"მაბულინგებენ მე, ჩემს შვილს, მეუღლეს, უტევენ ჩემს ბიზნესს, ათას მარაზმს წერენ" - რადიკალიზმი ქართველ საზოგადოებასა და პოლიტიკაში - კვირის პალიტრა

"მაბულინგებენ მე, ჩემს შვილს, მეუღლეს, უტევენ ჩემს ბიზნესს, ათას მარაზმს წერენ" - რადიკალიზმი ქართველ საზოგადოებასა და პოლიტიკაში

"ადამიანში უფრო მეტია მაიმუნი, ვიდრე თვით მაიმუნში და მაიმუნის სირცხვილია ადამიანი"...

"ამომრჩეველი გაიზარდა და პოლიტიკოსები ვერ გაიზარდნენ"

რადიკალიზმი ეს უკიდურესი, უკომპრომისო გადახრაა რომელიმე შეხედულებისადმი ან ცნებებისადმი.შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური რადიკალიზმი საქართველოში ყოველდღე ძლიერდება. საზოგადოების ნაწილი მტრად მიიჩნევს მას, ვინც მისნაირად არ აზროვნებს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ყოფს ოჯახებს, მეგობრებს, ერთმანეთთან აპირისპირებს ბევრ ადამიანს. რადიკალიზმი არის როგორც საზოგადოების არაზრდასრულობის, ასევე საზოგადოებაში კრიზისულობის მაჩვენებელი. რადიკალური იდეებისადმი მიდრეკილება ადამიანებს იმპულსურობისკენ უბიძგებს, რაც ხშირად გაუცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღების მიზეზია.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

ლაშა ბასლანძე, რესტორატორი:

"რადიკალური დაპირისპირების ძალიან დიდი და მდიდარი გამოცდილება მაქვს, მაბულინგებენ მე, ჩემს შვილს, მეუღლეს (მომღერალი სალომე ბაკურაძე), მაგრამ უკვე ვიცით, რომ გიტევენ, გიტევენ და თუ ვერ გერევიან, შეგეშვებიან. უტევენ ჩემს ბიზნესს, წერენ ათას მარაზმს..."

გოჩა კაპანაძე, რეჟისორი:

"ჩვენ გამოვიარეთ ეს დაპირისპირებები. 90-იან წლებში საზოგადოების გახლეჩის მძიმე შემთხვევები მახსენდება, საკუთარ ოჯახში და საახლობლოშიც კი. პოლიტიკური რადიკალიზმის გამო ოჯახები დაინგრა. დაპირისპირება ყველაფერში ცუდია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ყველანი ერთ აზრზე ვიყოთ და კონკრეტულ მოვლენებზე ჩვენი დამოკიდებულებები არ გვქონდეს..."

რეზო კლდიაშვილი, ქიმიკოსი, მეცნიერი, დრამატურგი:

"ეს ამბავი, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, სულაც არ მიკვირს. ორი ისტორიული პიესის ("ბიზანტიის დედოფალი" და "ხოსრო მირზა") ავტორი ვარ. ამ პიესებზე მუშაობისას, ისეთი ამბები მაქვს წაკითხული და ისეთი ინტრიგები გაგებული, არაფერი მიკვირს. რაც დღეს ხდება, ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია. პიესაში "ზარატუსტრას ჟამი" ჩემი გმირი ამბობს: "ადამიანი ბინძური მდინარეა და ზღვა უნდა იყო, რომ შეიერთო და არ წაბილწო". მეორე ფრაზასაც გეტყვით: "ადამიანში უფრო მეტია მაიმუნი, ვიდრე თვით მაიმუნში და მაიმუნის სირცხვილია ადამიანი"...

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 14 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე