომელიც თავის დროზე პანდემიის გამომწვევი იყო. თუ ღორის გრიპის პანდემია 2009 წელს იყო ცნობილი, H3N2 ჰონკონგის ვირუსია და მისი პანდემია 1968 წელს იყო. ასე რომ, ძველი ვირუსებია, რომლებიც პერიოდულად აქტიურდებიან.
- რა ხნით გვიცავს ვაქცინა?
- 6-8 თვის განმავლობაში.
- დაცვაში რა იგულისხმება, არ შეგვხდება თუ?
- გრიპი შეიძლება დაგემართოთ, ამის მცირე შანსი არსებობს, მაგრამ თუ შეგხვდებათ, საავადმყოფოში მოხვედრისა და გართულებებისგან დაცული ხართ.
- ახლა უშუალოდ იმ ვაქცინაზე ვისაუბროთ, რომელსაც წელს უფასო ვაქცინის კაბინეტები სთავაზობენ აცრის მსურველებს.
- ეს არის ნიდერლანდური კომპანია Abbott Biologicals B.V.-ის 4-კომპონენტიანი ვაქცინა, ჯანმოს რეკომენდებულთაგან ერთ-ერთი. საქართველოში ყოველ წელს შემოდის მხოლოდ და მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც რეკომენდებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და დამზადებულია იმ ქარხანაში, რომელიც ჯანმოს აკრედიტაციით არის გამორჩეული. ამ ვაქცინის შემადგენლობაში შედის 4 სხვადასხვა ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი, მათ შორის 2 A ტიპის არის, 2 კი B ტიპის.
ყოველ წელს, როდესაც დეკემბერ-იანვარში გრიპის ვირუსი აქტიურდება, მაშინ ბევრი კითხულობს ხოლმე, ახლა ხომ არ არის გვიანო? რა თქმა უნდა, სასურველი იყო გაგეკეთებინათ ნოემბერში, მაგრამ თუ იანვარში გადაწყვიტეთ სეზონის დარჩენილი თვეები მაინც იქნებით დაცული.
- ვადა თუ აქვს ვაქცინებს?
- 2024 წლის ფარგლებს გარეთ ვერ დამზადდებოდა. ყველა ვაქცინაზე მითითებულია წარმოების ვადა.
- წელს მხოლოდ ნიდერლანდური ვაქცინა შემოვიდა?
- სხვა კერძო სტრუქტურებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სახელმწიფომ მხოლოდ ეს შემოიტანა.
გრიპი მსოფლიოში მძიმე გართულებების გამომწვევი ვირუსია, შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების ანთება, ენცეფალიტი, მიოკარდიტი და ა.შ. გართულებების გარდა, არის ლეტალური გამოსავლის პოტენციის მქონე ვირუსი. საქართველოში ყოველწლიურად ფიქსირდება გრიპით გარდაცვალებულთა რაოდენობა. 2009-2010 წლების პანდემიის შემდეგ 60 კაცი გარდაიცვალა გრიპის ვირუსით, ზოგ წელს 50 კაცია ლეტალობის მაჩვენებელი, ზოგიერთ წელს - 30, მაგრამ ყოველწლიურად ფიქსირდება გარდაცვალების შემთხვევები. როგორც წესი, გარდაცვლილები რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.
- ბავშვის აცრა რა ასაკიდან შეიძლება?
- 6 თვიდან.
- როდის არ შეიძლება აცრა?
- თუ სიცხე მოგემატათ ან ნაწლავთა მოქმედება გაგიხშირდათ, ან ყელი აგტკივდათ, ან დაგახველათ, ე.ი. გაქვთ მწვავე ვირუსული ან ბაქტერიული დაავადება. ამ პერიოდში ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება. მოითმინეთ 1 კვირა, 10 დღე, ჩამთავრდეს ეს ყველაფერი და როცა უსიმპტომო იქნებით, შეგიძლიათ აიცრათ.
- ამ სეზონზე მოცირკულირე ვირუსის სიმპტომებზე გვიამბეთ.
- ცხელება, თავის, ყელის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ხველა, საერთო სისუსტე, უმადობა.
- კიდევ არის თუ არა რჩევები პრევენციისთვის?
- დიახ, ზუსტად ის რაც გვქონდა პანდემიის დროს: ნიღბის ტარება, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა თავშეყრის ადგილებში, ხელების დაბანა, დისტანცირება, ოთახის განიავება და სველი წესით დამუშავება.