ზარი, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა: ტრამპმა პუტინს დაურეკა - "არ დაგავიწყდეს, რომ ამერიკული ჯარები ევროპაშიც არიან"
აშშ-ის გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) თავის 11 ნოემბრის ნომერში რუბრიკით - „ექსკლუზივი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ტრამპმა პუტინთან ტელეფონით ისაუბრა და რუს ლიდერს სთხოვა, უკრაინაში სიტუაცია არ გაამწვავოს“ (ავტორები - ჰელენ ნაკაშიმა, ჯონ ჰადსონი და ჯოშ დოუსი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
როგორც ირკვევა, დონალდ ტრამპს გასულ კვირაში, თურმე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით უსაუბრია. რამდენიმე წყაროს ცნობით, რომლებიც საქმის კურსში არიან, ეს იყო პირველი სატელეფონო საუბარი ორ მამაკაცს შორის, თანაც - დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მეორე დღეს.
პირებმა, რომლებმაც, საკითხის დელიკატურობის გამო, ვინაობა არ დაასახელეს და ანონიმებად დარჩენა ისურვეს, თქვეს, რომ საუბრის დროს დონალდ ტრამპი თავის ვილაში იმყოფებოდა, ფლორიდაზე. მან რუსეთის პრეზიდენტს ურჩია, რომ უკრაინასთან ომი არ გაემწვავებინა და მისი ესკალაცია არ მოეხდინა. მხარეებმა განიხილეს ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებული საკითხები. დონალდ ტრამპმა დაინტერესება გამოხატა, რათა საუბრები სამომავლოდაც გაიმართოს, „რუსეთ-უკრაინის ომის რაც შეიძლება სწრაფი შეწყვეტისა და სიტუაციის შემდგომი დარეგულირების მიზნით“. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს, ასევე, შეახსენა, რომ ევროპაში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი კონტინგენტი არის დისლოცირებული.
როგორც ცნობილია, თავისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი ხშირად აცხადებდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, დაუყონებლივ შეეცდებოდა, რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტას, თუმცა არ ამბობდა, თუ როგორ და რა ფორმით განახორციელებდა ამ მიზანს. მან კერძო საუბრების დროს მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერდა ისეთ გარიგებას, რომლის თანახმად, რუსეთი შეინარჩუნებდა თავისი არმიის მიერ დაკავებული უკრაინის ტერიტორიის ნაწილს. შესაბამისად, როგორც სანდო პირები იუწყებიან, ტელეფონით საუბრის დროს დონალდ ტრამპი მოკლედ შეეხო ტერიტორიულ საკითხსაც.
ეს სატელეფონო ზარი, რომლის თაობაზეც გასულ კვირაში არ გამოცხადებულა, იმ საერთო გაურკვევლობის ფონზე გაისმა, როცა დონალდ ტრამპი მსოფლიო საჭადრაკო დიპლომატიურ დაფაზე თავის მოკავშირეებს და მოწინააღმდეგებს ადგილებს უჩენს, არჩევნებში სამშაბათს მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვების შემდეგ. სხვათა შორის, როცა დონალდ ტრამპი ხუთშაბათს ტელეარხ „ენ-ბი-სის“ ესაუბრა და თქვა, რომ იგი უკვე მსოფლიოს 70 ქვეყნის ლიდერს ესაუბრა, უკრაინის პრეზიდენტის - ვოლოდიმირ ზელენსკის ჩათვლით (რომელსაც ილონ მასკიც ესწრებოდა), მას ვლადიმერ პუტინის სახელი არ უხსენებია.
როგორც ირკვევა, დონალდ ტრამპმა, როცა ვლადიმერ პუტინთან საუბარი დაასრულა, ეს ამბავი, იმავდროულად, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეატყობინა. ასე რომ, უკრაინის ოფიციალური პირები საქმის კურსში არიან დონალდ ტრამპის ურთიერთობაზე რუსეთის პრეზიდენტთან, უკრაინის პრობლემის დიპლომატიურ მოგვარებასთან დაკავშირებით.
დონალდ ტრამპის პირველი სატელეფონო საუბრები მსოფლიოს ლიდერებთან ჯერჯერობით აშშ-ის მთავრობის, კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის მონაწილეობისა და მხარდაჭერის (თარჯიმნების) გარეშე ხორციელდება. ჯერ კიდევ არ არის გაფორმებული შეთანხმება აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასა და პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპის გარდამავალ გუნდს შორის, რაც სტანდარტულ პროცედურას წარმოადგენს, მმართველობის შეცვლასთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დონალდ ტრამპი და მისი თანაშემწეები ეჭვის თვალით უყურებენ თეთრი სახლის ადმინისტრაციასა და მთავრობის ჩინოვნიკებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს კონფიდენციალური სატელეფონო საუბრების ირგვლივ ინფორმაცია გაიჟონა. „ამ დღეებში [უცხოელი ლიდერები დონალდ ტრამპს], უბრალოდ, პირდაპირ ურეკავენ“, - თქვა ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელიც საქმის კურსშია.
„დონალდ ტრაპმა ძლევამოსილად გაიმარჯვა ამ ისტორიულ არჩევნებში. მსოფლიოს ლიდერებმა იციან, რომ აშშ აუცილებლად დაუბრუნდება თავის ადგილს საერთაშორისო არენაზე. სწორედ ამიტომ უცხოეთის სახელმწიფოების მეთაურები ცდილობენ, დონალდ ტრამპთან - აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტთან - ურთიერთობა განავითარონ. მათ კარგად იციან, რომ დონალდ ტრამპი გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას განასახიერებს“, - აღნიშნავს სტივენ ჩუნგი, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი, თავის ელექტრონულ წერილში.
მოსკოვი თავდაპირველად ერთგვარი გულგრილობით შეხვდა ინფორმაციას დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე. კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა იმავე დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი არ გეგმავდა „არამეგობრული ქვეყნის ახალ ლიდერთან საუბარს და მისთვის მილოცვას - აშშ ხომ ირიბად არის ჩაბმული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ომში!“ თუმცა პესკოვის ნათქვამიდან არ გასულა რამდენიმე საათი და ვლადიმერ პუტინმა [„ვალდაის კლუბის“ წევრებთან შეხვედრის დროს] საჯაროდ მიულოცა დონალდ ტრამპს გამარჯვება, აღნიშნა მისი სიმამაცე პენსილვანიაში მომხდარი თავდასხმის დროს და თქვა, რომ მზად არის არჩეულ პრეზიდენტთან სალაპარაკოდ.
უკვე ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ, კვირას, 10 ნოემბერს, რუსეთის სამთავრობო ტელეარხმა „როსიამ“ ეთერში გაუშვა ინტერვიუ დიმიტრი პესკოვთან, რომლის დროსაც კრემლის პრესმდივანმა კომენტარი გაუკეთა ორ მსოფლიო ლიდერს შორის ტელეფონით საუბარს და ურთიერთობის გაუმჯობესების სიმპტომები დადებითად შეაფასა. „დონალდ ტრამპი მთელი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამბობდა, რომ მას შეუძლია ისეთი გარიგების დადება, რომელიც ყველას მშვიდობას მოუტანს ანუ იგი აცხადებდა მშვიდობისკენ სწრაფვას და არა - კონფრონტაციასა და რუსეთის სტრატეგიული დამარცხების სურვილს“.
დიმიტრი პესკოვმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის დამოკიდებულება უკრაინასთან პროგნოზირებადია, დონალდ ტრამპი კი შედარებით უფრო ნაკლებად პროგნოზირებად პიროვნებას წარმოადგენს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად ერთგული იქნება დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადებების მიმართ. მოდი, ცოტა მოვითმინოთ და სიტუაციას მერე შევხედოთ“.
ერთ-ერთმა ყოფილმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა, რომელიც ტრამპ-პუტინს შორის სატელეფონო საუბრის საქმის კურსშია, თქვა, რომ დონალდ ტრამპს, სავარაუდოდ, არ სურს პრეზიდენტის უფლებამოსილება ოფიციალურად იმ დროს მიიღოს (მხედველობაშია მისი ინაუგურაცია), როცა რუსეთ-უკრაინის ომი გამწვავებული იქნება, ამიტომ მან ვლადიმერ პუტინს მიანიშნა, რომ ომის ესკალაცია არ დაუშვას.
რაც შეეხება დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარს, როგორც საქმის კურსში მყოფი ანონიმი ჩინოვნიკი ამბობს, მას მეგობრული ხასიათი ჰქონდა, თუმცა კიევი მაინც შეშფოთებულია იმით, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს სიტუაცია შეიძლება უკრაინისათვის ნეგატიურად შეიცვალოს.
უკრაინას ყოველთვიურად სჭირდება მილიარდობით დოლარის ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა, რომ მან რუსეთის - უფრო დიდი და ძლიერი, უფრო კარგად აღჭურვილი მოწინააღმდეგის შეტევები მოიგერიოს. რუსეთმა ბოლო დროს უკრაინის ფრონტებზე გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. დონალდ ტრამპი ხშირად ამბობს ხოლმე, რომ ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს რუსეთ-უკრაინის ომი ძვირად უჯდებათ. მას, ასევე, არა ერთხელ უთქვამს კერძო საუბრებში, რომ უკრაინას, მშვიდობის სანაცვლოდ, ალბათ, მოუწევს თავისი ტერიტორიის ნაწილზე უარის თქმა, კერძოდ - ყირიმზე.
გავიხსენოთ, რომ უკრაინის ხელმძღვანელებსა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა იმით გამწვავდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სექტემბერში, აშშ-ში ვიზიტის დროს, ერთ-ერთ „მოყოყმანე“ შტატს - პენსილვანიას ეწვია, რომელიც ჯო ბაიდენის მშობლიურ შტატს წარმოადგენს (იგი იქ დაიბადა და გაიზარდა). ამ ფაქტმა დონალდ ტრამპის მოკავშირეების, კერძოდ, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის - მაიკლ ჯონსონის აღშფოთება გამოიწვია - მან ვოლოდიმირ ზელენსკის პენსილვანიაში ყოფნა პოლიტიკურ ტრიუკად შეაფასა და უკრაინის ლიდერს აშშ-ში უკრაინის ელჩის - ოქსანა მარქაროვის თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვა - სწორედ მან, ელჩმა, გაუწია ორგანიზაცია პრეზიდენტის პენსილვანიაში ჩასვლას.
როგორც ამბობენ, ამჟამად ვოლოდიმირ ზელენსკი განიხილავს ოქსანა მარქაროვის პოსტიდან მოხსნის და მის ნაცვლად სხვა ელჩის დანიშვნის საკითხს, თუმცა ვაშინგტონში არსებული უკრაინის საელჩო კომენტარს არ აკეთებს.
მოამზადა სიმონ კილაძემ