ვინ დააწყებინა ”ელიავას მუშებს” გაზონებზე სიმინდის თესვა
1 ივნისს, ე.წ. ელიავას ხიდთან საცობში გავიჭედე, ამ ადგილს ხშირად ჩავუვლი ხოლმე, მაგრამ არემარეს დასათვალიერებლად არ მცალია. ამიტომ უძრავ ნაკადში გაჩხერილს და მაშასადამე მოცლილს, ბევრი ისეთი რამ მომხვდა თვალში, რაც აქამდე არ შემემჩნია.
თქვენ ყურადღებას ერთ ფაქტზე გავამახვილებ: ელიავას ბაზრობა და ხიდის მიდამოებში მუშათა ბირჟა, ალბათ, უკვე მთელი კავკასიისთვის არის ცნობილი. ვისაც ახლომახლო გაგივლიათ, ასფალტში ჩარჭობილი დრელებისა და პერფორატორების მწკრივი აუცილებლად გაგახსენდებათ. დღემდე ვიცოდი რომ აქ კაფელშიკები, სანტექნიკოსები, მლესავ-მღებავები და კიდევ მრავალი სპეციალობის ადამიანები ეძებენ სარჩოს. მაგრამ აგრარული სექტორის წამომადგენლებიც თუ იქნებოდნენ რას წარმოვიდგენდი.
როგორც ფოტოზე ხედავთ, ვიღაც ხელმარჯვეს, ხიდის მიმდებარე გაზონი დაუბარავს, გაუმარგლავს და "ყანაც" დაუთესავს. თუ კაფელშიკობაში არ გაუმართლა, ორ-სამ თვეში მოსავალს აიღებს და კოლეგებს მოხარშული სიმინდით გაუმასპინძლდება...
ეტყობა, ჩემი არ იყოს, ჩვენი სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებსაც არ შეუმჩნევიათ ეს ყანა აქამდე, თორემ ერთ-ორ საპიარო სიუჟეტს როგორ არ მიუძღვნიდნენ ნაციონალური არხები ჰიბრიდული სიმინდის უხვმოსავლიანობას ან ელიავას მკაცრი კლიმატური პირობების ატანის უნარს.
მაგრამ, როგორც საქართველოში ჰიბრიდული სიმინდის მთავარი გზამკვლევი იტყვის ხოლმე - ნურას უკაცრავად! გავიკითხე და ეს სიმინდი ჰიბრიდული არ ყოფილა. საიდუმლოდ მითხრეს, რომ მარტვილიდან ჩამოტანილი თესლიდან არის აღმოცენებული. ასე რომ გოროზიას პიარი არ გამოუვა...
არ ვიცი გამომივიდა თუ არა ხუმრობა, ალბათ კომენტარებში გამწეწავთ, მაგრამ ეხლა ბუზღუნი უნდა დავიწყო:
ძალიან ნიშანდობლივია, რომ იმ ადგილზე, სადაც ასობით სამუშაოს მძებნელი იკრიბება და ბირჟაზე უსაქმურად იქცევს თავს. ვიღაც მართლა ხელმარჯვემ ვერ მოითმინა და სულის მოთხოვნას დაჰყვა. ბარი და თოხი მოიმარჯვა და იმ საქმის მცირე წილი გააკეთა რასაც ცხოვრების დიდი ნაწილი უნდა დაუთმოს.
შე კაი ადამიანო, თუ ხელი გერჩის, მიწას გრძნობ და მუშაობა არ გეზარება წადი სოფელში, მოიყვანე მოსავალი და მიხედე შენ თავს...
წინა აბზაცის წაკითხვისთანავე გამწარდება მკითხველის დიდი ნაწილი. დაიწყებენ, - სად გინახავს, გლეხის შრომა დაფასებულიყოსო და ასე შემდეგ...
სანამ გამლანძღავთ, გაიხსენეთ, ყველა სოფელში არის ოჯახები რომლებიც შეძლებულად ცხოვრობენ, დოვლათიც აქვთ და სხვასაც ასაქმებენ. თუმცა ასეთებს ძირითადად კრიჟანებს უწოდებენ და სოფელს არ უყვარს. უბრალოდ იმიტომ, რომ იმ ხალხმა შრომის და ფულის ყადრი იცის. თავაუღებლად შრომობენ და სხვებისგანაც ამას მოითხოვენ... თუ მათი ნაშრომი ფასდება, მშინ რაშია საქმე? გამოდის რომ სხვა ან ზარმაცია, ან ცოტა ტვინთან აქვს პრობლემები. თუ ხედავ რომ რომელიმე კულტურის მოსავალი არ გაძლევს შემოსავალს, ადექი და სხვა რამე სცადე. გაიკითხე, წაიკითხე, რჩევა კითხე ვინმეს.
ამას გარდა, ვისაც სოფელთან შეხება გაქვთ, გაიხსენეთ რამდენჯერ გაგიგიათ შემდეგი "ვარიანტი" - როცა ოჯახი მოსავალს აიღებს, მაშინვე იმაზე ზრუნავენ რომ შვილს მაქანა უყიდონ (ბმვ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს), შვილიშვილს - კომპიუტერი, რძალს - მუსიკალური ცენტრი და ასე შემდეგ. ძალიან ხშირად ასეთი ოჯახები ვერ საზღვრავენ მთელი წლის ბიუჯეტს და უკვე გაზაფხულისთვის ჯერ მანქანას გაყიდიან კაპიკებში, მერე მუსიკალურ ცენტრს და ბოლოს შვილიშვილსაც გამოგლეჯენ ხოლმე კლავიატურას, თამაშის მეტს არაფერს აკეთებო...
შემოდგომით ყველაფერი თავიდან იწყება... არადა ერთი-ორი წელი რომ ყაირათიანად ხარჯონ შემოსავალი მესამე-მეოთხე წელს ნელ-ნელა ყველაფერს შეძლებენ, მაგრამ ან ჭკუა არ ჰყოფნით ან მოთმინება...
არ მინდა ეს პოსტი ისე დავამთავრო, რომ მკითხველს შთაბეჭდილება დარჩეს, ვითომ ყველაფერს ხალხს ვაბრალებ, ამიტომ მინდა სოფლის მეურნეობის სამისნისტროს მესვეურებს მივმართო: შეხედეთ! ისე მოექცა, ქვეყანა, რომ თბილისის შუაგულში გაკაფელშიკებული და დასანტექნიკოსებული გლეხები გაზონებზე სიმინდს თესავენ, არა იმიტომ რომ მოსავალი აიღონ და იხეირონ. უბრალოდ იმიტომ რომ მათი საქმე ეს არის, კარგად იციან და გამოსდით კიდეც.
დაანებეთ თავი პიარში ფულის ხარჯვას, ბოლო-ბოლო დაიკიდეთ ერთი-ორი ცათამბჯენის აშენება. დაიკაპიწეთ ხელები, შექმენით პირობები, ოღონდ ნორმალური პირობები იმისთვის, რომ იმ ხალხმა ვისაც თბილისის ცენტრშიც ყანა ენატრება, თავისი საქმე აკეთონ... ბევრი მართლა არ დასჭირდება. გაიგეთ მიზეზი, 4 წლის წინ 11 ლარად ღირებული საასუქი რატომ ღირს დღეს 60 ლარი. რატომ არის დამშრალი ზაფხულობით კერძო სტრუქტურების ხელში გადასული სარწყავი არხები და ა.შ. გაიგეთ მიზეზები და იზრუნეთ გამოსწორებაზე. ეს არის და ეს.
პ.ს. ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, "ელიავას სიმინდით" PalitraTV.ge დაინტერესდა. იხილეთ სიუჟეტი