„თუ ტრამპი დაინახავს, რომ ჩვენი ხელისუფლება ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ არ მიდის, პრობლემა არ ექნება...“ - კვირის პალიტრა

„თუ ტრამპი დაინახავს, რომ ჩვენი ხელისუფლება ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ არ მიდის, პრობლემა არ ექნება...“

78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი მეორედ გახდა აშშ-ის პრეზიდენტი. მან თავის წარმატებას "ამერიკელი ხალხის შესანიშნავი გამარჯვება და სიგიჟე" უწოდა. გამოწვევებით სავსე მსოფლიოსთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, რა პოლიტიკას გაატარებს ტრამპი მსოფლიო წესრიგის კონტექსტში. კონკრეტულად საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რა ელის რეგიონს მისი საგარეო პოლიტიკის წყალობით, რა შეიცვლება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში და საბოლოოდ, რომელ ბანაკში აღმოჩნდება საქართველო - რუსულ-ჩინურში თუ დასავლურში, რომელსაც ამერიკა ხელმძღვანელობს. ამ თემაზე ვესაუბრებით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტსა და ანალიტიკოს გიორგი კობერიძეს.

- საგარეო პოლიტიკაში ტრამპი იქნება არაპროგნოზირებადი, აზრს ძალიან ხშირად შეიცვლის, როგორც მისი ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი ამბობდა. მან ტრამპი საგარეო პოლიტიკაში არქიპელაგს შეადარა, რომ ის არის ძალიან ბევრი კუნძულისგან შემდგარი ერთმანეთთან დაუკავშირებელი სივრცე, რომ ხშირად ერთი კუნძულიდან მეორეზე ხტება, არა აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკაო. სავარაუდოდ, ტრამპს თავდაპირველად სიხისტე მოუწევს, რათა ანგარიშგასაწევ ძალად დაბრუნდეს პოლიტიკაში. ყველამ იცის, რა სუსტ მემკვიდრეობას ტოვებს ბაიდენი. უკრაინა, ტაივანი, ისრაელი - ეს იქნება მთავარი მიმართულება.

- ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატმა­ ტრამპმა განაცხადა, თეთრ სახლში შესვლამდე 24 საათში შევძლებ ომის დასრულებასო. იქით ისრაელს მოუწოდა "დაასრულოს სამუშაო", აქეთ არაბებს დაჰპირდა მშვიდობას, თუმცა ყველა შემთხვევაში კონტექსტი გაუგებარია.­

- ის, რომ ტრამპი ომს 24 საათში დაამთავრებს და ყველგან მშვიდობას მიიტანს, პოლიტიკური კამპანიის ნაწილი იყო. მას რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, რათა ვინმე მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას. ტრამპს პროებრაული პოზიცია აქვს და ძალიან რთულია ირანელები და არაბები ძალის დემონსტრირების გარეშე დასვას მოლაპარაკებაზე. მნიშვნელოვანია თავად არაბებისა და ირანელების პოზიცია და მზაობა, ასევე ებრაელების, უკრაინელებისა და რუსების პოზიცია. ყოველივე ეს ძალზე რთული კამპანიის ნაწილია და, დიდი ალბათობით, ტრამპს მოუწევს ხისტი პოლიტიკის გატარება და ძალის ჩვენება, რათა ვიღაცებს მოტივაცია გაუჩინოს, ან აიძულოს მოლაპარაკება. მაგალითად, შეიძლება ხისტი იყოს უკრაინასთან, აიძულოს მოლაპარაკება და თუ კიევი უარს იტყვის, იარაღის მიწოდება შეუწყვიტოს; შეიძლება რუსეთთან ხისტი იმით იყოს, რომ თუ არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, უკრაინას მისცეს ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი. ამერიკას თავისი ინტერესები აქვს და რუსეთთან ამერიკის მარცხი ჩინეთისთვის სიგნალი იქნება, რომ ძალა აღმართს ხნავს და, შესაბამისად, უფრო გათამამდეს ტაივანთან დამოკიდებულებაში.

- ცოტა ხნის წინ ტრამპი იმასაც ამბობდა, ბაიდენის პოლიტიკამ რუსეთი და ჩინეთი გააერთიანა, რაც ძალზე სახიფათოა და მე მომიწევს მათი დაშლაო...

- რუსეთი და ჩინეთი მართლაც ძალიან დაახლოებული არიან. ყველა კონფლიქტი გადაჯაჭვულია ერთმანეთთან - ერთის გამარჯვება მეორის დამარცხებასთან­ არის ასოცირებული. დავაშორებო, ფუჭი იმედია. ეს 90-იანებიდან მოყოლებული ბევრმა სცადა, მაგრამ არავის გამოუვიდა. რუსეთისა და ჩინეთის ინტერესები მეტწილად სრულიად შეუთავსებელია, მაგრამ საერთო მტრის არსებობა არის ერთგვარი გარანტორი, რაც მათ შორის კავშირს არ წყვეტს.

- შეიცვლება თუ არა აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ? ვიცით,­ რომ "მეგობარი აქტის" ავტო­რები რესპუბლიკ­ელები არიან, მაღალჩინოსნებზე სანქციების პაკეტის ამოქმედების მოწოდებაც­ მათ ეკუთვნით, გვახსოვს სენატორების განცხადებებიც...

- კავკასიაში ჩინური ინტერესები საკმაოდ მძლავრია, ამიტომაც ტრამპისთვის ჩინეთის გაძლიერება ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია. ჩვენს ხელისუფლებას ჰგონია, ამერიკა ტაშს დაუკრავს და ტრამპი ეტყვის, კარგი ბიჭები ხართ და ხელისუფლებაში დარჩითო? სწორედ ჩვენი ხელისუფლებაა, ვინც ამერიკასთან ურთიერთობა დაძაბა და კრიზისული გახადა. თუ ოფიციალური ვაშინგტონის საქართველოსადმი ინტერესი გაიზარდა, მერე საკითხავი ის იქნება, ხელისუფლება შეძლებს თუ არა საქართველო-ამერიკის ინტერესების თანხვედრას. თუ შეძლო, მაშინ ამერიკისთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, აქ ვინ იქნება. ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია იქნება ცოტა უფრო მეტად პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული. თუ დაინახავს, რომ მოქმედი ხელისუფლება, როგორიც არ უნდა იყოს ის, ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ არ მიდის, ამერიკის ხელისუფლებას პრობლემა არ ექნება. ამიტომ, ტრამპის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებისადმი იქნება ან ხისტად პოზიტიური, ან ხისტად ნეგატიური.

- ტრამპის გამარჯვების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა, რომ ის ითხოვს აშშ-დან ჩინეთში გასული ამერიკული ბიზნესის უკან დაბრუნებას. ალბათ, ჩინეთისთვის მართლაც დიდ გამოწვევად იქცა მისი გაპრეზიდენტება. იმასაც ვარაუდობენ, რომ ტრამპის იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ შესაძლოა ჩინეთს ვაკუუმი შეუქმნას გლობალური გავლენის გაფართოებისთვის.

- მეეჭვება ამერიკა მარტივად შეხვდეს ჩინეთის გაძლიერებას, მით უმეტეს, როცა დღეს მსოფლიო ბიპოლარულია - ერთ მხარესაა ჩინურ-რუსული ღერძი, მეორე მხარეს - დასავლური, რომელსაც ამერიკა ხელმძღვანელობს. ჩინეთი დომინანტია პირველ ღერძში და მასთან ტრამპის სიხისტე ლოგიკური იქნება. რა მოჰყვება ამას, სხვა საკითხია. გასაგებია, რომ ჩინეთიც იჩქარებს, მას გაძლიერება და ტაივანის პრობლემის მოგვარება სჭირდება. ჩინეთსაც აქვს თავისი არეალები და მოქმედების თავისუფლება, მასაც აქვს ეკონომიკური რესურსები, რათა გააგრძელოს ამერიკასთან მეტოქეობა. ამიტომ არ არის გამორიცხული, ჩინეთმა ხელი შეუწყოს უფრო მეტი კონფლიქტის გაღვივებას მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, რაც ამერიკას აიძულებს ყურადღება სხვადასხვა მიმართულებით გაფანტოს და ჩინეთს ტაივანთან მოქმედების უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდეს.

მთავარ ცვლილებას მოველი არა ჩინეთის, არამედ ევროპის პოლიტიკაში. მას მოუწევს უსაფრთხოების გაძლიერებაზე მუშაობა, თუ სურს ანგარიშგასაწევ ძალად დარჩეს. 90-იანი წლების მერე ევროპაში დიდი პრობლემა იყო, რომ მან განიარაღება დაიწყო, რაც დიდხანს გაგრძელდა, 2022 წლამდე. ევროპას ახლა მოუწევს ამ ყველაფერს გადახედოს და უფრო მეტად მოახდინოს ძალის კონსოლიდაცია და ძალის დემონსტრირებაზე გააკეთოს აქცენტი. ეს არის ევროპისთვის ერთგვარი შანსი, რომ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ძალის ერთეულად ჩამოყალიბდეს გლობალურ პოლიტიკაში.

- მაშინ, როცა ამერიკისთვის ჩინეთი წითელი ხაზია.

- ხელისუფლებას ტრამპის მოსვლა უხარია, რისი ფსიქოლოგიური მიზეზი ის არის, რომ ორბანი ტრამპის მეგობარია, მასთან კი მეგობრობს საქართველოს ხელისუფლება. ფიქრობენ, რომ დაალაგებენ ურთიერთობას. იციან, რომ ტრამპთან ადამიანური და პერსონალური­ მეგობრობა ჭრის, მაგრამ ერთი მთავარი­ ეშლებათ - ტრამპი მეგობრებზე მეტად ფინანსურ და ბიზნესინტერესებს უთმობს ყურადღებას და თუკი დაინახავს, რომ ამერიკის ინტერესები ზიანდება, მეეჭვება, ორბანთან მეგობრობამ ჩვენს ხელისუფლებას ფუნდამენტური გადატვირთვის ან რაიმე სარგებლის მიღების საშუალება მისცეს. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ტრამპი ჩინეთის ინტერესების გაძლიერებას კავკასიაში არ მიესალმება არც ზღვაზე და არც ხმელეთზე.

ადრე ტრამპი ჩვენ მიმართ უფრო პოზიტიური იყო, ვიდრე უკრაინასთან. საქართველოში ჩამოვიდა სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, იყო შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, გამოცხადდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, გადმოგვეცა "ჯაველინები"... ტრამპის ადმინისტრაციის პირველ ვადაში საქართველოსა და უკრაინის საკითხი სრულიად განსხვავებული იყო, მაგრამ მაშინ ადამიანებიც განსხვავებულები იყვნენ ხელისუფლებაში და გამოწვევებიც განსხვავებული გვქონდა. დღეს სხვა რეალობაა და იმის პროგნოზირება, რას იზამს, შეუძლებელია.

- ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში რამე სიახლეს ელით?

- ნაკლებად სავარაუდოა, ურთიერთობები ძალიან შორს წავიდეს.

გვახსოვს, ტრამპის პირველი ადმინისტრაცია (2016-2020) ევროპელებისგან ნატოსთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვდა, ის ასევე ეწინააღმდეგებოდა რუსულ გაზზე დამოკიდებულებას. ტრამპს შეიძლება უშუალოდ პუტინი არ ეზიზღებოდეს, მაგრამ მისთვის სახელმწიფო ინტერესები უმნიშვნელოვანესია, თანაც სახელმწიფო ინტერესებს მარტო ერთი და ორი ლიდერი არ ადგენს. ტრამპისთვის, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს პუტინის საკითხს და მოკლე ვადაში მათ შორის პირდაპირი ხაზით მოლაპარაკება გაიმართოს, მეეჭვება. შეიძლება სცადონ, ეს შეიძლება პუტინსაც უნდოდეს, მაგრამ შედეგის ცოტა მეეჭვება.

ტრამპის მოსვლა ევროკავშირისთვის ერთგვარი გამოცდა იქნება, რათა მან საკუთარ უსაფრთხოებაზე დაიწყოს მუშაობა როგორც ცალკე ინსტიტუციამ და არა ნატომ. ევროპის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ევროპა უნდა იყოს.

- ჩვენი უსაფრთხოება რაზეა დამოკიდებული? ახალ გადანაწილებაში საქართველოს აქვს შანსი დასავლეთის ბლოკში დაიმკვიდროს ადგილი და მისი უსაფრთხოება და კეთილდღეობა გრძელვადიანად უზრუნველყოს? საბოლოოდ სად შეიძლება აღმოვჩნდეთ - რუსულ-ჩინურ ბანაკში თუ დასავლურში?

- ჩვენზე ძალიან ცოტა რამაა დამოკიდებული. აუცილებელია შიდაპროცესების სტაბილიზაცია და პოლიტიკურ ელიტას შორის კონსენსუსი, თუ რას აპირებს მომავალში. საქართველოს ისეთი დიდი გამოწვევა აქვს, რომ პრაქტიკულად, ეს მარტო საგარეო პოლიტიკაზე არაა დამოკიდებული - წლებია კრიზისია ყველა­ფერში, არ არსებობს კონსენსუსი. ქვეყანა უნდა გაძლიერებულიყო სამხედრო კუთხით, უფრო მეტ კავშირს უნდა ვეძებდეთ, ვცდილობდეთ დასავლეთზე ვიყოთ ორიენტირებული და არა ჩინურ ბანაკზე. მხოლოდ ტრამპზეც არ არის დამოკიდებული, სად აღმოვჩნდებით, საქმე გვაქვს გლობალური უსაფრთხოების საკითხთან. საქართველო კავკასიის გასაღებია და ვინც აკონტროლებს საქართველოს, ის აკონტროლებს მთელ კავკასიასაც. თუ ჩინეთი ძალიან გაძლიერდა, კავკასიაში ჩინურ-რუსული ინტერესები გაიმარჯვებს, ხოლო თუ საქართველოში დასავლური ინტერესები უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი, რეგიონში დასავლეთი გაიმარჯვებს.