ჟიგიმანტას პავილიონისი: "3-4 წლის წინ შევამჩნიე, ვინც კი ქართულ მთავრობას აკრიტიკებდა, შეხვედრები აღარ ხდებოდა - ეს არის საბჭოთა მიდგომა" - კვირის პალიტრა

ჟიგიმანტას პავილიონისი: "3-4 წლის წინ შევამჩნიე, ვინც კი ქართულ მთავრობას აკრიტიკებდა, შეხვედრები აღარ ხდებოდა - ეს არის საბჭოთა მიდგომა"

ძალიან საბჭოურია - მე აღნიშნული ტენდენცია 3-4 წლის წინ შევამჩნიე, ვინც კი ქართულ მთავრობას აკრიტიკებდა შეხვედრები აღარ ხდებოდა, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რითაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებას გამოეხმაურა, თუ რატომ არ შეხვდება ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციას.

მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველოში ხშირად იმყოფებოდა და ისინი შეხვედრებს ვერ ახერხებდნენ.

„ძალიან საბჭოურია იმიტომ, რომ მე შევამჩნიე აღნიშნული ტენდენცია 3-4 წლის წინ, ვინც კი აკრიტიკებდა ქართულ მთავრობას შეხვედრები აღარ ხდებოდა. მე ბოლო სამი წლის განმავლობაში, აქ ხშირად ჩამოვსულვარ, ისინი შეხვედრებს ვერ ახერხებდნენ. ერთი მცირე გამონაკლისით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. თუ გაკრიტიკებენ, როგორც წესი აღარ გხვდებიან, ეს არის საბჭოთა მიდგომა“, - განაცხადა პავილიონისმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ თბილისში ჩამოსულ, რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარ ჯგუფს შეხვედრაზე უარი უთხრა.

მისივე თქმით, „შეუძლებელია, ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესავდე“.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება ევროკავშირის ყველა რელევანტურ და დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის ხელშეწყობის ერთგული, შეხვედრების გამართვის ამ განზრახვას დადებითად ვერ უპასუხებენ.

IPN