"ასეთ მამაკაცებს სულაც არ აწუხებთ, რომ დედ-მამა, ბებია ან ოჯახის რომელიმე წევრი არჩენს. კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, როცა ემიგრაციაში მყოფი ცოლები გაზულუქებულ ქმრებსაც ინახავენ და მათ საყვარლებსაც" - კვირის პალიტრა

"ასეთ მამაკაცებს სულაც არ აწუხებთ, რომ დედ-მამა, ბებია ან ოჯახის რომელიმე წევრი არჩენს. კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, როცა ემიგრაციაში მყოფი ცოლები გაზულუქებულ ქმრებსაც ინახავენ და მათ საყვარლებსაც"

"მშობლები ცდილობენ, შვილს ყველაფერი ჰქონდეს და ყველაფერი მზამზარეული მიართვან. სწორედ ასეთ გარემოში ყალიბდება უუნარო, უპასუხისმგებლო ახალგაზრდა"

"როცა ასეთი ახალგაზრდა ცოლს მოიყვანს, მათ ოჯახში დამახინჯებული მოდელი ყალიბდება: როგორც დედა უსრულებდა ყველა სურვილს და მოთხოვნას, ასევე უნდა მოიქცეს მისი მეუღლეც. დედის ფუნქციები მან უნდა იკისროს და თუ ამას ვერ შეძლებს, ასეთი ოჯახი მალევე დაინგრევა"

"როცა ჩემი ერთადერთი შვილი დაიბადა, მეგონა, რომ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი დედა ვიქნებოდი! მე და ჩემი მეუღლე ისე ვზრდიდით, რომ ცივ ნიავს არ ვაკარებდით. სკოლა დაამთავრა, ფასიან ფაკულტეტზე ჩააბარა და მაქსიმალურად ხელს ვუწყობდით, რომ უმაღლესი განათლება მიეღო. იმედი მქონდა, რომ ცხოვრებაში თავის ადგილს იპოვიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი იმედი არ გამართლდა: სასწავლებლის დასრულების შემდეგ რამდენიმე სამსახური შეიცვალა, მაგრამ თავი ვერსად დაიმკვიდრა. უკვე 32 წლისაა, არც ცოლი ჰყავს, არც შვილი, სახლში ზის და ათასგვარ მიზეზს პოულობს, რომ არ იმუშაოს, ფიზიკურ შრომაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! ამას ისიც დაემატა, რომ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და მთელი ოჯახის ტვირთი ჩემს მხრებზე გადმოვიდა. არ ვიცი, რა დავაშავე! ხომ უნდა იცოდეს, რომ მე სულ არ ვეყოლები და ჩემზეც ხომ უნდა იფიქროს?!", - ეს სიტყვები ერთ ასაკოვან, სანდომიან ქალბატონს ეკუთვნის, მაგრამ ათასობით ქართული ოჯახის დარდსა და წუხილს გამოხატავს.

როგორ და რატომ ყალიბდებიან ამ ტიპის მამაკაცებად? ამ პრობლემაზე სასაუბროდ ფსიქოთერაპევტ მანანა სოლოღაშვილს მივმართეთ:

- ეს მართლაც მტკივნეული პრობლემაა: ალბათ, ყველა იცნობთ კაცებს, რომლებიც მოწიფულ ასაკშიც მშობლების კმაყოფაზე ცხოვრობენ. ისინი ხშირად არარეალიზებული, უუნარო ადამიანები არიან, რომლებიც დანგრეულ ოჯახებში იზრდებოდნენ და მთელი ბავშვობა სიყვარულის დეფიციტში აქვთ გატარებული, თუმცა არის საპირისპირო შემთხვევაც: ისინი ჰიპერმზრუნველობის ქვეშ იყვნენ, რაც ისევე დამთრგუნველია, როგორც - მშობლის გულგრილობა. განსაკუთრებით რთული სიტუაცია იქმნება ოჯახში, როდესაც დედა ემიგრაციაში მიდის და ცდილობს, შვილებს უცხოეთიდან შეუქმნას უზრუნველი ცხოვრება - ეს ფსიქოლოგიურად უმწიფარი პიროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. როდესაც ბავშვი დედის სიყვარულის და მზრუნველობის გარეშე ყალიბდება, სოციუმთან შეგუება უჭირს და დროთა განმავლობაში, სერიოზული პრობლემები ექმნება.

- რა თვისებებით გამოირჩევიან ასეთი ბავშვები?

- მათ არა აქვთ სწავლის ან შრომის უნარი, ზრდასრულ ასაკშიც, ფეხს ვერსად იკიდებენ და სოციუმში თავის ადგილს ვერ პოულობენ. მათ სულაც არ აწუხებთ ის ფაქტი, რომ დედ-მამა, ბებია ან ოჯახის რომელიმე წევრი არჩენს. ძალიან ხშირად, ასეთი ახალგაზრდა აზარტულ თამაშებში ან ნარკოტიკების მოხმარებაშია ჩართული, ასე კლავს მთელ თავის დროს და დედის გამოგზავნილ ფულს მავნე ჩვევებში ხარჯავს. კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, როცა ემიგრაციაში მყოფი ცოლები გაზულუქებულ ქმრებსაც არჩენენ და მათ საყვარლებსაც.

- ქალბატონო მანანა, ხშირია შემთხვევა, როცა დედ-მამა ემიგრაციაში არ არის, ძალიან კარგი, აწყობილი ოჯახი აქვთ, მაგრამ მათი შვილი მაინც ასეთ მამაკაცად ყალიბდება, ამ დროს რა ფაქტორები მოქმედებს?

- მსგავსი ფაქტებიც ყველამ ვიცით: ძალიან შეძლებული, კარგი ოჯახის შვილები რომ არ მუშაობენ, დროს უსაქმურობაში ატარებენ და დედ-მამის ხარჯზე ცხოვრობენ. რასაკვირველია, ჩნდება შეკითხვა - სად არის ძაღლის თავი დამარხული? საქმე ის არის, რომ ამ ოჯახებმა ფინანსურ კეთილდღეობას დიდი შრომის და წვალების ფასად მიაღწიეს და მათი პრინციპი ხშირად ასეთია: არ გვინდა, ჩვენმა შვილმაც ისე იწვალოს, როგორც ჩვენ ვწვალობდითო.

ასეთი მშობლები ცდილობენ, შვილს ყველაფერი ჰქონდეს და ყველაფერი მზამზარეული მიართვან.

სწორედ ასეთ გარემოში ყალიბდება უუნარო, უპასუხისმგებლო ახალგაზრდა, რომლის ნაცვლად ყველაფერს სხვები წყვეტენ და დამოუკიდებლობას არ აძლევენ. ასეთ ახალგაზრდას ოჯახშიც უჭირს ურთიერთობის აწყობა და ოჯახის გარეთაც. ასეთი ხალხი მოწიფულ ასაკშიც მშობლების დატოვებული ქონებით ცხოვრობს და თანდათან ყველაფერს ანიავებს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხალხი აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკულ თრობაში ანიავებს დედ-მამის დანატოვარ ქონებას.

- მაშინ, როცა ყველაფერი აქვთ საიმისოდ, რომ ბედნიერები იყვნენ...

- დიახ და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება მშობელმა შვილს გაუკეთოს, არის ის, რომ დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბებაში ხელი შეუწყოს. როცა ყველაფერს მშობელი წყვეტს და შვილს ყველა პრობლემას უგვარებს, ეს უკანასკნელი უპასუხისმგებლო ადამიანად ყალიბდება. მან იცის, რომ ყველაფერს დედ-მამა, ან ბებია-ბაბუა გაუკეთებენ და ასე ვიღებთ უუნარო, უპასუხისმგებლო ახალგაზრდას, რომელსაც სულაც არ რცხვენია დედის ან მამის კმაყოფაზე ყოფნა, 35-40 წლის ასაკშიც კი. აბა, რატომ იმუშავებს ახალგაზრდა, რომელიც ძვირფას მანქანას ატარებს, ძვირფასი სამოსი აცვია და ეს ყველაფერი მშობლების ფულით აქვს ნაყიდი?

თუ დედა ემიგრანტია, მისი შვილები ხშირად ამბობენ - რა უნდა, აქ რომ ჩამოვიდეს, რა უნდა აკეთოს, უცხოეთში მუშაობით კი ბინაც გვიყიდა, ავტომობილიც და მთელ ოჯახს ის არჩენსო...

ასეთებს ზოგჯერ არც სურთ, რომ დედა საქართველოში ჩამოვიდეს.

ყველას წაგვიკითხავს ემიგრანტი ქალების წერილები, რომლებმაც შვილები დააბინავეს, ავადმყოფების მოვლით ნაშოვნი ფულით ცხოვრება მოუწყვეს, მაგრამ აქ რომ ჩამოვიდნენ, მასთან ერთად ცხოვრება არც ერთ შვილს აღარ მოუნდა. რატომ? - იმ წლების განმავლობაში, როცა დედა უცხოეთში მოხუცებს უვლიდა, მათ შორის გაუცხოების გრძნობა გაჩნდა.

ასეთ დროს, დედა შვილებისთვის მხოლოდ ფულის გამომგზავნ და სურვილების შემსრულებელ ადამიანად მოიაზრება. მასაც თუ სჭირდება ვინმეს თანადგომა, ყურადღება და სიყვარული, ამას ვერავინ ხვდება.

- ჰიპერმზრუნველობა ახსენეთ, რატომ მოქმედებს ეს ბავშვზე საზიანოდ?

- ჰიპერმზრუნველობა იგივე ფსიქოლოგიური ძალადობაა, ის მოზარდს დამოუკიდებლობას ართმევს და უსუსურ პიროვნებად აყალიბებს. ასეთი დედის აღზრდილი მამაკაცები ხშირად ცდილობენ, ცოლად ჭკვიანი და მშრომელი გოგონა მოიყვანონ, რომელიც შეძლებული ოჯახიდანაა. როცა ასეთი ახალგაზრდა ცოლს მოიყვანს, მათ ოჯახში დამახინჯებული მოდელი ყალიბდება:

როგორც დედა უსრულებდა ყველა სურვილს და მოთხოვნას, ასევე უნდა მოიქცეს მისი მეუღლეც.

დედის ფუნქციები მან უნდა იკისროს და თუ ამას ვერ შეძლებს, ასეთი ოჯახი მალევე დაინგრევა.

- რა უნდა იღონოს ოჯახმა, რომ ბავშვი უუნარო და ზარმაც ადამიანად არ ჩამოყალიბდეს?

- საამისოდ ერთი მარტივი გზა არსებობს: ბავშვი თავიდანვე შრომას უნდა შევაჩვიოთ. როდესაც უფროსი რაღაცას დაავალებს, ეს პატარისთვის ერთგვარი წახალისებაა, მაგალითად: თუ სახლს ვალაგებთ, შეიძლება მან ტელევიზორზე მტვერი გადაწმინდოს, ან მოხუც ბებიას წყალი მიაწოდოს.

ასეთი, პატარ-პატარა დავალებებით ბავშვი შრომას და პასუხისმგებლობას ეჩვევა. ის აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ყოველდღიურ საქმიანობაში და ამ დავალებებით შრომას შევაჩვიოთ.

პატარებს ხშირად უყვართ ცომის მოზელა და ფქვილით თამაში, ამაში ხელი არ უნდა შევუშალოთ. შეიძლება მახინჯი ხინკალი მოახვიოს, ან ცუდი ხაჭაპური გამოაცხოს, მაგრამ მაინც უნდა შევაქოთ.

თუ სოფელში, ან აგარაკზე ნაკვეთი გაქვთ, მაშინ მოზარდს მცირე ზომის ნიჩაბი, ან ბარი უნდა დაუმზადოთ და ჩვენს გვერდით შრომას შევაჩვიოთ. თანაც, ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვი არ გადაიღალოს და ფიზიკური შრომა არ შეიძულოს. თანდათან უნდა შეეჩვიოს საწოლის გასწორებას, ტანსაცმლის დალაგებას და თუ ამას კარგად გააკეთებს, რასაკვირველია, უნდა შევაქოთ.

- თუმცა, ძალიან ჭკვიანი ბავშვებიც კი, გარდატეხის ასაკში საეჭვო მეგობრების გავლენის ქვეშ ექცევიან?

- ეს პრობლემა ბიჭებს უფრო ხშირად აქვთ: მოზარდობის ასაკში ანუ 12-დან 21-22 წლამდე, ისინი თანატოლებთან უფრო მიჯაჭვულნი არიან. ამ დროს, აღარც მამას ჰბაძავენ, აღარც ბაბუას, ან ბიძას, ავტორიტეტებს ქუჩაში ეძებენ და კიდეც პოულობენ. ასეთი ბავშვი, თუნდაც ძალიან კარგ და აწყობილ ოჯახში იზრდებოდეს, ქუჩაში გაცნობილ "მეგობრებს" ემსგავსება. სწორედ ამ დროს ამბობენ, ქუჩამ ოჯახს აჯობა და ბიჭი თავის ტოლებს დაემსგავსაო... როცა ადამიანი 21-22 წლის ასაკს მიაღწევს, მისი ხასიათი და ფსიქიკა უკვე ჩამოყალიბებულია. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ბავშვისთვის ყურადღების მიქცევა და დროის დათმობა მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ პატარაა.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)