"არავის აქვს ისეთ საქმეებში ჩარევის უფლება, სადაც მათ არ ესაქმებათ - ეს არის შიდა პოლიტიკური დუღილი და უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის ჩარევა კანონით აკრძალულია"
26 ოქტომბრის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა - ამიტომ ჩვენს გარე თუ შიდა მეგობრებს, პარტნიორებს მოვუწოდებთ, შეეგუონ და მიიღონ ეს ფაქტი! - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა, ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტზე საუბრისას გააკეთა.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის “მწარე მარცხის შემდეგ”, რეალობის გააზრების ნაცვლად, ოპოზიციას გამხნევება ხდება.
“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - როცა ეს პოლიტიკოსები იმაზე საუბრობენ, რომ ქვეყანას არ მტრობენ, მათი საქმე საპირისპიროს ამტკიცებს.
ჩვენი მეგობარი ქვეყნების პარლამენტის წევრები არჩევნების წინ, აშკარად ანტიქართული განცხადებებით, აქციებზე დგომით და სხვა მსგავსი ნაბიჯებით ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას არღვევდნენ, წინასაარჩევნო პროცესებში ერეოდნენ, ხოლო დღეს, როცა რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნებში მწარე მარცხი იწვნია, ეს ადამიანები კვლავ ჩამოვიდნენ, რადიკალურ ოპოზიციას მაშველ რგოლად შეეგებნენ და მათ გამხნევებას ცდილობდნენ.
დიპლომატია საკმაოდ რთული და ფაქიზი საქმეა. ვიდრე ისეთ პროცესში ჩაერევი, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნისთვის მიუღებელია, ნებისმიერ მხარეს ბევრი დაფიქრება მართებს.
არავის აქვს ისეთ საქმეებში ჩარევის უფლება, სადაც მათ არ ესაქმებათ, რადგან ეს არის შიდა პოლიტიკური დუღილი და უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის ჩარევა არის კონტრპროდუქტიული და ასევე კანონით აკრძალული”, - განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოში გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებიან. ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა.
მათთან შეხვედრაზე უარი თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
IPN