"სიკვდილის ბრიგადები" ოთარ კვანტრიშვილისთვის - რატომ და როგორ მოკლეს ქართველი, რომელიც 90-იანებში რუსეთში ლამის ყველაზე გავლენიანი ადამიანი გახდა
პარალელიზმი და დუბლირება ყოველთვის არასასურველ მოვლენად აღიქმებოდა. თუმცა ეს საყოველთაო ჭეშმარიტება ნაკლებად ეხება სპეცსამსახურების საქმიანობას, რადგანაც დადასტურებულია, რომ ინფორმაციის მოპოვების მხოლოდ რამდენიმე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პარალელური წყაროა მაღალხარისხოვანი საბოლოო ანალიზის და მოქმედების გეგმის შედგენის გარანტია. გარდა ინფორმაციის მოპოვებისა „პარალელური სტრუქტურები“ სხვა, გაცილებით რთულ სპეცოპერაციებსაც ახორციელებენ.
კერძო და საზოგადოებრივი სტრუქტურები (სპეცსამსახურების ვეტერანთა კავშირები და ფონდები, კერძო დაცვითი და დეტექტიური ფირმები და ა.შ.) გაცილებით ოპერატიული და მოქნილი არიან, ვიდრე სახელმწიფოს ოფიციალური სპეცსამსახურები. თანაც, მათი მოქმედების გამჟღავნების შემთხვევაში, სკანდალი სახელმწიფო სტრუქტურას კი არა, მხოლოდ კერძო სამართლის სუბიექტს შეეხება და თავიდან იქნება აცილებული არასასურველი გართულებები.
რუსეთის პრესაში წლების მანძილზე გამოქვეყნებული მასალების ანალიზზე დაყრდნობით შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ოთარ კვანტრიშვილის, დიმიტრი ხოლოდოვის, ივანე კიველიდის, ვლად ლისტევის, ანა პოლიტკოვსაკაიას, ალექსანდრე ლიტვინენკოს, ბორის ნემცოვიs, ზელიმხან ხანგოშვილის და კიდევ მრავალი პოლიტიკოსის, ჟურნალისტისა და რუსეთის ხელისუფლების სხვა ოპონენტის მკვლელობა, სწორედ “პარალელური სპეცსამსახურების” კილერების მიერ იყო შესრულებული.
რუსი ჟურნალისტებისა და ექსპერტების ინფორმაციით, ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთის ფედერაციის მთავრობის ვიცე-პრემიერმა იური სკოკოვმა, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს კურირებდა, სპეცსამსახურების პარალელური, ფარულად მოქმედი საბრძოლო-ოპერატიული დანაყოფების შექმნის განკარგულება გასცა. სრულიად საიდუმლო სამთავრობო დადგენილების შემდეგ შემუშავდა ასევე საიდუმლო ინსტრუქცია, რომლის ზოგიერთ ნაწილს ქვემოთ წარმოგიდგენთ.
ამ დოკუმენტში ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ ფარული სადაზვერვო და ოპერატიულ-საბრძოლო დანაყოფების შექმნა დასაბუთებული იყო “კეთილშობილური მიზნებით”, კერძოდ კი, რუსეთში მოქმედი კრიმინალური ბანდების, “ჩრდილოვანი ეკონომიკისა” და კორუფციის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლის აუცილებლობით. ამ მიზნებისთვის სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურებში (საბაჟო და საგადასახადო ორგანოებში, ბანკებში, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში და ა.შ.) უნდა “ჩაენერგათ” სპეცსამსახურების ფარული თანამშრომლები, – “ღრმა დაშიფვრის ოფიცრები”, რომლებიც ამ ორგანიზაციებში შექმნიდნენ ფართო აგენტურულ ქსელს. ამავე დროს ამ ფარულ სტრუქტურებს უფლება ჰქონდათ ფიზიკურად გაენადგურებინათ ბანდფორმირებების ლიდერები და რუსეთის ხელისუფლების ყველა მოწინააღმდეგე, მათ შორის უცხო ქვეყნების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები.
ამგვარი, ნეიტრალურ სახელწოდებას შეფარებული “პარალელური სპეცსამსახურები“ უნდა შექმნილიყო რუსეთის რეგიონებში და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. რუსი ექსპერტების ინფორმაციით, წლების მანძილზე რუსეთის ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ამგვარი ორგანიზაცია მოქმედებდა . ისინი ლიკვიდაციის სპეცოპერაციებს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებშიც ახორციელებდნენ.
ეს ფარულად მოქმედი სტრუქტურები, როგორც წესი ათასნაირ უწყინარ სახელს იყვნენ და არიან ამოფარებული. ყველაზე ხშირად ისინი ოფიციალურ საფარად იყენებენ კერძო დეტექტიური და დაცვის ფირმებს, ჯარისა და სპეცსამსახურების ვეტერანთა ასოციაციებსა და სოციალურ-კულტურულ ფონდებს. თუმცა რუსეთის სპეცსამსახურების ოფიციალურ სტრუქტურებს შეფარებული ეს “სიკვდილის ბრიგადები” განსაკუთრებით საშიშნი არიან.
რუსეთში “პარალელური სპეცსამსახურები” მთელი ძალით 1990-იანი წლების დასაწყისიდან ამოქმედდნენ. დიდ ქალაქებში და რეგიონებში იქმნებოდა ფარული სტრუქტურები, რომლებიც მოქმედი ან თადარიგში გასული ოფიცრებისა და სპეცრაზმების ყოფილი მებრძოლებისგან კომლექტდებოდა.
ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული “პარალელური სპეცსამსახური”, “ძმები ლარიონოვების ბანდის” სახელწოდებით ვლადივოსტოკში მოქმედებდა. მათ მოახდინეს მთელი რიგი “კანონიერი ქურდების” და “ავტორიტეტების” ლიკვიდაცია. მაშინ გამოძიების პროცესში რუსეთის გენპროკურატურა მართლაც საოცარ ფაქტებს წააწყდა: ამ ბანდის წევრები ყოფილი მედესანტეები და სპეცრაზმელები იყვნენ, რომელთაც უმკაცრესი სამხედრო დისციპლინა და წესრიგი ჰქონდათ დამყარებული. უახლესი კავშირგაბმულობის ტექნიკა, მოსასმენი აპარატურა, საინფორმაციო–ანალიტიკური ცენტრი, კონსპირაციული ბინები (ე.წ. “იაკები”) და აგენტურის ფართო ქსელი, – ამ ბანდას მობილურ სპეცსამსახურად აქცევდა, ხოლო მაღალი ანაზღაურება ბრძოლებში გამოცდილი ოფიცრების გადაბირების საშუალებას იძლეოდა. ამ ბანდაში „მუშაობდა“ გე-ერ-უს ორი პოლკოვნიკი: წყნარი ოკეანის რუსეთის ფლოტის დაზვერვის აგენტურული სამმართველოს მოქმედი უფროსი ზუბოვი და ოპერატიულ-ანალიტიკური ცენტრის ყოფილი უფროსი პოლუბოიარინოვი.
ამ ბანდის მსხვერპლი ძირითადად რუსეთის რეგიონებში მოქმედი სხვადასხვა ეროვნების “კანონიერი ქურდები” და „ავტორიტეტები“ იყვნენ. “ლარიონოვის ბანდა” ანადგურებდა იმ ბიზნესმენებსაც ვინც დამნაშავეთა სამყაროსთან თანამშრომლობდა. ეს ბანდა უსმენდა შსს-ს და პროკურატურის მაღალჩინოსნების ტელეფონებსაც და აფერხებდა გამოძიებას. ამ ფაქტების გახმაურების შემდეგ თავად ძმები ლარიონოვები ციხეში გაურკვეველ ვითარებაში დახოცეს. პოლუბოიარინოვი და მისი ვაჟი კი ავტომობილში დაახრჩვეს.
გასული საუკუნის 90 იანი წლების დასაწყისის ყველაზე გახმაურებული დანაშაული მოსკოვში მცხოვრები ქართული წარმოშობის ბიზნესმენის, ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობა იყო. ამ პიროვნებამ მოსკოვში და მთლიანად რუსეთში ძალზე სწრაფად მოიპოვა დიდი ავტორიტეტი. მასთან მეგობრობდნენ, როგორც
ოთარი კვანტრიშვილი და რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი
ხელისუფლების, ასევე სპორტსმენები და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები. მის მიერ შექმნილი „ლევ იაშინის სახელობის სპორტსმენთა სოციალური დაცვის ფონდის” და “ასოციაცია XXI საუკუნის” დიდი ფინანსური რესურსები ზოგიერთი რუსი ჟურნალისტის მიერ ბიზნესისთვის “შეწერილ” ბანდიტურ ბეგარად აღიქმებოდა. კვანტრიშვილის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, ცნობილი მომღერალი იოსიფ კობზონი კი აცხადებდა, რომ ფულს თავად ბიზნესმენები ნებაყოფლობით რიცხავდენენ სპორტის ვეტერანების დასახმარებლადო, თუმცა ამგვარი გადარიცხვების „ნებაყოფლობითბა“ ისთივე „ბლეფია“ , როგორც წვიმაში დაგებული ასფალტი.
მიუხედავად შეხედულებათა ასეთი პოლარული განსხვავებისა, ყველა ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ კვანტრიშვილი თითქმის ყოვლისშემძლე პიროვნება გახდა.
1993 წლის დეკემბერში შექმნა პოლიტიკური პარტია “ სპორტული რუსეთი”, რომლსაც საპარლამენტო არჩევნებში უნდა მიეღო მონაწილეობა და „რუსეთში კანონიერება აღედგინა“. 1994 წლის თებერვალში კვანტრიშვილი, როგორც „სპორტული რუსეთის“ თანათავმჯდომარე, დაესწრო ლილეჰამერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ხუან ანტონიო სამარანჩსაც შეხვდა. კვანტრიშვილი “დიდ პოლიტიკაში” შესვლისთვის ემზადებოდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ოთარ კვანტრიშვილმა ძალზე თამამი განცხადებაც კი გააკეთა: „ გვარი, რომ არ მიშლიდეს ხელს, მოსკოვის მერი ხვალევე გავხდებოდიო“. ქართველი კვანტრიშვილის პოლიტიკური გააქტიურება რუსეთის ხელისუფლებაში მყოფი “პატრიოტების” მძაფრ გაღიაზიანებას იწვევდა. ამიტომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ის კილერებს “შეუკვეთეს”.
იოსიფ კობზონი და ოთარი კვანტრიშვილი
1994 წლის 5 აპრილს მოსკოვში კრასნოპრესნიის ელიტური საუნიდან გამოსულ კვანტრიშვილს მოპირდაპირე შენობის სხვენზე დამალულმა სნაიპერმა სამჯერ ესროლა. კვანტრიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. რუსეთის ოფიციალურმა მასმედიამ სწრაფადვე გაავრცელა „მთავარი ვერსია“: „ოთარი ჩეჩნურ–ქართულ– სლავურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის კრიმინალური ომის მსხვერპლი გახდაო“.
2008 წლის 7 მარტს რუსეთის გენპროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა განცხადა, რომ ამ მკვლელობიდან 14 წლის შემდეგ დამნაშავეები დაკავებული არიან და საქმე დახურულიო. მათი მტკიცებით კვანტრიშვილისა და ცნობილი რუსი “ავტორიტეტის” სერგეი ტიმოფეევის (“სილვესტრი”) ბიზნესინტერესები გადაიკვეთა და სწორედ „სილვესტრმა“ შეუკვეთა ოთარის მკვლელობა რუსეთის შინაგანი ჯარების უფროს ლეიტენენტ ვინმე შერსტობიტოვს, მეტსახელად “ლიოხა-ჯარისკაცსო”. ყოფილი სპეცსამსახურის თანამშრომლებისგან შემდგარი კილერების ჯგუფი, რომელშიც , შერსტობიტოვის გარდა, იყვნენ: სერგეი ჩაპლიგინი (გე–ერ–უს კაპიტანი); ალექსანდრე პოგორელოვი ( ასევე გე–ერ–უს კაპიტანი) და სერგეი ვილკოვი (რუსეთის ფედერაციის შინაგანი ჯარების კაპიტანი), – მართლაც არსებობდა, თუმცა ისინი „შეკვეთებს“ რუსეთის სპეცსამსახურებიდან იღებდნენ.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, უკვე მიზანში ამოღებული კვანტრიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში პირდაპირ დაემუქრა „მთავარ შემკვეთს“: “არ დაავიწყდეს რუშაილოს, რომ მასაც ჰყავს შვილებიო”. იმ დროს ვლადიმერ რუშაილო (მომავალი რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და პუტინის „პირველი პრეზიდენტობისას“ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი) მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი იყო. სწორედ ის გახლდათ რუსეთის ხელისუფლებასა და კილერებს შორის „დამაკვშირებელი რგოლი“. ბუნებრივია რუსეთის ხელისუფლება დღესაც შეგნებულად უვლის გვერდს ოთარი კვანტრიშვილის მკვლელობის რეალურ მოტივს. თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მოკლეს, ისევე როგორც რუსი ჟურნალისტი დიმიტრი ხოლოდოვი.
დიმიტრი ხოლოდოვი
ოცდაათი წლის წინ, 1994 წლის 17 ოქტომბერს, მოსკოვში მოკლეს “მოსკოვსკი კომსომოლეცის” ჟურნალისტი დიმა ხოლოდოვი. მისი სტატიები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სპეცსამსახურების კრიტიკით გამოირჩეოდა:
მან არერთხელ ამხილა ამ სტრუქტურებში გაბატონებული კორუფცია. მკვლელობის დღეს ხოლოდოვს უცნობმა დაურეკა და ხელჩანთა გადასცა, სადაც რუსი მაღალჩინოსნების კორუფციის მამხილებელი დოკუმენტები უნდა ყოფილიყო. რედაქციაში დაბრუნებულმა ჟურნალისტმა ჩანთა გახსნა და აფეთქების გამაყრუებელი ხმაც გაისმა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მაღალი დონის პროფესიონალის მიერ იყო ხელჩანთაში ჩამონტაჟებული.
აფეთქების შემდეგ
ამ რეზონანსული მკვლელობის გამოძიები წლობით გრძელდებოდა. რუსეთის გენპროკურატურა შსს-სა და გე-რე-უს კვალზე გავიდა. გაირკვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ–ერთ სამხედრო ნაწილში მოქმედებდა სპეციალური დანაყოფი, რომელიც კილერებით იყო დაკომლექტებული. მაშინ ბრალი წაუყენეს ექვს პირს, ყველა მათგანი რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების დაზვერვის ოფიცრები იყვნენ, ხოლო “საფარი დოკუმენტები” მათ გე-ერ-უსგან მიიღეს. ამ ოპერაციაში მონაწილეობდნენ აგრეთვე კერძო დეტექტიური ფირმა “როსს”-ის ხელმძღვანელები: ყოფილი სპეცრაზმელები. თუმცა 2004 წლის ივნისში სასამართლომ ყველა დაკავებული გაამართლა და დიმიტრი ხოლოდოვის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია. რუსეთის „პარალელური სპეცსამსახურების“ მთავარი მიზანიც სწორედ ესაა: „თვითმკვლელობა“, „უბედური შემთხვევა“ , თუ მკვლელობა სამუდამოდ გაუხსნელი უნდა დარჩეს.
(პირველი ნაწილის დასასრული)