ბაიდენი ჩქარობს - ტრამპის ინაუგურაციამდე უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარისა და 500 რაკეტის გადაცემა უნდა მოასწროს - კვირის პალიტრა

ბაიდენი ჩქარობს - ტრამპის ინაუგურაციამდე უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარისა და 500 რაკეტის გადაცემა უნდა მოასწროს

რა იქნება 2025 წლის 20 იანვრის შემდეგ, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შედგება და ის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში კიდევ ოთხი წლით დაბრუნდება, არავინ იცის...

ეს გაურკვევლობა განსაკუთრებით კიევში აწუხებთ და უკრაინის ხელისუფლება არც მალავს, რომ სისტემატური და მნიშვნელოვანი ამერიკული სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინის არმია რუს აგრესორებთან უთანასწორო ბრძოლაში ფრონტის ხაზს დიდხანს ვეღარ შეინარჩუნებს...

ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნების დაძაბულ პერიოდში არაერთხელ გაუკრიტიკებია ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების პროგრამა და განუცხადებია, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის აუცილებლად შეცვლის მას შემცირების მიმართულებით.

მაგრამ ერთია წინასაარჩევნო პერიოდის პიარული დანაქადნები და მეორე მისი ასრულება, როდესაც მუდმივად ცვლადი გეოპოლიტიკური სიტუაცია პოლიტიკოსებს მოქნილი მოქმედებებისკენ უბიძგებს და ამიტომაც, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მომავალი წლიდან არათუ შეამციროს, არამედ გაზარდოს კიდეც უკრაინის დახმარება და უფრო მეტიც-უკრაინელ სამხედროებს ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების უფლებაც კი დართოს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ღია და ფარული გარიგებები შედგება ტრამპსა და პუტინს შორის და რა პოზიციას დაიკავებს კრემლი თეთრი სახლის მიერ ირანისა და ჩინეთის მიმართ პოლიტიკის გამკაცრების შემდეგ, რაც აუცილებლად მოხდება ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე...

1-tra-1731312251.png
F-16-დან „ჰაერი-რადიოლოკატორი“ კლასის AGM-88E ტიპის მართვადი რაკეტის გაშვების მომენტი...

მანამდე კი პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ძალზე ჩქარობს, რომ ტრამპის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად ინაგურაციამდე დარჩენილ 70 დღეში უკრაინას სრულად მიაწოდოს ის სამხედრო დახმარება, რაც მანამდე აღუთქვა.

მკითხველს ეხსომება, რომ 61 მლრდ დოლარიანი სამხედრო დახმარების მიწოდება უკრაინისთვის ნახევარი წლით იყო დაბლოკილი სწორედ პროტრამპისტი კონგრესმენების მიერ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრიდან და მხოლოდ ა.წ.-ის აპრილიდან დაიწყო მისი ეტაპობრივი გაგზავნა უკრაინისთვის.

ბაიდენის ადმინისტრაციისა თუ სხვა ამერიკული სტრუქტურების ბიუროკრატიისა და ზოზინის გამო, უკრაინას ეს 61 მლრდ-იანი დახმარება დღემდე ბოლომდე არ მიუღია-დარჩა-4,3 მლრ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალები, რომლებიც უკრაინაში უშუალოდ პენტაგონმა თავისი საწყობებიდან უნდა გააგზავნოს და ასევე 2,1 მლრდ დოლარის კონტრაქტები, რომლებიც ამერიკულ თავდაცვით კომპანიებში განთავსდება შეიარაღების საწარმოებლად და შემდგომში უკრაინის არმიისთვის მისაწოდებლად.

4,3 მლრდიანი სამხედრო დახმარების ლომის წილს ეტყობა საზენიტო რაკეტები შეადგენენ, მათ შორის Patriot -ისა და NASAMS -ის ტიპის 500-მდე რაკეტა, რომლებსაც პენტაგონი წლის ბოლომდე თავისი არსენალიდან გაუყოფს უკრაინელ მეზენიტეებს, რამაც უნდა გააძლიეროს უკრაინის ქალაქების საჰაერო თავდაცვა რუსეთის ყოველღამეული თავდასხმებიდან.

2-tra-1731312294.png
პოლიგონის პირობებში საბჭოთა წარმოების სამკოორდინატიან რადიოლოკატორზე ამერიკული AGM-88E ტიპის რაკეტის შეტევა...

ამასთან, პენტაგონმა კიევს უარი უთხრა ATACMS-ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტების ახალი პარტიის მიწოდებაზე-პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავ უფრთხის კრემლის საპასუხო ქმედებებს, თუკი უკრაინელები 300 კმ-მდე მფრენი ამ ATACMS-ებიც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მიიტანენ იერიშს.

სამაგიეროდ, უკრაინის საჰაერო ძალების შეიარაღებაში უკვე გამოჩნდა თანამედროვე ამერიკული „ჰაერი-რადიოლოკატორი“ კლასის AGM-88E ტიპის მოდერნიზებული მართვადი რაკეტები, რომლებსაც F-16-ებიდან გაშვების შემდეგ 110 კმ-ის მაქსიმალურ სიშორეზე შეუძლიათ „მიაგნონ“ მოწინააღმდეგის რადიოლოკაციურ სადგურებს მაშინაც კი, თუკი ამ რადიოლოკატორების გამორთვა მოასწრეს-გავიხსენოთ თუ როგორ აგვიფეთქეს აგვისტოს ომის დროს საბჭოთა/რუსულმა Х-58У ტიპის რაკეტებმა ქართული არმიის სამკოორდინატიანი რადიოლოკატორი თბილისი-გორის გზასთან შავშვებში(მანამდე ერთი წლით ადრე,2007 წლის ივლისში, როდესაც შავშვებში მდგარ ამ ლოკატორისკენ რუსულმა საფრონტო ბომბდამშენმა ასევე გაუშვა Х-58У ტიპის რაკეტა, ქართველმა მეზენიტეებმა მოასწრეს რადილოკატორის აქტიური რეჟიმის გამორთვა და მიზანდაკარგული რუსული რაკეტა სოფელ წითელუბანთან დაეცა, დეტონაციის გარეშე) და მერე „საქაერონავიგაციის“ სამოქალაქო რადიოლოკატორი თბილისის ზღვის თავზე,ქვიშიანში...

ის რთული საბრძოლო სიტუაცია, რაც უკრაინის ფრონტებზეა შექმნილი, ამ სახით მუდმივად ვერ გაგრძელდება და ადრე თუ გვიან მოხდება შეთანხმება ცეცხლის,თუნდაც დროებით შეწყვეტის თაობაზე-ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტება კი ამ პროცესს აუცილებლად დააჩქარებს...