ზიპლაინი, კაფე, ხიდი ზღვაზე, "მწვანე თევზი" - სად მდებარეობს ყველაზე უჩვეულო და ორიგინალური საზღვრები დედამიწაზე - კვირის პალიტრა

ზიპლაინი, კაფე, ხიდი ზღვაზე, "მწვანე თევზი" - სად მდებარეობს ყველაზე უჩვეულო და ორიგინალური საზღვრები დედამიწაზე

მსოფლიოს ყველაზე ორიგინალური საზღვრები

ორ სახელმწიფოს შორის გავლებული საზღვარი ბევრ რამეს ამბობს თავად ამ ქვეყნებზე, მათ წარსულსა და დღევანდელობაზე. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, რომელიც ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დაგარწმუნებთ:

უკრაინა და პოლონეთი

პოლონეთი და უკრაინა მეგობარი ქვეყნებია, რაც ბოლო წლებში კიდევ ერთხელ დადასტურდა: პოლონეთმა ყველაზე დიდი დახმარება გაუწია ომში ჩაბმულ მეზობელს და ყველაზე მეტი დევნილი მიიღო უკრაინიდან. ამ ქვეყნებს შორის გავლებული საზღვარიც ისეთივე განსაკუთრებულია, როგორიც პოლონეთის და უკრაინის ურთიერთობა - ის არც სპეციალური ნიშნებითაა გაყოფილი და არც საბაჟო ოფისებით: პოლონეთ-უკრაინის საზღვარი სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გადის. ორი ქვეყნის ტერიტორია 2011 წელს იაროსლავ კოზიარას ორიგინალური ნამუშევრის მიხედვით გაიყო და თუ ამ ადგილს თვითმფრინავით გადაუფრენთ, ორ ნაწილად გაყოფილ მწვანე თევზს დაინახავთ, რომელიც ორ ქვეყანას შორის ერთიანობის და მეგობრობის სიმბოლოდ არის მიჩნეული.

sazgvari-1731402157.jpg

აშშ და კანადა

მიუხედავად იმისა, რომ წარსულში აშშ კანადის შემოერთებას ცდილობდა, 1931 წელს ის დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. დღეს ორ სახელმწიფოს შორის მდებარეობს პატარა ქალაქი დერბი, სადაც მათი სახელმწიფო საზღვარი გადის და შუაზე კვეთს საცხოვრებელ სახლებს, კაფეებს, ბარებს, საოპერო თეატრს და ბიბლიოთეკასაც კი: ქალაქ დერბიში არის ბიბლიოთეკა, რომლის ერთი შესასვლელი კანადის ტერიტორიას ეკუთვნის, ხოლო მეორე - აშშ-ს. მიუხედავად ამისა, ამერიკა-კანადის საზღვარი საიმედოდაა დაცული და თუ მეორე ქვეყანაში გადასვლას მოინდომებთ, ვიზის გაფორმება აუცილებლად მოგიწევთ.

sazgvari-1-1731402117.jpg

შვედეთი და ნორვეგია

ყველაზე "დაუცველი" საზღვარი ევროკავშირის ორ პატარა, მაგრამ სრულუფლებიან სახელმწიფოს - შვედეთსა და ნორვეგიას ყოფს. ეს არის თეთრი საღებავით გავლებული ზოლი, რომელსაც ერთი ნაბიჯით გადალახავთ.

sazgvari-7-1731402256.jpg

რაც შეეხება შვედეთსა და დანიას, მათ თითქმის 16-კილომეტრიანი ხიდი აკავშირებთ, რომელიც ძალიან ლამაზი სანახავია. აღსანიშნავია, რომ დანიის მხარეს არის წყალქვეშა გვირაბი, რომელიც უსაფრთხოების მიზნით გაიყვანეს.

sazgvari-3-1731402194.jpg

ნეპალი და ჩინეთი

ჰიმალაის სამხრეთით მდებარეობს საოცრად იდუმალი, ეგზოტიკური ქვეყანა - ნეპალი, რომელიც ინდოეთსა და ჩინეთს შორის არის მოქცეული. ნეპალი განვითარების დაბალი ინდექსის მქონე ქვეყანაა, მაგრამ თავისი ბუნებით მთელი მსოფლიოს ყურადღებას იქცევს: მსოფლიოს ათი უდიდესი მთიდან რვა სწორედ ამ ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარეობს. აქვეა დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ევერესტი, რომელიც ყველაზე მაღალი ბუნებრივი საზღვარია მსოფლიოში. სწორედ ამ მთაზე და მის მწვერვალზე გადის სახელმწიფო საზღვარი ნეპალსა და ჩინეთს შორის. ამ საზღვარს დიდი თავგამოდებით არც ჩინელები იცავენ და არც ნეპალელები, რადგან მისი დარღვევა ურთულესი საქმეა - ევერესტის დაპყრობა ყველაზე ცნობილ ალპინისტებსაც უჭირთ, ამიტომ მის გადალახვას გონიერი ადამიანი არ მოისურვებს. ასე რომ, ნეპალის მკვიდრებს თამამად შეუძლიათ თქვან, რომ მათ ქვეყანაში უნებართვოდ ჩიტიც ვერ გადაფრინდება.

sazgvari-5-1731402212.jpg

ბელგია და ნიდერლანდები

ბელგია ნიდერლანდების სამეფოს თითქმის ორი საუკუნის წინ - 1830 წელს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დღეს ის ნატოს წევრი ქვეყანაა, ხოლო მისი დედაქალაქი ბრიუსელი - თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი. განვითარებული სახელმწიფოა ნიდერლანდებიც, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ამ ორ სახელმწიფოს შორის გავლებული საზღვარი ყველას აოცებს და ძალზე პოპულარულია ტურისტებს შორის: ორ ქვეყანას შორის არის დასახლება, სახელად ბარლე, სადაც ცნობილი კაფე მდებარეობს. ბელგია-ნიდერლანდების საზღვარი სწორედ ამ კაფეზე გადის, ამიტომ კაფეს სტუმრების ერთი ნაწილი ბელგიაში იმყოფება, ხოლო მეორე - ნიდერლანდებში. ეს საზღვარი შუაზე კვეთს ქუჩებს, სახლებს, მაღაზიებს, მაგრამ პრობლემას არ უქმნის ამ ქვეყნების მოქალაქეებს და არც მათ სტუმრებს.

sazgvari-6-1731402239.jpg

ესპანეთი და პორტუგალია

საოცრად შთამბეჭდავია საზღვარი ესპანეთსა და პორტუგალიას შორის: ერთი ქვეყნიდან მეორეში მოსახვედრად არც თვითმფრინავის ბილეთის შეძენა დაგჭირდებათ და არც საწვავისა. თუ მძაფრი განცდების მოყვარული ხართ, ესპანეთსა და პორტუგალიას შორის არსებული საბაგირო გზა სწორედ თქვენთვისაა განკუთვნილი. "მგზავრობისას" ადრენალინი და სასიამოვნო ემოციები გარანტირებული გაქვთ, ოღონდ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ: პორტუგალიის მიწაზე დაშვებისას პასპორტი დაგჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკან, ესპანეთში დაბრუნება მოგიწევთ.

sazgvari-4-1731402174.jpg

ინგლისი და შოტლანდია

შოტლანდიელები გამუდმებით იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის და ეს ბრძოლა ყველაზე ხშირად ინგლისთან წარმოებდა. 2014 წელს, შოტლანდიაში რეფერენდუმი ჩაატარეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეას მოსახლეობის მხოლოდ 44,7%-მა დაუჭირა მხარი.

sazgvari-2-1731402142.jpg

შესაბამისად, შოტლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი კარგა ხანია ერთ სახელმწიფოს წარმოადგენს, ინგლისელებმა და შოტლანდიელებმა მშვენივრად იციან, სად იწყება და მთავრდება მათი ქვეყნების საზღვარი, რომელიც ანგლოშოტლანდიური კონფლიქტის შემდეგ, 1575 წლიდან დადგინდა. იმ დროიდან მოყოლებული, მათ საზღვარზე დროშებია აღმართული, იქვეა მეგალითის ქვები, რომლებიც ყოფილ მოწინააღმდეგეებს ერთმანეთისგან მიჯნავს.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)