კახა კალაძე ჟურნალისტს: "რა უნდა გამოიძიონ, რა არის გამოსაძიებელი, თქვენ ამ ქვეყანას პატივს არ სცემთ? იმ ინსტიტუციებს, რომელიც ქვეყნის შიგნით არის, პატივს არ სცემთ?" - კვირის პალიტრა

კახა კალაძე ჟურნალისტს: "რა უნდა გამოიძიონ, რა არის გამოსაძიებელი, თქვენ ამ ქვეყანას პატივს არ სცემთ? იმ ინსტიტუციებს, რომელიც ქვეყნის შიგნით არის, პატივს არ სცემთ?"

რა უნდა გამოიძიონ? რა არის გამოსაძიებელი? თქვენ ამ ქვეყანას პატივს არ სცემთ? ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას პატივს არ სცემთ? იმ ინსტიტუციებს, რომელიც ქვეყნის შიგნით არის, პატივს არ სცემთ? - მე კი ვიცი, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ ქვეყნის, სამშობლოს მიმართ, - ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხდა, რითაც არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოთხოვნას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი იძლევა.

„ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი იძლევა. მესმის, რომ თქვენთვის ქართველი ხალხი არაფერს არ წარმოადგენს, თქვენ ყველა ერთი ფრთის ქვეშ ხართ და ერთი პატრონი გყავთ, იმართებით გარედან, არც საკუთარ თავს, ოჯახს და არც ამ ქვეყანას არ ეკუთვნით. თქვენ სხვა ინტერესები გაქვთ. ჩემთვის ლეგიტიმურობას იძლევა ქართველი ხალხი. შესაბამისად, მადლობა იმ 1 120 000 ადამიანს, ვინც გამოვიდა და ღირსეულად დადგა, მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, წინსვლას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია დღევანდელი საქართველოსთვის.

ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვისმენთ, ვხედავთ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ჩვეულებრივ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობენ, თავიანთი განცხადებებით, ქმედებებით. ეს ყველაფერი წარმოუდგენელია! თუმცა მერწმუნეთ ძალიან მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ყველა საკადრის პასუხს მიიღებს და ყველას აუცილებლად გარედან ექნება ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ.

რა უნდა გამოიძიონ? რა არის გამოსაძიებელი? თქვენ ამ ქვეყანას პატივს არ სცემთ? ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას პატივს არ სცემთ? იმ ინსტიტუციებს, რომელიც ქვეყნის შიგნით არის პატივს არ სცემთ? - მე კი ვიცი, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ ქვეყნის, სამშობლოს მიმართ. საერთოდ გრძნობა სამშობლო, პატრიოტიზმი, ქვეყნის სიყვარული - არ გაგაჩნიათ. იმიტომ, რომ როდესაც ხარ აგენტი და ატარებ სხვა ქვეყნის ინტერესს, ცხადია, ვერ გექნება ამ ქვეყნის სიყვარული! ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ სიცრუეზე, ტყუილ ბრალდებებზე, რასაც ჩვენ ვისმენდით, მიმართა საქართველოს პროკურატურას, საქართველოს პროკურატურა გამოვიდა და მიმართა იმ ადამიანებს, ვინც გამოდიოდა და იძახდა, რომ “ეს არჩევნები გაყალბდა, მაქვს ფაქტი”. რა ქნეს? სად არის ეს მტკიცებულებები? სად არის ეს ფაქტები? - არ არსებობს ბუნებაში და რა უნდა მიიტანოს! ამიტომ ყველაფერი ცხადია და ნათელია. არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდა”, - განაცხადა კალაძემ.

IPN