"ალბათ, პაპუაშვილს "ჰამასის", რუსეთის, ვენესუელას, ნიკარაგუას წარმომადგენლები უნდა ესტუმრონ, რომ შეხვედრაზე დათანხმდეს"
ვაპირებთ, ევროკავშირის წარმომადგენლებს მივმართოთ შეთავაზებით, რომ როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაში, საქართველოში დაიშვას საერთაშორისო და კონკრეტულად, ევროპული აქტორების მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მასშტაბი დადგინდეს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, მათ შორის, არც ევროკავშირისგან.
„საქართველოს საერთაშორისო მეგობრებისთვის სრულიად ნათელია, რომ ამ არჩევნებმა არ ასახა ქართველის ხალხის თავისუფალი ნება, მოხდა თავისუფალი ნების უგულებელყოფა უამრავი სხვადასხვა მაქინაციით და მათ შორის, ფარულობის კონსტიტუციური პრინციპის მასობრივი დარღვევით. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირიდან ამ მაღალი დონის დელეგაციიდან ივანიშვილის პარტიის წევრები კიდევ ერთხელ მოისმენენ იმას, რომ ამ არჩევნებს ვერ და არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია, რაც ბუნებრივია, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველია, რაც სწორედ ის მოთხოვნაა, რომელსაც ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ვაყენებთ.
საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მიტაცების პირობებში დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება შეუძლებელია. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ, ევროკავშირის წარმომადგენლებს მივმართოთ შეთავაზებით, რომ როგორც კანდიდატის სტატუსის ქვეყანაში, საქართველოში დაიშვას საერთაშორისო და კონკრეტულად, ევროპული აქტორების მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში იმისთვის, რომ დადგინდეს გაყალბების მასშტაბი, თორემ ის, რომ დარღვეულია თავისუფალი ნების უმნიშვნელოვანესი პრინციპი, ეს ცხადია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, მან ისაუბრა, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე, რითაც მან საქართველოში ვიზიტად მყოფ 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა.
„ალბათ, პაპუაშვილს, მაინც და მაინც, „ჰამასის“, რუსეთის, ვენესუელას, ნიკარაგუას წარმომადგენლები უნდა ესტუმრონ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღირებენ, რათა დათანხმდეს შეხვედრაზე. როგორც ჩანს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები და თავმჯდომარის მოადგილეები არ არიან ღირსი პაპუაშვილის შეხვედრის“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
IPN