მამუკა არეშიძის ანალიზი: დაიწყება თუ არა შეიარაღებული დაპირისპირება აფხაზეთში და რისი გაკეთება შეუძლია ქართულ მხარეს?! - "აფხაზები ქარის წისქვილებს ებრძვიან"
"აფხაზები ქარის წისქვილებს ებრძვიან", - ამგვარად ეხმაურება ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე სოხუმში განვითარებულ მოვლენებს. ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, ოკუპირებულ აფხაზეთში „ოპოზიციონერები“ დააკავეს, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან კი სამხედრო ტექნიკა განალაგეს. აფხაზი ჟურნალისტების ცნობით, გუდაუთაში საჯარო შეხვედრიდან დაბრუნებული „ოპოზიციონერები“ - ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ე.წ. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა, რომლებიც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან. დაკავებულების ახლობლებმა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ქვემო და ზემო გუმისთის, ასევე, კოდორის ხიდები გადაკეტეს. დღეს დილიდანვე გავცელდა ამბავი, რომ აფხაზეთში, პრევენციის მიზნით, უკვე შეიყვანეს დამატებითი რუსული სამხედრო ტექნიკა. უფრო ვრცლად აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და პროცესების შესაძლო განვითარებაზე მამუკა არეშიძე გვესაუბრება.
მამუკა არეშიძე:
- აფხაზი ხალხის ერთი ნაწილის პროტესტი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ 30 ოქტომბერს ხელი მოაწერა საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას. რაც შეეხება დაპატიმრებულ ოპოზიციონერებს, მათ ბრალად ედებათ დეპუტატ ალმას აკაბას ცემა. ბჟანიამ გადაწყვიტა ბრჭყალები გამოაჩინოს. ამ დრომდე, აფხაზურ საზოგადოებაში ძალიან რთული იყო ძალოვნების ხალხთან დაპირისპირება იმიტომ, რომ იქ ყველა ყველას იცნობს და ყველა ყველას ნათესავია. სწორედ ამის გამოა, რომ კანონი, ფაქტობრივად, არ მუშაობს. ჟურნალისტები და ადამიანების უფლებების დამცველები მუდმივად საუბრობენ, რომ აფხაზეთში სამართლის აღსრულება პრობლემაა, მაგრამ რეალურ მიზეზებზე არასდროს აკეთებენ აქცენტებს. არძინბას გარდაცვალების შემდეგ ვერც ერთმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ამ საკითხის მოწესრიგება ვერ მოახერხა. ამიტომაც არის ძალიან მაღალი კრიმინალური ფონი აფხაზეთში. სოხუმში ე.წ პრეზიდენტის სასახლესა და ე.წ. პარლამენტის შენობაში შეჭრა, ძალოვნებთან (განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი აფხაზები არ არიან) ფიზიკური დაპირისპირება ჩვეულებრივი ამბავია.
- მიუხედავად იმისა, რომ სოხუმში დამატებითი რუსული სამხედრო ტექნიკა უკვე შეყვანილია, ბჟანია ამბობს, რომ აფხაზეთს საკმარისი ძალა და საშუალებები აქვს წესრიგის უზრუნველსაყოფად. რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ ბჟანიამ ბრჭყალების გამოჩენა გადაწყვიტა, შესაძლებელია, აფხაზების პროტესტი ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშონ?
- სხვათა შორის, ბჟანიამ მოსკოვში დააყენა საკითხი, თუ თქვენ არ დამეხმარებით, მე ვერ მოვახეხებ იმ პრობლემების მოგვარებას, რაც საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას მოჰყვებაო. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აფხაზური არმია ფორმალურია, გენერალურ შტაბში უმრავლესობას რუსი ოფიცრები წარმოადგენენ. რუსების გავლენა გადამწყვეტია, როგორც თავდაცვის სისტემაში, ასევე - უშიშროებაში. არიან რიგითი შემსრულებლებიც, რომელთა ნათესავებიც ბარიკადების მეორე მხარეს არიან. რაც შეეხება პროტესტის ჩახშობას, ძნელი სათქმელია, გამიჭირდება დაზუსტებით რაიმეს თქმა, მაგრამ ბჟანია რომ ყველაფერზე წამსვლელია, ეს ცალსახაა. ბჟანიამ უკვე განაცხადა, რომ მომავალ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. თუ ბჟანიამ ახლა ინვესტიციებთან დაკავშირებული კანონი ვერ გაიტანა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კი არა, აფხაზეთშიც აღარ დაედგომება. იმავე მდგომარეობაშია ე.წ. პრემიერი ანქვაბი.
- ამ კანონის გატანის შემთხვევაში რა ელით აფხაზებს?
- ძალიან მძიმე მდგომარებაში აღმოჩნდებიან. ამ კანონების ამოქმედების შემთხვევაში, აფხაზური ბიზნესი აღარ იარსებებს, ეკონომიკური განვითარების კუთხითაც ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდება. პირდაპირ გეტყვით, ამ კანონის ამოქმედების დღიდან აფხაზეთი ხდება რუსეთის დანამატი, რომელსაც, როცა მოუნდება, მაშინ შთანთქავს, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით.
- თუ გაქვთ ინფორმაცია, რას აკეთებს ამ მოცემულობაში საქართველოს ხელისუფლება ან რისი გაკეთების რესურსი აქვს?
- ამ მოცემულობაში საქართველოს ხელისუფლების მოქმედება შეზღუდულია. სხვათა შორის, ერთი საინტერესო ეპიზოდია - მიჩუმდა ე.წ. ოპოზიციის საუბრები იმის შესახებ, რომ ინვესტიციებთან დაკავშირებული კანონის ამუშავების შემთხვევაში, აპარტ-ოტელებს ქართული მხარე, კონკრეტულად კი - ბიძინა ივანიშვილი და კიდევ რამდენიმე, აფხაზური წარმოშობის მოსკოველი ქართველი ააშენებდა. ახლა ყველაფერი ერთ ადამიანს - კრასნოდარის მხარის ყოფილ გუბერნატორს ალექსანდრე ტკაჩოვს ბრალდება. პრინციპში, კი არ ბრალდება, მართლაც ის არის ჩართული ამ საქმეში, იმიტომ, რომ აფხაზეთში ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაციაც კი აქვს გაკეთებული.
- ე.ი. ბიძინა ივანიშვილსა და დანარჩენ ქართველებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა?
- ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ ამ საქმეში ქართველების ჩართულობის შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელმა ოპოზიციონერმა ნატალია სმირიმ, ორი დღის წინ ხალხთან შეხვედრისას მხოლოდ ტკაჩოვზე ილაპარაკა, ქართველი საერთოდ აღარ უხსენებია. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ აფხაზური ე.წ ოპოზიცია ძალიან თვალთმაქცობს, ამიტომაც არიან ცუდ დღეში - რუსეთზე, როგორც პრობლემაზე, არ საუბრობენ - ყველაფერს ერთ კაცს - ტკაჩოვს აბრალებენ. ზოგადად, ისინი არასდროს ამბობენ, რომ რუსეთი რაღაცას აიძულებთ, რუსეთისგან საფრთხე ელით, გამუდმებით მითიურ რუს ოლიგარქებზე საუბრობენ. სასაცილოა ეს ყველაფერი. ტკაჩოვს ბევრი რამ შეუძლია, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმება და მასზე ხელის მოწერა - ნამდვილად არა. იმიტომ ვთქვი, რომ აფხაზები ქარის წისქვილებს ებრძვიან-მეთქი. ცოტანი არიან, თანაც სუსტები, მათ წინაშე კი დგას რუსეთი, რომლის სამხედრო კონტინგენტი აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული. მხოლოდ ფორმალურად ფაფხურობენ.
- ე.ი. საქმე საბოლოოდ მაინც აფხაზეთის ანექსიისკენ მიდის?!
- მოდი, ამჯერად უფრო დელიკატურები ვიყოთ, საქმე გვაქვს ეკონომიკურ ანექსიასთან, თუმცა, არც პოლიტიკურ ანექსიას უდგას წინ რამე. უბრალოდ, რუსეთს ჯერ არ სჭირდება ცხინვალის და სოხუმის პოლიტიკური ანექსია, ვაჭრობა ურჩევნია ამ წარმონაქმნებით, თუმცა, თუ დასჭირდება, ამასაც იზამს.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)