"ჩვენი პოლიცია, ათობით ავტობუსით, მზად იყო ჩვენთან გასამკლავებლად" - რას ამბობს ანა დოლიძე თავისუფლების მოედანზე მასსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ? - კვირის პალიტრა

"ჩვენი პოლიცია, ათობით ავტობუსით, მზად იყო ჩვენთან გასამკლავებლად" - რას ამბობს ანა დოლიძე თავისუფლების მოედანზე მასსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ?

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე განმარტავს, რა გახდა თავისუფლების მოედანზე მასსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი.

დოლიძის თქმით, პოლიციამ ხელოვნური კორდონით მოახდინა გზის პარალიზება. როგორც მან აღნიშნა, არ აპირებს „რუსეთის საოკუპაციო ჯარს გზა დაუთმოს“.

“აქციიდან მოვდიოდი, ლეონიძის ქუჩაზე გადმოვდიოდი და აღმოჩნდა, რომ ათობით დიდი ავტობუსით პოლიცია ჰყავდათ პარლამენტთან მობილიზებული აქციისთვის და გააჩერეს როგორც მანქანები, ისე ქვეითად მოსიარულეები (მე ფეხით გადავდიოდი ქუჩაზე), რათა ამ პოლიციის ათობით ავტობუსს, რომელიც ჩვენთვის, მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის ჰყავდათ გამზადებული, გაევლო იმ ტერიტორიაზე. ხელოვნური კორდონით მოახდინეს გზის პარალიზება, ისევე, როგორც ყოველი აქციის შემდეგ და გამწიეს მეც გზიდან.

ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოდის, ევროპელი პარტნიორები მოდიან და ჩვენი პოლიცია, ათობით ავტობუსით, მზად იყო ჩვენთან გასამკლავებლად და კიდევ თურმე, ქვეითად მოსიარულეებმა უნდა დავუთმოთ ამათ გზა. ვისთვის? - იმ ხალხისთვის, რომელიც ჩვენს დასარბევად ჰყავთ მობილიზებული. ამას მოჰყვა ჩემი შეპასუხება, რომ ამას არ ვაპირებ, არც ნაბიჯს ავუჩქარებ და არც შევანელებ იმისთვის, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარს გზა დავუთმო”, - განაცხადა ანა დოლიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.

ცნობისთვის, ანა დოლიძესა და პოლიციას შორის შელაპარაკება რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დასრულების შემდეგ მოხდა. ინციდენტის დროს ანა დოლიძემ სოციალური ქსელის პირად გვერდზე ლაივ რეჟიმში გაუშვა დაპირისპირების კადრები.