"ნაციონალისტი პოპულისტებისთვის ჰორიზონტზე აშშ-ის კავალერია გამოჩნდა, მაშველი ძალის სახით. თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არალეგალი მიგრანტების აშშ-დან გაძევებას დაიწყებს, მაშინ ევროპაშიც ხმამაღლა ალაპარაკდებიან ანალოგიური ზომების მიღებაზე"
ბრიტანული გაზეთის, „ფაინენშელ ტაიმსის“ (Financial Times) 12 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველის - გიდეონ რიხმანის სტატია სათაურით: „ტრამპის ევროპელი მოკავშირეები ფიქრობენ, რომ ისტორია მათ მხარეს არის // პოპულისტ ნაციონალისტებს მსგავსი იდეები აქვთ, მაგრამ მათ შორის დაძაბულობა იმალება“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ევროპელ ნაციონალისტებში და პოპულისტებში დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება ისეთ შეგრძნებას იწვევს, რომ ჰორიზონტზე აშშ-ის კავალერია გამოჩნდა, მაშველი ძალის სახით.
ევროპის კომისიამ და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ თავის დროზე სინქრონულად დაგმეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის - ვიქტორ ორბანის მოქმედება, რომელიც ბრიუსელისა და ვაშინგტონის აზრით, საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიას ძირს უთხრის. ამ ბრალდებებს ახალი დაემატა - დონალდ ტრამპისადმი მხარდაჭერა. ვიქტორ ორბანი მხურვალედ მიესალმა რესპუბლიკელი კანდიდატის ტრიუმფალურ გამარჯვებას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და განაცხადა - „ისტორია დაჩქარდა... მსოფლიო შეიცვალა“.
ნიდერლანდების ხელისუფლების შემადგენლობაში მყოფი, უპირატესობის მქონე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა გერტ ვილდერსმა აღფრთოვანებით განაცხადა, რომ „მთელ მსოფლიოში პატრიოტულად განწყობილი ადამიანები იმარჯვებენ“. რუსეთში ალექსანდრე დუგინი, პროპუტინური იდეოლოგი, სიხარულს არ მალავდა და ამბობდა: „ჩვენ გავიმარჯვეთ... გლობალისტებმა თავიანთი უკანასკნელი ბრძოლაც წააგეს“.
იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას მიესალმნენ, ევროპაში უკვე გავლენიანი პოზიცია აქვთ დაკავებული. ავსტრიაში და ნიდერლანდებში ნაციონალისტმა პოპულისტებმა ამასწინანდელ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“, მოწონების თვალსაზრისით, მეორე ადგილს იკავებს საზოგადოებრივ გამოკითხვებში და უკვე ჩანს, რომ ის მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს სამომავლო არჩევნებში. საფრანგეთში მარინ ლეპენის პარტია „ეროვნული გაერთიანება“ სულ უფრო უახლოვდება ხელისუფლებაში მოსვლის მიზანს. პარტიებმა - „ბრიტანეთის რეფორმა“ (Reform UK), პოლონური „კანონი და სამართალი“ (Law and Justice) და ესპანური „ხმა“ (Vox) - ყველა მათგანმა დონალდ ტრამპის გამარჯვებით ახალი ძალები და ენერგია იგრძნო.
დონალდ ტრამპის მოძრაობას (Maga – „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) და ევროპელ პოპულისტებს შორის ძლიერი იდეოლოგიური მსგავსება არსებობს - ყველანი, ეწინააღმდეგებიან „ვოკისტებს“ („გამოღვიძების“ იდეების მომხრეებს), გამოდიან მიგრაციისა და გლობალიზმის წინააღმდეგ. ისინი ხშირად გამოხატავენ სიმპათიებს რუსეთის მიმართ და მკვეთრად უჭერენ მხარს ისრაელს, პალესტინელებთან ბრძოლაში. ისინი ხშირად არიან ჩაბმულნი შეთქმულების თეორიების გავრცელებაში - აცრების მიმართ, ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ და აზიელი „ყავისფერი“ მიგრანტების მიმართ, რომლებიც ევროპულ ძირძველ მოსახლეობას ანაცვლებენ.
თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თავისი გეგმის რეალიზებას დაიწყებს - უცხოელი არალეგალი მიგრანტების აშშ-დან გაძევების მიზნით, მაშინ ევროპაშიც დაიწყებენ ხმამაღალ ლაპარაკს ანალოგიური ზომების მიღების შესახებ. ჰერბერტ კიკლმა, ავსტრიის თავისუფლების პარტიის ლიდერმა, უკვე გამოხატა თავისი აზრი იმ მიგრანტების რეემიგრაციის თაობაზე, რომლებიც ქვეყნის ფასეულობებს არ იზიარებენ (თვით ავსტრიელების გაძევების ჩათვლით).
პოპულისტ-ნაციონალისტების დამოკიდებულება ვოკისტებისადმი მძაფრად არის გამოხატული ტრანსგენდერებთან მიმართებით. დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს მათ წინააღმდეგ ვიდეორგოლები გამოიყენებოდა („ტრამპი ჩვენს მხარესაა, კამალა კი - მათ მხარეს“). ვიქტორ ორბანმა დიდი ხანია, აკრძალა გენდერული კვლევები უნგრეთის უნივერსიტეტებში და სამეცნიერო დაწესებულებებში. გასულ წელს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთში სქესის შეცვლას კრძალავს.
ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპის გამარჯვება ევროპული და მსოფლიო მშვიდობისათვის წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა (თუმცა არა - უკრაინის სასარგებლოდ). დონალდ ტრამპის გავლენიანმა მრჩეველმა თაკერ კარლსონმა ინტერვიუები ჩამოართვა როგორც ვლადიმერ პუტინს, ასევე, ვიქტორ ორბანს - შეიმჩნევა მოვლენებისა და ფაქტების ერთგვარი ჯაჭვი, თანმიმდევრული მოქმედება.
ევროპელ ულტრამემარჯვენეებში მუსლიმანთა წინააღმდეგ მიმართული მტრობა ამჟამად უფრო ძლიერია, ვიდრე - ებრაელებისადმი ტრადიციული უნდობლობა და მტრობა. გერტ ვილდერი დღეს ისრაელს სოლიდარობას უცხადებს და მას „დასავლეთის თავდაცვის პირველ ზღუდეს“ უწოდებს. ამსტერდამში ისრაელის ფეხბურთელებზე ამას წინათ [პალესტინელთა მხარდამჭერების მიერ] მომხდარი თავდასხმის შემდეგ მან კანონდამრღვევებს „მულტიკულტურული ნაყარ-ნუყარი“ უწოდა.
საკვირველი ის არის, რომ ულტრამემარჯვენეებში ისრაელისადმი მხარდაჭერა ანტისემიტიზმს იოლად უთავსდება. ისრაელის ეთნონაციონალიზმი ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველობის დროს ძალიან ახლოს დგას ვიქტორ ორბანის აზროვნებასთან. სხვათა შორის, უნგრეთის პრემიერმა ანტისემიტური სვლები გამოიყენა ჯორჯ სოროსის - „გლობალისტი ებრაელის“ წინააღმდეგაც, რომელიც მხარს [გენდერულ] უმცირესობას უჭერს. დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ისრაელს, მაგრამ, იმავდროულად, ურთიერთობა აქვს ისეთ ანტისემიტთან, როგორიცაა ნიკ ფუენტესი.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის გუნდს ევროპელ ნაციონალისტ-პოპულისტებთან ბევრი საერთო აქვს, მათი ალიანსი მაინც საკმაოდ მყიფე შეიძლება აღმოჩნდეს.
დონალდ ტრამპის ნაციონალიზმი - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ - ალბათ, ძალიან მალე შეეჯახება ევროპულ პოპულისტურ დღის წესრიგს. როგორც კეტრინ ფიესკი, ევროპული პოპულიზმის მცოდნე ექსპერტი, აღნიშნავს, დონალდ ტრამპის მოთხოვნა, რომ ევროპამ კარი გაუღოს აშშ-ის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას - ისეთს, როგორიც, მაგალითად, ჰორმონებით გაზრდილი საქონლის ხორცია ან ქათმებს, ქლორით გაწმენდილს, ევროპელი ფერმერების მიერ ძალიან უარყოფითად იქნება აღქმული. ეს კარგი საბაბი იქნება ანტიამერიკანისტებისთვისაც, რომლებსაც გარკვეული გავლენა აქვთ საფრანგეთსა და გერმანიაში. თუ დონალდ ტრამპი მუქარებს გააგრძელებს, რომ ევროპული პროდუქციის იმპორტის ბაჟს 10-20%-ით გაზრდის, მაშინ ეს მთლიანად ევროპისადმი განხორციელებული დარტყმა იქნება.
დონალდ ტრამპის მცდელობას, რომ უკრაინას თავს მოახვიოს მისთვის სასურველი [„პროპუტინური“] სამშვიდობო გარიგება, ზოგიერთ ევროპელ პოპულისტს, ალბათ, გარკვეული უნდობლობის ეჭვს გაუჩენს, მაგალითად, იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯა მელონის, რომელიც, მართალია, მემარჯვენე პარტიის ლიდერია, ტრამპის მიმართ სიმპათიას გამოხატავს, მაგრამ იმავდროულად, უკრაინის მტკიცე მხარდამჭერიცაა.
ვიქტორ ორბანიც შეიძლება სირთულეებს შეეჯახოს. იგი ერთდროულად დონალდ ტრამპსაც ელოლიავება და ევროკავშირში თავს წარმოაჩენს ჩინეთის საუკეთესო მეგობრადაც. დონალდ ტრამპი, ადრე თუ გვიან, ამ პარადოქსს შენიშნავს, თუმცა ამჟამად უნგრელი ლიდერისათვის დონალდ ტრამპის მეგობრის სტატუსის მოპოვება მნიშვნელოვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს.
ვიქტორ ორბანი თვლის, რომ ისტორია მის მხარესაა, მაგრამ უნგრეთი ყოველთვის არ იყო გამარჯვებულის მხარეს. როცა ბუდაპეშტი ევროკავშირში გაწევრდა, ერთ-ერთმა უნგრელმა მეცნიერმა მითხრა, რომ ევროპული ერთიანობის პროექტი განწირულია: „ყველაფერი, რასაც ჩვენ ვუერთდებით, საბოლოო ჯამში, ინგრევა ხოლმე“, - სინანულით თქვა მან და გაიხსენა ავსტრია-უნგრეთის იმპერია, „ღერძის“ ქვეყნების ალიანსი (პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს) და საბჭოური ბლოკი (ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია). არ არის გამორიცხული, რომ ბუდაპეშტის „წყევლა“ საბოლოოდ დონალდ ტრამპსაც მიწვდეს.
მოამზადა სიმონ კილაძემ